ისინი განსხვავებულნი არიან
რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა სხვადასხვა სქესის ბავშვების აღზრდისას? თამუნა, 26 წლის
ბიჭუნები "რთულები" არიან, გოგონები კი - გაცილებით იოლად გასაზრდელნი, უფრო დამჯერნი და გამგონენი - ხშირად გაიგონებთ მშობლებისგან ასეთ შეფასებას. რატომ?
ცნობილი გენეტიკოსი, აკადემიკოსი ვიგენ გეოდაკიანი ვარაუდობდა, რომ ყველა და ყველაფერი ცოცხალი თვითგადარჩენისა და განვითარებისკენ ისწრაფვის. სწორედ ამიტომ წარმოიშვა ურთიერთშემავსებელი ორი - ქალისა და მამაკაცის, მდედრობითი და მამრობითი სქესის ნახევარი. ქალი უფრო მეტად ორიენტირებულია თვითგადარჩენაზე. აქედან არის ყველა სხვაობა ქალსა და მამაკაცს, გოგონასა და ბიჭუნას შორის.
წესრიგი და ქაოსი
გოგონასთვის მთავარი ადამიანური ურთიერთობაა, სწორედ ამიტომ ის ყურადღებას აქცევს სხვათა გრძნობებს, განცდებსა და დამოკიდებულებებს. როგორც წესი, იოლად, დიდი შრომის გარეშე ახდენს მათ გამოცნობას, აქვს უნარი იყოს ისეთი, როგორიც სურთ, რომ დაინახონ სხვებმა - რათა ის უყვარდეთ და ხშირად დაიმსახუროს შექება და წახალისება.
- ბიჭებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ სხვებს უყვარდეთ. მაგრამ ეს მათთვის მიზანი არ არის, არამედ მხოლოდ საუკეთესო საშუალება. ბიჭი მიმართულია ძიებისკენ, მიდრეკილია აქტიური მოქმედებებისკენ, გამოკვლევებისა და მიღწევებისკენ. თუ მას ეჭვი ეპარება დედის სიყვარულში, ის მერყევი იქნება, მაგრამ თუ ამაში დარწუნებულია, მაშინ ნახეთ, როგორ გაშლის ფრთებს! აზრადაც არ მოსდის, რომ დედას, სწორედ იმიტომ, რომ ასე ძალიან უყვარს - ეს შეიძლება აწუხებდეს.
- გოგონას ყველაზე ძალიან სურს უფროსების კეთილგანწყობა დაიმსახუროს. ბიჭი კი თითქოს მიილტვის, გარბის სადღაც, ყველაზე შორეული მიზნისკენ.
- გოგონასთვის უფრო იოლია საკუთარი თავისკენ ყურადღების მიმართვა, თავის მოწონება, ის უკეთ ფლობს საკუთარ სახეს, ხმას, უკეთ მეტყველებს, მაგრამ უფრო დამოკიდებულია.
- ბიჭი აფასებს თავისუფლებას და შეუძლია ბევრი რამ გაწიროს ამისთვის. თავისუფლება იძლევა მაძიებლური აქტივობის შესაძლებლობას. სწორედ ძიება არის მამაკაცის მოწოდება.
- გოგონები, ჩეულებრივ, მოწერიგებულნი და აკურატულნი არიან. წესრიგი ხომ წინასწარგანჭვრეტა და სტაბილურობაა. ბიჭები ხშირად არ გამოირჩევიან დიდი მოწესრიგებულობითა და სიფაქიზით.
- ბიჭები, როგორც წესი, უკეთ ხსნიან არასტანდარტულ ამოცანებს. სამაგიეროდ, რუტინული, ყოველდღიური სამუშაო, რომელიც დიდ მოთმინებასა და ნებისყოფას მოითხოვს, ქალებს უკეთ გამოსდით.
- გოგონებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სხეულებრივ კონტაქტებს, ალერსს, სითბოს.
- ბიჭები ალერსს შედარებით იშვიათად საჭიროებენ, ისეთ შემთხვევებში, როცა თავს ცუდად გრძნობენ და მაშინ, როდესაც თვით მიისწრაფვიან სითბოსკენ.
- გოგონას საკმაოდ ვიწრო სივრცე აკმაყოფილებს ცხოვრებისა და თამაშისთვის;
- ბიჭს უფრო დიდი სივრცე სჭირდება, რათა იქ ჰქონდეს რაიმეს ძიების საშუალება.
- ინდივიდუალური განსხვავებები ბიჭებში უფრო დიდია, ვიდრე გოგონებში. მარტივად რომ ვთქვათ, როგორც დაბალი ინტელექტის მქონენი, ისე გენიოსები მეტია ბიჭებს შორის, ვიდრე გოგონებში. გოგონები უფრო ახლოს არიან ოქროს შუალედთან; საინტერესოა, რომ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში მიღებულია ბავშვებისადმი ისე მოპყრობა, თითქოს ყველა გოგონა იყოს. ბიჭებს მუდმივად უჯავრდებიან და სჯიან იმისთვის, რომ ისე არ იქცევიან, როგორც გოგონები. ასეთ შემთხვევაში მშობლებმა მხარი არ უნდა დაუჭირონ ამგვარ ვაი-პედაგოგებს.
ისეთი, როგორიც ხარ
სამყარო, რომელსაც ქმნის გოგონა თავის გარშემო, თბილი, ახლობელი, კარგად ნაცნობი ნივთებისა და საყვარელი ადამიანების სამყაროა. ეს არის კონსერვატიული სამყარო, დახურული და სტაბილური. ამ სამყაროში ის თავს კარგად გრძნობს, თუ, რა თქმა უნდა, ის უყვართ დედას და მამას.
ბიჭის სამყარო - ღიაა, გახსნილი, შეუცნობელი. ბიჭუნებს უყვართ ფანტაზიები, აქტიური მოქმედება. უაზრობაა და სახიფათო მცდელობა იმისა, რომ დავთრგუნოთ მათი მაძიებლური ქცევა და აქტივობა.
ასევე სახიფათოა გოგონას ჩართვა-ჩათრევა წმინდა ბიჭურ თამაშებსა და შეჯიბრებებში. სამწუხაროდ, ხშირად გვინდა, ჩვენ გვერდით დამჯერ და მართვად ბავშვებს ვხედავდეთ. ამ იდეალს უფრო გოგონები შეესატყვისებიან. თუ ბიჭი წინააღმდეგობას გვიწევს, ის "გაუგონარი", "ცუდი ბიჭი", "ხულიგანიც" კი აღმოჩნდება. ხოლო თუ დაგვმორჩილდა - ეს კიდევ უარესი - უკვე ისეთი აღარ არის, როგორიც სინამდვილეშია. ამ კონფლიქტში ჩვენი შვილების მხარეს უნდა დავდგეთ და არა - საზოგადოებისა. უნდა დავიცვათ ისინი და არ უნდა დავუჭიროთ მხარი საზოგადოების მიერ დავალებული სტანდარტით წამოყენებულ მოთხოვნას - "დათრგუნო საკუთარი თავი". დაე, ჩვენი გოგონები იყვნენ ნამდვილი გოგონები, ჩვენი ბიჭები კი - ნამდვილი ბიჭები!