News
.
-
იმპოტენციას სტრესიც იწვევს
სქესობრივი სისუსტის მიზეზებს შორის ფსიქოგენურ ფაქტორებს განსაკუთრებული ადგილი უკავია. დეპრესია და სტრესი ფსიქოგენური იმპოტენციის მთავარ მიზეზს წარმოადგენს. დეპრესიით შეპყრობილ მამაკაცებს უქვეითდებათ სიამოვნების მიღების უნარი, ეს კი ერექციული ფუნქციისთვის უდიდესი დაბრკოლებაა. ასეთი მამაკაცები კარგავენ საკუთარი თავის პატივისცემას და მომავლის იმედს, დარწმუნებულნი არიან, რომ დამცირებას იმსახურებენ და უჭირთ ცხოვრებისადმი დამოკიდებულების შეცვლა.
სხვა მძიმე ფსიქიკური დაავადებებით (შიზოფრენიით, მანიით) შეპყრობილები არაადეკვატურად იქცევიან და ყურადღებას იპყრობენ, მაგრამ ისინი დეპრესიული ავადმყოფებივით დათრგუნვილები არ არიან. დეპრესია კი დამთრგუნველი ავადმყოფური მდგომარეობაა, ზოგჯერ - სიცოცხლისთვის საშიშიც კი, რადგან შესაძლოა, ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანოს. ბევრი დეპრესიას ემოციურ დარღვევად მიიჩნევს და გამოთქვამს მისაზრებას, რომ მას არა წამლებით, არამედ სიკეთითა და ფსიქოთერაპიით უნდა მკურნალობდნენ. სინამდვილეში მძიმე ფსიქიკური დარღვევები ტვინის დაავადებებია, ტრადიციული ფსიქოთერაპია ასეთ დროს უშედეგოა. გაცილებით ეფექტიანია მედიკამენტური მკურნალობა. იმპოტენციის დროს მამაკაცის უგუნებობას, შფოთვასა და შიშებს ექიმები სქესობრივ სისუსტეს აღარ მიაწერენ. პირიქით, თავად იმპოტენცია შეიძლება გამოიწვიოს შფოთვამ და სტრესმა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ შფოთვა და მოუსვენრობა ზოგიერთი ადამიანის ნორმალური მდგომარეობაა. მათი ხასიათის შეცვლა ძალიან რთულია. სტრესის გავლენით ნებისმიერ მამაკაცს შეიძლება დაუქვეითდეს ერექციული ფუნქცია, მაგრამ დროებით. მუდმივი ხასიათი ამან შესაძლოა მხოლოდ დიდი უბედურების (უმუშევრობა, სერიოზული ოჯახური კონფლიქტი და სხვა) შემთხვევაში მიიღოს. გარდა ამისა, იმპოტენცია ემართებათ ძალადობის მსხვერპლთ და მათ, ვისაც დამახინჯებული წარმოდგენა აქვთ თავიანთ სქესობრივ შესაძლებლობებზე. უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი მამაკაცი თავისთავად არ ამჟღავნებს დიდ ინტერესს სქესობრივი ურთიერთობების მიმართ, მაგრამ თავშეკავება დაავადება არ არის, - რასაკვირველია, თუ ამის გამო მამაკაცი არ იტანჯება.
-
შიმშილი ახანგრძლივებს სიცოცხლეს
წინათ ხანგრძლივი და გამომფიტველი შიმშილობა ჭარბი წონის დაკლების პოპულარულ საშუალებად იყო მიჩნეული, მაგრამ მას შემდეგ, რაც სპეციალისტებმა მრავალი ეფექტური დიეტა შეიმუშავეს, საკვების აკრძალვა აუცილებლობას აღარ წარმოადგენს. სამხრეთ კალიფორნიის დღეგრძელობის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ კვების მკაცრი შეზღუდვა მხოლოდ წონის დაკლებაში კი არ გვეხმარება, არამედ სიცოცხლესაც გვიხანგრძლივებს. მეცნიერთა აზრით, ორგანიზმში საკვები ნივთიერებების უკმარისობისას სისხლში მცირდება არა მხოლოდ ქოლესტერინის, არამედ ინსულინისმაგვარი ზრდის ფაქტორის (IGF-1) დონეც, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმში ქსოვილების რეგენერაციაზე. საქმე ის არის, რომ მისი სიჭარბე დაბერებას იწვევს. შიმშილობა კი ამ ჰორმონის გამოყოფას აფერხებს და სიცოცხლეს 15-30%-ით ახანგრძლივებს. თუმცა სპეციალისტები მაინც გვირჩევენ, თვითნებურ შიმშილობას ვერიდოთ და მის დაწყებამდე ექიმთან გავიაროთ კონსულტაცია.
-
ცივი ჩაი თირკმელებისთვის სახიფათოა
სიცხეში მინერალური წყლის შემდეგ ყველაზე პოპულარულ სასმელად ცივი ჩაია მიჩნეული, თუმცა ჩიკაგოს უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის უროლოგებმა დაადგინეს, რომ ის არც ისე სასარგებლოა. რამდენიმე ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ჩაი ოქსალატების (მჟაუნმჟავას მარილებისა და ეთერზეთების) მაღალი შემცველობის გამო თირკმელებში კენჭების წარმოქმნას უწყობს ხელს. მამაკაცის ორგანიზმი ქალისაზე 4-ჯერ მეტად არის მიდრეკილი თირკმელებში კენჭების წარმოქმნისკენ. რისკის ჯგუფში შედიან აგრეთვე 40 წელს გადაცილებული ორივე სქესის ადამიანები, ქალები, რომელთაც დაქვეითებული აქვთ ესტროგენების დონე, მენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალები და ისინი, ვისაც საკვერცხეები ამოკვეთილი აქვს. ექიმები გვირჩევენ, ვერიდოთ ცივ ჩაის და მის ნაცვლად მინერალური წყლები, წვენები ან ნატურალური ლიმონათი ვსვათ. კარგია ლიმონიანი წყალიც - ლიმონი მდიდარია ციტრატებით, რომლებიც თირკმლის კენჭების წამოქმნას აფერხებს. თირკმელებში კენჭების წარმოქმნისადმი მიდრეკილმა პირებმა რაციონიდან უნდა ამოიღონ ოქსალატებით მდიდარი პროდუქტები, კერძოდ, ისპანახი, შოკოლადი, ნიგოზი, ხორცი, შეამცირონ მარილის მოხმარება, მიიღონ მეტი სითხე და კალციუმით მდიდარი პროდუქტები, ვინაიდან ისინი ამცირებენ ოქსალატების გამოყოფას.