ეტაპობრივი განვითარება

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? იმისთვის, რომ ბავშვმა ცხოვრებაში რამეს მიაღწიოს, მას დროულად უნდა ვასწავლოთ, რაც საჭიროა. მოდი, ვნახოთ, ცხოვრების რომელ პერიოდში რა უნარი უნდა განვუვითაროთ პატარას.
რევოლუცია და ევოლუცია
თანამედროვე მშობლები ბავშვის განვითარებაზე ზრუნვას მისი დაბადებისთანავე, ზოგჯერ მუცლადყოფნის პერიოდიდანვე იწყებენ. ზოგიერთ სპეციალისტსაც მიაჩნია, რომ სამი წლიდან აღზრდის დაწყება უკვე დაგვიანებულია. ადამიანის განვითარებაში გამოყოფენ პერიოდებს, რომლებსაც კრიტიკულს უწოდებენ და პერიოდებს, რომლებსაც სენსიტიური ჰქვია.
3 წლამდე თავის ტვინის ფუნქციები ყველაზე ინტენსიურად ვითარდება. სიცოცხლის პირველ წლებში პატარა ბავშვის ორგანიზმი რევოლუციურ გარდაქმნებს განიცდის. ამის საილუსტრაციოდ საკმარისია ერთმანეთს შევადაროთ ახალშობილი, რომელიც ქაოსურად იქნევს ხელ-ფეხს და ერთი წლის ბავშვი, რომელიც ელვის სისწრაფით მიცოცავს სასურველი სათამაშოსკენ. ერთი წლის პატარა ცნობს დედას და მამას, როცა ესაუბრებიან, ბევრ რამეს ხვდება. 2 წლის ბავშვს უკვე შეუძლია, თავისი სურვილები გაგვაგებინოს, უვითარდება აზროვნება და მეტყველება. ყოველივე ამის შემდეგ კი ბედნიერ მშობლებს სამი წლის კრიზისი ელით: თვინიერი ბავშვი ერთბაშად ჯიუტ ჩოჩრად იქცევა. ყველაფერი გასაგებია - ვითარდება ბავშვის თვითშეგნება. მას უჩნდება სურვილი, თავად გადაწყვიტოს, რას ჩაიცვამს, სად წავა ან როდის მორჩება თამაშს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
საზოგადოდ, გამოყოფენ ბავშვობის რამდენიმე კრიტიკულ პერიოდს:
- ემბრიონიდან ახალშობილად გარდაქმნა;
- 1 წლის კრიზისი;
- 3 წლის კრიზისი;
- 7 წლის კრიზისი;
- 13 წლის კრიზისი.
სწორედ ამ პერიოდებში ეწყება ბავშვს გარესამყაროსთან კონფლიქტი. მიუხედავად იმისა, რომ ის განაგრძობს აქტიურ განვითარებას და როგორც პიროვნება, იწყებს ახალ ეტაპს, ახალი ჩვევებისა და ინფორმაციის ათვისება ასეთ დროს ფერხდება. სენსიტიური პერიოდი საუკეთესო დროა ინფორმაციის აღქმისთვის.
სენსიტიური მგრძნობიარეს ნიშნავს, ცხოვრების ამ ეტაპზე ჩვევა ყველაზე მეტად სტაბილურია. თუ აღნიშნულ პერიოდში ბავშვმა სტრესი გადაიტანა, შესაძლოა, ამა თუ იმ ჩვევის ათვისება შეფერხდეს. მაგალითად, თუ ორი წლის ბავშვს და ან ძმა ეყოლა, მისთვის ქოთანზე დაჯდომის ჩვევის გამომუშავება შესაძლოა გაგვიჭირდეს, წლინახევრის ბავშვს კი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ თითქოს სიარულიც უჭირს და ნასწავლი სიტყვებიც ავიწყდება. ამის გამო მეტისმეტად ნუ აღელდებით, ვინაიდან პატარები სწრაფად აღიდგენენ დანაკლისს. მთავარია, განვითარებისთვის სათანადო გარემო შევუქმნათ. ბავშვისთვის ხომ ამქვეყნად ყველაფერი უცნობია და ისიც დღიდან დღემდე უჩვეულო ენთუზიაზმით ცდილობს გარესამყაროს შეცნობასა და შესწავლას.
