ცნობისმოყვარეთა კლუბი
ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის კანონები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გვახსენებენ თავს. მაგიდის კიდიდან ფინჯანი ვარდება, მასზე სიმძიმის ძალა მოქმედებს - ეს ფიზიკის კანონია. თუ პერანგზე ბროწეულის წვენს დავისხამთ, ლაქა ძნელი მოსაცილებელი იქნება - ეს ქიმიაა. სიბნელეში ყვავილს ფერი ეკარგება, ფოთლები იცრიცება, ყვითლდება - ამის ბრალი ფოთლებში ფოტოსინთეზის შეწყვეტაა. ბავშვის ყოველმხრივი განვითარებისთვის, იმისთვის, რომ პატარა მზად იყოს სასკოლო საგნების ასათვისებლად, მიზანშეწონილია, ის მცირე ასაკიდანვე ვაზიაროთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საფუძვლებს. ამისთვის დიდი ძალისხმევა არ დაგვჭირდება - საკმარისია, მომხდარ ფაქტებს კომენტარები გავუკეთოთ. მაგალითად, ვთქვათ, რატომ დავარდა დაბლა სათამაშო, როცა მას ხელი გავუშვით, რატომ აფრინდა საჰაერო ბურთი... თუ ხედავთ, რომ ბავშვი ინტერესს ამჟღავნებს ფიზიკის, ქიმიის კანონების მიმართ, შეგიძლიათ, პატარ-პატარა ექსპერიმენტებიც ჩაატაროთ პატარას ინტერესის გასაღრმავებლად. ცდებს საინტერესო და მოულოდნელი რეაქციები და შედეგები მოჰყვება. ბავშვებს არა მარტო ატყვევებთ სილამაზე და შექმნის სიხარული, არამედ აღაფრთოვანებთ პროცესის მეცნიერული მხარეც.
აღმოჩენათა პროცესი
ცდებისთვის მოამზადეთ სათანადო ატრიბუტები და ადგილი. "ლაბორატორია" შეგიძლიათ მისაღებ ოთახში, სამზარეულოში ან აბაზანაში მოაწყოთ. დაგჭირდებათ ქაღალდი, წყალი, საღებავები, ფუნჯი, პასტელები, მცენარეული ზეთი.
დიფუზია
სველ ქაღალდს საღებავის წვეთი დაასხით. მისი მოლეკულები ნელა გადაადგილდებიან წყალში, რომლითაც ქაღალდია გაჟღენთილი. ეს არის დიფუზია. სველი ქაღალდი მაცივარში გაყინეთ, შემდეგ საღებავის წვეთი დააწვეთეთ. წვეთი თავდაპირველად თითქმის გაიყინება, რაც მისი მოლეკულების მოძრაობას შეაფერხებს. ქაღალდზე არსებული ყინულის გადნობის შემდეგ საღებავი ისევ გავრცელდება. ესე იგი, დიფუზიის პროცესი ტემპერატურაზეა დამოკიდებული.
გახსნა
ფუნჯი მცენარეულ ზეთში ჩაყავით და ნახატი ისე შეასრულეთ. დარჩენილი ადგილები საღებავით შეავსეთ. დაინახავთ, რომ ზეთით შესრულებული სურათი არ შეიცვლება, მას საღებავი არ შეერევა, რის მიზეზიც ის გახლავთ, რომ წყალი ზეთში არ იხსნება. წყლით სავსე ჭურჭელში ზეთი ჩავაწვეთოთ. დავინახავთ, რომ ზეთი არ ჩაიძირება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ზეთი წყალზე მსუბუქია, მისი სიმკვრივე ნაკლებია.
შეჭიდულობა
პასტელებით შეასრულეთ სურათი, შემდეგ ქაღალდი აკვარელის საღებავით შეღებეთ. იქ, სადაც პასტელებით შესრულებული ნახატია, ქაღალდი საღებავს არ შეიწოვს. საღებავში არსებული წყლის მოლეკულები ქაღალდზე შეჭიდულობის წყალობით ჩერდებიან, იქ კი, სადაც პასტელია, ეს კანონზომიერება არ მოქმედებს - პასტელსა და ქაღალდს შორის უკვე მჭიდრო კავშირია.
აორთქლება
საგნები ფუნჯით დავასველოთ. რამდენიმე ხნის შემდეგ ისინი გაშრებიან. მიზეზი? - წყალი ზედაპირზე მოხვედრის შემდეგ ორთქლდება.
