News
.
-
თმისთვის სასარგებლო 10 პროდუქტი
მიუხედავად იმისა, რასაც რეკლამები გვპირდება, არც ერთ შამპუნს, ბალზამსა თუ კონდიციონერს არ შეუძლია, თმას იდეალური სიჯანსაღე შესძინოს. ეს საშუალებები შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც ასტიმულირებს პიგმენტაციას, ბზინვარებას, ჯანსაღ იერსა და ძალას აძლევს თმას, მაგრამ ეფექტი ხანმოკლეა და თუ მათ მოხმარებას შევწყვეტთ, უკვალოდ გაქრება. სამაგიეროდ, ყველას შეუძლია, თმა ბუნებრივად, ქიმიური ელემენტების ჩარევის გარეშე გახადოს იდეალური - ძლიერი და ლამაზი. ამისთვის საკმარისია მივირთვათ:
- მჭლე წითელი ხორცი - უხვად შეიცავს მიკროელემენტებს, რაც მთავარია - რკინას. განსაკუთრებით სასარგებლოა 40 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის - დიეტოლოგები მას გამელოტების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევენ.
- კვერცხი - შეიცავს ბიოტინს და A ვიტამინს, რომლებიც კვებავს თავის კანს და, აქედან გამომდინარე, თმასაც. განსაკუთრებით რეკომენდებულია მყიფე თმის პატრონებისთვის.
- ბანანი, ლუდი, ქერი, ქიშმიში - ეს პროდუქტები დიდი რაოდენობით შეიცავს სილიციუმს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თმისთვის. მასზეა დამოკიდებული თმის სისქე და ძალა.
- მუქი მწვანე ფერის ბოსტნეული - ბროკოლი და ისპანახი მდიდარია A დაC ვიტამინებით, რომლებიც ხელს უწყობს კანიდან ცხიმის გამოყოფას და თმოვანი საფარველისთვის ერთგვარი კონდიციონერის როლს ასრულებს.
- ხამანწკები და ზღვის სხვა პროდუქტები - შესანიშნავად იცავს გამელოტებისაგან, ეფექტურია ქერტლის დროსაც.
- ტკბილი კარტოფილი - მდიდარია ბეტა-კაროტინით, ნივთიერებით, რომელიც კანსა და თმას გამოშრობისგან იცავს.
- ლობიო - მდიდარია განსაკუთრებული ცილებით, რომლებიც, ჩვეულებრივ, დეფიციტურია ადამიანისთვის. ეს ცილები აუცილებელია თმის რეგულარული კვებისათვის.
- ციტრუსები - ისინი ვიტამინების სრული ნაკრებით გვამარაგებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს თმის ნორმალურ განვითარებაში.
- ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები - სიჯანსაღეს უნარჩუნებს თმის ფოლიკულებს, უზრუნველყოფს მათ კვებას და თმის დაბერებას აფერხებს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს თმის ცვენის პროფილაქტიკაშიც.
- ზეითუნის ზეთი - უზრუნველყოფს თმის ბზინვარებას და ძალას.
-
ღორის გრიპის ვაქცინა სასიკვდილო გართულებების განვითარების რისკს ზრდის
კანადის ლავალის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი, რომელსაც ფილიპ დე ვაალესი ხელმძღვანელობს, გვაფრთხილებს, რომ ღორის გრიპის ვაქცინას გიიენ-ბარეს სინდრომის გამოწვევა შეუძლია. გიიენ-ბარეს სინდრომი, რომელიც პოლირადიკულიტის სახელითაც არის ცნობილი, მწვავე პათოლოგიაა. ახასიათებს კიდურების დამბლა, მყესების რეფლექსების შესუსტება და მგრძნობელობის მოშლა. დაავადების რთული ფორმის შემთხვევაში მოსალოდნელია აღმავალი ხასიათის დამბლისა და სუნთქვის უკმარისობის განვითარება, რასაც ლეტალური შედეგი მოჰყვება. ჩვეულებრივ, გიიენ-ბარეს სინდრომის გავრცელება 100 000 კაცზე 1,7-ს არ აღემატება, მაგრამ 1976-1977 წლებში დაავადების შემთხვევათა მატება აღირიცხა. ამის მიზეზად მეცნიერებმა A/H1N1 გრიპის ვირუსის ინაქტივირებული ვაქცინა მიიჩნიეს. ამ საკითხის უკეთ შესწავლაში მათ 2009-2010 წლების მონაცემების ანალიზი დაეხმარა.
ამ ხნის განმავლობაში მედიკოსებმა აცრილთა შორის სინდრომის 83 შემთხვევა აღრიცხეს. 25 ადამიანს დაავადების სიმპტომები ვაქცინაციიდან რვა თვის შემდეგ განუვითარდა, დანარჩენებს კი ოთხ კვირაში და უფრო ადრე. ზოგადი შეფასებით, სინდრომის განვითარების რისკი, მართალია, მცირედ, მაგრამ მაინც უკავშირდებოდა გრიპის ვაქცინას. საფრთხე განსაკუთრებით 50 წელს გადაცილებულებს ემუქრებოდათ. სპეციალისტების თქმით, ვაქცინაციისგან მიღებული სარგებლობა მაინც სჭარბობს აღნიშნულ საფრთხეს.
-
იმუნოთერაპიის მოკლე კურსი შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკის საშუალებაა
ჩრდილოეთ კაროლინის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის მეთოდები გამოიკვლიეს. დიაბეტისადმი მიდრეკილ თაგვებს მათ ჩაუტარეს ანტისხეულების ინექციების კურსი, რის შედეგადაც პირველი ტიპის დიაბეტი უკუგანვითარდა. სულ ორი ინექციის საშუალებით შესაძლებელი გახდა დაავადების რემისიის სტადიაში შენარჩუნება იმუნური სისტემის დაუზიანებლად. ამრიგად, მეცნიერებმა პირველად შეძლეს იმუნოთერაპიის მოკლე კურსის ეფექტურობის დემონსტრირება. შაქრიანი დიაბეტის პირველი, ინსულინდამოკიდებული ტიპი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, მაგრამ პაციენტების უმრავლესობა 30 წლამდე ასაკისაა. დაავადებისთვის დამახასიათებელია წყურვილის შეგრძნება, წონის კლება, მადის გაცხოველება ან დაქვეითება, უგუნებობა.
პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს იმუნურ სისტემას შეტევა მიაქვს კუჭუკანა ჯირკვლის უჯრედებზე, რის გამოც ინსულინის გამომუშავება წყდება. აქ მთავარ როლს ასრულებს ზედმეტად აქტიური თ-უჯრედები, რომლებსაც, ჩვეულებრივ, პათოგენების განადგურება აკისრია.