რამ შეიძლება შეაწუხოს ღამით პატარა
- ყველაზე ხშირად რა უფრთხობს ბავშვს ძილს?
- ჩვილის უძილობის, ჭირვეულობის, ტირილის ყველაზე ხშირი მიზეზი ნაწლავთა კოლიკაა. ის ორი-სამი კვირის ასაკიდან იწყება და სამ-ოთხ თვემდე გასტანს, მერე კი თავისთავად გაივლის. შეტევის დროს პატარას მოხრილი ფეხები მუცელთან მიაქვს, შემდეგ კი სწრაფად შლის - თითქოს გვანიშნებს, რა სტკივა. ზოგიერთი ჩვილი მოთმინებით იტანს ჭვალს და კვირაში მხოლოდ 2-3-ჯერ მართავს "საღამოს კონცერტს", ზოგიერთის წყალობით კი ოჯახური ცხოვრება კოშმარს ემსგავსება. კოლიკის მიზეზი შეიძლება იყოს:
* ნაწლავებში დაგროვილი აირები;
* ჭამის დროს გადაყლაპული ჰაერი;
* ყვირილის დროს ნაწლავებში დაგროვილი განავლოვანი მასები, რომლებსაც სპაზმურ მასებს უწოდებენ.
არსებობს განსაზღვრული კანონზომიერება კვების ხასიათსა და ნაწლავურ კოლიკას შორის. ჩვილები, რომლებსაც დაბადებიდან ხელოვნური ნარევებით კვებავენ, ძლიერი და ხანგრძლივი კოლიკით იტანჯებიან, ბუნებრივ კვებაზე მყოფ პატარებს კი ნაწლავთა ჭვალი უფრო იშვიათად აწუხებთ. შესაძლოა იმიტომ, რომ მათ ძუძუს საშუალებით უფრო მჭირო კონტაქტი აქვთ დედასთან და ამის გამო ტკივილს იოლად იტანენ. არსებობს ფაქტორები, რომელთა გავლენითაც იზრდება კოლიკის განვითარების რისკი. ესენია:
* ფსიქოსოციალური ფაქტორები: დედის სტრესული მდგომარეობა, არაჯანსაღი ოჯახური ატმოსფერო და ა.შ.
* დედის მავნე ჩვევები: თამბაქო, ალკოჰოლი და ა.შ.
* დედის განსაზღვრული კვების რეჟიმი და დიეტა. პატარებს კოლიკა უფრო მეტად აწუხებთ, როცა მეძუძური დედა მიირთმევს კომბოსტოს, პარკოსნებს, პომიდორს, ძროხის რძეს, ყურძენს, ციტრუსებს, კვერცხს, სვამს ზედმეტად ტკბილ ჩაის ან წვენს. ეს პროდუქტები თვით დედის ორგანიზმშიც წარმოქმნიან აირებს.
ასე რომ, ძუძუთი კვება არ კმარა. ბავშვი კოლიკამ რომ არ შეაწუხოს, აუცილებელია, დედამ თვითონ დაიცვას კვების მართებული რეჟიმი, მიირთვას ჯანსაღი საკვები. როცა ტკივილი გაუსაძლისი ხდება, საჭიროა ფერმენტებით, პრობიოტიკებით მკურნალობა.
- არის შემთხვევები, როცა პატარას დღისით სძინავს, ხოლო ღამით ჭირვეულობს, დაძინება აღარ უნდა. რისი ბრალია ეს?
- ამას შებრუნებული რეჟიმის დაავადებას უწოდებენ, მაგრამ ეს არა ფიზიკური, არამედ სოციალური დაავადებაა. ვითარებას ერთი რამ ართულებს: მისი საწინააღმდეგო წამალი არ არსებობს, ვითარებაში თვითონ მშობლები უნდა გაერკვიონ და გამოსავალი იპოვონ.
