ვარიკოზული დაავადება მკურნალობა და პროფილაქტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვარიკოზული დაავადება მკურნალობა და პროფილაქტიკა

- ამავე კითხვებს სვამენ ჩემთან მოსული პაციენტებიც. ბევრს მიაჩნია, რომ ვენების ვარიკოზული გაგანიერება და თრომბოზი ფატალური დაავადებებია. დიახ, ადამიანს შეიძლება ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები ჰქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დიდია თრომბის განვითარებისა და სიკვდილის საფრთხე. მოდი, თანმიმდევრულად მივყვეთ ყველაფერს. შევეცდები, ავუხსნა მკითხველებს, რა არის ვარიკოზი. ვფიქრობ, ეს მათ შიშს გააქარწყლებს და ამ დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკის სწორი გზაც გამოჩნდება. რაც კაცობრიობა ოთხიდან ორ კიდურზე გადავიდა, მას შემდეგ გაჩნდა ვენური უკმარისობაც. არტერიული, ჟანგბადით გაჯერებული სისხლი გულიდან მთელ ორგანიზმში გადაისროლება, ვენური სისხლი კი ორგანოებიდან უკან, გულისკენ ბრუნდება. აი, აქ არის მთელი სირთულე. ვენურმა სისხლმა უნდა დაძლიოს გრავიტაციული მიზიდულობის ძალა და გულამდე მიაღწიოს. ამ ძალის ნაწილობრივ დასაძლევად ბუნებამ სარქვლები შექმნა, რომლებიც ვენების კედლებშია მოთავსებული და სისხლის უკუდენას ეწინააღმდეგება. დაავადების მიზეზი სწორედ სარქვლებშია. რა არის ვენების ვარიკოზული გაგანიერება? ეს გახლავთ ვენების სარქვლოვანი უკმარისობა, რომელიც სხვადასხვა მიზეზით შეიძლება განვითარდეს. სარქვლოვანი უკმარისობა არღვევს გულისკენ სისხლის უკუდენას. სისხლის ნაწილი დეპონირდება ქვედა კიდურებში და ვითარდება შეშუპება. იმ ვენებში, რომლებშიც სისხლი ჭარბადაა, წნევა მაღლა იწევს, რაც თხელკედლიანი ვენის გაფართოების კიდევ ერთი მიზეზია. აი, ასეთ ვენას ჰქვია ვარიკოზულად გაფართოებული ვენა. ვენების ვარიკოზული გაგანიერება უფრო მეტად (60-70%) ქალებშია გავრცელებული. მშობიარობის შემდეგ ხვედრითი წილი უფრო იმატებს. ორსულობის დროს გამოიყოფა ჰორმონი პროგესტერონი, რომელიც ვენურ უკმარისობას, სარქვლოვან უკმარისობას იწვევს. ნაყოფიც აწვება ქვედა ღრუ ვენას, რის გამოც შესაძლოა განვითარდეს ვენების გაგანიერება. არცთუ იშვიათად ეს პროცესი უკუქცევადია - მას შემდეგ, რაც ქალი იმშობიარებს, ვენებში წნევა მცირდება და გაგანიერებული ვენა საწყის მდგომარეობას, ნორმას უბრუნდება. თუმცა ზოგიერთი ფაქტორის გავლენით შესაძლოა პროცესი არ უკუიქცეს. ეს ფაქტორებია მემკვიდრეობა, კლიმატი, ცხოვრების წესი, ზედმეტი წონა და სხვა. კლიმატი ვახსენე და, მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში ეს დაავადება შედარებით იშვიათია, რადგან იქ ჰავა უფრო ცივია, საქართველოში კი უფრო ცხელია და პრობლემაც უფრო მწვავედ დგას.

