პატარას ახველებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პატარას ახველებს

- რა არის ხველა?

- ხველა - ეს სასარგებლო უპირობო რეფლექსია, რომელიც სიცოცხლის პირველსავე წუთებში იჩენს თავს. ხველის აქტი წარმოადგენს სასუნთქი კუნთების მიერ ფილტვებიდან ჰაერის მკვეთრ, ბიძგისებურ ამოსროლას. ამ დროს სასუნთქი გზებიდან ჰაერთან ერთად ამოდის ნახველი, უცხო ნაწილაკები, მავნე მიკროორგანიზმები. ხველა რომ არ შეგვეძლოს, ზედა სასუნთქი გზების ყოველგვარი ინფექცია ფილტვების ანთებას გამოიწვევდა. ხველის საშუალებით ფილტვები, ტრაქეა და ბრონქები ბუნებრივი გზით სუფთავდება. პატარას შეუძლია და აუცილებელიცაა, დაახველოს არა მხოლოდ დაავადების დროს, არამედ ყოველდღე - სასუნთქი გზების ამოსასუფთავებლად. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ ნორმაში ბავშვმა დღე-ღამეში 13-ჯერ უნდა დაახველოს. ეს თანამედროვე, მრავალწლიანი დაკვირვებისა და შესწავლის შედეგად მიღებული მონაცემებია. ფიზიოლოგიური - ანუ ბუნებრივი, არა ავადმყოფობით გამოწვეული - ხველა პატარებში პირველივე დღეებშია შესამჩნევი. მისი არ უნდა შეგეშინდეთ. პატარებს უმეტესად ახველებთ დილაობით, როცა წარმოიშობა ღამით დაგროვილი ლორწოს დრენირების საჭიროება. ხველა ხშირად ახლავს თან კვებას, კბილების ამოჭრას, ხანგრძლივ ტირილს. ამ დროს ის ხორხის რეცეპტორების გაღიზიანების შედეგია. ასეთი ხველა მალე გაივლის. უფრო მოზრდილი ბავშვები, როცა უფროსების ყურადღების მიპყრობა სურთ, ხველას იწყებენ. დედების უმრავლესობა, გაიგონებს თუ არა ხველას, ყოველგვარ საქმეს მიატოვებს და ბავშვისკენ გარბის, ის კი ასეთ ოინს საჭიროების შემთხვევაში კიდევ გაიმეორებს. წლინახევრის ასაკიდან ბავშვს თავისუფლად შეუძლია დედის გრძნობებით მანიპულირება.

- როგორ ამოვიცნოთ ფიზიოლოგიური ხველა?

- ფიზიოლოგიური ხველის ამოცნობა ადვილია. ის, პერიოდული განმეორების მიუხედავად, ხანმოკლეა, სწრაფად გაივლის და არ იწვევს დისკომფორტს. ბავშვი ჩვეულებრივ აგრძელებს საქმიანობას, თითქოს ვერც კი ამჩნევს, რომ ახველებს. ხველას არ ახლავს სხვა სიმპტომები, მაგალითად, მადის დაქვეითება, ძილის დარღვევა, მოუსვენრობა, გაღიზიანება, მოდუნება ან ტემპერატურის მომატება. ყველაზე დიდი, რითაც შეგვიძლია ასეთი ხველის დროს დავეხმაროთ პატარას, ზურგზე ხელის რამდენიმეჯერ ნაზად მოსმაა.

- ხველა მრავალი დაავადების ნიშანია. როგორ მივხვდეთ, რომელ დაავადებასთან გვაქვს საქმე?

