News

ალბერტის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ კვერცხი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებსაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოსგან ორგანიზმის დაცვის უნარი შესწევთ. მკვლევართა დასკვნით, კვერცხის გული შეიცავს ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ორ ამინმჟავას - ტრიპტოფანსა და თიროზინს. სპეციალისტებმა გამოთვალეს, რომ ანტიოქსიდანტური მაჩვენებლებით ორი უმი კვერცხის გული თითქმის ორჯერ აღემატება ვაშლს და შეესატყვისება 25 გ შტოშს. კვერცხის შეწვის ან მოხარშვის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 50%-ით მცირდება, მიკროტალღურ ღუმელში მომზადებისას კი უფრო მეტად. ამჟამად მეცნიერები კვერცხში შემავალი ანტიოქსიდანტების გამოყოფას ცდილობენ.
ახლა მათი ინტერესის საგანია კაროტინოიდები და პეპტიდები, რომლებიც კვერცხის გულს ყვითელ ფერს აძლევს. რამდენიმე ხნის წინ გაირკვა, რომ ფერმენტების ზემოქმედებით კვერცხის პროტეინები კუჭსა და წვრილ ნაწლავში გარდაიქმნება და სათავეს უდებს პეპტიდების გამომუშავებას, რომლებიც სისხლის წნევის დამაქვეითებელი საშუალებების მსგავსად მოქმედებს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ამ პეპტიდებს ანტიოქსიდანტური თვისებები აქვთ.
მეხსიერებისათვის მნიშვნელოვანია არა ხანგრძლივი, არამედ უწყვეტი ძილი
თაგვებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ძილის დარღვევა გავლენას ახდენს მეხსიერებაზე - ძილის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში ცხოველები ძლივს ახერხებდნენ ნაცნობი საგნების ამოცნობას. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები ალცჰაიმერის დაავადებისა და ძილის აპნოეს შედეგად თავჩენილ პრობლემებს.
ცნობილია, რომ ძილის დროს ტვინი "გადააფასებს" მთელი დღის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს და წყვეტს, რომელი მათგანი დარჩეს მეხსიერებაში. ამჯერად მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს არა ძილის ხანგრძლივობაზე, არამედ მის ფრაგმენტულობაზე (წყვეტილობაზე) და შეისწავლეს ტვინის ის უჯრედები, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ ძილის რეჟიმიდან ღვიძილის რეჟიმზე გადართვაში.
მკვლევრები მძინარე თაგვების ტვინში სინათლის სხივის იმპულსებს გზავნიდნენ და ამგვარად აფხიზლებდნენ მათ, მაგრამ მთლიანობაში ძილის ხანგრძლივობაზე, ხარისხსა და სტრუქტურაზე ზემოქმედებას არ ახდენდნენ. ამის შემდეგ თაგვები ჩასვეს ყუთში, რომელშიც ერთი ნაცნობი და ერთი უცნობი საგანი ეწყო. თაგვებს ორივე მათგანის შესასწავლად ერთნაირი დრო დასჭირდათ. გამოკვლევის ავტორი დოქტორი ლუი დე ელეცეა ასეთ კომენტარს აკეთებს: "ძილის უწყვეტობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მრავალი პათოლოგიური მდგომარეობისა, რომლებიც გავლენას ახდენენ მეხსიერებაზე. დარწმუნებულნი ვართ, რომ ძილის ხანგრძლივობაზე მნიშვნელოვანი მისი უწყვეტობაა, განსაკუთრებით - მეხსიერების კონსოლიდაციის თვალსაზრისით".
მეცნიერებმა ჰეროინის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს
სკრიფსის ინსტიტუტის თანამშრომლებმა შექმნეს და ცხოველებზე გამოსცადეს უნიკალური ვაქცინა, რომელიც ნარკომანებს ჰეროინზე დამოკიდებულებისაგან გაათავისუფლებს. ეს ვაქცინა ნარკოტიკული თრობის თავიდან ასაცილებლად იმუნურ სისტემას ჰეროინის გადამუშავების შეწყვეტას ასწავლის. გამოკვლევის წამყვანი ავტორი, კიმ იანდი, ამბობს, რომ ნარკოტიკების საწინააღმდეგო ვაქცინებზე მუშაობისას ის არასოდეს შეხვედრია ასეთ ძლიერ იმუნურ პასუხს.
იანდს იმედი აქვს, რომ ახალი ვაქცინა ჰეროინზე დამოკიდებულების დაძლევის მსურველთათვის მეტად ეფექტური სამკურნალო საშუალება გახდება. უნდა ითქვას, რომ იანდსა და მის კოლეგებს უკვე აქვთ შექმნილი კოკაინის, მეტამფეტამინისა და ნიკოტინის საწინააღმდეგო ვაქცინები. ყოველი მათგანის მუშაობის პრინციპი ერთნაირია: აიძულებს იმუნურ სისტემას, მოახდინოს ნარკოტიკული ნივთიერების მოლეკულის იდენტიფიკაცია და მისი მეტაბოლიზმის ბლოკირება. ამჟამად ეს ვაქცინები კლინიკურ გამოცდას გადის.