რისკფაქტორები

რისკის ფაქტორებია ჭარბი წონა, ჰიპოდინამია ანუ უმოძრაობა (კომპიუტერიზაციამ ეს პრობლემა უფრო მეტად გაამწვავა), ცხელი ჰავა. კიდევ ერთი რისკფაქტორია დატვირთული მემკვიდრეობა. თუ მშობლებს ჰქონდათ ან აქვთ ვენების ვარიკოზული გაგანიერება, მიდრეკილება გაეცემა შვილსაც, მაგრამ თუ ის ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს, არ არის აუცილებელი, ვარიკოზი მასაც განუვითარდეს. რისკჯგუფში შედიან ქირურგები, სტომატოლოგები, სასულიერო პირები, მასწავლებლები, მძღოლები ანუ ის ადამიანები, რომელთაც დიდხანს დგომა ან ჯდომა უწევთ, ასევე - ქალები, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს იღებენ. სპორტის ზოგიერთი სახეობაც იწვევს ვენების გაგანიერებას, მაგალითად, ფეხბურთი, ჩოგბურთი, ცხენოსნობა.  რამდენად სახიფათოა ვენების ვარიკოზული გაგანიერება? ხშირად გამიგონია პაციენტებისგან: მაქვს გაგანიერებული ვენები და მითხრეს, თუ არ იმკურნალებ, თრომბი ჩამოგიყალიბდებაო, ხოლო თრომბის გაჩენას რაც მოსდევს, ყველამ იცის. პირდაპირ ვიტყვი: ამისა ნუ გეშინიათ. ხუთმა-ექვსმა რისკფაქტორმა უნდა მოიყაროს თავი, რომ თრომბი ჩამოყალიბდეს. ჩვენ საუბრის თემას ოდნავ დავშორდით და ყველაზე საშიშ გართულებებზე, თრომბოზსა და თრომბოფლებიტზე გადავედით. თრომბოზის განვითარების ალბათობა საკმაოდ მცირეა, დაახლოებით 4-5%, აქედან კი თრომბოემბოლია 2-3%-ს შეიძლება განუვითარდეს. იმის თქმა მინდა, რომ ამ ყველაფერს, საბედნიეროდ, მასობრივი ხასიათი არ აქვს. ხშირად მოდიან და მეუბნებიან, რომ არაფერს უჩივიან, მაგრამ აფიქრებთ პროთრომბინის მაღალი დონე. ნურც ამის გამო აჰყვებით პანიკას - მაღალი პროთრომბინი გარდაუვალი უბედურების მაუწყებელი არ არის.

