სკოლაში შეძენილი მავნე ჩვევები
ხომ შეიძლება, ეს მავნე ჩვევები მთელი ცხოვრება გაჰყვეს... რას უნდა მივაქციო ყურადღება ასაკის მატებასთან ერთად? დალი, 26 წლის.
სკოლაში ბევრ კარგთან ერთად ბავშვები ცუდსაც სწავლობენ, უმთავრესად - სხვა ბავშვების გავლენით.
პირველი კლასი, პირველი სასკოლო წლის დასაწყისი (განსაკუთრებით - პირველი 6 თვე) არც ისე მარტივია.
ეს არის ახალ ცხოვრებასთან, ახალ როლთან შეგუების პერიოდი. თუ ამ გამოსაცდელმა ვადამ ჩაიარა და ბავშვს მაინც დარჩა პრობლემები, შესაძლოა კომპლექსებით დაიხუნძლოს.
თანამედროვე პირველკლასელები ინტელექტუალური თვალსაზრისით შედარებით მომზადებულნი შედიან სკოლაში - მათმა დიდმა ნაწილმა უკვე იცის წერა, კითხვა, ანგარიში, კომპიუტერით სარგებლობა.
სწორედ აქ იჩანს თავს პირველი პრობლემა - ეჩვენებათ, რომ ახალს ვერაფერს ისწავლიან და სასარგებლო ინფორმაციის მიღებას სხვაგანაც შეძლებენ - ტელეეკრანიდან, კოპიუტერიდან, საუბრებიდან შინ თუ გარეთ. თუ სწორედ ამ მომენტში ვერ შეძელით მათი დაინტერესება სასწავლო პროცესით, შესაძლოა ბავშვს პასიური დამკვირვებლის კომპლექსი მთელი ცხოვრება გაჰყვეს. ის იძულებული იქნება, იჯდეს კლასში, სასწავლო მერხთან, მაგრამ "თამაშგარე მდგომარეობაში" იყოს, არაფერში მიიღოს მონაწილეობა და მხოლოდ ზარის დარეკვას ელოდოს ან სხვა რამით გაერთოს.
მეორე პრობლემა - ზოგიერთი ბავშვი ვერ ეგუება სასკოლო ცხოვრების მკაცრ ჩარჩოებს (განსაკუთრებით უჭირთ ისეთ ბავშვებს, ვინც პირველად ხვდება ბავშვთა კოლექტივში). არ გამოსდით ურთიერთობა პედაგოგთან, პედაგოგებს კი სჩვევიათ, ასეთი ბავშვები ზარმაცებად, ცუდად აღზრდილებად, უნიჭოებად ჩათვალონ. ბავშვებს არ ესმით, რას მოითხოვენ მათგან. არც თანაკლასელებთან ურთიერთობა გამოსდით. ჩნდება ურთიერთობის შიში, იმის განცდა, რომ სხვებს არ უნდათ მასთან ურთიერთობა. თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, ჩამოყალიბდება კლასიკური წარუმატებელი, უიღბლო ადამიანის კომპლექსი, რომელიც მარტოობისკენ მიისწრაფვის.
მეორე კლასი
სკოლის მასწავლებლის მთავარი იარაღია შეფასება. ეს არის წარმატებისა თუ ჩავარდნის ერთადერთი მაჩვენებელი. "ხუთიანებისთვის" გაქებენ, "ორიანებისთვის" მშობლებს იძახებენ, "სამიანებისთვის" პირობას გართმევენ, რომ გამოსწორდები... როდესაც მასწავლებელი უკან აბრუნებს საშინაო დავალების ან საკონტროლოს რვეულს, ბავშვს ყველაზე მეტად აშინებს დაუნდობელი წითელი ფერის შესწორებები და შედეგად - ცუდი ნიშანი.
ასე ვითარდება "შეცდომის დაუშვებლობის კომპლექსი", როცა ადამიანს მთელი ცხოვრება თან სდევს შიში, არასწორი ნაბიჯი არ გადადგას. "ოროსანი" და "ხუთოსანი" - ეს არის სკოლაში აკიდებული იარლიყი, რომელიც ხშირად მთელი ცხოვრება რჩება. არავინ იცის, ვის უფრო უმძიმს ცხოვრება - "ოროსანს", დარწმუნებულს, რომ არავითარ მცდელობას აზრი არ აქვს, მაინც ვერ მიაღწევს წარმატებას (რასაც ხელს უწყობს ზოგიერთი მასწავლებელი, რომელიც შეფასებებს ინერციით წერს) თუ "ხუთოსანს", რომელიც მთელი ცხოვრება კანიდან ძვრება, რომ საზოგადოების მოლოდინი გაამართლოს. ასეთი ადამიანები ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული სხვების აზრზე.