რა შეიძლება უშლიდეს ხელს ბავშვს დაძინებაში? ღამის ძილის დარღვევის ყველაზე ხშირი მიზეზი, თუ ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა არ არსებობს, საწოლი ოთახის თბილი და გამომშრალი ჰაერია. ეცადეთ, პატარას დღის განმავლობაში ძილი ოდნავ დააკლოთ. წლამდე ასაკის ბავშვმა დილის 6-დან ღამის 22 საათამდე 2-4-ჯერ უნდა იძინოს, ჩვენ კი გირჩევთ, ერთი ძილი გამოტოვოთ, ოღონდ არა წინას გახანგრძლივების ხარჯზე. მაგალითად, თუ ბავშვს დღეში სამჯერ 2-2 საათი სძინავს, დააძინეთ ორჯერ, მაგრამ არა 3 საათით. თუ ძილი მოერია, აქტიურად გაართეთ. მაქსიმალურად გაუხანგრძლივეთ დრო მოდევნო დაძინებამდე და გააღვიძეთ 2 საათის შემდეგ. დღის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი ენერგია დაახარჯვინეთ - ასეირნეთ, ათამაშეთ, ავარჯიშეთ.
გაითვალისწინეთ, რომ ბავშვი დიდ ენერგიას ხარჯავს სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად, ამიტომ ეცადეთ, მეტისმეტად თბილად არ ჩააცვათ. ნურც ოთახს გაათბობთ ზედმეტად. საწოლი ოთახი წინასწარ მოამზადეთ - გაანიავეთ, დაალაგეთ სველი წესით. ძილისთვის იდეალურია 18-20 გრადუსი ტემპერატურა და 60-70% სინოტივე. ასევე კარგია ძილის წინ თბილი აბაზანა.
- რატომ ლაპარაკობენ ძილში ბავშვები?
- სომნოლოკია - ასე ჰქვია ლათინურად ძილში ლაპარაკს. არსებობს რამდენიმე თეორია, რომელიც ამ მოვლენის ახსნას ცდილობს.
ერთ-ერთის თანახმად, ძილის დროს ასეთი აქტიურობა გადატანილი სტრესის (არა მაინცდამაინც უარყოფითის) შედეგია. მშობლებს ვურჩევთ, თუ ბავშვს გადატანილი მშფოთვარე დღის შემდეგ მოუსვენრად სძინავს, დამამშვიდებელ ბალახებსა და მიქსტურებს ნუ მისცემენ. სედაციური საშუალებების დანიშვნის უფლება მხოლოდ ექიმს აქვს. თუ ბავშვს ძილში ლაპარაკის გარდა არავითარი სხვა ნევროზული რეაქცია არ აღენიშნება, მკურნალობა საჭირო არ არის.
ეცადეთ, ძილის წინ სუფთა ჰაერზე ასეირნოთ, შინ მშვიდი, მყუდრო გარემო შეუქმნათ. ტელევიზორს გვიანობამდე ჩართულს ნუ დატოვებთ. ბავშვის ოთახი ძილის წინ გაანიავეთ.
თეორია მეორე: შესაძლოა, ძილში ლაპარაკი ერთგვარი კომპენსატორული რეაქცია იყოს, რომელიც ძილის ერთი ფაზიდან მეორეში გადასვლას აადვილებს. ძილი ერთგვაროვანი არ არის, ის ნელ და სწრაფტალღოვან ფაზებად იყოფა. სანამ ჩვენ გვძინავს, ეს ფაზები ერთმანეთს ენაცვლება.
სომნოლოგებმა, რომლებიც ძილსა და მის ფაზებს შეისწავლიან, დაადგინეს, რომ ადამიანი სწრაფი ძილის დროს ლაპარაკობს. თუ ბავშვი რამდენიმე ფრაზას წარმოთქვამს, მერე კი მშვიდ და ღრმა ძილს განაგრძობს, მშობლებს ვურჩევთ, ნუ აღელდებიან. მიეფერონ პატარას, ალერსიანი სიტყვები ჩასჩურჩულონ.
თეორია მესამე: პატარა ბავშვისთვის, რომელიც გამართულად ჯერ ვერ ლაპარაკობს, ძილის დროს წარმოთქმული ფრაზები და სიტყვები შესაძლოა ახალი გამოცდილებისა და ცოდნის გამოძახილი იყოს. ვინ იცის, პატარები ძილში იმეორებენ ახალ სიტყვებს, რათა ცხადში გააზრებულად წარმოთქვან.
