ბავშვთა ვირუსული ინფექციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვთა ვირუსული ინფექციები

ეს რამდენიმე მიზეზით აიხსნება. მათ შორის უმთავრესია მშვიდი ოჯახური ატმოსფერო, ყურადღება და ალერსი, რასაც მშობლები არ აკლებენ ავადმყოფ პატარას.

ვირუსულ ინფექციებზე გვესაუბრება ბავშვთა ინფექციური კლინიკის ექიმი, მედიცინის დოქტორი ლალი ნებიერიძე.

- რომელი ვირუსული ინფექციებია გავრცელებული ბავშვთა ასაკში?

- ესენი გახლავთ წითელა, წითურა, ყბაყურა, ჩუტყვავილა, ინფექციური მონონუკლეოზი, პოლიომიელიტი (რომელიც საყოველთაო აცრების წყალობით ძალზე გაიშვიათდა), ვირუსული ჰეპატიტები (უმთავრესად - A ჰეპატიტი), მეხუთე დაავადება ანუ ინფექციური ერითემა, იგივე პარვოვირუსული ინფექცია, რომელიც ბოლო ხანს გახშირდა. ეს ვირუსული დაავადებები განსაკუთრებულ, სპეციფიკურ მკურნალობას არ საჭიროებს, მაგრამ ძალზე გადამდებია. მოდი, ცალ-ცალკე განვიხილოთ თითოეული მათგანი.

  • წითელა

წითელასთვის დამახასიათებელია ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, ტემპერატურის მომატება, თვალების, ყელის, სასუნთქი გზების დაზიანება, ლაქოვან-პაპულური გამონაყარი და სასუნთქი ორგანოების მხრივ ხშირი გართულებები. დაავადების გამომწვევი ვირუსი არამდგრადია გარემო პირობების მიმართ. ოთახის ტემპერატურაზე იგი 34 საათის განმავლობაში ინარჩუნებს აქტივობას. ხშირად იღუპება მზისა და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით. ლორწოს გამშრალ წვეთებში, თუ ტემპერატურა 12-15 გრადუსია, ძლებს რამდენიმე დღე (ამიტომაც არის აუცილებელი, მოვერიდოთ დაავადებულს - იგი ხველების, ცემინების, ლაპარაკის დროს ლორწოსთან ერთად გამოყოფს ვირუსს). ვირუსს შეიცავს აგრეთვე სისხლი, შრატი, ცხვირ-ხახის ლორწოვანი.

ინფექციის წყაროა დაავადებული, ისეთიც კი, რომელსაც კლინიკური სიმპტომები სუსტი აქვს. ავადმყოფი გადამდებია საინკუბაციო პერიოდის ბოლო 1-2 დღეს, კატარულ პერიოდში და 3-4 დღე გამონაყარის პერიოდში. მე-5 დღიდან ორგანიზმიდან ვირუსის გამოყოფა წყდება.

ინფექცია გადაედება ჰაერწვეთოვანი გზით. ლაპარაკის, ხველისა და ცემინების დროს წვეთოვან აეროზოლში მყოფი ვირუსები ჰაერის ნაკადთან ერთად დიდ მანძილზე ვრცელდებიან დახურულ შენობებში. დერეფნისა და სავენტილაციო სისტემის საშუალებით შესაძლოა მოხვდნენ მეზობელ სადარბაზოებში და სხვა სართულებზე. მესამე პირის მიერ ინფექციის გადატანა იშვიათია, რადგან ადამიანის ორგანიზმის გარეშე ვირუსი სწრაფად იღუპება.

