News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ჩინეთში დეპრესიის სამკურნალო უნიკალური თერაპიული აპარატი შექმნეს. მას კომპანია Aobo Medicine Apparatus-ი აწარმოებს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეს აპარატი აერთიანებს ტრანსკრანიალურ მაგნიტურ სტიმულაციას (ტმს) და მუსიკალურ თერაპიას.

ოფიციალური რეკომენდაციების თანახმად, მისი გამოყენება შეიძლება დეპრესიის მსუბუქი და ზომიერი ფორმების დროს. ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია - ეს არის თავის ტვინის ქერქის არაინვაზიური სტიმულაციის მეთოდი, რომელიც ხორციელდება მოკლე მაგნიტური იმპულსების ხარჯზე და არ იწვევს ტკივილს. ასეთი სტიმულაციის შედეგად ხდება ნეირონების დეპოლარიზაცია, რაც ტვინის ნერვების ფუნქციათა აღდგენას განაპირობებს.

აპარატი სამი ძირითადი ნაწილისგან: ტრანსკრანიული მაგნიტური სტიმულატორისგან, ბგერითი სიხშირეების გენერატორისა და ტვინის ტალღების სტიმულატორისგან - შედგება. მაგნიტური ტალღა და ბგერითი სიგნალი ასტიმულირებს ტვინის და თვით ადამიანის სხეულის ბგერით სისტემას, რათა შეათანხმოს ცენტრალური ნერვული სისტემის აქტივობა. გარეგნულად აპარატი ყურსასმენებს ჰგავს.

მადის დამთრგუნველი 5 სანელებელი

დიეტოლოგებმა დაასახელეს 5 სახის სანელებელი, რომლებიც მადის დაქვეითებას უწყობს ხელს და, აქედან გამომდინარე, ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლაში დაგვეხმარება.

1. დარიჩინი - ხელს უწყობს სისხლში შაქრის სტაბილური დონის შენარჩუნებას და ამით ამცირებს ტკბილის მოთხოვნილებას (სწორედ გლუკოზის დონის ცვალებადობაა მადის გაძლიერების მიზეზი), ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას. დიეტოლოგები გვირჩევენ, დარიჩინი დავუმატოთ ჩაის, ხაჭოს, იოგურტს ან მოვაყაროთ ღუმელში შესაწვავად გამზადებულ ვაშლს. მთავარია, გამოვიყენოთ დარიჩინის ჩხირები და არა ფხვნილი, რომელსაც, ჩვეულებრივ, შაქრის ფხვნილს ურევენ.

2. ვანილი - იგი შოკოლადზე დამოკიდებულებისგან გაგვათავისუფლებს, რაც ძალიან კარგია, რადგან შოკოლადი სიმსუქნის გამომწვევი ერთ-ერთი პროდუქტია. როგორც კი იგრძნობთ შოკოლადის შეჭმის დაუძლეველ სურვილს, დააყენეთ ვანილიანი ჩაი ან დაანთეთ ვანილისარომატიანი სანთელი.

თუ ვანილის ფხვნილის ნაცვლად ვანილის ჩხირების გამოყენებას დააპირებთ, ფრთხილად იყავით, რადგან დოზის გადაჭარბება ადვილია!

3. მწვანე ვაშლი - მისი არომატი შიმშილს თრგუნავს, თანაც ნაკლებად კალორიულია, ვიდრე, მაგალითად, პიცის ან ხაჭაპურის ნაჭერი. ისეც ხდება, რომ მჟავე ვაშლი მადას აღვიძებს, ამიტომ ჯობს, მხოლოდ დაყნოსოთ. ჭამით კი უმჯობესია ღუმელში შემწვარი მიირთვათ.

4. წიწაკა ჩილი - თუ სადილს ერთ მწიკვ მწარე წიწაკას დაუმატებთ, გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, უფრო მალე დანაყრდებით. გარდა ამისა, წითელი წიწაკის შემადგენლობაში არსებული კაფსაიცინი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.