ყველაზე ხშირი სიმპტომები და დიაგნოსტიკა

მთავარი, რაც ადამიანს აწუხებს, არის სიმძიმის შეგრძნება ქვედა კიდურებში. ამბობენ, რომ “საღამო ხანს ტყვიასავით აქვთ ფეხები”. ეს უტყუარი სიმპტომია და თუ კარგად ჩაეკითხები პაციენტს, - რა თქმა უნდა, მაშინ, როცა თვალით არ ჩანს გაგანიერებული ვენა, - მიხვდები, რომ უმეტესად საქმე გაქვს ვენების ვარიკოზულ დაავადებასთან. იგივე პაციენტი იმასაც გეუბნება, რომ დილით თითქოს ხელახლა იბადება, რადგან სიმძიმე არ აწუხებს, მაგრამ საღამო ხანს, ჩვეული საქმიანობის შემდეგ, ეს შეგრძნება მაინც უჩნდება. ესეც უტყუარი ნიშანია. მეორე ნიშანი, რაც ამ დაავადებას ახასიათებს, არის ტკივილი, წვა ქვედა კიდურებში, მაგრამ ამ დროს აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოსტიკა, რადგან ეს სიმპტომი სხვა დაავადებებსაც ახლავს თან, მაგალითად, ოსტეოქონდროზს. გვხდება კრუნჩხვებიც. ხშირია შეშუპებაც, რომელიც დილით ქრება და დღის ბოლოს ისევ ჩნდება. ორივე კიდურში ვითარდება თუ არა ვენების ვარიკოზული გაგანიერება? ასეთი რამ შესაძლებელია, თუმცა მეტად იშვიათი. თუ ორივე კიდურშია შეშუპება, ექიმმა აუცილებლად უნდა გამორიცხოს სხვა მიზეზი, მაგალითად, გულის, თირკმლის პრობლემები, სამკურნალო პრეპარატების გვერდითი ეფექტი, მაგრამ თუ შეშუპება, სიმძიმის გრძნობა ერთ კიდურზეა, თამამად შეგიძლიათ დასვათ ვენური უკმარისობის დიაგნოზი. სარქვლების უკმარისობის გამოსავლენად ოქროს სტანდარტია ულტრასონოგრაფია, ხალხში “ექოს” რომ ეძახიან. დოპლეროგრაფიითაც შესაძლებელია დიაგნოზის დასმა, მაგრამ დოპლერი მაინც სულ სხვა რამეა. სარქვლების უკმარისობა ძალიან კარგად ჩანს ექოზე. ჩანს რეფლუქსიც - სისხლის უკუდენა. დიაგნოსტიკის ეს მეთოდი ვარიკოზის დროს უტყუარია. შეცდომის ალბათობა ამ დროს მეტად მცირეა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა გამოკვლევას სპეციალისტი, ამ საქმის მცოდნე უძღვება. ამ დაავადების სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება ფლებოგრაფიაც, რომელიც უფრო აგრესიული მეთოდია, მაგრამ გამოიყენება იშვიათად, მაგალითად, მაშინ, როდესაც ვენების რეკონსტრუქციული ოპერაცია გჭირდება. დაბუჟება ვარიკოზის დროს ათიდან 2-3 შემთხვევაში გვხვდება, მაგრამ ამ სიმპტომმა ექიმი შესაძლოა ვარიკოზამდე კი არა, სულ სხვა, კერძოდ, ნევროლოგიურ პათოლოგიამდე მიიყვანოს. სირთულე ის არის, რომ შესაძლოა, ადამიანს ვარიკოზი ჰქონდეს, ეს თვალითაც ჩანდეს და პაციენტმაც სწორედ ამის გამო მიმართოს ექიმს, მაგრამ ამავე დროს სხვა პრობლემა გამოგვეპაროს. ისეც ხდება, რომ წლობით მკურნალობენ ვენურ უკმარისობას, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ამ დროს, რა თქმა უნდა, სხვა, თანმხლები დაავადებაა მოსაძებნი. ხშირად ეს არის ოსტეოქონდროზი ან სხვა ნევროლოგიური დაავადება. ამ შემთხვევაში ექიმები ყოველთვის დიფერენციალურ დიაგნოსტიკას მიმართავენ თანმხლები დაავადების გამოსარიცხად.

ვარიკოზის სტადიები

ძალიან კარგია, რომ საქართველოში უკვე ევროპული სტანდარტებით ისმება ვარიკოზის დიაგნოზი და ამავე სტანდარტებით ტარდება მკურნალობა. ვარიკოზული დაავადების 6 სტადიას გამოყოფენ. პირველ სტადიაში ქვედა კიდურებზე ეგრეთ წოდებული ტელეანგიოექტაზიებია გამოხატული. ეს უწვრილესი გაგანიერებული ვენებია, რომლებიც სხეულზე ერთგვარ ვარსკვლავებად არის განლაგებული. ეს ვარიკოზის საკმაოდ მსუბუქი ფორმაა. ამ დროს პაციენტები, რომელთაც ქვედა კიდურებში სიმძიმე ნაკლებად აქვთ გამოხატული, ექიმთან უფრო მეტად კოსმეტიკური პრობლემების გამო მოდიან. არადა, ეს “ვარსკვლავები” უკვე დაავადების ნიშანია. ყველაზე რთული მეექვსე სტადიაა. მეხუთეზე კიდურზე შეხორცებულ წყლულს ნახავთ, მეექვსეზე კი წვივის არეში ღია წყლულია. საბედნიეროდ, მეხუთე და მეექვსე სტადია იშვიათად, დაახლოებით 4-5%-ში გვხვდება. ზოგიერთი ჩემი კოლეგა პაციენტს არცთუ იშვიათად ეუბნება: თუ ოპერაცია არ გაიკეთე, ვარიკოზი აუცილებლად მიგიყვანს ტროფიკულ წყლულამდე. ხმამაღლა ვაცხადებ: ასეთი რამ იშვიათად ხდება! აუცილებელი არ არის, ვარიკოზის ყველა შემთხვევა ტროფიკული წყლულით გართულდეს, თუმცა კი სავსებით შესაძლებელია.