- დიაგნოზის დასმასა და, აქედან გამომდინარე, მკურნალობის სწორად შერჩევაში ხველის ხასიათის გათვალისწინება გვეხმარება. სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციის დროს ხველას ტიპური ხასიათი აქვს - იწყება უეცრად, ხმამაღლა, მშრალი ხველა რამდენიმე საათში ხდება პროდუქტიული. თან ახლავს ცხვირიდან გამონადენი, ტემპერატურის მომატება, მოთენთილობა, გაღიზიანება. ასეთი ხველა დამახასიათებელია ფარინგიტისთვის, ლარინგიტისთვის, ტრაქეიტისთვის, ბრონქიტისთვის, პნევმონიისთვის.  ფარინგიტი: ხველას თან სდევს ყელში სიმშრალისა და ტკვილის მუდმივი შეგრძნება. ავადმყოფს თითქოს ყელში გაჩხერილი ლუკმისგან გათავისუფლება სურს. ლარინგიტი: ხველა ხმამაღალია, მყეფავი, მსტვენი. შეტევები ხანგრძლივია, ხმა - ჩახლეჩილი. ხშირია კრუპის სინდრომი - ხორხის უეცარი შევიწროება შეშუპების გამო. მყეფავ ხველას თან სდევს სუთქვის გაძნელებაც - ჭირს ჩასუნთქვა. ტრაქეიტი: ხველა ხმამაღალია, ღრმა, გულმკერდისმიერი. თან სდევს ტკივილი მკერდის ძვლის უკან. ხშირია დაავადების შერეული ფორმა - ლარინგოტრაქეიტი. ასეთ დროს ხველასაც შერეული ხასიათი აქვს - ძლიერია, მყეფავი, თან ახლავს ხმის ჩახლეჩა და სუნთქვის გაძნელება. ბრონქიტი: ხველა ხმამაღალია, უხვი ნახველითა და ხშირი შეტევისმაგვარი გამეორებით. ვირუსული ინფექციის ფონზე შესაძლოა ობსტრუქციული ბრონქიტის განვითარება, რომელსაც თან ახლავს ძალიან ხმამაღალი ხველა და გაძნელებული მსტვენი სუნთქვა.  პნევმონია (ფილტვების ანთება): ხველა ძალიან ღრმა და პროდუქტიულია (სველი), უხვად გამოიყოფა ნახველი. ზოგჯერ ნეკნების ქვეშ და უკან, ზურგისკენ, ტკივილი იგრძნობა. ტკივილის პროვოცირება შეუძლია ღრმა ჩასუნთქვასაც. იგი ისევე სწრაფად გაივლის, როგორც წარმოიშობა - საკმარისია, ბავშვი მტკივან გვერდზე დააწვინოთ. პნევმონიისთვის ასევე დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა დაავადების დასაწყისში და მყარი სუბფებრილური ტემპერატურა მისი მიმდინარეობისას. ხველა ამ დროს მკაფიოა, შეტევები - ხანგრძლივი და მტანჯველი. პლევრიტი: ხველა მშრალია, მსტვენი. როცა პლევრის ღრუში გროვდება სითხე, ხველა ქოშინში გადაიზრდება. გრიპი: ხველა მოულოდნელად იწყება. მშრალია, შეუპოვარი, მტანჯველი, თან სდევს მაღალი ტემპერატურა სხვა სიმპტომების (სურდოს, ყელის ტკივილის) გარეშე. რინოვირუსული ინფექცია: პატარებში ის შეიძლება დაიწყოს კრუპით. მყეფავი, მშრალი და მსტვენი ხველა უმეტესად გამთენიისას იწყება, რამდენიმე საათში ერთვის ცხვირიდან გამონადენი, ცრემლდენა, ნახველი. სურათი მოგვაგონებს ტრაქეიტსა და ბრონქიტს. ყივანახველა: აუცრელ ბავშვებს დაავადება ეწყებათ უეცრად, მშრალი, საღამოსა და ღამის საათებში გაძლიერებული ხველით. ის თანდათანობით შეტევით ხასიათს იღებს, ხშირად სრულდება პირღებინებით და მწებავი ნახველის გამოყოფით. შემდეგ იწყება ღრმა შესუნთქვის ფაზა, რასაც შეიძლება მოჰყვეს შეტევის გამეორება. დღე-ღამის განმავლობაში შეტევა შეიძლება 50-ჯერაც განმეორდეს.  აცრილ ბავშვებში დაავადება უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ხველა მშრალია, არცთუ ძლიერი, თუმცა მაინც დიდხანს გასტანს. ბრონქიოლიტი: ხველა შემაწუხებელია, ხშირი და მშრალი. დაავადების ნიშანია ხველისა და გამოხატული ქოშინის ერთობლიობა უმნიშვნელო ტემპერატურული რეაქციის ფონზე. წითელა: ხველა გამონაყარის გაჩენამდე ერთი კვირით ადრეც კი ვითარდება. იგი მშრალია. ტემპერატურა იმატებს, ვითარდება კონიუნქტივიტი. გამონაყარის პირველი ელემენტების გაჩენიდან მე-2-3 დღეს ხველა მკვეთრი, უხეში და მყეფავი ხდება.


