სიკეთის გაკვეთილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიკეთის გაკვეთილები

პატარა ბიჭი თვალებგაფართოებული უცქერის, როგორ უზომავენ ბებიას წნევას, რადგან ბებოს თავი ასტკივდა. რაც ხდება, ბავშვისთვის ახალი და უცნაურია. დგება მომენტი, როცა ბებოს ხელიდან მანჟეტი უნდა მოხსნან, მაგრამ ბიჭი ამას აპროტესტებს და დაჟინებით მოითხოვს, ბებოს წნევა თავად გაუზომოს. ექიმი მას წნევის აპარატზე ხელის მოკიდების ნებას რთავს და ბავშვიც ბედნიერი იწყებს ექიმის მოვალეობის შესრულებას. ბებია დიდ მადლობას უხდის პატარას და ოცნებობს, რომ ბიჭი ექიმი გახდეს. ბავშვიც ეთანხმება მას და ხშირად "მკურნალობს" დედას, დას, ბებოს...

მალე "პაციენტები" სათამაშოები ხდებიან. ბიჭი მათ თათებს უხვევს, ნემსებს უკეთებს და ყოველ დღეს სხვებზე ზრუნვას უთმობს... სიკეთე და სინდისი ადამიანს ერთობლივად ასწავლიან თანაგანცდას, მოყვასზე ზრუნვას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველამ იცის, რა საშინელი რამაა ბავშვთა სისასტიკე. თანაგანცდის უნარი კი ბავშვს მშობლებმა საკუთარი მაგალითის წყალობით უნდა გამოუმუშაონ, კეთილი საქმეები ბავშვებთან ერთად უნდა აკეთონ.

ფრინველების კვება, ძაღლის გასეირნება, ფისოსთვის რძის დასხმა - ეს მარტივი ქმედებები ბავშვს სხვებზე ზრუნვის ჩვევას უყალიბებს. როცა ბავშვი ეზოში ჩაგვყავს და თან პურის ნატეხი მიგვაქვს ჩიტების დასაპურებლად, ერთდროულად რამდენიმე სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ - პატარა ხვდება, რომ ფრინველები უნდა გამოკვებოს, პურის ნამცეცებად დაფშვნისას უვითარდება წვრილი მოტორიკა, ფრინველებისთვის თვალის დევნებისას უყალიბდება ცოცხალ არსებებზე დაკვირვების უნარი. შეიძლება, არითმეტიკაშიც ვივარჯიშოთ - ჩიტები ვითვალოთ.

არასოდეს დატუქსოთ ცხოველები ბავშვის თანდასწრებით (რა თქმა უნდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი საფრთხეს გიქმნიან). წინააღმდეგ შემთხვევაში არ გაგიკვირდეთ, თუ ბავშვს აზრად მოუვა, კატას კუდზე მოქაჩოს ან ქვა ესროლოს.

ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვს სიკეთისა და გულისხმიერების გრძნობა გამოვუმუშაოთ - ისინი ხომ აუცილებელია სრულფასოვანი პიროვნების, ნამდვილი ადამიანის ჩამოყალიბებისთვის. მიეცით პატარას საშუალება, "უმკურნალოს" თავის სათამაშოებს, აღიქვას ისინი ცოცხალ არსებებად. ხშირად სთხოვეთ, მიუტანოს ბებიას სათვალე, პაპას - გაზეთი, მოგაწოდოთ ესა თუ ის ნივთი.

სხვათა შორის, ადამიანური ფასეულობების ჩამოყალიბებას ხელს უწყობენ ზღაპრები. კეთილი ფერია, დახმარებისთვის მუდამ მზად მყოფი ცხოველები და ჯადოქრები სიკეთისა და მზრუნველობის მაგალითებს გვაძლევენ. ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის პატარა პრინცი კი არა მარტო სიკეთის, არამედ პასუხისმგებლობისა და სიწრფელის განსახიერებაც არის.

ასე რომ, უკითხეთ შვილს ზღაპრები და ისწავლეთ მასთან ერთად. სამწუხაროდ, დღეს ძალადობისა და გულგრილობის არაერთ მაგალითს ვაწყდებით. საკმარისია, ტელეეკრანსა თუ კომპიუტერის მონიტორზე დანახული მონსტრები გავიხსენოთ. უნდა ვაღიაროთ, რომ ბავშვის ფსიქიკაზე მათი ზემოქმედება ნამდვილად არ არის დადებითი.