მოსაზრება მეოთხე: ძილში ლაპარაკი შესაძლოა ნერვული სისტემის პათოლოგიის ნიშანი იყოს. ამ შემთხვევაში მას თან უნდა ახლდეს სხვა სიმპტომებიც. ბავშვი ნევროპათოლოგს უნდა აჩვენოთ, თუ:
* ძილში ლაპარაკის დროს სახე უწითლდება;
* მეტისმეტად ოფლიანდება, უძლიერდება ნერწყვდენა;
* ხედავს კოშმარებს, ყვირის;
* აქვს მოხრჩობის შეტევები;
* აკრაჭუნებს კბილებს;
* მთვარეულივით დადის სახლში;
* ახალგაღვიძებული დიდხანს ვერ მოდის გონს, გამოფხიზლება უჭირს;
* გონს მოსვლის შემდეგ ცნობიერება არეული აქვს.
მშობლებს ვურჩევ, ნევროპათოლოგთან მისვლამდე დააკვირდნენ:
* რამდენად ხშირად ლაპარაკობს ძილში ბავშვი;
* სიტყვებს, ფრაზებს წარმოთქვამს თუ გრძელ ამბებს ჰყვება;
* აკვიატებული ხომ არ აქვს ერთი და იგივე თემა;
* გარკვევით ლაპარაკობს თუ არა;
* რაზეც ძილში ლაპარაკობს, ნამდვილად მოხდა თუ მისი ფანტაზიის ნაყოფია.
თქვენი პასუხები ექიმს დიაგნოზის დასმაში დაეხმარება.
- რისი ბრალია ძილის დროს კბილების კრაჭუნი?
- ძილის დროს კბილების კრაჭუნი, თუ მას თან სდევს პირღია ძილი, გაძლიერებული ნერწყვდენა, პირიდან უსიამოვნო სუნი უზმოზე, ჰელმინთოზს გვაფიქრებინებს. არსებობს კიდევ ერთი უსიამოვნო ნიშანი, რომელიც ასევე ჭიებით ინვაზიისთვის არის დამახასიათებელი - უკანა ტანის ქავილი. იგი ღამით, ძილის დროს იჩენს თავს.
- ძილში არა მხოლოდ უფროსები, ბავშვებიც ხვრინავენ. რატომ?
- ცხვირით სუნთქვის გაძნელება ბავშვს აიძულებს, პირით ისუნთქოს, ეს კი ხშირ ანგინას (ტონზილიტს), ლარინგიტს, ტრაქეიტსა და ბრონქიტს იწვევს.
პირღია ძილის მიზეზია ადენოიდები (ადენოიდური ვეგეტაციები) - ცხვირ-ხახის ნუშურების გადიდება (ჰიპერპლაზია). განასხვავებენ ჰიპერპლაზიის ოთხ ხარისხს. როდესაც ადენოიდები მნიშვნელოვან ზომას აღწევენ, ისინი ხელს უშლიან ცხვირით თავისუფალ სუნთქვას. მოსალოდნელია ცხვირის ლორწოვანში, ცხვირის დანამატ წიაღებსა და შუა ყურში შეგუბებითი მოვლენებიც, მაგრამ წამყვანი სიმპტომები მაინც ცხვირით სუნთქვის გაძნელება და შეუპოვარი სურდოა. ღია პირით სუნთქვის გამო ბავშვები ხშირად ცივდებიან, ემართებათ სასუნთქი გზების ინფექციები. ადენოიდური ვეგეტაციების გამო სუნთქვის გაძნელება და ხმაურიანი სუნთქვა უპირატესად 2-3 წლიდან შეინიშნება.
თუ ბავშვი დაბადებიდანვე ხმაურით სუნთქავს, მიზეზი უმეტესად სასუნთქი გზების (ცხვირის, ცხვირ-ხახის, ხორხის) განვითარების ანომალიაა. ამ ანომალიებიდან უნდა გამოვყოთ თანდაყოლილი სტრიდორი. იგი ვითარდება დაბადებისთანავე ან სიცოცხლის მეორე-მესამე კვირას. ვლინდება ჩასუნთქვისას მსტვენი ხმაურით. ხმაური ძლიერდება ბავშვის აგზნებისას, ტირილისას, მცირდება ძილის დროს, მოსვენებისას. თუ თქვენი პატარა ძილში ხვრინავს, მიმართეთ ყელ-ყურის სპეციალისტს, რათა დროულად დადგინდეს მიზეზი და მოქმედების სათანადო გეგმა დაისახოს.