ზედაპირული დაჭიმულობა
თუ ცარცის ნაჭერს წყალში ჩავაგდებთ, ის ჩაიძირება, მაგრამ თუ გავხეხავთ, წყლის ზედაპირზე იტივტივებს. წყლის ზედაპირს მსუბუქი ნაწილაკებისა და საგნების შეკავების უნარი აქვს. ეს ზედაპირული დაჭიმულობის ძალის მოქმედების შედეგია.
ამომგდები ძალა
პლასტელინის ან თიხის ბურთულას წყალში თუ ჩავაგდებთ, ჩაიძირება, მაგრამ ამ მასალისგან პატარა, თხელკედლიან ნავს თუ გავაკეთებთ, ის იცურავებს. ეს იმიტომ, რომ გაიზარდა საგნის მიერ გამოდევნილი წყლის მოცულობა. საგნის ზეწოლა წყალზე და წყლის ამომგდები ძალა ერთმანეთს აწონასწორებს. თუ ნავზე პატარა კენჭებსაც დავაწყობთ, ის ჩაიძირება. ესე იგი ნავი მანამდე დაცურავს, ვიდრე წყლის ამომგდები ძალა საგნის ზეწოლის ძალაზე მეტია.
წნევა
აიღეთ პლასტმასის ცარიელი ბოთლი და სხვადასხვა სიმაღლეზე ერთნაირი ნახვრეტები გაუკეთეთ. ჩაასხით ბოთლში წყალი და დააკვირდით, როგორ ისხმება ის. შეამჩნევთ, რომ ყველაზე ძლიერი ნაკადები ქვედა ნახვრეტებიდან გამოდის. მიზეზი ქვედა ნაწილებზე ძლიერი ზეწოლაა, ფიზიკის ტერმინს თუ გამოვიყენებთ - მაღალი წნევაა.
ხახუნის ძალა
დაფით შექმენით დახრილი სიბრტყე და მასზე დააგორეთ ბურთები, ჩამოასრიალეთ კუბები, მანქანები. სიმძიმის ძალის ზემოქმედებით საგნები ჩამოსრიალდება, მაგრამ ხახუნის ძალის გამო მათი სიჩქარე შემცირდება. რაც უფრო ხორკლიანია ზედაპირი, მით უფრო მეტია ხახუნი და მით უფრო მალე ჩერდება საგანი.
სტატიკური დაძაბულობა
გაბერეთ ბუშტი და ტანსაცმელზე ან თმაზე გაიხახუნეთ. ახლა ბუშტი შაქრის ფხვნილს ან ქაღალდის ნაკუწებს მიუახლოვეთ. დაინახავთ, რომ ფხვნილის ნაწილაკები ბუშტს `მიახტება~. ამის მიზეზი სტატიკური დაძაბულობაა. ის ზოგიერთი მასალის ზედაპირზე ელექტრული მუხტის საფუძველზე წარმოიქმნება.
მაგნეტიზმი
მუყაოზე ლითონის საგნები (ქინძისთავები, პატარა ლურსმნები, ჭანჭიკები...) დაყარეთ. მუყაოს ქვემოდან მაგნიტი ამოუდეთ. მაგნიტი გადააადგილეთ. საგნები მოძრაობას იწყებენ. მიზეზი მაგნიტური ძალაა - ძალა, რომელიც საგნების მიზიდვასა და განზიდვას იწვევს. თხელ მუყაოზე თუ რკინის ნაქლიბს დავყრით და ზედ მაგნიტს დავდებთ, საოცარ ორნამენტს მივიღებთ. ეს მაგნიტის ირგვლივ არსებული ველის მოქმედებაა.
საიდუმლო სურათი
გავწუროთ ლიმონი და მის წვენში დასველებული ფუნჯით ქაღალდზე რამე დავხატოთ. ნახატი, რა თქმა უნდა, არ გამოჩნდება. შემდეგ მოხატული ქაღალდი გაზეთის ორ ფურცელს შორის მოვაქციოთ და კარგად გავაუთოოთ. ნახატი გაყავისფრდება და გამოჩნდება. ამის მიზეზი კი ლიმონის წვენში არსებული შაქრის წვაა.
იმოქმედეთ თამამად!
ნუ შეგეშინდებათ იმისა, რომ ბავშვს ყველაფერს ვერ აუხსნით. თქვენი სასკოლო განათლება სავსებით საკმარისი იქნება ბავშვის ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. რიგ შემთხვევაში შესაძლოა კამათიც მოგიხდეთ, მაგრამ ნურც ეს შეგაშინებთ - ეს ბავშვს ლოგიკური აზროვნების განვითარებაში დაეხმარება.
აღმოაჩინეთ სამყარო შვილთან ერთად.