კანის კიბო
სამწუხაროდ, სხვა სიმსივნეების მსგავსად კანის კიბოს შემთხვევებიც ყოველწლიურად მატულობს მთელ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ავთვისებიანი სიმსივნეებისაგან განსხვავებით კანის კიბო შედარებით ნელა პროგრესირებს და მეტასტაზებსაც უფრო იშვიათად იძლევა, მაინც ვერაგი პათოლოგიაა, რადგან მნიშვნელოვნად აზიანებს კანს, მის ქვეშ მდებარე ქსოვილებს და ლოკალიზაციის მიხედვით, ზოგჯერ მომაკვდინებელიცაა ადამიანისათვის.
კანის კიბოს გამომწვევ მიზეზებსა და კლინიკურ გამოვლინებებზე გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა „გიდმედის“ ხალის პათოლოგიისა და კანის სიმსივნეების ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიის მრჩეველი, საქართველოს სამხედრო-სამედიცინო აკადემიის პრეზიდენტი (1997 წლიდან), „ქ. ვენის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საპატიო პროფესორი, სახელმწიფო პრემიისა (1990 წ.) და აკად. ივ. ბერიტაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1999წ.), ონკოლოგი – ირაკლი ნადირაძე.
ბატონ ირაკლის ჩატარებული აქვს 8000-მდე სხვადასხვა მასშტაბის ოპერაცია კანზე, რბილ ქსოვილებზე, ძუძუსა და ძვლებზე. არის 160 სამეცნიერო ნაშრომის, 8 მონოგრაფიის, ექიმებისა და სტუდენტებისათვის განკუთვნილი 2 სახელმძღვანელოს, 10 მეთოდური რეკომენდაციის, 11 რაციონალური წინადადებისა და 21 საგაზეთო პუბლიკაციის ავტორი.
– ბატონო ირაკლი, როგორია კანის კიბოს გავრცელების სტატისტიკა საქართველოში?
– დავიწყებ იმით, რომ კანში ვითარდება კიბოს ორი მორფოლოგიური ვარიანტი – კანის ბაზალურუჯრედოვანი კიბო და კანის ბრტყელუჯრედოვანი კიბო. საქართველოში ყოველწლიურად აღირიცხება ბაზალუჯრედოვანი კარცინომის საშუალოდ 98 და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის 66 შემთხვევა. მამაკაცებში კანის კიბო უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში. მიუხედავად იმისა, რომ კანის კიბო ყველაზე ხშირი ავთვისებიანი სიმსივნეა, ამ ავადმყოფობით სიკვდილიანობა არ აღემატება ყველა ავთვისებიანი სიმსივნით სიკვდილიანობის 0,1 %-ს.
– რა იწვევს უხშირესად კანის კიბოს?
– მთავარი კანცეროგენული ფაქტორია კანის აქტინური ანუ მზის სხივებით გამოწვეული დაზიანება. კანის კიბოს 90% ვითარდება სხეულის ღია, მზის სხივების ზემოქმედებისაგან დაუცველ მიდამოში. თეთრკანიანებში ავადობა მნიშვნელოვნად მატულობს ეკვატორის მახლობლად და ყველაზე მაღალ მაჩვენებელს აღწევს ზღვის დონიდან მაღლა ასვლასთან ერთად. ლურჯთვალა, თეთრი კანის მქონე, ქერა ან ჟღალთმიან პირებს, აგრეთვე მათ, ვინც ადვილად ირუჯება მზეზე, აქვთ ავადობის მომატებული რისკი. კანის კიბოთი ავადობა შავკანიანებში ბევრად ნაკლებია, ვიდრე თეთრკანიანებში.
– რას გვეტყვით სხვა კანცეროგენებზე?
– სხვა ფაქტორებიდან აღსანიშნავია დარიშხანის ზემოქმედება. ეს უკანასკნელი ქმნის „ბოუენის ავადმყოფობის“, კანის მრავლობითი კიბოს განვითარების წინაპირობას და დაკავშირებულია ნაწლავის კიბოს შემთხვევათა გახშირებასთანაც. მკვრივი, მოყვითალო ჰიპერკერატოზული ლაქები მტევნებზე და ფეხის გულებზე გვაფიქრებინებს, რომ პიროვნებას კონტაქტი ჰქონდა დარიშხანთან.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს მაიონიზებელი რადიაციის როლი. აღნიშნული ტიპის დასხივება კეთილთვისებიანი პროცესის (მაგალითად, აკნეს ან ჰირსუტიზმის) მკურნალობის მიზნით ან რადიოაქტიური სხივებით პროფესიული ექსპოზიცია 20%-ით ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს. სიმსივნე ვითარდება პირველადი დასხივებიდან მრავალი წლის შემდეგ. ლატენტური (ფარული) პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს 50 წლის განმავლობაში. ამ სიმსივნეთა დაახლოებით 2/3 ბაზალუჯრედოვანი კიბოა, 1/3 – ბრტყელუჯრედოვანი. რადიაციით გამოწვეული კანის ბრტყელუჯრედოვანი კიბო ხასიათდება აგრესიული მიმდინარეობით. ამ შემთხვევაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10%-ია. კანის ბრტყელუჯრედოვანი კიბოს განვითარების რისკფაქტორია აგრეთვე ქვანახშირის, ფისისა და ქუინაკრინის ზემოქმედებაც.