ჰეროინის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისას მეცნიერები რამდენიმე სირთულეს წააწყდნენ. ჯერ ერთი, ჰეროინი ორგანიზმში სწრაფად იშლება რამდენიმე ფსიქოაქტიურ ნივთიერებად. ამ პრობლემას მეცნიერები დინამიკურად მიუდგნენ: სცადეს, იმუნური სისტემისთვის ეიძულებინათ ზემოქმედება არა მხოლოდ ჰეროინზე, არამედ მის წარმოებულებზეც - 6-აცეტილმორფინსა და მორფინზე, რომლებიც ადვილად აღწევენ ტვინში. სტრუქტურით ჰეროინის მსგავს ჰაპტენის მოლეკულებზე მიმაგრებულ იქნა ჰემოციანინის საფუძველზე სპეციალურად შექმნილი ცილა KLH. მიღებული მოლეკულები შეურიეს დამხმარე ნივთიერებას, რის შედეგადაც ორგანიზმში ვაქცინის მოლეკულები ნელა იშლებოდა 6-აცეტილმორფინისა და მორფინის მსგავს ნივთიერებებად. მათ საპასუხოდ იმუნურმა სისტემამ ანტისხეულების პროდუცირება ისწავლა.
ვაქცინა წარმატებით გამოსცადეს ვირთაგვებზე - ვაქცინაციის შემდეგ მღრღნელების ორგანიზმში სწრაფად გამომუშავდებოდა პოლიკლონური ანტისხეულები, რის შედეგადაც ვირთაგვებს საგრძნობლად შეუსუსტდათ ნარკოტიკებისადმი ლტოლვა და ნარკოტიკული თრობის ხარისხი.
უნდა ითქვას ისიც, რომ ჰეროინის საწინააღმდეგო ვაქცინა ბიძგს აძლევს ანტისხეულების გამომუშავებას მხოლოდ ჰეროინისა და 6-აცეტილმორფინის წინააღმდეგ და უძლურია ოპიოიდური ჯგუფის სხვა ნარკოტიკების, მათ შორის - მეტადონისა და ნალოქსონის მიმართ.
რატომ აკლდებათ თვალისჩინი მოზარდებს
ახლომხედველობის ეპიდემია, რომელიც აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ბობოქრობს, არა მარტო ევროპას, არამედ ჩვენს ქვეყანასაც ემუქრება. მედიკოსებს ბოლო დრომდე ეგონათ, რომ სინგაპურში, იაპონიაში, ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებში მიოპიის გავრცელება ამ ქვეყნების მკვიდრთა გენეტიკური მიდრეკილებით იყო განპირობებული, მაგრამ ამას წინათ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მიზეზი გენეტიკური განწყობა კი არა, ცხოვრების ნირია.
ჩამოთვლილი ქვეყნების მცხოვრებლები, განსაკუთრებით - ბავშვები, მეტისმეტად ბევრ დროს ატარებენ შენობებში - კომპიუტერებთან, ტელევიზორებთან, წიგნებთან. ასეთ დროს თვალი ფორმას იცვლის, რათა მცირე მანძილზე ფოკუსირება გაიადვილოს, სამაგიეროდ, თანდათან უძნელდება დიდ მანძილზე ფოკუსირება. შედეგად მიოპია ჭეშმარიტად საშიშ მასშტაბს იძენს. მაგალითად, სინგაპურში მოსახლეობის თითქმის 80% 18 წლამდე ხდება ახლომხედველი. ეს მაშინ, როცა 30 წლის წინ ასეთი ადამიანების რიცხვი 25%-ს თუ აღწევდა.
ადგილობრივი პოლიცია და სხვა სამსახურები ნორმალური მხედველობის მქონე ადამიანების დეფიციტს განიცდიან. გარდა ამისა, გაიზარდა მაღალი ხარისხის მიოპიის მქონე ახლომხედველების რიცხვი, რომელიც ხშირად სიბრმავით მთავრდება.
იაპონიაში ბავშვების დაახლოებით 70%-ს აქვს ეს პათოლოგია. ახლომხედველობის მაჩვენებელი მეტისმეტად მაღალია (80%) 14-18 წლის ბიჭებში, ისრაელში სკოლებში, სადაც დიდი დრო ეთმობა რელიგიური ტექსტების კითხვას.
მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ახლომხედველობის "ეპიდემია" უახლოეს დროში ევროპასაც მოედება, რადგან ევროპელი ბავშვები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ კომპიუტერთან, ტელევიზორსა და წიგნებთან. დღეს მიოპიით დაავადებულია ყოველი მესამე მოსწავლე და ეს, პირველ რიგში, მშობლებისა და მასწავლებლების ბრალია, რომლებიც ყურადღებას არ აქცევენ, როგორ კითხულობს ბავშვი.
მიოპია რომ არ განვითარდეს, ტექსტი თვალებიდან 40 სმ-ით მაინც უნდა იყოს დაშორებული, მოზარდების უმეტესობას კი ცხვირი ზედ ტექსტზე უდევს. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რამდენი ლიტერატურის დამუშავება ევალებათ ბავშვებს დღეს სკოლაში, გასაკვირი აღარ მოგვეჩვენება, რომ მათ მხედველობა უფუჭდებათ და იძულებული ხდებიან, სათვალე ატარონ.