როდის გწყალობთ ბედი?
მაშ ასე, რით განსხვავდებიან იღბლიანები უიღბლოებისგან, ან როგორ მივაღწიოთ წარმატებას? მუდმივად იაქტიურეთ, შეასრულეთ შემდეგი ინსტრუქციები და დაინახავთ, რომ შედეგი არ დააყოვნებს.
- შემოიტანეთ სიყვარული თქვენს ცხოვრებაში. დაიწყეთ საკუთარი თავით. გახსოვდეთ: თქვენ ღირსი ხართ ყველაზე თბილი, ყურადღებიანი და ფაქიზი მოპყრობისა. გაანებივრეთ ახლობლები, მიუძღვენით საჩუქრები, გაახალისეთ, ხშირად უთხარით კომპლიმენტები.
- დაფიქრდით, რა გიშლით ხელს, რომ მომავალს იმედიანად და თავდაჯერებულად უყუროთ. დაასრულეთ დაუმთავრებელი საქმეები და დაივიწყეთ წარსული. იღბლიანი ადამიანები წინ მიიწევენ და უკან არ იხედებიან.
- წარუმატებლობა ხშირად იმის ბრალია, რომ ჩვენ თვითონ ვერ გაგვირკვევია, რა გვინდა, ან რისკისა გვეშინია და ვამჯობინებთ, „სხვებივით“ მოვიქცეთ. საკუთარი სურვილების ამოცნობა არც ისე ადვილია. თავდაპირველად ზუსტად განსაზღვრეთ მიზანი, მერე კი დაწერეთ გეგმა, რომელიც ამ მიზნის მისაღწევად არის საჭირო. მიუთითეთ დრო, რომელიც თითოეული ამოცანის გადაწყვეტას დასჭირდება.
- დახატეთ თქვენი ოცნება და დაკიდეთ გამოსაჩენ ადგილზე, ან დაწერეთ სანუკვარი სურვილის შესახებ ისე, თითქოს უკვე აგისრულდათ და ეს ჩანაწერი მუდამ თან ატარეთ. ეს ყოველივე დაგეხმარებათ, უკეთ ჩასწვდეთ საქმის არსს და ყურადღება გაამახვილოთ დეტალებზე.
- როგორც ფილოსოფოსები ამბობენ, უიღბლოა ის, ვისაც შეცდომის შემთხვევაში არ შესწევს უნარი, ეს ექსპერიმენტად ჩათვალოს, იღბლიანი კი – ის, ვინც იმდენად არის დარწმუნებული თავის წარმატებაში, რომ შეცდომა აღარც კი სჭირდება.
- ალბათ, გესმით, რომ ნებისმიერ პრობლემას შეიძლება სხვადასხვა კუთხით შევხედოთ. ჩანთა გაგეხათ? შესანიშნავია! თქვენ ხომ ისედაც აპირებდით ახლის შეძენას. შეყვარებულმა მოულოდნელად პაემანი გადადო? ბოლოს და ბოლოს, შეძლებ ახალი ფილმის ნახვას! ასეთი ტიპის აზროვნება სასარგებლოა იმით, რომ მიგაჩვევთ, ხელიდან არ გაუშვათ არც ერთი შანსი, რომელსაც კი გთავაზობთ ცხოვრება.
- ფატალისტი ხართ თუ მიგაჩნიათ, რომ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული? გულწრფელი პასუხი გაჩვენებთ საკუთარ ცხოვრებაზე თქვენი პასუხისმგებლობის ხარისხს. ხშირად ხელის მოცარვას არასასურველ გარემოებებს მივაწერთ, გამარჯვებას კი საკუთარ დამსახურებად მივიჩნევთ, სხვების წარმატებასა თუ წარუმატებლობას კი პირიქით ვუდგებით: წარმატება წმინდა შემთხვევითობად მიგვაჩნია, წარუმატებლობა კი – მათი უყურადღებობის, სიზარმაცისა და სისუსტის შედეგად.
დაიმახსოვრეთ: საკუთარ თავზე თვითონ აგებთ პასუხს. იღბლიანობა – ეს არის უნარი, სწორად შეაფასო სიტუაცია და საკუთარი შესაძლებლობები, ამიტომ, როცა გადაულახავ წინააღმდეგობას ხვდებით, კარგად მოიფიქრეთ, როგორ აუაროთ გვერდი.
- გჯეროდეთ, ცხოვრება ყველას უმზადებს სიურპრიზებს, როგორც სასიამოვნოს, ისე უსიამოვნოს. როგორი იქნება თქვენი დამოკიდებულება, ეს უკვე თქვენს არჩევანზეა.
ერთი სიტყვით, ბედნიერება თქვენს ხელთაა. იცხოვრეთ ყოველი წამით, გაუღიმეთ მომავალს და გჯეროდეთ, რომ ბედიც გაგიღიმებთ.