მკურნალობა და პროფილაქტიკა

ოპერაციული მკურნალობა უკანასკნელი ღონეა. მინდა, მოსახლეობამ იცოდეს, რომ ყველაფერი თავად პაციენტზეა დამოკიდებული. უმრავლესობა თანახმაა, მიიღოს წამალი და ჰგონია, რაც ბევრს მიიღებს, უკეთესია. ასე არ არის. ხშირად მითქვამს პაციენტისთვის: ერთ-ორ თვეში ისევ მობრძანდით, ოღონდ მანამდე მისდიეთ აქტიურ ცხოვრების წესს. სიარული ათ წამალს სჯობია. არაჩვეულებრივ შედეგებს იძლევა ცურვა. ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომ დაავადება მომდევნო სტადიაში არ გადავიდეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვარიკოზული დაავადება - ეს ისეთი დაავადებაა, რომლის მკურნალობაც სასიცოცხლო ჩვენებით კი არ ხდება, არამედ ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ამისთვის კი სწორ მკურნალობასთან ერთად თქვენი, პაციენტების ძალისხმევაც არის საჭირო. სხვაგვარად წამლები ფილმ “შერეკილებში” ექიმის მიერ გაცემულ “აბ გლუკოზას” დაემსგავსება. დიდი მნიშვნელობა აქვს წონას. ჭარბი წონა ვენებისთვისაც მავნეა. პროფილაქტიკის ერთ-ერთი საშუალებაა, აი, რა: თუ ადამიანი ერთი საათის განმავლობაში ზის, ხუთი წუთით მაინც უნდა წამოდგეს, გაიარ-გამოიაროს, ტერფები გაავარჯიშოს და შემდეგ თავისი საქმე გააგრძელოს. ასე უნდა მოხდეს საათში ერთხელ. ეს მარტივია. ხომ არ ვამბობთ, რომ პროფესია უნდა შეიცვალოს?! თვითმფრინავშიც კი, როდესაც ფრენა ოთხი-ხუთი საათი გრძელდება, ადამიანი საათში ერთხელ უნდა წამოდგეს და გაიაროს, ფრენის დროს კი უნდა მიიღოს სითხე, რომ ორგანიზმი არ გამოუშრეს და ვარიკოზული დაავადების ერთ-ერთი გართულება, თრომბოფლებიტი არ განუვითარდეს. ფეხის ფეხზე გადადებაც არ შეიძლება, მაგრამ როდესაც ფეხი დაგიბუჟდებათ, ის თავად “გეტყვით”, რომ დროა გასწორდეთ ან ფეხზე წამოდგეთ. მედიკამენტებთან ერთად მეტად მნიშვნელოვანია კომპრესიული თერაპია. პირველ, მეორე და მესამე სტადიაში, როცა ადამიანს შეშუპება აწუხებს, აუცილებელია კომპრესიული გოლფების ან წინდების ტარება. ელასტიკური ბანდის ხმარებას ჩვენ, ანგიოლოგები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით, რადგან ეს უკვე განვლილი ეტაპია. ის კიდურების დოზირებულ კომპრესიას არ ახდენს, თუმცა შეიძლება განსაზღვრულ შემთხვევებში მისი ხმარება ერთი კვირის განმავლობაში