ბავშვი კეთილ არსებად თავისთავად ვერ ჩამოყალიბდება, მას სიკეთე უნდა ვასწავლოთ. უნდა ვასწავლოთ არა შეგონებებით, არამედ ყოველდღიური მაგალითით, სიკეთისა და მზრუნველობის საფუძველი კი ადრეულ ბავშვობაში უნდა შევქმნათ, შემდგომ ეს ძალიან გაგვიჭირდება.

რას გვირჩევენ სპეციალისტები

არაერთხელ გაგვიგონია: "ბავშვებს მარტო გართობა აინტერესებთ...", "ბავშვი ეგოისტია, ყველაფერი თავისთვის უნდა, სხვებზე არ ზრუნავს...", "რა თქმა უნდა, ის ხომ პატარაა!.." დაგვეთანხმებით, რომ ასე ფიქრობს მრავალი მოზრდილი ადამიანი, თუმცა მათი შეხედულება მცდარია. აზრი, რომ ბავშვებს მარტო თამაში სურთ, არ უყვართ სხვებზე ზრუნვა, ეგოისტები არიან - მხოლოდ ჩვენი, დიდების პოზიციაა, თანაც მცდარი. ამ პოზიციის საფუძველია საკუთარი თავის განდიდება და ბავშვების დამცირება. სხვათა შორის, სპეციალისტების აზრით, საკუთარი თავის განდიდების ეს უცნაური გზა, რომელიც ემყარება სხვა, უფრო დაუცველი, სუსტი და პატარა ადამიანის დამცირებას, ინფანტილურობის, უმწიფრობის გამოვლინებაა. ბავშვი კი საოცრად პლასტიკური არსებაა, რბილი თიხაა მოზრდილთა ხელში. ის ყალიბდება ისეთად, როგორადაც მას ჩვენ აღვიქვამთ. ჩამოყალიბების პროცესი სწრაფია და შეუმჩნეველი... ჩვენ კი კმაყოფილნი ვამბობთ: "ხომ ვთქვი! არაფრის კეთება არ უნდა, მარტო თამაშზე ფიქრობს!" - და ვერ ვაცნობიერებთ, რომ ეს არა აღზრდის, არამედ ანტიაღზრდის შედეგია.

უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ჩვენზე, მოზრდილებზეა დამოკიდებული. ჩვენი შვილები პიროვნებებად ჩვენი გავლენით ყალიბდებიან. როგორიც არის შემოქმედი, ისეთივეა მისი ქმნილება. ბავშვი, რომელიც აქტიურად ზრუნავს სხვებზე, მრავალ მოზრდილ ადამიანზე მეტად ბედნიერია.

რეალური დახმარება

არსებობს მრავალი საშუალება საიმისოდ, რომ პატარას სხვაზე ზრუნვა შევაყვაროთ. დაღლილი ხართ? სთხოვეთ შვილს, მოგიტანოთ ბალიში, მოგაწოდოთ ჭიქა წყალი... ეს ძალიან სასიამოვნო განცდაა პატარასათვის - დედას ეხმარება! ეცადეთ, თქვენმა შვილმა რაც შეიძლება ადრე განიცადოს ეს არაჩვეულებრივი გრძნობა. პატარას ჰყავს ბებია, ბაბუა, და-ძმა? შესანიშნავია! ეს ადამიანები ყოველთვის ზრუნავენ მასზე. სანაცვლოდ ბავშვმაც უნდა იგრძნოს, რომ თავადაც აქვს პასუხისმგებლობა მათ წინაშე. არა აქვს მნიშვნელობა, ეს პატარას რეალურად შეუძლია თუ არა. მთავარია იგრძნოს, რომ მისი მზრუნველობა სჭირდებათ, მას ელიან, ემადლიერებიან.

პატარას ბევრი სათამაშო აქვს. მათი დანიშნულება მარტო ის როდია, რომ პატარამ ხელში აიყვანოს, მოეფეროს, ზოგჯერ დააზიანოს - სამ წლამდე ასაკის ბავშვები ხშირად "აცოცხლებენ" საგნებს. მათთვის რბილი სათამაშოები ცოცხლები არიან. სწორედ ეს შეიძლება გამოვიყენოთ სიკეთის, სხვებზე ზრუნვის უნარის გასაღვივებლად.