თუ დედას წითელა გადატანილი აქვს, მისგან მიღებული პასიური იმუნიტეტის წყალობით ბავშვი 4-6 თვემდე არ ავადდება. 9 თვიდან პასიური იმუნიტეტი ქრება. ავადობა ყველაზე მაღალია 1-დან 5 წლამდე. კონტაგიოზურობა თითქმის 100%-ს აღწევს. ინფექციას სეზონურობა ახასიათებს: უმთავრესად ზამთარსა და ზაფხულში (დეკემბერსა და მაისში) ვრცელდება. მაღალი მაჩვენებელი აღირიცხება ყოველ 3-4 წელიწადში ერთხელ, თუმცა აქტიური იმუნიზაციის შედეგად ეს ეპიდემიური კანონზომიერება ირღვევა. საინკუბაციო პერიოდი 21 დღე გრძელდება, პროდრომული - 3-5 დღე. დაავადება იწყება ტემპერატურის 38,5-39 გრადუსამდე მომატებით, ზედა სასუნთქი გზების კატარით, კონიუნქტივიტით, მშრალი შემაწუხებელი ხველით, გულმკერდის არეში ფხაჭნის შეგრძნებით, ცხვირცემინებით, სურდოთი. კატარული მოვლენები თანდათან მძაფრდება და გამონაყარის დაწყებისას პიკს აღწევს. გამონაყარის გაჩენამდე 1-2 დღით ადრე რბილ და მაგარ სასაზე წითელი, უსწორმასწორო ლაქები შეინიშნება. ამ ლაქებს ენანთემას, ასევე - ბელსკი-ფილატოვ-კოპლიკის ლაქებს უწოდებენ და წითელას სადიაგნოზო მნიშვნელოვანი ნიშანია.

კანზე გამონაყარის პერიოდი იწყება დაავადების მე-4-5 დღეს. პირველი ელემენტები ჩნდება ყურს უკან, ნიჟარის ახლოს, ცხვირის ზურგზე, ლოყებზე. გამონაყარი 24 საათში მოედება მთელ სახეს (ცხვირ-ტუჩის სამკუთხედის ჩათვლით), კისერს, გულმკერდის ზედა ნაწილს, ხელებს. თანდათანობით იგი ლაქოვან/ლაქოვან-პაპულურ ხასიათს იღებს. მომდევნო 24 საათის განმავლობაში გამონაყარი ჩნდება ზურგზე, მუცელსა და კიდურებზე, მესამე დღეს - ტერფებზე. ამავე დროს სახეზე მისი გაფერმკრთალება (ალაგება) იწყება. გამონაყარი ფერმკრთალდება და ქრება იმავე თანამიმდევრობით, როგორითაც გაჩნდა. ალაგების (პიგმენტაციის) პერიოდი 1-2 კვირა გრძელდება. ელემენტები კარგავს სიმკვეთრეს, ბრტყელდება, ბაცი მოლურჯო ფერის ლაქებად იქცევა და ქატოსებურად იქერცლება, რაც ერთ კვირას გასტანს.

წითელა ხშირად რთულდება კატარული ოტიტითა და სტომატიტით. ერთ-ერთი სერიოზული გართულებაა ენცეფალიტი.


  • წითურა

წითურა მიმდინარეობს ორგანიზმის სუსტი ინტოქსიკაციით, ზედა სასუნთქი გზების მსუბუქი კატარით, კონიუნქტივიტით, წითელას მსგავსი გამონაყარით, პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდებითა და მტკივნეულობით, განსაკუთრებით - კეფის არეში.

წითურა მსუბუქ ინფექციად მიიჩნევა, მაგრამ იწვევს თანდაყოლილ მანკებსა და სიმახინჯეებს (თუ ორსულს შეხვდა), რის გამოც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ინფექციის წყაროა ავადმყოფი ან ვირუსმატარებელი ადამიანი. ვირუსი გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით.

ცხირ-ხახიდან ვირუსის გამოყოფა იწყება გამონაყარის გაჩენამდე 7-10 დღით ადრე და გრძელდება 7 დღეს, ზოგიერ - უფრო მეტხანსაც. ნაყოფი ინფიცირდება ტრანსპლაცენტურად (პლაცენტის გავლით). თანდაყოლილი წითურას დროს ვირუსის გამოყოფა გრძელდება 1,5-2 თვემდე. ამ შემთხვევაში სიკვდილიანობა მაღალია. დედისგან მიღებული იმუნიტეტი 6 თვის განმავლობაში იცავს პატარას. ავადდებიან უმთავრესად 5-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები. დაავადებას ახასიათებს სეზონურობა - უმეტესად გაზაფხულზე გვხვდება. საინკუბაციო პერიოდი 16-18 დღეა.

პროდრომული პერიოდი წითურას არ აქვს. ზოგჯერ შეინიშნება სუსტი კატარი, სურდო, ხველა, კონიუნქტივიტის სიწითლე. აღნიშნული მოვლენები ზოგჯერ რამდენიმე საათში ქრება, ზოგჯერ 1-2 დღეს გასტანს. ტემპერატურა ნორმალურია ან სუბფებრილური.

