რატომ აქვთ პატარებს "სუსტი" ბრონქები

ამის შესახებ პედიატრი ქეთევან გავაშელი გვესაუბრება.
- სასუნთქი სისტემის რომელი დაავადება გვხვდება ყველაზე ხშირად ბავშვებში?
სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექცია მცირე ასაკის ბავშვებში, წესისამებრ, მწვავე ბრონქიტით ვლინდება. 5-6 თვის ჩვილები ყველაზე ხშირად წვრილი ბრონქების - ბრონქიოლების ანთებით ავადდებიან. მწვავე ბრონქიოლიტი უმთავრესად ორ წლამდე აღინიშნება.
მწვავე ბრონქიოლიტი სასუნთქი სისტემის მწვავე ანთებითი დაავადებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს ბრონქიოლებისა და წვრილი ბრონქების გენერალიზებული ობსტრუქციული დაზიანება.
ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებმა სასუნთქი გზების ობსტრუქცია განსაზღვრეს როგორც სასუნთქი გზების შევიწროება ან ოკლუზია (დახშობა), რომელიც შეიძლება იყოს ბრონქის სანათურში ექსუდატის დაგროვების, ლორწოვანი გარსის შეშუპების, კედლის შესქელების, კუნთების სისუსტის, ფილტვის რესტრაქციის ძალის შემცირების, სასუნთქი გზების კომპრესიის შედეგი.
- რით აიხსნება ჩვილებში ავადობის უფრო მაღალი მაჩვენებელი?
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- ამის მიზეზია სასუნთქი სისტემის დამახასიათებელი ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებანი, რომლებიც ხელს უწყობს სასუნთქი გზების დაზიანებას და მწვავე ვირუსული ინფექციის მძიმე ობსტრუქციული სინდრომით მიმდინარეობას, თუმცა ობსტრუქციული სინდრომის განვითარება მხოლოდ ამით რომ ავხსნათ, გაუგებარი იქნება, რატომ არ უყალიბდება იგი ყველა ბავშვს ნებისმიერი ვირუსული ინფექციის დროს. საქმე ის არის, რომ არსებობს დაავადების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებიც. ესენია: ხელოვნური კვება, ალერგიული დიათეზი, პარატროფია (დიდი წონის ჩვილი), თანდაყოლილი ფაქტორები.
- რომელი ვირუსი იწვევს მწვავე ბრონქიოლიტს?
- ასიდან 50-60 შემთხვევაში გამომწვევია რესპირაციულ-სინციტიური (რს) ვირუსი, შედარებით იშვიათად - ციტომეგალოვირუსი, ქლამიდია. რს ვირუსის ეპიდემიის ტალღა, ჩვეულებრივ, ოქტომბრიდან ივნისამდე გრძელდება. ეპიდემიის დროს ავადდება ადრეული ასაკის ბავშვების 20-29%. ოჯახში, წესისამებრ, ინფექციის წყაროა უფროსი ბავშვი, რომელსაც რს ინფექციის დროს მხოლოდ ცხვირიდან გამონადენი და ხველა უვითარდება.
- როგორ ვლინდება დაავადება ადრეული ასაკის ბავშვებში?
- დაავადება იწყება ცხვირიდან გამონადენით - რინიტის ან ნაზოფარინგიტის (ყელის სიწითლე და ცხვირიდან გამონადენი) სიმპტომებით, შემდეგ ნელ-ნელა ან სწრაფად პროგრესირებს ხველა და ქოშინი.
სუნთქვის სიხშირე წუთში 60-70-ს აღწევს, ამოსუნთქვა ძნელდება, სუნთქვაში მონაწილეობს დამხმარე კუნთები, რაც ნეკნთაშუა არეების, ლავიწზედა და ლავიწქვეშა ფოსოების ჩაზნექით, ნესტოების ბერვით გამოიხატება. აღინიშნება სიფითრე, ცხვირ-ტუჩის არის სილურჯე, იშვიათად - გენერალიზებული ციანოზი. ხველა მშრალია, სპაზმური, სუნთქვა - ხმაურიანი. სუნთქვის უკმარისობის პროგრესირებასთან ერთად იმატებს მოუსვენრობა.