ოპერაციის შემდეგ. ელასტიკურმა გოლფებმა პირველ კვირას შესაძლოა ერთგვარი დისკომფორტი შეგიქმნათ, მაგრამ მისი გადალახვა შესაძლებელია, მერე და მერე კი ადამიანი ისე კომფორტულად გრძნობს თავს ელასტიკურ გოლფებში, რომ გახდაც აღარ უნდა. მსოფლიოში არსებული გაიდლაინებით, ქირურგიული მკურნალობის მთავარი მიზანია, აუმაღლოს ადამიანს ცხოვრების ხარისხი, არ დაუშვას დაავადების პროგრესირება და წყლულების გაჩენა. სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებით, ქირურგიული ოპერაცია ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების მქონეთა დაახლოებით 15-20%-ს უკეთდება, 80-85%-ს კი კონსერვატიული, კომპრესიული თუ პროფილაქტიკური საშუალებებით მკურნალობენ. სკლეროთერაპიას უფრო ხშირად ტელეანგიოექტაზიების დროს მიმართავენ. ეს იმდენად დახვეწილი და იოლი ოპერაციაა, რომ ამბულატორიულადაც კი ტარდება. კიდევ ერთი თანამედროვე ჩარევა, რომელიც განაკვეთის გარეშე ხდება, ლაზერული აბლაციაა. ისიც შეიძლება ამბულატორიულად გაკეთდეს. ექოსკოპიის კონტროლით ლაზერის ბუნიკი შედის დაზიანებულ ვენაში და მის კედლებს წვავს. შედეგად გაგანიერებული ვენა ქრება. ამ მეთოდს თავისი ჩვენებები აქვს. არსებობს მინიფლებექტომიების ტექნიკაც. მეტად მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი გაკეთდეს სპეციალიზებულ განყოფილებაში. წინათ საკმაოდ ხშირი იყო რეციდივი, ახლა კი არა მარტო ჩვენთან, არამედ ბევრ ჩვენს კოლეგასთან რეციდივებმა საგრძნობლად იკლო. ტექნიკის წინსვლამ, დუპლექსსკანირების დანერგვამ ქირურგებს საშუალება მოგვცა, სწორედ ის ვენები ამოვიღოთ იზოლირებულად, რომლებშიც სარქვლოვანი უკმარისობაა განვითარებული. ამ ტექნიკის წყალობით ის შენაკადებიც ჩანს, რომლებიც თვალით შესაძლოა ვერ დავინახოთ. თუ ეს დაზიანებული ვენებიც არ ამოიკვეთა, რეციდივი განვითარდება. მეორე - ტექნოლოგიური წინსვლა დამზოგველი ოპერაციების გაკეთების საშუალებას იძლევა. წინათ მთლიანად იღებდნენ ვენას, რასაც მრავალი გართულება მოსდევდა. მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია კრიოქირურგიაც. ლაზერული ქირურგია და კრიოქირურგია სხვადასხვა მეთოდია, თუმცა ერთნაირად ეფექტური. ერთი მაღალი სიხშირის ტალღებით და მაღალი ტემპერატურით მოქმედებს, მეორე - დაბალი ტემპერატურით.