5. პიტნა - შიმშილს ადვილად გაუძლებთ, თუ კარგად გაიხეხავთ კბილებს პიტნის შემცველი პასტით. პიტნის ჩაისთან კი ფრთხილად იყავით - ის, პირიქით, აძლიერებს მადას.

ახალი სისტემა ვარიკოზისგან 20 წუთში გაგათავისუფლებთ

დიდ ბრიტანეთში სულ უფრო პოპულარული ხდება ვენების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობის ახალი, სწრაფი და მინიმალურად ინვაზიური სისტემა ClariVein-ი. ვარიკოზული დაავადების ტრადიციული მკურნალობა გულისხმობს სხეულზე გაკეთებული განაკვეთიდან დაზიანებული სისხლძარღვის გარეთ გამოქაჩვას. ამ ტექნოლოგიას კანქვეშა ვენის ექსტირპაცია ეწოდება. ეს საკმაოდ სერიოზული ქირურგიული ჩარევაა და ექვსკვირიან რეაბილიტაციას მოითხოვს.

ახალი სისტემა გულისხმობს ვენაში კათეტერით წამლის შეყვანას, რაც ვენის დახშობის საშუალებას იძლევა. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ადგილობრივი ანესთეზია, მანიპულაციის შემდეგ კი პაციენტს შეუძლია, შინ წავიდეს.

ლაზერისგან განსხვავებით, რომელსაც ზოგჯერ ასევე იყენებენ ვენის დასახშობად, ClariVein-ი არ ახდენს სითბურ ზემოქმედებას, აქედან გამომდინარე, არ არსებობს ნერვების დაზიანების საშიშროება, თანაც პროცედურა იმდენად მაღალი სიზუსტით ხორციელდება, რომ პაციენტებს მისი დასრულების შემდეგ ტკივილიც კი აღარ აწუხებთ.

ClariVein-სისტემით ქირურგიული მანიპულაცია ასე ხორციელდება: ქირურგი აკეთებს მცირე ზომის განაკვეთს შებერილი ვენის ზევით ან ქვევით. განაკვეთიდან ვენაში შეჰყავთ მოტორიზებულ დაბოლოებაზე მიერთებული წვრილი კათეტერი. აპარატის ჩართვისას კათეტერი იწყებს ბრუნვას წუთში 3500 ბრუნის სიჩქარით, რაც ვენის შიდა კედლის უმნიშვნელო დაზიანებას და შედეგად სისხლძარღვის ჩაჩუტვას იწვევს. კათეტერის უკან გამოტანისას იქიდან გამოიფრქვევა წამალი - ibro-Vein-ი. სწორედ ეს პრეპარატი იწვევს ვენის საბოლოო დახშობას. ოპერაცია 20 წუთს გრძელდება. ოპერაციის შემდეგ პაციენტს ხუთი დღის განმავლობაში - ბანდაჟის, ხოლო მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კომპრესიული წინდების ტარებას უნიშნავენ.

ამერიკელებს ბავშვების აყვანა სანატრელი გაუხდებათ?

ამერიკის მოქალაქეებზე ჩინელი ბავშვების გაშვილება შეიზღუდა. ამერიკელი აგენტები, რომლებიც შვილად აყვანის საქმეებს მართავენ, აცხადებენ, რომ ახალი ნორმატივები მათი კლიენტების მეოთხედს მაინც შეეხება. ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქვეყანაა ამერიკისა და ევროპის იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც საზღვარგარეთ ეძებენ ბავშვებს შვილად ასაყვანად. ბოლო ხანს ჩინეთში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, ამიტომ ობლების რიცხვმა შესამჩნევად იკლო. შესაბამისად, გასაშვილებელ ბავშვებზე მოთხოვნა გაიზარდა.

კანონის თანახმად, რომელიც 2007 წელს ამოქმედდა, ბავშვის აყვანის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: იყოს 30-დან 50 წლამდე ასაკის, ოფიციალურად იყოს დაქორწინებული, გაყრილი იყოს არა უმეტეს 2-ჯერ.

ამავე კანონით, ბავშვის შვილად აყვანის უფლებას არ მისცემენ:

  • ჭარბწონიან ადამიანებს, რომელთა მასის ინდექსი 40-ს აღემატება;
  • ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად იღებენ ანტიდეპრესანტებს ან ტრანკვილიზატორებს;
  • ერთსქესიან წყვილებს.

