პომიდორი აახალგაზრდავებს კანს, ათხელებს სისხლს - როდის გვმართებს სიფრთხილე
რაც უფრო მწიფეა პომიდორი, მით უფრო მეტ ვიტამინსა და სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.
პომიდორი სპობს ბაქტერიებს
პომიდვრის წვენი ფიტონციდების წყალობით ხოცავს მავნე მიკრობებსა და პათოგენური ფლორის სხვა წარმომადგენლებს. ანტიბაქტერიულთან ერთად პომიდორს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაც, გლიკოალკალოიდის შემცველობის გამო კი ის არა მხოლოდ ბაქტერიციდულ, არამედ ფუნგიციდურ (სოკოს საწინააღმდეგო) მოქმედებასაც ავლენს. პომიდორი სასარგებლოა კუჭისა და ღვიძლისათვის.
პომიდორი ამაღლებს გუნება-განწყობილებას
პომიდორი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლასა და საჭმლის მონელებას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას და ზრდის ჰემოგლობინის დონეს. გარდა ამისა, ის არეგულირებს ნერვული სისტემის ფუნქციობას. პომიდორში შემავალი სეროტონინი ამაღლებს გუნება-განწყობილებას. ამის გამო პომიდორს საუკეთესო ნატურალურ ანტიდეპრესანტად მიიჩნევენ. მასაც, ვისაც ჭარბი წონისა ეშინია ან დაკლება სურს, შეუძლია, თამამად მიირთვას პომიდორი, რადგან ის ძალზე დაბალკალორიულია - 100 გრამი 23 კკალ-ს შეიცავს.
პომიდვრის ღირსებად მიიჩნევა ისიც, რომ ქრომისა და რამდენიმე სხვა ნივთიერების წყალობით სწრაფად ანაყრებს, მყისიერად აცხრობს შიმშილის გრძნობას. დადგენილია, რომ ამ მცენარის მწიფე ნაყოფში ნიტრატები არ გროვდება. დიახ, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, მწიფე პომიდორში მავნე ქიმია არ არის!
პომიდორი თრომბოზების წინააღმდეგ
ამერიკელმა მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ ჟელესმაგვარი სუბსტანცია, რომელიც გარს აკრავს პომიდვრის თესლს, მეტად სპეციფიკურ ნივთიერებას შეიცავს. მას მეცნიერებმა P3 უწოდეს. ეს ნივთიერება თურმე მეტად სასარგებლოა - “ათხელებს” სისხლს და ეფექტურად ეწინააღმდეგება თრომბების წარმოქმნას. პექტინების წყალობით პომიდორი არტერიულ წნევასაც აბალანსებს.
პომიდორი აახალგაზრდავებს კანს
B ჯგუფის ვიტამინების წყალობით პომიდორი აუმჯობესებს სახის ფერს, აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას და, საზოგადოდ, გამაახალგაზრდავებლად მოქმედებს კანზე. პექტინი, რომელიც ასე ბევრია პომიდორში, ორგანიზმიდან წიდისა და სხვა მავნე ნივთიერებების გამოძევებასაც უწყობს ხელს.
პომიდორი მედიცინაში
პომიდორი უნიკალური შემადგენლობის წყალობით ეფექტურად ებრძვის ასთენიას. მის წვენს იყენებენ წყლულებისა და ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ. ახალგამოწურული წვენი და რბილობისგან მომზადებული პიურე (ფაფა) ენიშნებათ ორსულებს, დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ქრონიკულ ავადმყოფებსა და ბავშვებს როგორც ვიტამინების, მიკროელემენტებისა და მინერალების უნიკალური წყარო. პომიდორი ავიტამინოზების სამკურნალო და საპროფილაქტიკო უნივერსალური საშუალებაა.
ჯერ კიდევ ამერიკის აბორიგენები იყენებდნენ პომიდორს პოტენციის გასაძლიერებლად. ის მართლაც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სასქესო ჯირკვლების ფუნქციობაზე. ტყუილად როდი შეარქვეს მას ფრანგებმა სიყვარულის ვაშლი. პომიდორი ღვიძლის გამწმენდი შესანიშნავი საშუალებაცაა. განსაკუთრებით ეფექტიანია, თუ მის ფაფას მწვანილის წვენს შეურევთ.
როდის გვმართებს სიფრთხილე
პომიდორი ერთ-ერთი ძლიერი ალერგენია, ამიტომ საკვების მიმართ ალერგიულმა პირებმა ის ფრთხილად უნდა მიირთვან, გამოხატული ალერგიული რეაქციის მქონეებმა კი საერთოდ ამოიღონ საკვები რაციონიდან. პოდაგრითა და თირკმლის მწვავე პათოლოგიით დაავადებულებმა პომიდორი არ უნდა ჭამონ. საყურადღებოა ისიც, რომ დაკონსერვებული პომიდვრის ან მისი წვენის სისტემატურმა გამოყენებამ, განსაკუთრებით - სახამებლის შემცველ საკვებთან ერთად, შესაძლოა თირკმელებსა და შარდის ბუშტში კენჭების განვითარებას გაუწიოს პროვოცირება.
პომიდორი მავნებელია ნაღველკენჭოვანი დაავადების მქონე პირებისთვისაც, რადგან ნაღვლის დენას აძლიერებს და ხელს უწყობს კენჭების გადაადგილებას. გარდა ამისა, პომიდორში შემავალმა ორგანულმა მჟავებმა ნაღველკენჭოვანი პათოლოგიის დროს შესაძლოა ტკივილი გაამძაფროს.