დამახასიათებელია მაჯისცემის აჩქარება, გულის ტონების მოყრუება. დაავადების სიმძიმე სუნთქვის უკმარისობით არის განპირობებული. ბავშვი მძიმე ავადმყოფობის შთაბეჭდილებას ახდენს, თუმცა კლინიკურ სურათში ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები არ დომინირებს. ტემპერატურა ასიდან 50 შემთხვევაში სუბფებრილურია, 15-20 შემთხვევაში - ნორმალური. ადენოვირუსული ინფექციის დროს სიცხე 6-8 დღე გრძელდება, რს ინფექციისა და პარაგრიპის დროს - 2-3 დღე.
- როდის უნდა მიმართონ მშობლებმა ექიმს?
- მწვავე ბრონქიოლიტის მიმდინარეობა უმეტესად კეთილსაიმედოა. ობსტრუქციული სინდრომი 1-2 დღე გრძედლება, შემდეგ კი სუსტდება და მე-7-10 დღისთვის სავსებით ქრება. ადენოვირუსული ინფექციის დროს ობსტრუქციული სინდრომის გაქრობა ტემპერატურის დაცემას ემთხვევა. მიუხედავად ამისა, ხმაურიანი სუნთქვის, სპაზმური ხველის შემჩნევისთანავე აუცილებელია ბავშვი ექიმმა ნახოს.
მწვავე ბრონქიოლიტი ძალზე იშვიათად რთულდება, მაგრამ გამორიცხული არ არის მეორეული გართულება. ავადმყოფისთვის კრიტიკულია პირველი 2-3 დღე, როდესაც გამოხატულია ობსტრუქციული ხველა, სუნთქვის რიტმის დარღვევა (დისპნოე) სუნთქვის პერიოდული შეწყვეტით (აპნოეთი). ამ დროს პატარა პაციენტი შეიძლება დაიღუპოს კიდეც.
- როგორ ავიცილოთ თავიდან ასეთი დასასრული?
- დაავადების პირველი ნიშნების შემჩნევისთანავე მიმართეთ პედიატრს. მკურნალობა პაციენტის ასაკისა და დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით ტარდება სტაციონარში ან ამბულატორიულად, შინ. დროული და მართებული მკურნალობის შემთხვევაში მდგომარეობა 3 დღის შემდეგ უმჯობესდება, თუმცა არ არის გამორიცხული, პროცესმა გაცილებით მეტხანს, 2-3 კვირასაც კი გასტანოს. ეს დამოკიდებულია ორგანიზმის ზოგად იმუნურ მდგომარეობაზე, თანმხლებ დაავადებებზე, ბავშვის კვებაზე, ასაკზე (რაც უფრო პატარაა პაციენტი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება).
უწინარეს ყოვლისა, საჭიროა სუნთქვის უკმარისობის კორექცია. სახლის პირობებში ეს გულისხმობს სუფთა ჰაერის (საჭიროებისას - ჟანგბადის ბალიშით) მიწოდებას, საწოლის თავი ოდნავ წამოწეული უნდა იყოს. პატარას აძლევენ დიდი რაოდენობით სითხეს, დედის რძეს, ნახველის გამათხიერებელ საშუალებებს, უკეთებენ ინჰალაციებს, აძლევენ სიმპტომურ - ხველის საწინააღმდეგო საშუალებებს, ანტიჰისტამინურ პრეპარატებს. ანტიბიოტიკი მხოლოდ მაშინ არის საჭირო, როდესაც ბავშვი 6 თვემდე ასაკისაა, აქვს მძიმე პრემორბიდული ფონი (სამშობიარო ტრავმა, დღენაკლულობა, წონის დეფიციტი) და სავარაუდოა ბაქტერიული ინფექციის თანდართვა.
მწვავე ბრონქიოლიტის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ინიშნება დამზოგველი რეჟიმი და დიეტა. თუ პატარა ჭამაზე უარს ამბობს, ნუ დააძალებთ. საკვები მიეცით ხშირად და მცირე ულუფებით, ტემპერატურული რეაქციის პერიოდში - სიცხის დამწევ საშუალებებთან ერთად უხვად სითხეც. ვინაიდან ობსტრუქციის მთავარი შედეგი ფილტვის ვენტილაციის დარღვევა და ჟანგბადის ნაკლებობაა, მკურნალობის ძირითადი პრინციპია ოპტიმალური ოქსიგენოთერაპია, ამიტომ ჟანგბადის მიწოდება სველი წესით აუცილებელია ობსტრუქციული სინდრომის გაქრობამდე.
მკურნალობის საკმაოდ ეფექტური მეთოდია აეროზოლოთერაპია - ინჰალაციით ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიწოდება, მუკოლიზური (ნახველის გამათხელებელი) და ბრონქოლიზური საშუალებების მიცემა.