პომიდორი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან დაგიცავთ

ავსტრალიის ქალაქ ადელაიდის უნივერსიტეტში გამოკვლევის შედეგად დაადგინეს, რომ თუ ადამიანი ყოველდღე მიირთმევს პომიდორს, ამით ხელს შეუწყობს სისხლში ქოლესტერინის დონისა და არტერიული წნევის დაქვეითებას, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესანიშნავი პრევენცია იქნება. დიდი ხანია ამბობენ, რომ პომიდვრის წითელ პიგმენტს, ლიკოპინს, ჯანმრთელობისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს.

მეცნიერებმა გააანალიზეს უკანასკნელი 55 წლის განმავლობაში სისხლში ქოლესტერინის დონისა და არტერიული წნევის შესასწავლად ჩატარებული 14 გამოკვლევის შედეგები და დაასკვნეს, რომ თუ ადამიანი ყოველდღე მიიღებს 25 მგ ლიკოპინს, სისხლში ქოლესტერინის დონე 10%-ით დაუქვეითდება. ამისთვის ყოველდღე უნდა დავლიოთ 500 მლ ტომატის წვენი ან ვჭამოთ 50 გ ტომატ-პასტა. შედეგი შეიძლება შევადაროთ იმ წამლების ეფექტს, რომლებსაც ექიმები, ჩვეულებრივ, ქოლესტერინის მომატებისას უნიშნავენ თავიანთ პაციენტებს.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ თერმული წესით დამუშავებული პომიდვრიდან ლიკოპინს ორგანიზმი უკეთ ითვისებს.

სიცოცხლის გამამხნევებელი ნარევი

მილანის უნივერსიტეტში შექმნეს ამინმჟავების ნარევი, რომელმაც საცდელ თაგვებს სიცოცხლე 12%-ით გაუხანგრძლივა. ექსპერიმენტის მსვლელობისას ჯანმრთელ ზრდასრულ მღრღნელებს აძლევდნენ წყალს, რომელსაც დამატებული ჰქონდა სამი ამინმჟავა - იზოლეიცინის, ვალინის და ამინოიზოკაპრონის (ლეიცინის) მჟავები. ცხოველებმა, რომლებიც ამ კოქტეილს სვამდნენ, საშუალოდ 869 დღე იცოცხლეს, ხოლო მათ, რომლებსაც ჩვეულებრივ წყალს აძლევდნენ - მხოლოდ 774 დღე.

ამინმჟავებიანი წყლის მსმელი თაგვების ორგანიზმში მოხდა დადებითი ცვლილებები: გაუმჯობესდა ქსოვილების ენერგეტიკული უზრუნველყოფა, ნაკლებად აქტიური გახდა თავისუფალი რადიკალების მონაწილეობით მიმდინარე ჟანგვითი პროცესები, გაიზარდა მღრღნელების აქტიურობა, მოხდა მოძრაობის კოორდინაციის სრულყოფა.

თავისუფალ რადიკალებს უწოდებენ ნივთიერებათა დაშლის პროდუქტებს, რომლებიც მეტაბოლიზმის პროცესში წარმოიქმნება. მათ მრავალი დაავადების მიზეზად მიიჩნევენ. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ორგანიზმი სწორედ თავისუფალი რადიკალების გამო ბერდება.


მინის მიღმა დაბერებული კანი

ცნობილია, რომ მზის სხივების უშუალო ზემოქმედება ნაოჭებს აჩენს. ახლახან კი გაირკვა, რომ კანის ნაადრევი დანაოჭებისგან არც ის ადამიანები არიან დაზღვული, რომლებიც ბევრ დროს ატარებენ ავტომობილის საჭესთან ან ფანჯარასთან. მინის გავლით კანზე მოხვედრილმა ულტრაიისფერმა სხივებმა შესაძლოა ისეთი ღრმა დაზიანება გამოიწვიოს, რომ სახის ის ნახევარი, რომელიც ფანჯრისკენ არის მიქცეული, დროთა განმავლობაში მეორე ნახევართან შედარებით რამდენიმე წლით უფროსს დაემსგავსოს.

