News

აღმოაჩინეს პროტეინების ნაკრები, რომელიც თავის ტვინის 130-ზე მეტი დაავადების განვითარებაში ასრულებს მნიშვნელოვან როლს.
გარდა ამისა, გამოკვლევამ ცხადყო კავშირი ამ დაავადებებსა და ადამიანის ქცევის ევოლუციას შორის. ადამიანის თავის ტვინი ლაბირინთია, რომელიც მილიარდობით ელექტრული და ქიმიური გზით (სინაფსები) ერთმანეთთან დაკავშირებული მილიონობით უჯრედისგან შედგება. თითოეული სინაფსი, თავის მხრივ, შედგება ცილებისგან, რომლებიც ერთიანდება, ქმნის მოლეკულურ სამიზნეს, რომელიც პოსტსინაფსური სიმკვრივის (PSD) სახელწოდებით არის ცნობილი და რომელიც, წესისამებრ, არღვევს სინაფსების მუშაობას, იწვევს დაავადებას და ქცევის ცვლილებებს.
დიდ ბრიტანეთში, Wellcome Trust Sanger-ის ინსტიტუტში, მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც პროფესორი გრანტი ხელმძღვანელობდა, ტვინის ოპერაციაგადატანილი პაციენტის სინაფსიდან ამოიღო PSD და პროტეომიკის მეთოდით შეისწავლა მისი მოლეკულური შემადგენლობა (პროტეომიკა არის მეცნიერება ცილის შემადგენლობისა და შენების შესახებ). შედეგად აღმოჩენილ იქნა 1 461 ცილა, რომელთაგან თითოეული შესაბამისი გენით იყო კოდირებული. ამან მეცნიერებს იმ დაავადებათა სისტემატური იდენტიფიკაციის საშუალება მისცა, რომლებმაც სინაფსები დააზიანა. გარდა ამისა, სინაფსის ზუსტი შედგენილობის ცოდნა საჭიროა ტვინისა და ქცევის ევოლუციის შესასწავლად. "აღმოჩნდა, რომ 130-ზე მეტი დაავადება მიმდინარეობს PSD-ს დაზიანებით. ასეთ დიდ რიცხვს არავინ ელოდა. ამ დაავადებებს შორის არის ალცჰაიმერი, პარკინსონი, ეპილეფსია, აუტიზმი და სხვა ნეიროდეგენერაციული დარღვევები", - განაცხადა პროფესორმა გრანტმა.
აღმოჩენილი 100-ზე მეტი ცილიდან ყოველი მეშვიდე ამა თუ იმ დაავადების განვითარებაში მონაწილეობს. ბიოლოგები აღნიშნავენ, რომ PSD-ს პროტეომიკის კვლევა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი "გამშვები პუნქტია" თავის ტვინის დაავადებების კვლევის პროცესში.
"მრავალ დაავადებას მოქმედებაში მოჰყავს ცილების ერთი და იგივე კომბინაცია, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ წამალი, რომელიც ეფექტური იქნება ერთდროულად რამდენიმე დაავადების დროს", - განაცხადა პროფესორმა. მეცნიერებმა შეადგინეს ადამიანის სინაფსების მოლეკულური ორგანიზაციის "რუკა", რომელიც გვიჩვენებს, როგორ არის მათში დაკავშირებული ცილები მძიმე დაავადების განვითარების შემთხვევაში. მათ იმედი აქვთ, რომ PSD-ს შესახებ არსებული ცოდნა მათ კოლეგებს ტვინის ფუნქციობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას გაუადვილებს.
მეცნიერებმა შეისწავლეს ისიც, თუ როგორ მიმდინარეობდა PSD-ს ცილების ევოლუცია ძუძუმწოვრების განვითარების მილიონი წლის განმავლობაში. პროფესორ გრანტის თქმით, ამ ცილების (რომლებიც, ფაქტობრივად, მართავენ ჩვენს ქცევას) და მათთან დაკავშირებული დაავადებების სტრუქტურა მილიონი წლის განმავლობაში არ შეცვლილა. მაგალითად, მღრღნელებისა და ადამიანების PSD-ს ცილები მსგავსია. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ვირთხები და თაგვები ადამიანის დაავადებათა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდების შესასწავლად ხარისხიან და სანდო მოდელს წარმოადგენენ.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის საწინააღმდეგო ვაქცინა ხუთ წელიწადში შეიქმნება
უფსალის უნივერსიტეტის კლინიკური ვირუსოლოგიის პროფესორმა იუნას ბლუმბერგმა განაცხადა, რომ უახლოეს 5 წელიწადში შეიქმნება ვაქცინა, რომელიც ადამიანს ქრონიკული დაღლილობის სინდრომისგან დაიცავს.
ბოლოდროინდელი გამოკვლევების თანახმად, აღნიშნული სინდრომი გამოწვეულია იმუნურ სისტემაზე თაგვის ლეიკემიის ქსენოტროპული ვირუსის - XMRV-ის ზემოქმედებით. ვირუსი ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე პაციენტს დაახლოებით ერთი წლის წინ აღმოუჩინა ამერიკელმა სპეციალისტმა ჯუდი მიკოვიცმა.
უფსალის უნივერსიტეტში ჩატარებულმა გამოკვლევამ ვირუსის არსებობა დაუდასტურა რამდენიმე ათეულ მონაწილეს, რომელთა 67% დაავადებული აღმოჩნდა. მეცნიერებს განზრახული აქვთ, უახლოეს მომავალში კიდევ მოიპოვონ ქრონიკული დაღლილობის სინდრომისა და ვირუსის კავშირის დამამტკიცებელი მონაცემები, რათა შესაძლებელი გახდეს მუშაობის დაწყება ვაქცინის შესაქმნელად.
თუ ვირუსთან ქრონიკული დაღლილობის სინდრომის კავშირი საბოლოოდ დადასტურდა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ დაავადება გადამდებია. პროფესორ ბლუმბერგს მიაჩნია, რომ ვირუსი გადაეცემა ნერწყვის, სისხლის, დედის რძის, დაუცველი სქესობრივი აქტის საშუალებით.