თავგადასავალთა მაძიებელნი
სიტყვა "ავანტიურისტი" წარმოდგება ფრანგული სიტყვისაგან "ავანტურიერ", რაც თავგადასავალთა მაძიებელს ნიშნავს. ავანტიურისტები საკუთარი თავის რწმენითა და ოპტიმიზმით გამოირჩევიან. ზოგი ადამიანი ავანტიურებისკენ ბავშვობიდან ისწრაფვის.
უნდა ვებრძოლოთ თუ არა ამ თვისებას?
პატარამ ტყუილების თქმა, უფრო სწორად, ისტორიების თხზვა გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე მისმა თანატოლებმა. მას პრაქტიკულად არაფრის ეშინია - არც სიმაღლის, არც სიბნელის, არც უცხოების, არც სასჯელის... მას შეუძლია თავისი აზრის დაცვა და მასწავლებლებთან კამათი, საშიში თამაშების მოგონება... ასეთი ბავშვი სხვა მშობლების აღშფოთებას იწვევს, მისი დედა კი ხან გაოგნებულია, ხანაც აღფრთოვანებული, თუმცა უკანასკნელ გრძნობას არავის უზიარებს. დედას უჭირს აღიაროს, რომ მისი შვილი ავანტიურისტისთვის დამახასიათებელ ყველა თვისებას ამჟღავნებს. როგორ ჩნდებიან ასეთი ბავშვები? ჩვეულებრივ, ისევე, როგორც ყველა პატარა.
ისინი ჩვეულებრივი მშობლების შვილები არიან და ჩვეულებრივ ოჯახებში იზრდებიან. ვინ იცის, გენებმა ბოროტად იხუმრეს და პატარა დედას ან მამას კი არა, ბაბუის ბაბუის ბიძაშვილს დაემსგავსა... ასეა თუ ისე, ფაქტია - ბავშვი უნდა გავზარდოთ, აღვზარდოთ და მომავლისთვის მოვამზადოთ. დავიწყოთ იმით, რომ დედა ტყუილად გრძნობს უხერხულობას საკუთარი შვილით აღფრთოვანების გამო. რასაკვირველია, ბავშვს არ უნდა აგრძნობინოთ, რომ მისი საქციელი გხიბლავთ, მაგრამ საკუთარ თავთან მაინც უნდა აღიაროთ, რომ პატარა ავანტიურისტები ხშირად იწვევენ ირგვლივ მყოფთა აღფრთოვანებას. ასეთი ბავშვები ისე იქცევიან, როგორც ვერასოდეს მოიქცევიან უფრო კეთილგონიერი და ნაკლებად ცნობისმოყვარე პატარები. სწორედ თავგადასავალთა მაძიებელი ბავშვებისგან იზრდებიან აქტიური, შემოქმედებითი ნიჭის მქონე პიროვნებები, რომელთა არსებობა კაცობრიობის ისტორიას ცვლის. ისინი არიან აღმომჩენები, გამომგონებლები, ახალი მიწების ამთვისებელნი, მოგზაურები, რევოლუციონერები...
ასე რომ, მშობლის ამოცანა ბავშვის ხასიათის შეცვლა კი არა, არამედ მისი ავანტიურისტული მისწრაფებებისთვის სწორი გეზის მიცემაა. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ის, რისაც გეშინიათ - ბავშვის ცნობისმოყვარე და შეუპოვარი ხასიათი მომავალში მისი ასოციალური ქცევის საფუძველი გახდეს.
პირველი, რაც დასჭირდება მშობელს, ისტორიის გახსენება და დასკვნების გამოტანაა. იმ ეპოქაში, როცა ავანტიურული მისწრაფებების ადამიანები ჯგუფებად ერთიანდებოდნენ, მათ საქციელს მკაცრი მორალური კოდექსი აკონტროლებდა. რაინდული ან სამურაის ღირსება ყველაფერს ჩარჩოში აქცევდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე უნდა აითვისოს ღირსების კოდექსი. ყურადღება მიაქციეთ: პატარამ უნდა განასხვაოს ღირსეული საქციელი უღირსისგან და არა ცელქობა წყნარი და თვინიერი ქცევისგან. როცა უფროს ადამიანს უდიერად დაელაპარაკები, უმცროსს მოატყუებ ან არ გსურს, ცუდი საქციელის გამო პასუხი აგო, ეს უღირსი საქციელია. მისასალმებელია, როცა ბავშვი მშიშარა არ არის, მაგრამ უღირსი საქციელია, თუ ავტოფარეხის სახურავზე აძვრება და ჩამოხტომისას დედას გულს გაუხეთქავს...