სენსიტიური პერიოდი ნებისმიერი ბავშვის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპია, განურჩევლად მისი ეროვნებისა თუ რასობრივი კუთვნილებისა. ბავშვის ცხოვრების ადრეული ეტაპი მთლიანად სენსიტიური პერიოდია სხვადასხვა ჩვევისა და ფუნქციის განვითარებისთვის. ეს განსაკუთრებით ეხება მეტყველებას, აზროვნებას, მეხსიერებას. ამასთანავე, პედაგოგები და ფსიქოლოგები საუბრობენ ცალკეული სენსიტიური პერიოდების შესახებ კონკრეტული ჩვევის განვითარების თვალსაზრისით.
მარია მონტესორი, მონტესორი-პედაგოგიკის ფუძემდებელი, შემდეგ პერიოდებს გამოყოფს:
მოტორული განვითარება - დაბადებიდან 1,5 წლამდე. ამ დროს ქაოსური მოძრაობები კოორდინირებულ ხასიათს იღებს. ახალშობილი თანდათანობით შეიცნობს თავისი სხეულის საზღვრებს, სწავლობს მის მართვას, სათამაშოსკენ ხელის გაწვდენას, ფეხის გადაადგილებას, მუცელზე გადაბრუნებას, მერე კი ფეხზე დგება და გაივლის... განვითარების ამ ეტაპზე პატარა სამყაროს მოძრაობების მეშვეობით შეიგრძნობს.
წლინახევრიდან 4 წლამდე კუნთოვანი კოორდინაციის განვითარების სენსიტიური პერიოდია. მოძრაობა აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობისთვის, ამიტომ ბავშვის ფიზიკური და მოტორული აქტივობა უაღრესად მნიშვნელოვანია.
მეტყველება - ის დაბადებიდან 6 წლამდე ვითარდება. ამ ეტაპზე ბავშვი ქმნის სიტყვათა მარაგს. თავდაპირველად ღუღუნს იწყებს, მერე - მარცვლების წარმოთქმას, ბოლოს კი სიტყვებისა და წინადადებებისას. მეტყველების განვითარება მთელი სიცოცხლე გრძელდება, მაგრამ თუ პატარას სენზიტიურ პერიოდში არ მიეცა სიტყვიერი ურთიერთობის საშუალება, ის ენას ვერ ამოიდგამს.
1,5 წლიდან 3 წლამდე პერიოდი ოპტიმალურია ზეპირი მეტყველების განვითარებისთვის.
ინტერესი პატარა საგნებისა და დეტალებისადმი - 1-დან 4 წლამდე პერიოდი. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ პატარა, რომელიც ცოცვას ისწავლის, იატაკიდან ნამცეცების და პატარა ძაფების აკრეფას იწყებს. მას ძალიან მოსწონს პატარა საგნები და დეტალები - მანქანის კარი, რომელიც იღება, საჭე, რომელიც ტრიალებს...
ასეთ დეტალებთან ურთიერთობა ხელს უწყობს წვრილი მოტორიკის, თითების ზუსტი მოძრაობების განვითარებას. შესაძლოა უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ ყოველივეს მჭიდრო კავშირი აქვს მეტყველებასთან.
წესრიგის აღქმა - 2-4 წელი. ყველას გაგვიგონია, რომ თუ პატარა ბავშვი წესრიგს ადრეულ ასაკშივე არ მიეჩვია, მერე ამ ჩვევას ვეღარ შეიძენს. თუმცა წესრიგი მარტო სისუფთავეს არ გულისხმობს. ახალშობილისათვის სამყარო სავსეა ქაოსური ბგერებით, ფერადი ლაქებით, რომელთაც ის თანდათან აანალიზებს და სისტემაში მოჰყავს.
2-4 წლის ბავშვი კი უნდა მიეჩვიოს, რომ ყველა საგანს თავისი ადგილი აქვს, რომ არსებობს გარკვეული დღის რეჟიმი და რიტუალები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია.
მუსიკა - 2-6 წელი. ამ ასაკში ბავშვები ბუნებრივი გზით იძენენ უნარს, აღიქვან რიტმი და მელოდია, ბგერათა სიმაღლე.
ათამაშეთ პატარა მუსიკალური ინსტრუმენტებით, მიეცით ბავშვს მათი მეშვეობით დამოუკიდებელი ექსპერიმენტირების საშუალება. დამტკიცებულია, რომ ტვინის ის ცენტრები, რომლებიც განაგებენ მუსიკალურ აღქმას, დაკავშირებულია იმ ცენტრებთან, რომლებიც მათემატიკურ აზროვნებას განაპირობებს. ესე იგი, მუსიკალური ცენტრების განვითარება აუცილებლად გამოგვადგება.