წითურას პირველი ნიშანი გამონაყარია. იგი ჯერ სახესა და კისერზე ჩნდება, რამდენიმე საათში კი მთელ ტანს მოედება. ზედა კიდურების გამშლელ ზედაპირებზე, დუნდულებზე, ზურგზე, გულმკერდზე გამონაყარი უფრო ხშირია, მუცელსა და სახეზე - შედარებით იშვიათი. იგი ლაქოვან-კვანძოვანია, ბაცი მოწითალო ფერის, ზოგჯერ ელემენტების ზედაპირი კანს ოდნავ სცილდება. წითურას ტიპური ნიშანია ლიმფური კვანძების გადიდება, რაც გამოყრამდე 1-3 დღით ადრე იწყება და გამოყრის შემდეგ 10-14 დღე გრძელდება. გამოყრამდე რბილ სასასა და ლოყის ლორწოვან გარსებზე ჩნდება ენათემა, მაგრამ არ ყალიბდება ბელსკი-ფილატოვ-კოპლიკის ლაქები. მოზრდილ ბავშვებში დაავადების პროგნოზი კეთილსაიმედოა.

  • პაროტიტული ინფექცია

ამ დაავადებას უფრო ყბაყურას სახელით იცნობენ. მისთვის დამახასიათებელია ჯირკვლოვანი ორგანოების, უმთავრესად - სანერწყვე (მეტადრე - ყბაყურა) ჯირკვლების, ნაკლებად - კუჭქვეშა, სათესლე და სარძევე ჯირკვლების, საკვერცხეების, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება (მენინგიტი, მენინგოენცეფალიტი). დაავადების გამომწვევი, პარამიქსოვირუსი, მგრძნობიარეა პრაქტიკაში მიღებული სადეზინფექციო ხსნარების მიმართ. -20 გრადუსზე 6-8 თვეს ძლებს, ხოლო 18-20 გრადუსზე - 4-7 დღეს.

ვირუსს ავადმყოფი ნერწყვითა და შარდით გამოყოფს. მას პოულობენ აგრეთვე სისხლში, თავ-ზურგტვინის სითხესა და სხვა ქსოვილებში. ინფექციის წყაროა ყბაყურას ნებისმიერი ფორმით დაავადებული ადამიანი. ინფექცია გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით და, წითელასა და წითურასგან განსხვავებით, ინფიცირებისთვის საჭიროა ახლო კონტაქტი.

დადგენილია, რომ ვირუსის ნერწყვით გამოყოფა იწყება სანერწყვე ჯირკვლების გადიდებამდე 6 დღით ადრე და გრძელდება 9 დღე ამ სიმპტომის გამოვლენის შემდეგ. ეს პროცესი განსაკუთრებით ინტენსიური ხდება სანერწყვე ჯირკვლების შეშუპებამდე 24 საათით ადრე და ინტენსივობას ინარჩუნებს ჯირკვლების შეშუპებიდან კიდევ 3 დღე.

შარდით ვირუსი გამოიყოფა ინფიცირების პირველიდან მე-14 დღემდე. ავადმყოფი ყველაზე მეტად გადამდებია საინკუბაციო პერიოდის უკანასკნელ დღეს და დაავადების პირველი 3-5 დღის განმავლობაში. გამორიცხული არ არის ინფექციის გადაცემა ნერწყვით დაბინძურებული სათამაშოებითა და სხვა ნივთებით.

ინფექცია მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, მაგრამ ბოლო ხანს აქტიური იმუნიზაციის წყალობით ავადობა მკვეთრად შემცირდა. ეპიდემიური აფეთქება მოსალოდნელია წელიწადის ნებისმიერ დროს, მაგრამ ავადობა სეზონურად იმატებს ზამთარში და გაზაფხულზე. ავადდებიან უმთავრესად 1-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები. წლამდე ასაკის პატარებში ავადობა იშვიათია, რაც დედისგან მიღებული პასიური იმუნიტეტის შედეგი გახლავთ. ინფექცია ტოვებს მდგრად იმუნიტეტს. დაავადების მე-7-9 დღეს ორგანიზმს უკვე აქვს სრულფასოვანი იმუნიტეტი. განმეორებითი დაავადება ძალზე იშვიათია. საინკუბაციო პერიოდი საშუალოდ 17-18 დღეა.