როგორ აღვზარდოთ ავანტიურისტი გოგონა?
პატარა ქალბატონი თანაბრად შეიძლება მოვხიბლოთ როგორც ქალური ქცევის ნორმებით, ასევე ვაჟკაცობის დაუწერელი წესებითაც. მთავარია ვიცოდეთ, რომელი კოდექსია მის თვალში უფრო ფასეული. არის შემთხვევები, როცა დედა გრძნობს, რომ ღირსების კოდექსის პროპაგანდა არ გამოსდის. კარგი იქნება, თუ ამ დროს ბავშვს სპორტულ სექციაში მივიყვანთ. პატარა ავანტიურისტის ენერგიის კალაპოტში მოსაქცევად შესაფერისია სპორტის ისეთი სახეობები, რომლებიც ორთაბრძოლას ემყარება (ჭიდაობა, კრივი, ფარიკაობა).
იცოდე, პასუხს აგებ!
ავანტიურებისადმი მიდრეკილების მქონე ბავშვებს მშობლებმა აუცილებლად უნდა განუვითარონ პასუხისმგებლობის გრძნობა, გამოუმუშაონ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი. პატარას უნდა ავუხსნათ, რომ საჭიროა, წინასწარ განსაზღვროს საკუთარი წამოწყების შედეგები. თუ მეგობრებთან ერთად რაიმე თამაშს გეგმავს, უნდა იცოდეს, რომ პასუხს აგებს მათ ჯანმრთელობაზე. მაგალითად, თუ გადაწყვეტს, თანატოლებთან ერთად ავტოფარეხიდან ხტომაში შეჯიბრება გამართოს, უნდა ესმოდეს, რომ მისი მეგობარი შესაძლოა მასავით მკვირცხლი არ იყოს და ჩამოხტომისას რამე იტკინოს. აუხსენით თქვენს მოუსვენარ შვილს, რომ ამ შემთხვევაში მისი მეგობრის მშობლები ძალიან ინერვიულებენ და დამნაშავე თავად იქნება. ცხადია, არ უნდა ველოდოთ, რომ მსგავსი საუბრის შემდეგ ბავშვი უმალვე დაიწყებს საკუთარ წამოწყებათა შედეგებზე ფიქრს და მოსალოდნელი საფრთხის გამო მათზე უარს იტყვის, მაგრამ თუ მონდომებას არ დავიშურებთ, დროთა განმავლობაში ასეთი მიდგომა მაინც ჩამოუყალიბდება.
არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ შვილისგან თავის მართლების მიზნით ნათქვამი ფრაზა "რა ჩემი ბრალია, ბავშვები თვითონ წამოვიდნენ..." პატარას უნდა აუხსნათ, რომ თუ იდეა ბავშვებს მან მიაწოდა, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა თანატოლების ქმედებათა შედეგებზეც. აუხსენით შვილს, რომ თავგადასავლის ძიებისას წინასწარ უნდა გავიაზროთ, რა საფრთხე გველის და რომ ყოველგვარი ქმედების წარმატებით დასრულებისთვის აუცილებელია განსაზღვრული ჩვევები.
ბუნებრივია, ავანტიურული იდეებით შეპყრობილ პატარას ბევრი ისეთი რამ შეიძლება მოუვიდეს თავში, რაც საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას. ნებისმიერი მშობლის ვალია, შეაჩეროს შვილი, ოღონდ ამას არ უნდა ჰქონდეს მშრალი აკრძალვის ხასიათი. ასეთი ბავშვები ვერ იტანენ აღზრდის ავტორიტარულ მეთოდებს და ფიზიკურ სასჯელს. მკაცრი "არას" ნაცვლად უნდა აუხსნათ, რომ მას არ შესწევს სათანადო ძალა, ჯერ პატარაა, გარეთ ახლა ძალიან ცივა და ა. შ.
