ტკივილი ხველის დროს

მაგრამ თუ ხველა გახანგრძლივდა, თანაც ბავშვი ხველის დროს ფერდს ან მკერდს იტკივებს, მდგომარეობა ერთიორად საყურადღებოა. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს და როგორ მოვიქცეთ? ამაზე პედიატრი ინგა იოსავა გვესაუბრება.
- მშრალი მტკივნეული ხველა, ფერდის ტკივილი პლევრიტის ერთ-ერთი ნიშანია. პლევრიტი ანუ პლევრის მწვავე ანთებითი დაზიანება ბავშვებში არცთუ იშვიათია. იმის მიხედვით, წარმოიქმნება თუ არა ამ დროს ექსუდატი - ანთებითი სითხე, განასხვავებენ მშრალ (ფიბრინულ) და ექსუდაციურ პლევრიტს. თვით ექსუდატის ხასიათის მიხედვით - სეროზულს, სეროზულ-ფიბრინულს, ჩირქოვანსა და შერეულს, გამომწვევის გათვალისწინებით კი მის ინფექციურ (სპეციფიკურ და არასპეციფიკურ), ალერგიულ, ტრავმულ და სიმსივნურ ფორმებს.
როგორ ვლინდება მშრალი პლევრიტი?
- მშრალ პლევრიტს თითქმის არ აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა. ეს არის პლევრის რეაქციული ცვლილება იმ პროცესების საპასუხოდ, რომლებიც ფილტვში ან პლევრის მეზობელ ორგანოებში (პერიკარდიუმში, ღვიძლში, ელენთაში, აორტაში) ლოკალიზდება.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მშრალი პლევრიტი მეტწილად ტუბერკულოზური წარმოშობისაა. მშრალი პლევრიტი ვლინდება ფერდის ტკივილით, მშრალი მტკივნეული ხველით და პლევრის ხახუნით. ტკივილი მკვეთრია, ძლიერდება ხველისა და ღრმა ჩასუნთქვის დროს. ტკივილის გამო ავადმყოფს ან ხელით უჭირავს დაზიანებული ფერდი, რომ შეამციროს ფილტვის ექსკურსია (მოძრაობა), ან დაზიანებულ გვერდზე წევს. ყურადღებას იპყრობს დაზიანებული მხარის სუნთქვაში ჩამორჩენა.
რა ნიშნები ახასიათებს ექსუდაციურ პლევრიტს?
- ექსუდაციური პლევრიტი უმეტესად მწვავედ იწყება. ექსუდატი პირველივე დღეებიდან სწრაფად გროვდება. არც ნელი, თანდათანობითი დასაწყისია გამორიცხული. ექსუდაციური პლევრიტი შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივად მიმდინარე მშრალი პლევრიტის ფონზეც. კლინიკური სურათი მრავალფეროვანია.
კლასიკურ შემთხვევაში დაავადების დასაწყისი, როგორც გითხარით, მწვავეა. ტემპერატურა სწრაფად იწევს, ზოგჯერ - 41 გრადუსამდეც კი. პირველივე დღეებიდან იპყრობს ყურადღებას საერთო სისუსტე, უმადობა და ქოშინი. ეს უკანასკნელი, ხველასა და ტკივილთან ერთად, პლევრიტის სადიაგნოზო ნიშნადაც კი მიიჩნევა.
ტკივილი თავდაპირველად მძაფრია, ძლიერდება სუნთქვისა და ხველის დროს. ზოგჯერ გადაეცემა მხარს ან ეპიგასტრიუმის (კუჭის არეს), რაც ანთებით პროცესში დიაფრაგმის მონაწილეობაზე მიუთითებს. ტკივილი თანდათანობით სუსტდება და ბოლოს საერთოდ ქრება, რაც პლევრის ფურცლებს შორის ექსუდატის დაგროვებას უკავშირდება.
ხველა, მშრალი პლევრიტისგან განსხვავებით, შემაწუხებელი არ არის, უფრო იშვიათია და ძირითადად ფილტვის დაავადებით არის გამოწვეული. ქოშინი სასუნთქი ცენტრის რეფლექსური აგზნებითა და ფილტვის სასუნთქი ზედაპირის შემცირებით არის გამოწვეული. ბავშვი იძულებით პოზას იღებს, წევს უმეტესად დაზიანებულ მხარეს, მასიური ექსუდატის შემთხვევაში კი ზურგზე.
ყურადღებას იპყრობს ავადმყოფის გარეგნობა:
- გულმკერდის ასიმეტრია - გამოდრეკა დაზიანების მხარს;
- მხარის აწევა;
- შეინიშნება სკოლიოზი დაზიანებულ მხარეზე გამოდრეკით;
- განსაკუთრებით საყურადღებოა დაზიანებული მხრის სუნთქვაში ჩამორჩენა.
- პათოლოგიური პროცესის მხარეს კანი კრიალაა, დაჭიმული, შეშუპებული (ლიმფის მიმოქცევის შეფერხების გამო); ნეკნთაშუა არეები - გაფართოებული, გადასწორებული, ზოგჯერ გამოდრეკილი. რიგ შემთხვევაში შეინიშნება გულის საძგერის ცდომა საღ მხარეს.