როდის უნდა გაკეთდეს ოპერაცია

მეორე-მესამე ხარისხის ვარიკოზის დროს შეიძლება კონსერვატიული და კომპრესიული მკურნალობა, მაგრამ როდესაც ვარიკოზი მესამე-მეოთხე ხარისხისაა ანუ საქმე ტროფიკის მოშლისკენ მიდის ან ტროფიკა უკვე მოშლილია, აუცილებელია ოპერაციული მკურნალობა ტროფიკული წყლულის განვითარების მიზეზის აღმოსაფხვრელად ანდა პროცესის პროგრესირების შესაჩერებლად.

საბოლოოდ აღმოფხვრის თუ არა მკურნალობა ამ დაავადებას?

სამწუხაროდ, ვერც კონსერვატიული, ვერც ქირურგიული მეთოდებით სრული განკურნება ვერ ხერხდება, მაგრამ იმასაც გააჩნია, რას ვეძახით სრულ განკურნებას. ვარიკოზის მკურნალობა, მედიკამენტური იქნება ეს თუ ოპერაციული, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და წყლულის განვითარების თავიდან აცილებისკენ არის მიმართული. მკურნალობის შემდეგ პაციენტებს ვუხსნით, რომ ადრინდელი სიმპტომები აღარ შეაწუხებთ, მაგრამ ქრონიკული ვენური უკმარისობა რჩება. არა მძიმე ფორმის, არა გართულებებით, მაგრამ მაინც. მინდა, კიდევ ერთ საკითხს შევეხო. ვარიკოზის დროს ოპერაციული ჩარევა ერთი შეხედვით იმდენად მარტივია, რომ მას ის ქირურგებიც ჰკიდებენ ხელს, რომლებსაც ასეთი ოპერაციების ჩატარების მცირე გამოცდილება აქვთ, მისი მთელი არსი არ იციან. აი, ეს არის რეციდივებისა თუ გართულებების წარმოშობის თავიდათავი. თანამედროვე აპარატურა ბევრის გაკეთების საშუალებას გვაძლევს. წინათ მისი უქონლობის გამო ბევრ რამეს ვერ ვაკონტროლებდით, ახლა კი კონტროლი გაცილებით ადვილია; მეტ ყურადღებას მოითხოვს ადამიანური ფაქტორი, ანუ ის, ვინ აკეთებს ოპერაციას. მოგეხსენებათ, თვითმფრინავი, რომელიც ყველა სხვა ტრანსპორტზე მეტად არის დაცული, სადღეისოდ ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტად ითვლება, მაგრამ კატასტროფები მაინც ხდება, იმიტომ რომ ადამიანურ ფაქტორს ვერ გააქრობ. წინათ თვითმფრინავები უფრო ხშირად ვარდებოდა, ახლა კი, ტექნიკის წინსვლასთან ერთად, კატასტროფების რიცხვმა საგრძნობლად იკლო. ასეა ქირურგიაშიც. თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ თუ რეციდივთან გვაქვს საქმე, ეს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანური ფაქტორით არის განპირობებული. მრავალი კლინიკა გაიხსნა და, სამწუხაროდ, მედიცინამ კომერციული ხასიათი მიიღო. მომგებიანი გახდა, რომ ყველას, ვისაც ვარიკოზი აქვს, ოპერაცია გაუკეთო. ფლებოლოგია და, საზოგადოდ, სისხლძარღვთა ქირურგია - ეს არის მთელი სამსახური, რომელშიც შედიან ექოსკოპისტი, რომელიც უმცირეს ნიუანსებსაც ამჩნევს, ქირურგი, რომელიც სწორედ ამ სფეროშია დახელოვნებული, გუნდი, რომელმაც იცის, როდის რა და როგორ გააკეთოს. სადაზღვევო კომპანიებიც, სადაც იაფია მკურნალობა, იქ უშვებენ პაციენტებს, იმას კი აღარავინ უყურებს, რომ ასეთ კლინიკებში ნამკურნალებ პაციენტებთან გართულებაც მეტია, რეციდივიც და ზოგ შემთხვევაში პათოლოგიას სულაც ვერ მკურნალობენ. ეს ყველაფერი კი, დამეთანხმებით, ზედმეტი ხარჯია, რომელიც თითოეულ მოქალაქეს, საბოლოო ჯამში კი მთლიანად სახელმწიფოს აკლდება და აზარალებს. ჩვენ ჯერჯერობით ვუძლებთ იმიტომ, რომ იმიჯი გვაქვს, მაგრამ თუ ამ ყველაფერმა ტოტალური ხასიათი მიიღო, დარგს დიდი პრობლემები შეექმნება. თუმცა იმედს არ ვკარგავ, რომ ყველაფერი გამოსწორდება.

სასარგებლო რჩევები

ვენების ვარიკოზული გაგანიერება არ არის სახიფათო დაავადება, მაგრამ მას ძალუძს, საკმაოდ დააქვეითოს ცხოვრების ხარისხი. სამკურნალოდ ზოგჯერ ოპერაციული ჩარევაა საჭირო, მაგრამ არა მასობრივად. თუ ცხოვრების ჯანსაღ წესს დაიცავთ, მერწმუნეთ, იშვიათად მოგიხდებათ ექიმთან მისვლა და კიდევ უფრო დაბალი იქნება ოპერაციული ჩარევის რისკი. მესმის, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა საკმაოდ ძნელია, მაგრამ საბოლოოდ ის მაინც უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე მკურნალობა. კიდევ ერთი: ნუ დაგრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი ასე მარტივადაა. ვენური უკმარისობა ძალიან გავრცელებული დაავადებაა და, რა თქმა უნდა, აქვს გართულებებიც. თუ ვარიკოზულად გაგანიერებული ვენებს მქონე ადამიანს სხვა ტიპის ოპერაცია დასჭირდა ან ავად გახდა, ვთქვათ, ფილტვების ანთებით, ან დიდხანს მოუწია წოლა, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ეს თითქოსდა უწყინარი დაავადება, ერთიათად სახიფათო ხდება. ასეთ დროს საქმეში ყოველთვის უნდა ჩაერთოს ექიმი ფლებოლოგი. ამას მე პაციენტების გასაგონად ვამბობ, თორემ ეს ექიმებმა ისედაც კარგად იციან.