დაავადების მთავარი სიმპტომის გამოვლენამდე - ყბაყურა ჯირკვლების გადიდებამდე - 1-2 დღით ადრე თავს იჩენს საერთო სისუსტე, ტემპერატურა იმატებს, რასაც ერთვის თავისა და კუნთების ტკივილი, განსაკუთრებით - კისრის მიდამოში. დაავადება იწყება მძაფრად, ტემპერატურის 39 გრადუსამდე უეცარი მომატებით, ყბაყურა ჯირკვლის ცალმხრივი ან ორმხრივი შესივებითა და მტკივნეულობით. ყბაყურა ჯირკვალი უმეტესად ცალ მხარეს დიდდება. 1-3 დღის შემდეგ ამას შესაძლოა დაერთოს მეორე ჯირკვლის გადიდებაც. მოგრძო ან ოვალური ფორმის ჯირკვალი შეიგრძნობა ქვედა ყბის გარეთა კიდის შიგნით. ეს მიდამო შეშუპებული, ელასტიკური და დაჭიმულია, ინარჩუნებს ნორმალურ ფერს. ტკივილს აძლიერებს ღეჭვა და ყლაპვა, აგრეთვე მჟავე სითხის მიღება, რადგან ამ დროს ძლიერდება ნერწყვდენაც. შეშუპება ართულებს ყბაყურა ჯირკვლის საზღვრების დადგენას - ამ დროს იგი ავსებს ქვედა ყბის კუთხეს. შეშუპების გამო ყურის ბიბილო წინ არის წამოწეული. შეშუპება თანდათან ცხრება და 3-7 დღის შემდეგ ქრება.

პაროტიტული ინფექცია ხშირად მიმდინარეობს ტალღისებურად, ტემპერატურის განმეორებითი მატებით, რასაც პროცესში ახალი ჯირკვლოვანი ორგანოს ან ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართვა განაპირობებს. ჯირკვლები არ ჩირქდება.


- გავრცელებული წარმოდგენით, ყბაყურა განსაკუთრებით საშიშია ვაჟებისთვის, რადგან შეიძლება უშვილობის მიზეზად იქცეს. რით აიხსნება ეს მოსაზრება?

- როგორც აღვნიშნეთ, პაროტიტული ინფექცია აზიანებს ჯირკვლოვან ორგანოებს - ყბაყურა და სანერწყვე ჯირკვლებს, კუჭქვეშა ჯირკვალს (პანკრეატიტისთვის დამახასიათებელი სურათი), სასქესო ჯირკვლებს როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში, რაც გამოიხატება პროსტატიტით, ოოფორიტით, მასტიტით, ბართოლინიტით, ორქიტითა და ეპიდიდიმიტით.

სასქესო ჯირკვლების დაზიანება უმეტესად უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში შეინიშნება. პროცესი, ჩვეულებრივ, ამგვარად მიმდინარეობს: სანერწყვე ჯირკვლების ან ცნს-ის დაზიანებიდან 7-8 დღის შემდეგ ვითარდება ორქიტი, რომელიც ათიდან 3 შემთხვევაში ორმხრივია. მისთვის დამახასიათებელია უეცარი დასაწყისი ტემპერატურის მომატებით, შემცივნებით, თავის ტკივილით. სათესლე ჯირკვლები შუპდება და მკვრივდება, კანი შეშუპებული და შეწითლებულია, ხოლო ჯირკვლები - მტკივნეული. ანთებითი მოვლენები 3-5 დღეში ქრება, მაგრამ ზოგჯერ ირღვევა სპერმატოგენეზი (სპერმის წარმოქმნის პროცესი). სრული სტერილურობა იშვიათია. დადგენილია, რომ სპერმატოგენეზის დარღვევა მოსალოდნელია მაშინაც, როცა ინფექცია ორქიტის გარეშე მიმდინარეობს.

  • ჩუტყვავილა

ჩუტყვავილა მწვავე ვირუსული ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს სუსტად გამოხატული ინტოქსიკაციით, ზომიერი ტემპერატურით, კანსა და ლორწოვანზე თანამიმდევრული, ტიპური წვრილი ლაქოვან-ბუშტუკოვანი გამონაყარით. მისი გამომწვევია ადამიანის ჰერპესვირუსი, უფრო სწორად, მისი ერთ-ერთი სახეობა - VZV, ჩუტყვავილა-ზოსტერის ვირუსი. VZV-ით პირველადი ინფექცია იწვევს ჩუტყვავილას, ხოლო ვირუსის ფარული (ლატენტური) არსებობა ზურგის ტვინის უკანა რქების განგლიებში და მისი რეაქტივაცია - სარტყლისებრ ზოსტერინფექციას.

