ბავშვები და ანტიბიოტიკები

როდის არის აუცილებელი მათი გამოყენება და როდის - სარისკო, ამის თაობაზე გვესაუბრება ბავშვთა ინფექციური კლინიკის ექიმი, ინფექციონისტი ვიტალი ხარაშვილი.
- პედიატრები ამბობენ, რომ ბავშვების ანტიბიოტიკებით მკურნალობა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. რას გულისხმობს ეს?
- პედიატრიულ ასაკში ანტიბაქტერიული თერაპიის სპეციფიკა განპირობებულია ბავშვის ორგანიზმის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებებით, ინფექციებისა და ინფექციურ დაავადებათა მიმდინარეობის ხასიათით, არასასურველი რეაქციებითა და დოზირების რეჟიმით.
მიკროორგანიზმებს ახასიათებთ ტროპიზმი განსაზღვრული ასაკის მიმართ. მაგალითად, სიცოცხლის პირველი სამი წლის მანძილზე ჩირქოვანი მენინგიტის ძირითადი გამომწვევია ჰემოფილური ჩხირი, ახალშობილთა სეფსისისა - B ჯგუფის სტრეპტოკოკი. საზოგადოდ, ბავშვებში ხშირად გვხვდება ისეთი დაავადებები, რომლებიც მოზრდილი ადამიანისთვის არ არის დამახასიათებელი. საუბარია არა მხოლოდ ბავშვთა ინფექციურ დაავადებებზე - წითელაზე, წითურაზე, ყბაყურაზე, არამედ შუა ყურის მწვავე ანთებაზე, rh-ვირუსითა და ქლამიდიით გამოწვეულ პნევმონიაზეც.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
დაავადების გამომწვევის ამოსაცნობი ლაბორატორიული მეთოდები ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, ამიტომაც შეუძლებელია, თავიდან ავიცილოთ ანტიბიოტიკების დაუსაბუთებელი გამოყენება. ეს აიხსნება როგორც დიაგნოსტიკის სირთულით, ისე ექიმის სურვილით, თავი დაიზღვიოს შესაძლო გართულებებისგან.
პედიატრიულ პრაქტიკაში ანტიბიოტიკებით მკურნალობის ძირითადი თავისებურება ის არის, რომ ანტიბიოტიკები მოქმედებს უშუალოდ დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებზე, ეს მიკროორგანიზმები კი ძალიან სწრაფად მრავლდებიან და, გამრავლებისდაკვალად, პრეპარატისადმი გამძლეობასაც იცვლიან. ასე რომ, ანტიმიკრობული პრეპარატები - ეს არის ერთადერთი კლასი სამკურნალო საშუალებებისა, რომელთა ეფექტიანობაც თანდათან მცირდება. ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა გარდაუვალი მოვლენაა, რასაც ცხადყოფს უკანასკნელი წლების მაგალითები. ინფექციური დაავადების გამომწვევის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ინფიცირებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით, ამ დროს კი მკურნალობა შესაძლოა დაგვიანებულიც აღმოჩნდეს. ამდენად, ემპირიულ თერაპიას ინფექციური დაავადების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ანტიბიოტიკოთერაპიამ (ფართო სპექტრის ანტიბიოტიკით) დადებითი შედეგი გამოიღო, პრეპარატის შეცვლა, განურჩევლად ანტიბიოტიკოგრამის (ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის დადგენა) პასუხისა, საჭირო არ არის.
- ბავშვებს ანტიბიოტიკებს თითქმის იმავე დოზით უნიშნავენ, რომლითაც მოზრდილებს, მაგრამ ნაკლებია ჯერადობა, მაგალითად, რვის ნაცვლად 24 საათში ერთხელ კეთდება. რით აიხსნება ეს?
-ანტიბიოტიკების შერჩევა-მორგება და დოზირება ბავშვის ორგანიზმის ფიზიოლოგიურ თავისებურებებზეა დამოკიდებული. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს მათი გამოყენება ახალშობილებში, მათ შორის - დღენაკლულებშიც. ეს აიხსნება ორგანოებისა და სისტემების ზოგიერთი ფუნქციის, კერძოდ, ღვიძლის ფერმენტული სისტემისა და თირკმლის ფილტრაციული (შარდგამომყოფი) მექანიზმის უმწიფრობით. პრეპარატის ან მისი დოზის არასწორმა შერჩევამ შესაძლოა მძიმე გართულებები გამოიწვიოს.
მკურნალობაში ანტიბიოტიკის ჩართვა შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით გაუმართლებელია. საპირისპირო შედეგს ვიღებთ - ანტიბიოტიკი ასუსტებს ორგანიზმის ბრძოლის უნარს უკვე არსებული დაავადების მიმართ.
რაც შეეხება წამლის დოზირებასა და ჯერადობას, მათი შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ მედიკამენტის ჯგუფი. მაგალითად, ამინოგლიკოზიდების განაწილება ახალშობილის ორგანიზმში უფრო მეტია, ვიდრე მოზრდილისაში. აქედან გამომდინარე, პრეპარატის დოზა ახალშობილის სხეულის მასაზე გადაანგარიშებით ინიშნება. გარდა ამისა, თირკმლის გამომყოფი სისტემის უმწიფრობის გამო ორგანიზმი უფრო მეტხანს უნდება წამლის გამოყოფას. შესაბამისად, ინტერვალი ინექციებს შორი მეტია. იგივე შეიძლება ითქვას ცეფალოსპორინებზეც. ამ თავისებურებათა გაუთვალისწინებლობა და პრეპარატის არასწორად დანიშვნა გვერდითი მოვლენების განვითარებას იწვევს.
- ბავშვებს ანტიბიოტიკები ხშირად ამბულატორიულ პირობებში, ანუ სახლში, პედიატრის ბინაზე გამოძახებისას ენიშნებათ. რა პრაქტიკულ რეკომენდაციებს მისცემდით კოლეგებს ამ თვალსაზრისით?
- ანტიბიოტიკებით მკურნალობა ათიდან საშუალოდ რვა შემთხვევაში მწვავე რესპირაციული ინფექციის ან მისი გართულების დროს ინიშნება, მაგრამ უმეტესად - უსაფუძვლოდ. საზოგადოდ, სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციის დროს, ისევე როგორც ნაწლავთა ვირუსული ინფექციის დროს, ანტიბიოტიკის დანიშვნა გაუმართლებელია. ჯერ ერთი, ანტიბიოტიკი არ მოქმედებს ვირუსებზე. მეორე - ანტიბიოტიკების წინასწარი დანიშვნით ბაქტერიული გართულებისგან თავის დაზღვევა შეუძლებელია.
გახსოვდეთ: ანტიბიოტიკები
- არ მოქმედებს ვირუსებზე;
- არ სწევს დაბლა სხეულის ტემპერატურას;
- ვერ იცავს ორგანიზმს ბაქტერიული გართულებებისგან.
- რა მოჰყვება ანტიბიოტიკების მიზანშეუწონელ გამოყენებას?
- ანტიბიოტიკების მიზანშეუწონელმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს:
- ბაქტერიათა რეზისტენტობის მატება;
- ორგანიზმის ნორმალური მიკროფლორის დარღვევა;
- არასასურველი რეაქციების (სოკოვანი ინფექცია, ალერგიული რეაქციები) განვითარების ალბათობის ზრდა.
დაბოლოს, იზრდება მკურნალობისთვის გაწეული ხარჯიც.