შემოდგომის მზის სხივების დამაბერებელი ეფექტიც გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე ეგონათ. საფრანგეთში, ბეზანსონის საუნივერსიტეტო კლინიკაში, მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ ჩვეულებრივი მინა, რომელიც ბლოკავდა B სპექტრის ულტრაიისფერ სხივებს, ატარებდა ულტრაიისფერი გამოსხივების A სპექტრს. როგორც ცნობილია, სწორედ ეს უკანასკნელი იწვევს კანის დამწვრობასა და დაბერებას. კანზე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად დაბერების პროცესი 2-ჯერ სწრაფად მიმდინარეობს. შედეგად კანზე ჩნდება ნაოჭები, რომლებიც განსაკუთრებით ღრმა და შესამჩნევია თვალების ირგვლივ, ცხვირსა და პირთან.

დიდ ბრიტანეთში ლანკასტერის უნივერსიტეტთან არსებული ჯანდაცვისა და სამედიცინო სკოლის სპეციალისტებმა კი დაადგინეს, რომ A სპექტრის ულტრაიისფერი გამოსხივების მცირე დოზა, რომელიც ერთი ბრიტანელის მიერ შემოდგომის ჩვეულებრივ დღეს მიღებული დასხივების ეკვივალენტურია, 50-ჯერ ზრდის ე.წ. ფოტოდაბერებაში (ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით კანის ნაადრევი დაბერება) მონაწილე გენების ექსპრესიას.

ფოტოდაბერების ნიშნებია მუქი ლაქები, ნაოჭები, უხეში და დაშვებული კანი, სისხლძარღვების დასკდომა.

ბროკოლი კანს იცავს

ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ ბროკოლის, კომბოსტოს ერთ-ერთი სახეობის, ექსტრაქტი კანს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან იცავს. ბროკოლის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები ხელს უშლის კანის გაწითლებასა და შეშუპებას.

თაგვებზე წარმატებით ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა გადაწყვიტა, ბროკოლის ექსტრაქტი ადამიანებზე გამოეცადა. გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო ექვსმა ჯანმრთელმა მოხალისემ. მათ კანის არცთუ ისე დიდ უბანზე უსვამდნენ სხვადასხვა კონცენტრაციის ექსტრაქტს, მერე კი ამ ადგილებს ულტრაიისფერი სხივების გამომცემი სპეციალური ნათურით ასხივებდნენ. ბროკოლის ექსტრაქტმა 37%-ით შეამცირა სიწითლე და დამწვრობის სხვა გამოვლინებები, თუმცა გამოკვლევის მონაწილეებზე მისი დამცველობითი მოქმედება არაერთგვაროვანი აღმოჩნდა. მეცნიერები ამას ადამიანების გენეტიკური თავისებურებით, ასევე - კვებითი ჩვევებისა და კანის მგრძნობელობის სხვადასხვაობით ხსნიან.

მეცნიერთა აზრით, ბროკოლის დამცველობით მოქმედებას სულფორაფანი განაპირობებს. ეს ნივთიერება უჯრედულ დონეზე მოქმედებს. კერძოდ, ასტიმულირებს კანში განსაკუთრებული ტიპის ცილების წარმოქმნას, რომლებიც მას რამდენიმე დღის განმავლობაში იცავენ ულტრაიისფერი სხივებისგან.

ამასთანავე, მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სულფორაფანს არ გააჩნია მზის სხივების შთანთქმის უნარი და მზისგან დამცავ კრემებს ვერ შეცვლის. ულტრაიისფერი სხივები, როგორ იცით, კანის კიბოს განვითარების ხელშემწყობი საკმაოდ ძლიერი ფაქტორია. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ბროკოლის ექსტრაქტი კანს მხოლოდ დამწვრობისგან კი არ დაიცავს, არამედ ავთვისებიანი სიმსივნის წარმოშობის ალბათობასაც შეამცირებს.