ინფექციის წყაროა ჩუტყვავილათი ან ზოსტერით დაავადებული ადამიანი. ინფექცია გადაეცემა როგორც ჰაერწვეთოვანი, ისე კონტაქტური გზით. ახასიათებს მაღალი კონტაგიოზურობა - ათიდან 9 დაავადებული 10 წლამდე ასაკის ბავშვია, ხოლო მოსახლეობის 96% პრაქტიკულად იმუნურია ამ ინფექციის მიმართ. 2-3 თვის ბავშვები დედისგან მიღებული პასიური იმუნიტეტის წყალობით იშვიათად ავადდებიან. დაავადებას ახასიათებს სეზონურობა, უფრო - შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. ჩუტყვავილა ტოვებს მყარ იმუნიტეტს, განმეორებითი დაავადების ალბათობა 2-3%-ს არ აღემატება. ავადმყოფი გადამდებია გამოყრამდე 1-2 დღის განმავლობაში და 3-7 დღე გამონაყარის გაჩენის შემდეგ. საინკუბაციო პერიოდი 10-21 დღეა.

გამოყრამდე 1-2 დღით ადრე თავს იჩენს უმნიშვნელო სისუსტე. პროდრომულ პერიოდში - დაავადების ძირითადი ნიშნების გამოვლენამდე - ზოგიერთს შესაძლოა ქუნთრუშას ან წითელასმაგვარი გამონაყარი გაუჩნდეს. თავდაპირველად წარმოიქმნება ლაქები ან პაპულები, რომლებიც რამდენიმე საათში გამჭვირვალე ოვალურ ან მრგვალ ბუშტუკებად გადაიქცევა. კანი წითელია. ბუშტუკების შიგთავსი პირველსავე დღეებში იმღვრევა. წარმონაქმნები ადვილად სკდება, სითხე იღვრება და კანი ამ ადგილას ფუფხით იფარება. გამონაყარი უხვია და 3-4 დღეს გასტანს. თავდაპირველად ტანზე ჩნდება, შემდეგ - სახეზე, თავის თმიან ადგილებში, კიდურებზე. ბუშტუკები (ვეზიკულები) ერთკამერიანია, 1-2 დღეში ქრება და მათ ადგილას ჩნდება ბრტყელი ფუფხი, რომელიც უკვალოდ - უნაწიბუროდ ლაგდება, თუმცა ამ ადგილას 2-3 თვეს რჩება მუქი პიგმენტაცია. ლორწოვან გარსებზე - პირის ღრუში (თვალში), კონიუნქტივაზე, ხორხში, სასქესო ორგანოებზე - გამონაყარი მალე იქერცლება და წარმოიქმნება ზედაპირული ეროზიები და წყლულები, რომლებიც 5-7 დღის შემდეგ უკვალოდ ქრება - ლორწოვანი მთლიანად აღდგება.

წითელასაგან განსხვავებით, გამონაყარი არა თანდათანობით (ეტაპობრივად), არამედ ტალღისებურად, 1-2-დღიანი ინტერვალით ჩნდება და პოლიმორფულია. ეს იმას ნიშნავს, რომ კანზე ერთდროულად შეიძლება იყოს როგორც ლაქოვანი, ვეზიკულური, ასევე ფუფხიანი ელემენტებიც.