- რა არის ღამის ენურეზი?
- ღამის ენურეზი შარდის შეუკავებლობის ერთ-ერთი სახეობაა და ბავშვებში განსაკუთრებით არის გავრცელებული. განასხვავებენ მის პირველად და მეორეულ ფორმებს.
პირველად ღამის ენურეზს საფუძვლად უდევს მოშარდვის რეფლექსის გამომუშავების დაგვიანება, მეორეულის დროს კი უკვე გამომუშავებული შარდის შეკავების რეფლექსი ქრება. პირველადი ღამის ენურეზი ძილის დროს შარდის ბუშტის უნებლიე დაცლაა, რაც კვირაში ორჯერ მაინც ხდება. ის გვხვდება 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, რომლებსაც ჩვილობიდანვე არ ჰქონიათ მშრალი პერიოდი და არ აღენიშნებათ საშარდე სისტემის ორგანოთა დაზიანების ნიშნები.
ღამის ენურეზი მულტიფაქტორული მდგომარეობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მდგომარეობას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის - გენეტიკური, ენდოკრინული (ანტიდიურეზული ჰორმონის გამოყოფის შემცირება, რაც ზრდის ღამის საათებში შარდის გამომუშავებას), ფსიქოლოგიური; ასევე - გამოღვიძების პროცესის დარღვევა, შარდის ბუშტის დაცლის კონტროლის უნარის დარღვევა, უროდინამიკური პრობლემები, საშარდე გზების ინფექციები, ხერხემლის სვეტის დაზიანება.
ღამის პირველადი ენურეზი არ უკავშირდება არც მენტალურ თუ ქცევით დარღვევებს, არც ძილის წინ მიღებული სითხის ოდენობას, თუმცა მკურნალობის უეფექტობა მოგვიანებით აჩენს პრობლემებს. ის სათავეს უდებს დაბალ თვითშეფასებას, ოჯახურ სტრესს, სოციალურ იზოლაციას. დადგენილია, რომ თუ რომელიმე მშობელს ენურეზი ჰქონდა, ალბათობა, რომ ის ბავშვსაც ექნება - 40-45%-ია. თუ ორივე მშობელს ჰქონდა ენურეზი, ალბათობა 70-77%-მდე იზრდება.
ცნობილია, რომ ღამის ენურეზის მქონე ბავშვებს ღრმად სძინავთ და გამოფხიზლება უჭირთ. გამოფხიზლების ცენტრის აქტივობის შეფერხების გამო მათ დაქვეითებული აქვთ შარდის ბუშტის ავსების შეგრძნება. ხშირად მშობლები ბავშვს აღვიძებენ და ტუალეტში წასვლას აიძულებენ. თუ პატარა ბოლომდე ფხიზლდება, ასეთი რამ კიდევ დასაშვებია, მაგრამ თუ ნახევრად სძინავს, ამით მის მდგომარეობას კიდევ უფრო დავამძიმებთ.
- როგორ მოიქცნენ მშობლები, როდესაც ბავშვს ღამის ენურეზი აქვს?
- მშობლებმა ოჯახის ექიმს ან უბნის პედიატრს უნდა მიმართონ. ის შეაგროვებს დეტალურ ინფორმაციას ენურეზის დაწყების დროისა და სიხშირის, ძილის ხასიათის, მემკვიდრეობითი დატვირთვის, ფსიქოლოგიური ფაქტორებისა და უროდინამიკური დარღვევების შესახებ, შეაფასებს ხანგრძლივი თერაპიისთვის პაციენტისა და ოჯახის წევრთა მზადყოფნას. ყველა პაციენტს ჩაუტარდება შესაბამისი გამოკვლევები და დადგინდება ენურეზის მიზეზი. მ
შობლებს უნდა ესმოდეთ, რომ დაცინვა და დასჯა, საზოგადოდ, ნეგატიური განწყობა ბავშვს ვნებს. ნურასოდეს დასჯით ბავშვს იმის გამო, რომ ღამით ჩაისველა. მით უმეტეს ნუ მისცემთ შენიშვნას სხვების თანდასწრებით. გახსოვდეთ, პატარას საკუთარი მდგომარეობა თქვენზე მეტად აწუხებს. აცნობეთ საბავშვო ბაღის ან სკოლის მასწავლებელს ბავშვის მდგომარეობის შესახებ, რათა ის მოშარდვის სურვილის გამოთქმისთანავე გაუშვან ტუალეტში, ოღონდ ეს ისე გააკეთეთ, რომ ბავშვმა არ იცოდეს. შეადგინეთ დღიური, სადაც აღნიშნული გექნებათ სველი და მშრალი დღეები. ყოველი მშრალი ღამის შემდეგ ბავშვი შეაქეთ და წაახალისეთ. ნუ ეცდებით ბავშვის იზოლაციას. პირიქით, არ დაუშალოთ ლაშქრობებზე სიარული, უქმე დღეების მეგობრებთან ერთად გატარება.