მოზარდებს სოლარიუმში გარუჯვა ეკრძალებათ

სოლარიუმები, გასარუჯი ნათურები და სხვა სახის ხელოვნური ულტრაიისფერი გამოსხივება საგრძნობლად ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს, - განაცხადა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიასთან არსებული სამომხმარებლო საქონლის ხარისხის შემფასებელი სამეცნიერო კომიტეტის წარმომადგენელმა, - გასარუჯი აპარატების მწარმოებელთათვის გამოსხივების ზღვარი სადღეისოდ არ არსებობს. შედეგად იქმნება მოწყობილობები, რომლებსაც, უხეშად რომ ვთქვათ, შეუძლია, ადამიანი გოჭივით დაბრაწოს".

ევროკომისიის მონაცემებით, ხელოვნური ულტრაიისფერი სხივების ჭარბი ზემოქმედებით გამოწვეული ონკოლოგიური დაავადებებით მარტო დიდ ბრიტანეთში ყოველდღიურად დაახლოებით 100 კაცი იღუპება. მაღალი რისკის ჯგუფში შედიან მოზარდები და ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ონკოლოგიური დაავადებით დატვირთული მემკვიდრეობა ან დარღვეული აქვთ კანის პიგმენტაცია.

ევროკომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსივობაზე ლიმიტის დაწესება, ხოლო სოლარიუმებში 18 წლამდე ასაკის მოზარდთა შეშვება კატეგორიულად უნდა აიკრძალოს.

მზე, ვარსკვლავები და ფრენის საფრთხე

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ფრენის დროს ადამიანი კოსმოსური ენერგიის ზემოქმედებას განიცდის. ამ ენერგიის წყაროა მზე და ვარსკვლავები. რადიაცია ფრენის ადგილსა და სიმაღლეზეა დამოკიდებული. რაც უფრო ახლოს ხართ სამხრეთ ან ჩრდილოეთ პოლუსთან და რაც უფრო მაღლა ფრენთ, მით უფრო მაღალია რადიაციის დონე. ადამიანებმა, რომლებიც ხშირად ფრენენ, სტიუარდესებმა, აგრეთვე - ორსულებმა, ეს უნდა გაითვალისწინონ, რადგან შესაძლოა, დასაშვებზე მეტი დასხივება მიიღონ.

ენერგოდამზოგველი ნათურები კანზე სიწითლეს აჩენს

ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის სააგენტოს ექსპერტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ენერგიის დამზოგველი ნათურების მიმართ სიფრთხილე გამოიჩინონ - მათი გამოსხივება კანზე სიწითლეს აჩენს. განსაკუთრებული სიფრთხილე კი მგრძნობიარე კანის პატრონებსა და დერმატოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს მოეთხოვებათ. გაფრთხილება ეხება მხოლოდ "ღია" ენერგოდამზოგველ ნათურებს, რომლებშიც სპირალი ჩანს.

გამოკვლევამ ცხადყო, რომ ნათურა გამოსცემს იმდენივე ულტრაიისფერ გამოსხივებას, რამდენიც შეიძლება მიიღოს ადამიანმა ღია ცის ქვეშ ზაფხულის მზიან დღეს. სპეციალისტების აზრით, ამ გამოსხივებას შეუძლია კანი გააღიზიანოს, მაგრამ კიბოს რისკს არ ზრდის. კანის შეწითლება მოსალოდნელია, როცა ენერგოდამზოგველი ნათურა 1 საათზე მეტხანს არის მოთავსებული ადამიანის სხეულთან 30 სმ-ზე ან უფრო ახლოს, ამიტომ ასეთი ნათურების მავნე გავლენას უმეტესად იუველირები და ისეთი პროფესიის წარმომადგენლები განიცდიან, რომლებიც სინათლის წყაროსთან ახლოს დიდხანს მუშაობას მოითხოვს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე გავლენისგან თავის დასაცავად სრულიადაც არ არის აუცილებელი ენერგიის დამზოგველ ნათურებზე უარის თქმა. საკმარისია მათგან მოშორებით გაჩერება ან ჰერმეტული - მინის დამატებითი ფენით დაფარული - ნათურების გამოყენება.