გარკვეულ როლს თამაშობს იმუნოსუპრესიაც, როგორიცაა, მაგალითად, ორგანოთა გადანერგვასთან დაკავშირებული მდგომარეობა. ასეთ დროს იზრდება პაციენტთა წინასწარგანწყობა კანის ბრტყელუჯრედოვანი კიბოს განვითარებისადმი.
კანის კიბოს მაპროვოცირებელია ქრონიკული ანთება და ტრავმა, მაგალითად, ქრონიკული დრენირებული ოსტეომიელიტი ზრდის კანის ბრტყელუჯრედოვანი კიბოს განვითარების წინასწარგანწყობას, ჩვეულებრივ, თავიდან გამოვლინდება ხოლმე პირველადი კიბო, მაგრამ შესაძლებელია ლიმფურ კვანძში მეტასტაზის პირველადი მანიფესტირებაც. კანის კიბო შესაძლოა განვითარდეს ფისტულების, შეგუბებითი (სტაზური) დერმატიტის და ქრონიკულად გაღიზიანებადი ლეიკოპლაკიის მიდამოში.
მაღალი ავთვისებიანობით გამორჩეული, აგრესიული ბრტყელუჯრედოვანი კანის კიბოს განვითარების მომატებული რისკი ასოცირდება თერმულ ან ელექტროდამწვრობასთან, ასევე მაღალი ტემპერატურის ქრონიკულ ზემოქმედებასთან.
ყველა ჩამოთვლილ ფაქტორთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს შთამომავლობითი ფაქტორის როლიც.
– რა სიმპტომებით ვლინდება კანის კიბო და სხეულის რომელ უბნებს მოიცავს უხშირესად?
– კანის ბრტყელუჯრედოვანი კიბო თითქმის ყოველთვის იწვევს კანის ხილულ დაზიანებას. ის უფრო ხშირად გვხვდება წყლულის სახით, თუმცა, შეიძლება იყოს ეგზოფიტური წარმონაქმნიც (რომელიც გარეთ იზრდება). აგრესიული ბრტყელუჯრედოვანი კიბო, როგორც დაკვირვება აჩვენებს, არ ვითარდება აქტინური კერატოზის ან კანის სხვა აქტინური დაზიანებისაგან. ის აღმოცენდება დამწვრობის შემდგომ ნაწიბურებში, რადიაციული დერმატიტის, ერითროპლაზიის ან „ბოუენის ავადმყოფობის“ მიდამოში. ხშირად ლოკალიზებულია ქვედა კიდურზე და მოითხოვს ამ უკანასკნელის ამპუტაციას. „ბოუენის ავადმყოფობა“ ვლინდება მცირე ზომის ეგზემური ლაქების სახით, რომლებიც ჰისტოლოგიურად ინტრაეპითელური პრეინვაზიური კარცინომაა (ჩარცინომა ინ სიტუ). შესაძლებელია ინვაზიის (ჩაზრდა) განვითარებაც, ამიტომაც საჭიროა მისი დროული მკურნალობა.
ბოუენოიდური პაპულოზისათვის დამახასიათებელია მრავლობითი გენიტალური პაპულები, რომლებიც ჰისტოლოგიურად არ განსხვავდება „ბოუენის ავადმყოფობისგან“. მათი გამომწვევია ადამიანის პაპილომის ვირუსი. თუ ეს პაპილოზი აქვს ქალს ან მის სქესობრივ პარტნიორს, ამან შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკის მატება.
რაც შეეხება კანის ბაზალურუჯრედოვან კიბოს, ის კანის კიბოს ყველაზე ხშირი ნაირსახეობაა და რამდენიმე ფორმით გამოირჩევა. არსებობს კვანძოვან-წყლულოვანი ბაზალურუჯრედოვანი კიბო, რომელიც, ჩვეულებრივ, ჩნდება სახეზე, ცვილის პაპულების სახით, მარგალიტივით მორუხო ან მოყვითალო კიდეებით. სიმსივნე ზოგჯერ პიგმენტურია და კლინიკურად არ განსხვავდება მელანომისაგან. ის ვრცელდება როგორც ზედაპირისკენ, ისე ღრმად ქსოვილებში და ჩაიზრდება ხრტილებსა და ძვლებში. ხშირია დაწყლულებაც (ე.წ. მღრღნელი კიბო). არასწორად ნამკურნალებ კანის ბაზალურუჯრედოვან კიბოს შეუძლია გამოიწვიოს სახის დამამახინჯებელი დაწყლულებაც, ხოლო თავისა და კისრის მიდამოს სასიცოცხლო სტრუქტურების დაზიანების შემთხვევაში – ავადმყოფის სიკვდილიც კი.
