"ჯი-პი-სი" ეკონომშეფუთვის მქონე "ჯენერიკ მედიკამენტების" რეალიზაციის ამერიკულ პრაქტიკას ნერგავს
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასტუმრო "თბილისი მარიოტში" სამეცნიერო კონფერენცია იმართება, რომელშიც ადგილობრივი და უცხოელი მედიკოს-ექსპრეტები მონაწილეობენ, მათ შორის ჰოლანდიიდან და აშშ-დან ჩამოსული ექსპრეტები. აღსანიშნავია, რომ თბილისში იმყოფებიან ამ დარგის ცნობილი სპეციალისტები ვისენტეს გოია, სკოტ რივერი და ჰარი ლატანციო.
როგორც ფარმაცევტული კომპანია "ჯი-პი-სის" გენერალურმა დირექტორმა, დავით კილაძემ განაცხადა, კომპანიამ დაიწყო მედიკამენტების შემოტანა-რეალიზაცია საერთაშორისო დასახელებით "ჯენერიკ მედიკამენტები", ანუ იმ სახელწოდებითა და შეფუთვით, როგორც ის იყიდება ამერიკისა და მსოფლიოს მრავალი განვითარებული ქვეყნის ბაზარზე; აღნიშნულ ქვეყნებში რეცეპტში მედიკამენტების გამოწერაც სწორედ საერთაშორისო დასახელებით ხორციელდება.
სისტემა გულისხმობს აღნიშნული პრეპარატების გაყიდვას დანიშნულების შესაბამისი რაოდენობით და ცალობით. ასევე, მომხმარებელს საშუალება ექნება, იყიდოს იმდენი აბი, რამდენიც სჭირდება, სპეციალური შეფუთვით, რომელზეც დატანილი იქნება მედიკამენტების საერთაშორისო დასახელება, დოზა, ვარგისიანობის ვადა და რაოდენობა. ცალობით გაცემის პროცესს საქართველოში უკვე არეგულირებს ახალი რეგულაციები, რაც რეალურად ხელს შეუწყობს ამ პროექტის ეფექტურობას.
გარდა ამისა, მედიკამენტები, საერთაშორისო სახელწოდებით "ჯენერიკ მედიკამენტები" სულ მცირე 20-30%-ით იაფია კონკურენტ ბრენდირებულ პრეპარატებთან შედარებით. როგორც დავით კილაძემ აღნიშნა, "ჯი-პი-სის" 100 აფთიაქი აქვს, აფთიაქში სპეციალური საერთაშორისო სტანდარტების მქონე აპარატურაა დამონტაჟებული, რომელიც ჰიგიენური ნორმების დაცვით დაითვლის კლიენტის მოთხოვნილ მედიკამენტების რაოდენობას და შესაბამისად დააფასოებს.