News

გერმანული გაზეთის Tagesspiegel-ის ცნობით, D ვიტამინი მარტო ძვლების გათხელებას კი არ გვაცილებს თავიდან, არამედ კიბოს, დიაბეტისა და ინფარქტისგანაც გვიცავს. ამჟამად მეცნიერები იმის თაობაზე კამათობენ, რამდენი D ვიტამინი სჭირდება ადამიანს. გაზეთში ნათქვამია, რომ D ვიტამინის დეფიციტით განპირობებული ყველაზე ცნობილი დაავადებაა რაქიტი, რომელსაც ძვლების დეფორმაცია ახასიათებს. ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში ის განსაკუთრებით იყო გავრცელებული ბავშვებში, რომლებიც დიდი ქალაქების უმზეო, ბნელ ეზოებში იზრდებოდნენ. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ D ვიტამინს ძვლების გამამაგრებელ ელემენტზე მეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს.
სამხრეთ რეგიონებში მცხოვრები ხალხი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში საკმაო ოდენობით იღებს მზის სხივებს და მათთან ერთად - D ვიტამინსაც, იშვიათად იღუპება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, დიაბეტითა და კიბოს ზოგიერთი ფორმით (ნაწლავისა და სარძევე ჯირკვლების კიბოთი). მათ შორის იშვიათია ნერვული სისტემის ისეთი დაავადებაც, როგორიც არის გაფანტული სკლეროზი. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ყოველივე ამის მიზეზი "მზის ვიტამინებია". "ამას უნდა დავუმატოთ ისიც, - ამბობს სტატიის ავტორი, - რომ ადამიანის თითქმის ყველა ორგანო აღჭურვილია D ვიტამინისთვის განკუთვნილი მოლეკულური მისადგომებით. მოცემული სუბსტანცია უჯრედებში მუშაობს გადამრთველის მსგავსად, რომელიც განაგებს 1000-ზე მეტ გენს. შესაძლებელია, რომ ამ გზით ორგანიზმის მომარაგება "მზისეული ჰორმონებით" ადამიანს მრავალი დაავადებისგან იცავს".
როგორც ერთ-ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, სისხლში D ვიტამინის დაბალი დონის შემთხვევაში სარძევე ჯირკვლების, პროსტატისა და ნაწლავების კიბოს განვითარების რისკი 30-50%-ით იმატებს, ხოლო მეორე გამოკვლევის თანახმად, 55 წელს გადაცილებულ ქალებში კიბოს განვითარების რისკი 77%-ით იკლებს, როცა ისინი ყოველდღიურად იღებენ 1 100 სე დ3 ვიტამინს. ამ მოსაზრებას ყველა ექსპერტი არ ეთანხმება. მაგალითად, ამერიკის კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის წარმომადგენლებმა 2010 წლის ივნისში განაცხადეს, რომ ზოგიერთი გამოკვლევა მართლაც ადასტურებს კიბოთი ავადობის რისკის შემცირებასთან D ვიტამინის კავშირს, მაგრამ ნაწლავის კიბოს შემთხვევაში გამოკვლევის შედეგები საპირისპიროზე მეტყველებს, სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის, პროსტატისა და პანკრეასის კიბოს შემთხვევაში კი მდგომარეობა საერთოდ გაურკვეველია.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
გაზეთში განხილულია იმუნური სისტემის მაგალითიც: შესაძლოა, D ვიტამინი აძლიერებდეს ორგანიზმის დამცავ ძალებს და იმავდროულად თრგუნავდეს იმუნური სისტემის მომეტებულ თვითგამანადგურებელ რეაქციას. ერთმა ამერიკულმა გამოკვლევამ კი ცხადყო, რომ D ვიტამინის დაბალი დონის მქონე ადამიანები უფრო ხშირად ავადმყოფობენ სურდოთი და გრიპით.
სტატიაში ნათქვამია, რომ იქ, სადაც საქმე ეხება D ვიტამინისა და ქრონიკული დაავადებების კავშირს, სკეპტიკოსების აზრით, სათანადო რაოდენობის მეცნიერულად დადასტურებული არგუმენტი არ არსებობს, ძვლების ჯანმრთელობის კუთხით D ვიტამინის დადებითი როლი კი ერთმნიშვნელოვნად დამტკიცებულია.
სტატიის ავტორები არ ეთანხმებიან ახლახან ამერიკის ნაციონალური მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს (ეს რეკომენდაციები მეცნიერებმა შეიმუშავეს აშშ-ისა და კანადის მთავრობების დავალებით), რომლის მიხედვითაც მიზანშეწონილია დღეში 600 ერთეული D ვიტამინის მიღება (გამონაკლისები არიან 70 წელს გადაცილებულები, რომელებმაც დღეში 800 ერთეული D ვიტამინი უნდა მიიღონ) და მიაჩნიათ, რომ D ვიტამინის ნორმად დღეში 1000-2000 ერთეული უნდა დაესახელებინათ.
ამერიკელი ექსპერტების აზრით, ჩატარებული გამოკვლევა მოწმობს, რომ D ვიტამინი და კალციუმი სასარგებლოა ძვლების ჯანმრთელბისთვის, სხვა ორგანოების პათოლოგიების პროფილაქტიკაში კი მათი როლი ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. კუნთებისა და ძვლების დაავადებათა გერმანელი ექსპერტი დიტერ ფელზენბერგი გვირჩევს, შიშისა და არსებული რისკის გამო ვიტამინის პოტენციურ უკმარისობას ბრმად ნუ ვუმკურნალებთ. უმჯობესია, განვსაზღვროთ სისხლში D ვიტამინის დონე და დოზის შესარჩევად ექიმთან გავიაროთ კონსულტაცია.