განასხვავებენ ბაზალურუჯრედოვანი კიბოს ზედაპირულ ფორმას, რომელიც, ჩვეულებრივ, ვითარდება ტანზე, ხშირად მრავლობითია და ვლინდება როგორც წითელი ქერცლოვანი, არასწორი ძაფისებრი კიდეების მქონე ლაქა ალაგ შავი და ყავისფერი პიგმენტაციის უბნებით. ის ვრცელდება კანის ზედაპირზე და შეიძლება კვანძოვანი უბნებიც ჰქონდეს.
მასკლეროზებელი ბაზალურუჯრედოვანი კიბო აზიანებს სახის კანს. სიმსივნე ძალიან წააგავს ნაწიბურს და შეიძლება ჰქონდეს სპილოსძვლისფერი, არამკაფიოდ გამოხატული კიდეებით. ჰისტოლოგიურად კიბოს უჯრედები გარშემორტყმულია ფიბროზის კომპაქტური შრით. მასკლეროზებელ ბაზალურუჯრედოვან კიბოს სხვა ფორმებთან შედარებით ყველაზე ხშირად ახასიათებს რეციდივი. გამოყოფენ ასევე კისტურ ბაზალურუჯრედოვან კიბოს, რომელიც შედარებით იშვიათია, მორფოლოგიურად ხასიათდება ცენტრალური დეგენერაციით, რაც კისტების მსგავს ღრუებს წარმოქმნის.
– მეტასტაზირებს თუ არა კანის კიბო და რომელ ორგანოებში გვხვდება უპირატესად მეტასტაზები?
– საერთოდ, ბაზალურუჯრედოვანი კიბოს შორეული მეტასტაზები უკიდურესად იშვიათია. ჩვეულებრივ, მეტასტაზებს იძლევიან დაბალი დიფერენციაციის მქონე სიმსივნეები. მეტასტაზების სიხშირე აქტინური ზემოქმედებით ინდუცირებულ სიმსივნეებში 3%-ია, კანის არააქტინური ბრტყელუჯრედოვანი კიბოს დროს – 35%. უფრო ხშირად მეტასტაზები ვითარდება რეგიონულ ლიმფურ კვანძებში. შედარებით იშვიათად შეიძლება განვითარდეს შორეული მეტასტაზებიც.
– რას ეფუძნება კანის კიბოს დიაგნოსტიკა?
– ერთადერთი სადიაგნოზო მეთოდი, რომელიც მაქსიმალური გარანტიით შეიძლება გამოვიყენოთ კანის კიბოს დასადგენად, არის ბიოფსია. ბაზალურუჯრედოვანი კიბოს სადიაგნოზოდ ბიოფსიის ადეკვატური მეთოდია კანის აფხეკა ან ათლა. ბრტყელუჯრედოვან კიბოზე ეჭვისას კი საჭირო ხდება უფრო ღრმა ბიოფსია.
– რას გულისხმობს კანის კიბოს პრევენცია?
– პოტენციურ პაციენტებს უნდა ვურჩიოთ მინიმუმამდე დაიყვანონ მზის სხივების მოქმედება. ამისათვის შეიძლება საჩრდილობლების, მზის პროტექტორების, დამცველი ტანსაცმლისა და ქუდების გამოყენება. კანის ერითემა, რომელიც მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით გამოწვეული კანის დაზიანებაა, შეიძლება წარმოიქმნას ღრუბლიან ამინდშიც კი. მას ახასიათებს პროგრესირება წლების განმავლობაში. გაითვალისწინეთ, რომ კანის მზეზე ექსპონირებით მიღებული ე.წ. ჯანმრთელი გარუჯვა პრაქტიკულად ორგანიზმის რეაქციაა კანის დაზიანებაზე.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დიდი ზომის ღრმა ეროზიულ კანის სიმსივნეს შეუძლია ნაწილობრივ ან მთლიანად დააზიანოს სახე. ასეთი შორსწასული კიბოს მკურნალობა ხშირად შეუძლებელია. საჭირო ხდება კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება სიმსივნის გავრცელებისა და ინვაზიის საზღვრების დასადგენად. ასეთ პაციენტებს ხშირად ესაჭიროებათ რეკონსტრუქციული ოპერაცია. უფრო მძიმე შემთხვევაში საჭირო ხდება პროთეზების გამოყენება.