- როგორ ვუმკურნალოთ ხველას?

- თანამედროვე მედიცინას აქვს მედიკამენტებისა და სხვა სამკურნალო საშუალებების ფართო არსენალი, მაგრამ გირჩევთ, უექიმოდ პატარას წამალს ნუ მისცემთ. ხველის საწინააღმდეგო საშუალებები იყოფა რამდენიმე ჯგუფად:

  • მუკოლიზური - ახდენს ნახველის დრენირებას, ხელს უწყობს მის გამოყოფას;
  • ბრონქოლიზური - მოქმედებს ბრონქული კუნთების ტონუსზე და ხსნის ბრონქოსპაზმს;
  • ანტიბაქტერიული - სპობს დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს;
  • ხველის დამთრგუნველი - თრგუნავს ხველის რეფლექსს.

ბავშვისთვის წამლის შერჩევა კვალიფიციური სპეციალისტის პრეროგატივაა. არასწორად შერჩეულმა პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს პაციენტს. მაგალითად, ყივანახველის დროს ხველის რეფლექსის დამთრგუნველი პრეპარატების გამოყენებამ შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს; მძიმე ბაქტერიული დაავადების დროს ანტიბიოტიკის მაგივრად მუკოლიზური საშუალებების გამოყენებამ შესაძლოა სასუნთქი ქსოვილების მძიმე დაზიანებამდე და კრიტიკულ მდგომარეობამდეც კი მიგვიყვანოს.

- რატომ ავადდებიან პატარები მოზრდილებზე ხშირად?

- ეს ადვილი ასახსნელია, თუ გავითვალისწინებთ ბავშვის სასუნთქი გზებისა და ორგანოების აგებულების თავისებურებებს. მოზრდილებისგან განსხვავებით, სასუნთქი გზების ყველა ნაწილი ერთმანეთთან უფრო ახლოს მდებარეობს, რის გამოც მათი სანათური ძალიან ვიწროა. ლორწოვანი გარსები ძალზე მგრძნობიარეა ვირუსების მიმართ და სწრაფად შუპდება, ვიწრო სანათური კიდევ უფრო ვიწროვდება. სწორედ ეს განაპირობებს სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების მიმდინარეობის სიმძიმეს. მშობლებს კი გირჩევთ:

  • ყურადღებით იყოთ და ხველის წამოწყებისთანავე აჩვენოთ პატარა სპეციალისტს;
  • ექიმის დანიშნულების გარეშე არ მისცეთ ხველის წამალი;
  • ასწავლოთ პატარას, როგორ მოიქცეს ხველის დროს - ხელი აიფაროს პირზე ან თავი მიაბრუნოს, რომ გარშემო მყოფებს საფრთხე არ შეუქმნას.
  • ზედმიწევნით შეასრულოთ ექიმის დანიშნულება, არ შეწყვიტოთ ის დროზე ადრე, მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე.

გაციების სეზონი მოახლოვდა - მოარიდეთ პატარები ხალხის თავშეყრის ადგილებს.