როცა პატარა ზარმაცობს
დახმარებას კი ძირითადად ხმამაღალი ტირილით ითხოვენ. როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება მათი ქცევის მიმართ? უნდა ვეცადოთ თუ არა, პატარა "გავააქტიუროთ"? შემთხვევითი არ არის, რომ შემუშავებულია სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში მოტორული განვითარების ნორმატივები.
სწორედ ამა თუ იმ სახის მოტორული აქტივობის გამოვლინება მეტყველებს ბავშვის ნერვული სისტემის განვითარებაზე. ის ფაქტი, რომ ბავშვი "გრაფიკის თანახმად" ითვისებს გარკვეულ აქტივობებს, ნორმალური განვითარების მაჩვენებელია, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ნორმიდან ზოგიერთი გადახრა ყოველთვის პათოლოგიად არ მიიჩნევა.
უნდა გვახსოვდეს, რომ დიდი წონის ბავშვები ნაკლებად აქტიურები არიან, იმიტომ, რომ ყოველი მოძრაობისთვის გაცილებით მეტი ენერგიის დახარჯვა უხდებათ.
განსხვავებულები
ფსიქოლოგიური სტრესის, ავადმყოფობის ან სხვა არასასურველი ფაქტორების ზემოქმედებით შეიძლება პატარა ბავშვის განვითარება გარკვეული დროით შეფერხდეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, როგორ პირობებში იზრდება ბავშვი. თუ პატარას სასიცოცხლო გარემო მანეჟივითაა შემოფარგლული, პატარას მოძრაობის სტიმული ნაკლებად ექნება. თუკი ბავშვს "თავისუფალი ცხოვრება" აქვს, აქვს სივრცე მოძრაობისთვის, დიდია შანსი, რომ რაღაც საგნით გატაცებული შეეცდება როგორმე მიცოცდეს "მიზნამდე" და მოიპოვოს ის, რაც მის ყურადღებას იპყრობს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია პატარას პიროვნული თვისებები. მოზრდილი ადამიანების მსგავსად, პატარაც შეიძლება იყოს ძალიან აქტიური ან, პირიქით, მშვიდი და წყნარი. სიცოცხლის პირველ წელსვე ვლინდება, რომ ზოგ ბავშვს ძალიან აინტერესებს სათამაშოს მოწყობილობა და მზადაა, ყველაფერი იღონოს, რათა მასში "ჩაძვრეს", ხოლო ზოგს მუდმივად სჭირდება ახალი შთაბეჭდილებები, სათამაშოების მუდმივი ცვლა, სასეირნო ადგილის გამოცვლაც კი.
ბავშვის მოტორული აქტივობის განმსაზღვრელი, თქვენ წარმოიდგინეთ, მისი სიფრთხილეც შეიძლება იყოს. ეს ბუნების კანონია - ზოგიერთ ბავშვს უყვარს რისკი და წარუმატებლობა არ აშინებს, ზოგიერთი კი ცდილობს, თავი განსაცდელში არ ჩაიგდოს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი დედა განიცდის, როცა ბავშვი თანატოლებივით აქტიური არ არის, მაგრამ ეს პათოლოგიას არ ნიშნავს.
რატომ არ მოძრაობს?!
ბევრი დედა წუხს, რომ პატარა ინერტულია და მისი "ამოძრავება" ძალიან უჭირს. რასაკვირველია, ამას შეიძლება მივაღწიოთ, ოღონდ პატარასთვის აუცილებელია საინტერესო სტიმული და არა ჩვენება, როგორ იმოძრაოს. მაინც რა უნდა იყოს სტიმული?
- თუ 3 თვის ასაკში პატარა ბავშვს თავი არ უჭირავს, ის ხშირად უნდა დავაწვინოთ მუცელზე, ხოლო წინ დავუდოთ საინტერესო, ლამაზი სათამაშოები. ხშირად უნდა მივიყვანოთ პატარა უცხო საგნებთან, რათა მათი დათვალიერების სურვილი გაუჩნდეს.
- თუ 4 თვის ასაკში ბავშვს ხელში არ უჭირავს საგნები და არ ცდილობს ერთი ხელიდან მეორეში მათ გადატანას, შესაძლოა მას უბრალოდ არ ჰყოფნიდეს ის სათამაშოები, რომლებსაც ამ მიზნით ვიყენებთ. ჩვეულებრივ, ამ ასაკში პატარა ფეხში ჩაივლებს ხელს და ცდილობს, პირში ჩაიდოს. ამ დროს შეიძლება დავეხმაროთ - მას ეს ნამდვილად მოეწონება!
- 5 თვის ასაკში ბავშვი იწყებს გადატრიალებას, ცდილობს გადაადგილებას. ამ შემთხვევაშიც ძალიან მნიშვნელოვანია სტიმული. პატარა ჯერ გვერდზე უნდა გადატრიალდეს, რათა სათამაშოს მისწვდეს. თუ ეს არ გამოსდის, ეცადეთ, სტიმულად გამოიყენოთ ბგერა - ჩხაკუნა სათამაშო. შეიძლება ბავშვს დავეხმაროთ, რომ მან დაიმახსოვროს გადატრიალებისას აუცილებელი მოძრაობები. მაგალითად, ზურგზე წოლისას მუხლი გადაიტანოს გვერდით, ხოლო ხელებისა და მხრების დახმარებით გადატრიალდეს.