მეხუთე კლასი
კომპლექსები სხვადასხვაგვარად ვლინდება. არ არის აუცილებელი, ბავშვს ეგონოს, რომ ის სხვაზე უარესია, - ისეც ხდება, რომ მას თავი ყველაზე უკეთესი, გამორჩეული, სრულყოფილი ჰგონია და მთელი ცხოვრება უკვირს, რატომ ვერ ამჩნევენ ამას გარშემო მყოფები. ამ გადაჭარბებული თვითშეფასების საფუძველი სკოლის ასაკში უნდა ვეძებოთ.
ისე ხდება, რომ უმცროს კლასებში ბავშვი ყველა საგანში თავს იჩენს, კარგი ყოფაქცევით გამოირჩევა, ხმამაღლა და გამოთქმით კითხულობს ლექსებს და პედაგოგიც გამუდმებით აქებს, სამაგალითოდ ჰყავს. შემდგომ, უფროს კლასებში, მოთხოვნათა სისტემა იცვლება, მოდიან ახალი პედაგოგები, რომლებიც ვერ იცლიან, რომ თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად მიუდგნენ, ყოფილი "სამაგალითოც" ვეღარ გამოირჩევა და იქმნება შინაგანი კონფლიქტი. ის მიჩვეულია, "პირველი" და "საუკეთესო" იყოს, მაგრამ ამას ვეღარ ახერხებს, ვერც თავისი პრეტენზიის დონეს სწევს დაბლა. ფსიქოლოგები ამ შფოთვას და დაძაბულობას "არაადეკვატურობის აფექტს" უწოდებენ. ასეთი ბავშვები ეგოისტები და შურიანები ხდებიან, არ ახარებთ სხვისი წარმატებები და გაურბიან მწვავე სიტუაციებს.
ბავშვს რომ მსგავსი კომპლექსი არ განუვითარდეს, არ არის საჭირო გადაჭარბებული ქება და ცალკეული შედეგების აღმატებით შეფასება.
მეშვიდე კლასი
გარდატეხის პერიოდში (13-17 წლის ასაკში) მოზარდები უფრო სათუთები ხდებიან, უყვართ საკუთარ თავში ჩაღრმავება და გარშემო მყოფთა მომეტებული ყურადღების საკუთარი პერსონისადმი მიწერა. მოზარდს ეჩვენება, თითქოს "სცენაზე ცხოვრობს".
მეექვსე-მეშვიდე კლასიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება თანატოლთა აზრი, რომელიც, სამწუხაროდ, ყოველთვის კეთილგანწყობილი არ არის და ხშირად არც სამართლიანია. ამ ასაკში ბავშვისთვის მნიშვნელოვანია იყოს ისეთი, "როგორიც ყველა", ჰქონდეს ის, რაც აქვთ სხვებს, იაროს იქ, სადაც ყველა დადის... კოლექტივი კარნახობს ყველაფერს - ვარცხნილობით დაწყებული, მობილური ტელეფონის მოდელით დამთავრებული.
ბავშვის განცდა "ყველას აქვს, მე კი არა" - მძლავრი წყაროა სხვადასხვა კომპლექსის ფორმირებისთვის. აქ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორია ატმოსფერო კონკრეტულ სასწავლო დაწესებულებაში, როგორია კლასში ფასეულობათა სისტემა და ლიდერთა პოზიცია. ზოგჯერ ერთადერთი გამოსავალია კლასის ან სკოლის შეცვლა.
მეშვიდე-მერვე კლასებში პედაგოგებთან ურთიერთობის თვალსაზრისით პირველ ადგილზე პედაგოგების უსამართლობა დგას. თითოეული დაუმსახურებელი (მოზარდის აზრით) შეფასება - კარგი თუ ცუდი, სხვისი თუ საკუთარი - პატარა აგურს დებს "სამართლიანობის მაძიებლის კომპლექსის" ფუნდამენტზე. მას მიაჩნია, რომ ირგვლივ სრული უსამართლობაა.
აქედან ორი გამოსავალი არსებობს - ადამიანი ან მსხვერპლად მიიჩნევს თავს და მარადიული ბრძოლისთვის ემზადება, ან სამუდამოდ ეგუება მსხვერპლის პასიურ პოზიციას. რა თქმა უნდა, პედაგოგები ყოველთვის ობიექტურები არ არიან და ან უმატებენ შეფასებას, ან აკლებენ, მაგრამ უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რომ ნიშნები ტრაგედიად არ მიიჩნიოს. ჯერ ერთი, ბავშვებს შეფასების საკუთარი კრიტერიუმები აქვთ, რომლებიც ყოველთვის მართებული არ არის. მეორეც, მასწავლებელი ცოცხალი ადამიანია და შეიძლება ცდებოდეს ან სურდეს, ბავშვისგან უფრო მეტი ცოდნა "ამოქაჩოს", ვიდრე ის ამჟღავნებს. არსებობენ უსამართლო პედაგოგებიც, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი, ვირწმუნოთ, რომ "მთელი სამყარო უსამართლოა".