გიიენ-ბარეს სინდრომი - იშვიათი, თუმცა საყურადღებო დაავადება
გიიენ-ბარეს სინდრომი პერიფერიული ნერვული სისტემის ერთ-ერთი დაავადებაა, რომელიც პერიფერიული დამბლების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია.
დაავადების პირველი ნიშნები და სიმპტომები:
ის თავს იჩენს უეცარი სისუსტისა და ჩხვლეტის შეგრძნებით, რომელიც ფეხების არეში ვრცელდება. შემდეგ ის შესაძლებელია მკლავებსა და სახეზეც გადავიდეს.
მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია კუნთების ფუნქციის სრული მოშლა და დროებითი პარალიზი.
ზოგადი ნიშნებია:
• თითებში, ტერფებსა და მკლავებში ჩხვლეტა(„ქინძისთავის“ შეგრძნება);
• კუნთების სისუსტე, რომელიც იწყება ფეხებში და შემდგომ გრძელდება სხეულის ზედა ნაწილზე;
• სიარულის გაძნელება, განსაკუთრებით კიბეებზე;
• თვალისა და სახის მოძრაობის გაძნელება( რაც მოიცავს ღეჭვის, ლაპარაკის და აშ. პროცესს);
• შარდის შეუკავებლობა;
• სწრაფი გულისცემა;
• სუნთქვის გაძნელება;
• ძალიან მაღალი, ან დაბალი სისხლის წნევა;
• მხედველობის გაორება;
• ძლიერი ტკივილი, რომელიცთ ღამით მწვავდება.
რა იწვევს გიიენ-ბარეს სინდრომს და რამდენად გავრცელებულია ის?
ექიმებმა ზუსტად არ იციან დაავადების გამომწვევი მიზეზი. თუმცა, დაავადებული ადამიანების უმეტესობას აღნიშნული სინდრომის დაწყებამდე 6 კვირით ადრე რესპირატორული, ან კუჭ-ნაწლავის ინფექციები აღენიშნებოდათ.
ასევე, მაღალია ზიკას ვირუსის შემდგომ მისი განვითარების ალბათობა.
გიინ-ბარეს სინდრომი საკმაოდ იშვიათია. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის(CDC) შეფასებით, აშშ-ში ყოველი 100 000 ადამიანიდან 1 უვითარდება აღნიშნული სინდრომი(ყოველწლიურად).
ის უფრო ხშირად 50 წელს ზემოთ მამაკაცებს ემართებათ.
საბედნიეროდ, გიიენ-ბარეს სინდრომი ერთ-ერთია იმ მძიმე დაავადებებს შორის, რომელიც სწორი მკურნალობისას უმრავლეს შემთხვევაში პაციენტთა სრული გამოჯანმრთელებით სრულდება.