არავითარი "იქნებ"!
ავანტიურისტ პატარებს თავგადასავლების ძებნისას შესაძლოა გამორჩეთ მოვლენათა განვითარების ცალკეული მხარეები. "იქნებ სულაც არ იყოს საშიში", - ფიქრობენ ისინი. ასწავლეთ ბავშვებს, სწორად გათვალონ საკუთარ ქმედებათა შედეგები, ყოველთვის დაასრულონ დაწყებული საქმიანობა. უმჯობესია, ეს ძალდაუტანებლად გააკეთოთ, მაგალითად, თამაშის დროს ან ბინის დალაგებისას. ეცადეთ, პატარამ აუცილებლად ბოლომდე წაიკითხოს მოთხრობა, ააშენოს კოშკი, ჩააცვას თოჯინას.
ხშირად გვეჩვენება, რომ ავანტიურისტი ბავშვები ემოციურად გამოფიტულები არიან. ისინი თითქოს ვერც კი ამჩნევენ, რომ ახლობლებს გულს სტკენენ. ეს არ არის მართალი, უბრალოდ, პატარა თავგადასავალთა მაძიებლის გონებაში იმდენი ახალი იდეა იბადება, რომ სხვა რამისთვის დრო აღარც კი რჩება. სინამდვილეში იდეებით სავსე პატარები საკმაოდ ემოციურები არიან. საკუთარ ემოციებს ძალზე მტკივნეულად განიცდიან, მაგრამ ვერ გრძნობენ, რომ მსგავსი განცდები მათ მშობლებსა და ახლობლებსაც აქვთ. როცა ასეთი პატარები ხვდებიან, რომ ტკივილი მოგაყენეს, გაცილებით ძლიერ განიცდიან, ვიდრე მათი თვინიერი თანატოლები. საკმარისია, ტომ სოიერის ცრემლები გავიხსენოთ იმ მომენტში, როცა დეიდა პოლის ის გარდაცვლილი ეგონა. სწორედ ამიტომ გვირჩევენ, რომ როცა ბავშვის საქციელს განვიხილავთ, აქცენტი საკუთარ გრძნობებზე გავაკეთოთ. აღუწერეთ პატარას, რა განიცადეთ მისი ცელქობისას. თქვენი გულწრფელი გულისტკივილი შვილზე უფრო მეტად იმოქმედებს, ვიდრე სიმკაცრე, აკრძალვა ან სასჯელი.
ავანტიურისტია თუ არა თქვენი პატარა?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში ტესტი დაგეხმარებათ:
* ხშირად ტოვებს თქვენი შვილი დაუკითხავად სათამაშო ადგილს?
* მოსწონს, როცა ირგვლივ მყოფთა ყურადღებას იქცევს?
* სხვა ბავშვების დედებს მიაჩნიათ, რომ თქვენი შვილი მათი პატარებისთვის "საშიშია"?
* არცთუ ისე ყურადღებიანია და მხოლოდ იმ დავალებას ასრულებს, რომელიც თავად აინტერესებს?
* არ შეუძლია ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომა?
* ხშირად გებადებათ აზრი, რომ თქვენი შვილი ასაკისთვის შეუფერებლად ცელქი და ალღოიანია?
* უყვარს რისკიანი თამაში?
* იშვიათად ითხოვს ნებართვას?
* შეუძლია, სხვადასხვა წამოწყებაში თანატოლები აიყოლიოს?
თუ ამ კითხვების უმრავლესობას დადებითად უპასუხეთ, ესე იგი თქვენს შვილს აქვს მიდრეკილება ავანტიურისტული ქმედებებისკენ. ეს ნუ დაგაღონებთ. მთავარია, ასეთ პატარას მივცეთ სწორი იმპულსი და მისი ცხოვრება საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება.