წარმატების ფორმულა
ფსიქოლოგების მტკიცებით, ბავშვის შემეცნებითი აქტივობა, მისი ქცევა, პიროვნების განვითარება და მთელი ცხოვრების სცენარიც კი მთლიანობაში ბევრად არის დამოკიდებული საკუთარი თავის აღქმასა და მის მიმართ დამოკიდებულებაზე.
სპეციალისტები თვითშეფასების შემდეგ დონეებს გამოყოფენ:
- ადეკვატური - ასეთია საკუთარი თავის მაღალი (და არა გადაჭარბებული!) თვითშეფასება.საკუთარი თავის ასეთი აღქმა პატარას აძლევს საფუძველს, იყოს აქტიური, ცნობისმოყვარე, კონტაქტური, სიცოცხლის ხალისით სავსე, გულღია და უშუალო. პატარას შეუძლია გაითვალისწინოს უფროსების ან თანატოლების შენიშვნები, მიხვდეს მათ სამართლიანობას, გააცნობიეროს საკუთარი დანაშაული ან შეცდომა. ასეთი ბავშვების მშობლებს არც კი უწევთ დაფიქრება პატარას თვითშეფასების საკითხზე და ეს ბუნებრივიცაა - პატარა ხომ წარმატებით ვითარდება ემოციურად, ინტელექტუალურად თუ სოციალურად.
- გადაჭარბებული - ასეთ ბავშვებს მაღალი შემეცნებითი და ფიზიკური აქტივობა ახასიათებთ. მათ უყვართ ახალი, ზოგჯერ მეტისმეტად რთული საქმეების წამოწყება, თუმცა ენერგიულობა და იმპულსურობა ხშირად მათი ბოლომდე მიყვანის საშუალებას არ აძლევთ. ასეთი ბავშვები საკუთარ წარუმატებლობას ვერ აღიქვამენ. გადამეტებული თვითშეფასების მქონე პატარები, წესისამებრ, ჭირვეულები, კონფლიქტურები არიან, ადვილად განაწყენდებიან ხოლმე, ახასიათებთ ეგოცენტრულობა, ყურადღების ცენტრში ყოფნის, სხვათა ფონზე გამორჩევის სურვილი, შენიშვნაზე მკვეთრი რეაქცია აქვთ: ყვირიან, ფეხებს აბაკუნებენ, ტირიან. თუმცა ბავშვთა კოლექტივებში ასეთ პატარებს ხშირად ლიდერის პოზიცია უკავიათ.
- დაქვეითებული, ნეგატიური - ასეთი თვითშეფასება არასასურველია პიროვნების სრულფასოვანი განვითარებისთვის. დაქვეითებული თვითშეფასების ნიშნებია გაუბედაობა, შებოჭილობა, საკუთარი ძალების რწმენის უქონლობა, ემოციური ჩაკეტილობა, მგრძნობიარობა, უკონტაქტობა. პატარა გამუდმებით შფოთავს, ეშინია, უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა, თუმცა კი ამის სურვილი აქვს, ძნელად ადაპტირდება ახალ პირობებთან. ასეთი ბავშვები ყოველგვარ საქმეს წარუმატებლობისთვის განწყობილნი იწყებენ, პოულობენ გადაულახავ წინააღმდეგობებს, წარუმატებლობის შიშით უარს ამბობენ ახალ წამოწყებაზე. საბავშვო კოლექტივში ასეთი პატარები მტირალას მეტსახელს იმსახურებენ.
ოჯახი და თვითშეფასება
ცნობილია, რომ ოჯახური ატმოსფერო ბავშვის თვითშეფასების ინდიკატორია. მშობლებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ თვითშეფასებას საფუძველი ბავშვობაში ეყრება. ყველაფერი სწორედ მშობლებზე, მათ ტაქტიან და ფსიქოლოგიის თვალსაზრისით სწორ ქცევაზეა დამოკიდებული.
საერთო ჯამში სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის დამახასიათებელია მომატებული თვითშეფასება, ჭარბი წარმოდგენა საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე. ეს შეიძლება ნორმის ვარიანტად ჩაითვალოს. ამ ასაკის ბავშვს ახასიათებს ბავშვური ეგოცენტრიზმი - ის არის სამყაროს ცენტრში, მის ირგვლივ ბრუნავს ყველაფერი. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ბავშვობა ის პერიოდია, როცა პატარამ სათანადო ოდენობით უნდა მიიღოს ირგვლივ მყოფთა მზრუნველობა, ყურადღება. სწორედ ეს აგრძნობინებს ბავშვს, რომ სიყვარულით არის გარემოცული და დაეხმარება, თავი საჭირო და მნიშვნელოვან პერსონად იგრძნოს.
მხოლოდ საკუთარ თავზე დადებითი წარმოდგენა აძლევს ბავშვს სირთულეთა გადალახვის უნარს და ბედნიერების შეგრძნებას, დადებითი წარმოდგენა კი ახლობელი ადამიანების წყალობით ყალიბდება. მშობლების სიყვარული და მათდამი რწმენაა ბავშვის ოპტიმიზმისა და სრულყოფისადმი სწრაფვის საწინდარი. როცა ბავშვი საკუთარ თავს აღიქვამს როგორც "კარგს", ის ცდილობს, მართლაც შეესაბამებოდეს მსგავს შეფასებას. ამრიგად, მეტად მნიშვნელოვანია, უფროსებს სჯეროდეთ, რომ პატარა აუცილებლად ისწავლის იმას, რაც არ იცის, შეძლებს გააკეთოს ის, რაც ამ წუთას უჭირს, რომ ის მართლაც კარგი, ჭკვიანი, კეთილი, სამართლიანია.
ჭეშმარიტად თბილი ოჯახური ატმოსფერო, გარემო, სადაც მეფობს ურთიერთპატივისცემა, ნდობა, გაგება, დახმარება, ქმნის პოზიტიურ თვითშეფასებას. თუ ყველაფერი პირიქითაა, აღზრდის უარყოფითი სტილი შესაძლოა უარყოფითი თვითშეფასების ჩამოყალიბების მიზეზად იქცეს. შედეგად თავს იჩენს ნეგატიური ქცევა.
ბავშვის შესაძლებლობებისადმი ჭარბი მოთხოვნა, მის ნაცვლად საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება, დამოუკიდებლობის უარყოფა, მუდმივი ზრუნვა და კონტროლი, ურთიერთსაპირისპირო მოთხოვნები, ავტორიტარიზმი საფუძველს უყრიან დაქვეითებულ თვითშეფასებას, ბადებენ ეჭვს საკუთარი შესაძლებლობების მიმართ, შეცდომების შიშს, იწვევენ ინიციატივის დაკარგვას და აჩლუნგებენ საკუთარი ღირსების გრძნობას.
ოჯახში, სადაც არ არის ემოციური კონტაქტი პატარებთან, ბავშვების ირგვლივ ვაკუუმი იქმნება. შედეგად ხასიათში თავს იჩენს ჩაკეტილობა, გაბუტვადობა, საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობებისადმი ეჭვი.
ზოგჯერ მშობლები ზედმიწევნით "ზუსტად" ასრულებენ აღზრდის თაობაზე მიღებულ რეკომენდაციებს, ცდილობენ, ბავშვი "იდეალურად" გაზარდონ. ასეთ ოჯახში ბავშვი იძულებული ხდება, დათრგუნოს საკუთარი გრძნობები და სურვილები, რის გამოც გულდახურული და ემოციურად ცივი ხდება.
იმ ოჯახებში, სადაც განუწყვეტლივ შფოთავენ ბავშვის ჯანმრთელობისა და წარმატებების გამო (ეს, ჩვეულებრივ, მაშინ ხდება, როცა ბავშვი დედისერთაა, სიბერის შვილია ან ავადმყოფობს), პატარა არ არის დამოუკიდებელი, გაუბედავია, უჭირს გადაწყვეტილების მიღება და მოკლებულია საკუთარი თავის რწმენას.
ბავშვის იგნორირება, მის მიმართ მშობლების გულგრილობა, ყურადღების დეფიციტი, შეგრძნება, რომ არავის უყვარს, არავის სჭირდება, ზედმეტია, ხელს უწყობს არასრულფასოვნების კომპლექსის აღმოცენებას, რომელიც შესაძლოა ადამიანს მთელი სიცოცხლე გაჰყვეს. მეორე მხრივ, უზომო ქება, მუდმივი აღფრთოვანება, ნებისმიერი ახირების დაკმაყოფილება იმით მთავრდება, რომ ბავშვი რწმუნდება საკუთარ განუმეორებლობაში, ყალიბდება ეგოისტად, რომელსაც შეუძლია მხოლოდ მიიღოს და არ გასცეს.
როგორც ვხედავთ, თვითშეფასების ფორმირება ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი ეტაპია, საფუძველია მომავალი გამარჯვებებისა და წარმატებებისა, ისეთი პოზიტიური თვისებებისა, როგორებიც არის საკუთარი თავის პატივისცემა და საკუთარი ღირსების გრძნობა.
ჩვეულებრივ, 7 წლის ასაკისთვის ბავშვის თვითშეფასება უკვე ადეკვატურია. ის რეალურად არეგულირებს პატარას ქცევას. თანდათან ჩნდება საკუთარი თავის შორიდან დანახვის უნარიც.
რა არის საჭირო პოზიტიური თვითშეფასების ჩამოყალიბებისათვის?
მიიღეთ ბავშვი ისეთი, როგორიც არის. ბავშვი მხოლოდ საკუთარ თავს შეადარეთ: მისი დღევანდელი საქციელი - გუშინდელს, მისი მიღწევები - მისივე წარუმატებლობას.
პატარას უსაყვედურეთ კონკრეტული საქციელის გამო და არა ზოგადად.
დაიმახსოვრეთ, რომ უარყოფითი შეფასება ინტერესისა და შემოქმედებითი სწრაფვის მტერია.
როცა პატარას დავალებას აძლევთ, გაითვალისიწნეთ მისი რეალური შესაძლებლობები. დავალება მხოლოდ მაშინ გაართულეთ, როცა ბავშვი ადვილად შეასრულებს იოლ ამოცანას.
შეაქეთ პატარა ინიციატივისთვის, გულწრფელად გაიხარეთ მისი წარმატებით. ეს პატარას საკუთრი ძალების რწმენას შემატებს.
ჩამოუყალიბეთ პატარას საკუთარი ძალების რწმენა, შეაქეთ ის წარმატების შემთხვევაში. ხშირად გააგონეთ: "ყოჩაღ! ვიცოდი, რომ მოახერხებდი!", "მოინდომე, შენ ეს შეგიძლია!"
გჯეროდეთ მისი. გახსოვდეთ: მშობლების რწმენა და ოპტიმიზმი ბავშვს საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების სწორ შეფასებას უყალიბებს.
პატარას მაშინ დაეხმარეთ, როცა ეს აუცილებელია, როცა ხედავთ, რომ თქვენს გარეშე კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტას ვერ შეძლებს.
დაეხმარეთ პატარას, ობიექტურად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები. ეს ხელს შეუწყობს ბავშვის პიროვნების ჰარმონიულ განვითარებას.
ბავშვთან ერთად გააანალიზეთ მისი ხასიათის ნეგატიური თავისებურებები, ცუდი საქციელი, გამოიტანეთ სწორი დასკვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს შვილს გადამეტებული წარმოდგენა ექნება საკუთარ თავზე და შემდგომში მტკივნეულ რეაქციას გამოიწვევს ყველა დაბრკოლება, რომელიც ცხოვრების გზაზე აუცილებლად შეხვდება.
ასწავლეთ პატარას საკუთარი თავის პატივისცემა.
ეცადეთ, გამოუმუშაოთ ბავშვს ადამიანებთან ურთიერთობის ჩვევა და მეგობრების წარმატებებით აღფრთოვანების უნარი.