News
.
-
ამიერიდან აუტიზმის ადრეული დიაგნოსტიკა ენცეფალოგრამის მეშვეობით მოხერხდება
ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოს თანამშრომელთა მიერ ჩატარებული მასშტაბური კვლევის წყალობით შესაძლოა უახლოეს მომავალში აუტიზმის ადრეული (ორი წლის ასაკში) დიაგნოსტიკა ელექტროენცეფალოგრამის საფუძველზე მოხდეს. ნევროლოგმა ფრენკ დეფიმ და ფსიქიატრმა ჰაიდელიზ ელსმა აუტიზმის კლასიკური (ტიპური) ფორმის მქონე 430 ბავშვის ელექტროენცეფალოგრამა (ეეგ) საკონტროლო ჯგუფის (ამ პათოლოგიის არმქონე) 554 ბავშვისას შეადარეს.
ბავშვები ორიდან თორმეტ წლამდე ასაკისანი იყვნენ. ფრენკ დეფიმ განაცხადა, რომ მათ კონცენტრირება მოახდინეს აუტიზმის კლასიკურ ფორმაზე და კვლევიდან გამორიცხეს ბავშვები, რომელთაც ამ დაავადების სხვა ფორმა, მაგალითად, ასპერგერის ან რეტის სინდრომი ჰქონდათ.
კლასიკური აუტიზმის მქონე ბავშვებს იშვიათად უტარებენ ელექტროენცეფალოგრაფიას, - ამ კვლევის ჩატარებას მათი ქცევის თავისებურება ართულებს, - ამიტომ ბოლო დრომდე არ არსებობდა საანალიზოდ ელექტროენცეფალოგრაფიული მონაცემების დიდი მასივები. აუტისტებთან მუშაობის დროს მკვლევრები იყენებდნენ კლინიკაში სპეციალურად შემუშავებულ მეთოდიკას, მაგალითად, მცირეწლოვან პაციენტებს ეძლეოდათ პროცედურის დროს შესვენების საშუალება. ფართოდ იყო გამოყენებული კომპიუტერული ტექნოლოგიებიც.
მიღებული მონაცემების გადამუშავების შედეგად გაირკვა, რომ აუტიზმის მქონე პაციენტებს ნაწილობრივ დარღვეული ჰქონდათ კავშირი ტვინის სხვადასხვა უბანს შორის, რაც მათ ელექტროენცეფალოგრამაზე აისახებოდა. მკვლევრებმა ამ ურთიერთკავშირის დონე ტვინის აღნიშნული უბნების ელექტრული აქტივობის ტალღების ურთიერთშეთანხმების (კოჰერენტულობის) ხარისხზე დაყრდნობით შეაფასეს.
ელექტროენცეფალოგრაფიული გრაფიკების კომპიუტერული ანალიზის შედეგად გამოიყო მხოლოდ აუტისტებისთვის დამახასიათებელი ტალღების კომბინაციათა 33 უბანი. ეს უბნები არ ჰგავდა საკონტროლო ჯგუფის ბავშვების ელექტროენცეფალოგრამაზე ასახულს, თანაც განსხვავება შეინიშნებოდა ყველა ასაკობრივ კატეგორიაში: 2-დან 4 წლამდე, 4-დან 6 წლამდე და 6-დან 12 წლამდე.
შედეგების სანდოობისთვის დაფიმ და ელსმა ათჯერ ჩაატარეს განმეორებითი ანალიზი. ყოველ ჯერზე ისინი სხვადასხვა თანაფარდობით ცვლიდნენ საწყის მონაცემებს, მაგრამ ათჯერვე ერთნაირი შედეგი მიიღეს. "აუტიზმის კლასიკური ფორმის მქონე მქონე ბავშვებში ჩვენ მიერ აღმოჩენილი ელექტროენცეფალოგრაფიული თავისებურებები შესაძლებლობას მოგვცემს, შევიმუშაოთ დიაგნოსტიკის ძალიან მარტივი და სანდო მეთოდი. საჭიროა მხოლოდ ეეგ-ს გადაღება, ყველაფერი დანარჩენი კომპიუტერის საქმეა", - აღნიშნავს დაფი.
-
თამბაქოს წევა გავლენას ახდენს ჩასახვასა და ნაყოფის განვითარებაზე
ბრიტანეთში ახლახან ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ თამბაქოს წევა უშუალო გავლენას ახდენს მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე. სპეციალური მოდელირების დახმარებით მედიკოსებმა აჩვენეს, რომ თუ მამაკაცი შვილის ჩასახვამდე სიგარეტს ეწევა, ნაყოფს თან დაჰყვება მიდრეკილება მრავალი დაავადების, მათ შორის - კიბოს, მიმართ.
ამ აღმოჩენის შემდეგ მკვლევრების წინაშე დაისვა ახალი კითხვა: ბავშვის ჩასახვამდე რამდენი ხნით ადრე უნდა მიატოვოს მამაკაცმა თამბაქოს წევა, რომ რისკი მაქსიმალურად შემცირდეს. ქალებისთვის ვადა 2-3 წელია, თუმცა ზოგიერთ მედიკოსს ესეც არ მიაჩნია საკმარისად. მწეველ მამაკაცებს სიგარეტზე ამდენი ხნით უარის თქმა არ მოუწევთ - სპერმატოზოიდების მომწიფების პერიოდი სამ თვეს გრძელდება. სწორედ ამდენი ხანი უნდა გავიდეს უკანასკნელი სიგარეტის მოწევიდან ბავშვის ჩასახვამდე. სამი თვე მინიმალური ვადაა და არ იძლევა გარანტიას, რომ თუ მამაკაცი მანამდე წლების განმავლობაში აქტიური მწეველი იყო, ეს მავნე ჩვევა არ აისახება მომავალი ბავშვის ჯანმრთელობაზე.
რისკის ხარისხის შეფასება ძნელია, ამიტომ მომავალი მამები უნდა დაფიქრდნენ საკუთარ ჯანმრთელობაზეც და შვილების მომავალზეც. "ჩემი რჩევაა, თავი დაანებოთ თამბაქოს მოსალოდნელ ჩასახვამდე, სულ მცირე, ექვსი თვით ადრე და ანალიზისთვის ორჯერ: სიგარეტის მიტოვებისას და ჩასახვამდე ერთი კვირით ადრე, - ჩააბაროთ სპერმა, რათა შეფასდეს სპერმატოზოიდების აქტივობა და კონცენტრაცია. თუ მიღებული მონაცემები თვალნათლივ გაუმჯობესდა, ეს კარგის ნიშანია", - ამბობს გამოკვლევის ხელმძღვანელი.