ცნობილია, რომ სახლიდან მოშორებით სველი ღამეები იშვიათდება. დაე, ბავშვმა იგრძნოს, რომ იგი არაფრით ჩამოუვარდება თანატოლებს.
5 წლამდე ასაკის ბავშვებში ღამის ენურეზი პათოლოგიად არ ითვლება. მკურნალობას 5 წლიდან ვიწყებთ. ენურეზის დროს საკმაოდ ხშირია სპონტანური გამოჯანმრთელება (ყოველ წელს - ასიდან 15 შემთხვევაში), თუმცა მისი იგნორირება მაინც არ შეიძლება.
- ღამის კიდევ ერთი უსიამოვნო სიურპრიზია კრუპის შეტევა...
- დავაზუსტოთ: საუბარია სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების დროს განვითარებულ კრუპის სინდრომზე, რომელიც ლორწოვანი გარსების შეშუპების შედეგია.
კრუპის შეტევა უმთავრესად მართლაც ღამით, გამთენიის ხანს იწყება. იწყება ერთბაშად, უხეში, მყეფავი ხველით. ხველას ერთვის ხმის ჩახლეჩა, ხმაურიანი სუნთქვა. ტემპერატურა უმეტესად ნორმალურია, მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ იწყებს მატებას. ხველა ინტენსიური და პროდუქტიული ხდება. კრუპი უმთავრესად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. ასაკის მატებასთან ერთად ისიც გაივლის.
კრუპის დროს აუცილებელია ჟანგბადის მიწოდება, გრილი ორთქლით, ეპინეფრინით ინჰალაცია. ბავშვის საძინებელი ოთახი უნდა დაანოტივოთ, პატარას კი ასვათ თბილი სითხეები, გაუკეთოთ ფეხის თბილი აბაზანები.
კრუპის შეტევის დაწყების შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების მოქმედებას. ნუ მიეცემით პანიკას, იყავით მაქსიმალურად მობილიზებული, შეატყობინეთ ექიმს, მის მოსვლამდე კი დაამშვიდეთ პატარა. მას ხომ ისედაც ეშინია, სუნთქვა რომ უჭირს, მშობლების ნერვიულობა კი უფრო მეტად დააფრთხობს.
- ცნობილია, რომ ძილში ბავშვი იზრდება, ინაზღაურებს დღის განმავლობაში დახარჯულ ენერგიას, ასვენებს ტვინს ინფორმაციისგან. ამდენად, მშვიდი ძილის ორგანიზება სერიოზული საქმეა...
- ძილი ორგანიზმს ისევე სჭირდება, როგორც ჰაერი, საკვები. ბავშვს სრულფასოვნად რომ ეძინოს, ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაასეირნეთ, წაუკითხეთ ან წააკითხეთ საინტერესო ამბავი, გააფერადებინეთ, ახატვინეთ. სასიამოვნო ემოციებს (ოღონდ არა აღგზნებას) იწვევს სურნელოვანი აბაზანა და გემრიელი საკვებიც. ლოგინში რომ ჩააწვენთ, მოეფერეთ, ზღაპარი უამბეთ, მშვიდი სიმღერა უმღერეთ, გვერდით საყვარელი სათამაშო მიუწვინეთ. ერთი სიტყვით, ეცადეთ, ძილი ბავშვისთვის უსიამოვნო, სავალდებულო პროცედურად კი არა, სასიამოვნო რიტუალად იქცეს.