  • ინფექციური ერითემა ანუ მეხუთე დაავადება

ინფექციური ერითემა უპირატესად სასკოლო ასაკის ბავშვებს ემართებათ. დაავადება მიმდინარეობს ინტოქსიკაციის გარეშე, დამახასიათებელი გამონაყარით, რომელიც იღებს ბადისებრ სახეს. მისი გამომწვევია პარვოვირუსი. ინფექცია ჰაერწვეთოვანი გზით გადაედება. ახასიათებს სუსტი კონტაგიოზურობა. ავადმყოფი გადამდებია გამონაყარის წინა პერიოდში. დაავადება იწყება პროდრომული პერიოდის გარეშე, ნორმალური ან სუბფებრილური ტემპერატურის ფონზე. დამახასიათებელი გამონაყარი ჩნდება სამ ეტაპად. თავდაპირველად ყალიბდება მკაფიო ერითემა (წითელი ლაქა) ლოყებზე - ე.წ. ალიყურის სინდრომი. ამის შემდეგ გამონაყარი ედება ტანსა და კიდურებს. მცირე ზომის ელემენტები დიდდება და ერთმანეთს უერთდება. ცხვირის წვერის, ცხვირისა და ტუჩების ირგვლივ კანი ფერმკრთალი რჩება. გამონაყარი გაფერმკრთალებას ცენტრიდან იწყებს და ბადისებრი ხდება, ახასიათებს ქავილი, თუმცა არ იქერცლება. გამონაყარი გრძელდება 2-დან 39 დღემდე; გადაღლილობის, სტრესის ფონზე, ასევე - ცხელი აბაზანის შემდეგ შესაძლოა მოიმატოს.


  • პოლიომიელიტი

პოლიომიელიტი იგივეა, რაც ბავშვთა სპინალური დამბლა. მისთვის დამახასიათებელია ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენები და ნერვული სისტემის დაზიანება პერიფერიული ტიპის დამბლით. გამომწვევია ენტეროვირუსის ერთ-ერთი სახეობა. ინფექციის წყაროა როგორც ავადმყოფი, ისე ვირუსმატარებელი. ვირუსი გარემოში ხვდება ცხვირ-ხახიდან, ფეკალიებიდან (ვირუსის გამოყოფა ზოგჯერ 1-2 კვირაში სრულდება, ზოგჯერ კი თვეობით გრძელდება). აქედან გამომდინარე, პოლიომიელიტის გამომწვევი ვრცელდება როგორც ჰაერწვეთოვანი, ისე ფეკალურ-ორალური გზით. სწორედ ეს უკანასკნელი მიიჩნევა ინფექციის გადაცემის მთავარ გზად.

გარკვეული ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა ენიჭება ვირუსის გამოყოფას წყალში. პოლიოვირუსის მიმართ ადამიანი ყველა ასაკში მგრძნობიარეა, მაგრამ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან 5 წლამდე ასაკის ბავშვები. შემდგომ ადამიანი ვირუსის ფართო ცირკულაციის გამო იმუნიტეტს იძენს. ერთ ავადმყოფზე (იგულისხმება დამბლით მიმდინარე შემთხვევა) 200-ამდე ვირუსმატარებელი, ანუ უსიმპტომო ფორმით დაავადებული მოდის. დედისგან მიღებული პასიური იმუნიტეტის წყალობით 3-4 კვირის ბავშვებს დაავადება პრაქტიკულად არ ემართებათ.

XX საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო პოლიომიელიტის ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია სოლკის ინაქტივირებული ვაქცინით, მერე კი - სებინის ცოცხალი ვაქცინით. ამის წყალობით პოლიომიელიტით ავადობა 100-ჯერ შემცირდა და იქ, სადაც ვაქცინაცია რეგულარულად ტარდებოდა, მხოლოდ ერთეული (სპორადული) შემთხვევები შეინიშნება. ზომიერი კლიმატის მქონე ქვეყნებში (მაგალითად, საქართველოში) დაავადება უმთავრესად სექტემბერ-ოქტომბერში ვრცელდება, ზამთარში კი უფრო იშვიათია. ტროპიკულ ქვეყნებში ინფექციას სეზონურობა არ ახასიათებს. საინკუბაციო პერიოდი მერყეობს 2-დან 35 დღემდე, საშუალოდ - 10-12 დღე. დამბლით მიმდინარე პოლიომიელიტის შემთხვევებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება სპინალური ფორმა, რომელსაც ახასიათებს კიდურების, ტანის, კისრის, დიაფრაგმის დამბლა. პარალიზური ფორმის დროს პროგნოზი დამოკიდებულია პარეზის სიღრმეზე. ათიდან 2-4 შემთხვევაში ორგანოთა ფუნქცია აღდგება.

- რამდენად უსაფრთხოა ვაქცინაცია და რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს მასზე უარის თქმას?

- დაავადების საწინააღმდეგო სპეციფიკური პროფილაქტიკა ტარდება OPV-პოლიომიელიტის ატენუირებული ვაქცინით (სებინის ვაქცინა). ვაქცინაციის სქემა ითვალისწინებს პირის ღრუში მის ჩაწვეთებას 2-3-4 თვის ასაკში. რევაქცინაცია ტარდება 18 თვისა და 5 წლის ასაკში. არ არის გამორიცხული მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ვაქცინაციასა და პარალიზურ პოლიომიელიტს შორის, თუმცა ასეთი შემთხვევები გამონაკლისებად მიიჩნევა.