- 6 თვის ასაკში ბევრი ბავშვი ჯდება. პირველი წამოჯდომა თავისებურია, ერთმანეთისგან განსხვავებული. შეიძლება, პატარას ამაშიც დავეხმაროთ, მაგრამ პირდაპირ კი არ უნდა წამოვსვათ, არამედ მოძრაობები დავამახსოვრებინოთ.
- 7 თვიდან პატარები ასე თუ ისე იწყებენ სივრცეში გადაადგილებას. ზოგიერთი ბავშვი ცოცავს, ზოგი კი ჯდება და ისე იცვლის ადგილს. რა თქმა უნდა, აუცილებელია ცოცვის სტიმულირება. ამისთვის საკმარისია მუცელზე მწოლიარე ბავშვს სათამაშო დავანახვოთ. გაცილებით ეფექტური იქნება საყოფაცხოვრებო საგნები, რომელთა მიმართაც პატარებს უდავოდ დიდი ინტერესი აქვთ. ეს საგნები შორიახლო უნდა დავდოთ, რათა ოდნავი მოძრაობა საკმარისი იყოს მიზნის მისაღწევად. თანდათან მანძილი უნდა გავზარდოთ.
- 8 თვის ასაკში ზოგიერთი ბავშვი ფეხზეც დგება, თუ საყრდენი აქვს, ზოგი კი აქტიურად ცოცავს. პატარას ორივე მიმართულებით უნდა დაეხმაროთ, მაგრამ თუ ის ფეხზე დადგომას არ ჩქარობს, მღელვარების საფუძველს არც ეს გვაძლევს. თუ ამ ასაკში პატარა არ ცდილობს, დამოუკიდებლად იმოძრაოს და ხმამაღალი ყვირილით "მართავს" ახლობლებს, შესაძლოა საქმე გვქონდეს ან პიროვნული თვისებების გამოვლინებასთან, ან ობიექტურ პრობლემასთან. ზოგიერთი სპეციალისტი მოტორული განვითარების სტიმულირების მიზნით მასაჟს მიიჩნევს საჭიროდ, ზოგი კი - არა. მნიშვნელოვანია, მშობლებმა მოთმინება გამოიჩინონ და პატარას უფრო ხშირად მისცენ სხვადასხვა ნივთის დამოუკიდებლად აღების შესაძლებლობა.
- 9 თვის ასაკში თითქმის ყველა პატარა იღებს ვერტიკალურ პოზას. რა თქმა უნდა, ბავშვის ფეხზე ძალდატანებით დაყენება არ არის საჭირო, მაგრამ როცა პატარას აშკარად აქვს ფეხზე დგომის სურვილი, დახმარება აუცილებელია. თუ პატარა ძველებურად ცოცავს და ფეხზე დადგომას არ ჩქარობს, არაფერია. მთავარია, მას ჰქონდეს გადაადგილების თავისუფლება და სამოძრაო სივრცე, სადაც უამრავი საინტერესო საგანია.
- ერთი წლის ასაკისთვის თითქმის ყველა ბავშვი დგას ფეხზე, თუმცა პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმის დრო მაინც ინდივიდუალურია. ამ დროს მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და პატარა არავითარ შემთხვევაში არ ავაჩქაროთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიარულისთვის პირველ რიგში ბავშვის ნერვული სისტემა უნდა მოემზადოს. კოორდინაციის თვალსაზრისით კი სიარული საკმაოდ რთული რამ არის.
როდის არ არსებობს განგაშის საფუძველი
ხშირად მშობლებს რჩებათ ცრუ შთაბეჭდილება, რომ ბავშვის განვითარება შეფერხებულია. არსებობს ნიშნები, რომლებიც მშობლების მღელვარების უსაფუძვლობას ადასტურებს:
- ბავშვს არ აქვს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სერიოზული პრობლემები. ჩვეულებრივ, ეს სიცოცხლის პირველ თვეებშივე აშკარაა. ეჭვის არსებობისას პედიატრი ნიშნავს დამატებით კვლევას.
- პატარა ხალისით ამყარებს კონტაქტს ნაცნობ უფროსებთან - ორი თვისა თვალებში უყურებს, სამი თვისა იღიმება, ოთხი თვისა ემოციებს ამჟღავნებს - მოუთმენლობას ჭამის წინ, ხალისს, როცა ეთამაშებიან, გაოცებას, მოწონებას ან უკმაყოფილებას ახალი საკვების გასინჯვისას.
- პატარას აინტერესებს სხვადასხვა მოვლენა (ბგერები, ჟესტები), გვაგებინებს, რა აინტერესებს და სურს, 4-5 თვის ასაკიდან იწევს მისთვის საინტერესო საგნებისკენ.
ყველა ეს ნიშანი ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მოტორული განვითარება მოსდევს ფსიქიკურს - ბავშვს უვითარდება შემეცნებითი ფუნქციები, ინტერესი, ცნობისმოყვარეობა და ეს მოძრაობის სტიმულია. თუ რამე არ მოგწონთ ან გაეჭვებთ, რჩევისათვის მიმართეთ სპეციალისტს, მაგრამ ამასთანავე არც ის დაივიწყოთ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ოჯახური გარემო, რომელიც ბავშვის მოძრაობის სტიმულს წარმოადგენს. ხშირად ეთამაშეთ პატარას, ნუ დაზოგავთ დროს!