აჩუ, აჩუ, ცხენო!
უფრო მეტად ეხალისება. თამაშები, რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, კიდეც გაახალისებს და სარგებლობასაც მოუტანს პატარას. მასთან ერთად არანაკლებ სასიამოვნო წუთებს გაატარებთ თქვენც.
-
თამაშები
- დაიწყეთ მარტივი თამაშებით. იყიდეთ ფერადი ბუშტები, გაბერეთ და მაღლა აისროლეთ. უთხარით პატარას, რომ ბუშტი იატაკს არ უნდა შეეხოს, გამუდმებით უნდა აისროლოს ზემოთ. ეს მას ძალიან გაამხიარულებს და ხელის კუნთებსაც გაუვარჯიშებს, ხოლო თუ ბუშტისთვის ხელის აკვრისას ხტის - ფეხის კუნთებსაც.
- ფეხის კუნთების განსავითარებლად კარგია ასეთი თამაშიც: ბავშვი ხალიჩაზე გადააწვინეთ და უთხარით, გამართული ფეხები მაღლა ასწიოს, შემდეგ საჩვენებელი თითი ფეხის თითებთან მიუტანეთ და უთხარით, თითები მოგიჭიროთ, ვითომ პატარა მაიმუნია.
- დაწექით საწოლზე და უთხარით ბავშვს, ხელები გაშალოს, ფეხებით კი თქვენს ხელისგულებზე დადგეს. თქვენ ბავშვის ფეხებს კარგად ჩასჭიდეთ ხელები და ფრთხილად ასწიეთ. ეს ვარჯიში პატარებს ძალიან მოსწონთ - ეჩვენებათ, რომ დაფრინავენ. ამავე დროს, წონასწორობის შენარჩუნებასაც ეჩვევიან.
- არსებობს ვარჯიში, რომელიც ბავშვს კისრისა და ზურგის კუნთებს უვარჯიშებს. შესთავაზეთ პატარას, ოთხზე დამდგარი მაგიდის ქვეშ გაძვრეს. შემდეგ მაგიდასთან სკამი მიიტანეთ და უთხარით, რომ იატაკიდან სკამზე აძვრეს, სკამიდან - მაგიდაზე. შემდეგ იმავე გზით ჩამოვიდეს დაბლა და ისევ მაგიდის ქვეშ გაძვრეს. ეს ვარჯიში რამდენჯერმე გაიმეორეთ.
- შემდეგ თქვენ თვითონ დადექით ოთხზე და ცხენოსნობანა ითამაშეთ: შეისვით ბავშვი ზურგზე და რაც შეიძლება სწრაფად დაიწყეთ ოთხზე სიარული. ბავშვი წონასწორობის დაცვას მიეჩვევა, რაც სიარულს გაუადვილებს.
- შეიძინეთ ტანმოვარჯიშის ჯოხი, ჰორიზონტალურად დაიჭირეთ იატაკის სიახლოვეს და შესთავაზეთ თქვენს პატარას, ოთხზე დამდგარი გაძვრეს მის ქვეშ, ისე, რომ არ შეეხოს. ეს ზურგისა და ფეხის კუნთებს გაუვარჯიშებს.
კარგი იქნება, თუ თამაშს რიტმულ და სასიამოვნო მუსიკას დაურთავთ. გაითვალისწინეთ: ამ დროს განვითარებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია სიამოვნება, რომელსაც ბავშვი მშობელთან სიახლოვისას განიცდის.
-
რატომელა
გთავაზობთ იმ სპეციალისტთა რჩევებს, რომლებიც წლების განმავლობაში სწავლობდნენ ბავშვის ფსიქოლოგიას:
- ბავშვის ყოველ შეკითხვას უპასუხეთ მოთმინებით და გულწრფელად.
- იქონიეთ დაფა, სადაც ბავშვი შეძლებს გამოფინოს თავისი ნამუშევრები.
- არასოდეს გაუწყრეთ ბავშვს მის ოთახში ან მის მაგიდაზე არსებული უწესრიგობის გამო, თუ ეს უწესრიგობა შემოქმედებით სამუშაოსთანაა დაკავშირებული და მუშაობა ჯერ არ დაუმთავრებია.
- შვილს გამოუყავით ოთახი ან კუთხე მაინც მხოლოდ მისი საჭიროებისთვის.
- ბავშვს ჩაუნერგეთ, რომ ის საყვარელია.
- მიაჩვიეთ ბავშვი, რამისთვის გაგეგზავნოთ.
- დაეხმარეთ მას გეგმების შედგენასა და გადაწყვეტილებების მიღებაში.
- არასოდეს უთხრათ, რომ ის სხვა ბავშვებზე უარესია.
- მოუგროვეთ მისი საყვარელი საქმიანობისთვის საჭირო წიგნები და ნივთები.
- მიაჩვიეთ დამოუკიდებელ აზროვნებას.
- უკითხეთ რეგულარულად.
- შეეცადეთ, განუვითაროთ ფანტაზია.
- ყოველდღიურად გამონახეთ დრო მასთან ურთიერთობისთვის.
- მიეცით უფლება, მონაწილეობა მიიღოს საოჯახო საქმიანობაში.
- არასოდეს დასცინოთ შეცდომებისთვის.
- შეაქეთ ყოველი შესწავლილი ლექსის, სიმღერის ან მოთხრობის გამო.
- ასწავლეთ უფროსებთან თავისუფალი ურთიერთობა.
თუ ამ რჩევების 20% თქვენთვის მისაღებია, ალბათ დანარჩენებზეც მოგიწევთ დაფიქრება, ხოლო თუ მათ მთლიანად ან 90%-ით მაინც ეთანხმებით, მაშინ ნუ შეზღუდავთ ნურც ბავშვს და ნურც საკუთარ თავს და სასიკეთო შედეგიც არ დააყოვნებს.