ჯანდაცვის მსოფლიო სპეციალური კომიტეტის მონაცემებით, აცრილისთვის რისკის ხარისხი ძალზე დაბალია - 0,087-დან 2,288-მდე შემთხვევა 1 მლნ ვაქცინირებულზე, ხოლო 0,135-დან 0,645-მდე შემთხვევა - კონტაქტში მყოფთათვის. აუცილებელია, ვაქცინაციამ სრულად მოიცვას მოსახლეობის სათანადო კონტინგენტი - ეს მაქსიმალურ კოლექტიურ იმუნიტეტს უზრუნველყოფს. აუცილებელია, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ინფორმაცია მიიღოს ყველა დუნე დამბლის შესახებ და მასალა გამოსაკვლევად გაიგზავნოს მისსავე ლაბორატორიაში. აცრაზე უარის თქმა კი არა მხოლოდ პოლიომიელიტის, არამედ არც ერთი დაავადების შემთხვევაში არ არის გამართლებული.

მშობლებო, გახსოვდეთ: თქვენ პასუხს აგებთ შვილის ჯანმრთელობაზე. ნუ წაართმევთ მას ჯანმრთელი, სრულფასოვანი სიცოცხლის უფლებას!

- მოდით, აქვე შევახსენოთ მშობლებს პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი და კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ვაქცინაციის მნიშვნელობას.

- ვაქცინაცია-იმუნიზაცია კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, იმუნიზაცია ყოველწლიურად მილიონობით ბავშვს იცავს ისეთი საშიში ინფექციებისგან, როგორებიც არის წითელა, წითურა, ყივანახველა, ყბაყურა, A ჰეპატიტი, პოლიომიელიტი, გრიპი, დიფტერია, ტეტანუსი... ეფექტის მისაღებად აუცილებელია, ბავშვებს დროულად ჩაუტარდეთ ვაქცინაციის სრული კურსი დადგენილი ვადების შესაბამისად. ინფექციებისგან ბავშვის სრულყოფილად დაცვის მიზნით ვაქცინაციის პირველი კურსი დაბადებიდან ორ წლამდე უნდა დასრულდეს. ამ ასაკისთვის ბავშვს გაკეთებული უნდა ჰქონდეს:

1 BCG (ტუბერკულოზი), 4 DPT (დიფტერია-ყივანახველა-ტეტანუსი), 4 OPV (პოლიომიელიტი), 1 წითელა, 1 ყბაყურა, 1 წითურა, 3 B ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრა.

ერთი ვიზიტის დროს პოლიკლინიკაში ერთდროულად რამდენიმე აცრა ტარდება.

გვახსოვდეს: თუ აცრისთვის დანიშნულ დღეს ბავშვს ახველებს, აცემინებს, აქვს სურდო, 38,5 გრადუსამდე სიცხე ან დიარეა (ნაწლავთა აშლილობა), ვაქცინაციის კურსის დაწყება ნებადართულია ექიმის კონტროლით. არამც და არამც არ შეიძლება აცრების გადადება ცრუ უკუჩვენების გამო.

აცრის შემდეგ 1-3 დღე ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსამდე მოიმატოს, შეინიშნებოდეს ზოგადი აღგზნება, ანაცერის შეწითლება, შეშუპება და მტკივნეულობა. ნუ შეგეშინდებათ - ეს ორგანიზმის ბუნებრივი რექციაა და მისი იმუნური სისტემის სიჯანსაღეზე მეტყველებს. სხვა გართულების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

აცრის ერთ-ერთი უკუჩვენება ბავშვის მომატებული მგრძნობელობა - ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილებაა. თანამედროვე ვაქცინები უსაფრთხოა, თუმცა ყველას ახასიათებს გვერდითი რეაქციები და აცრის შემდგომი გართულებების გარკვეული, თუმცაღა ინდივიდუალური რისკი. მაგრამ თვით დაავადებასა და მის შედეგებთან შედარებით ეს რისკი იმდენად უმნიშვნელოა, რომ ვაქცინაციის აუცილებლობა დავის საგანი აღარ უნდა გახდეს.