აუტიზმი - იდუმალი მდგომარეობა
ჯანმო-ს შეფასებით, აუტიზმი დიაგნოსტირდება 100-დან ერთ ბავშვთან, ხოლო აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) 2022 წლის შეფასებით, 8 წლამდე ასაკის 44 ბავშვიდან ერთი აუტისტია. ცნობილია ისიც, რომ აუტიზმი 4-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება ბიჭებთან, ვიდრე გოგონებთან.
რატომ გახშირდა ასე ეს პათოლოგიური მდგომარეობა, რა არის ამის მიზეზი, რა სიმპტომებით გამოირჩევიან აუტისტი ბავშვები თუ მოზრდილები, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ბავშვთა და მოზრდილთა ნევროლოგი, ელენა რუმიანცევა, რომელიც ამჟამად სარატოვში მოღვაწეობს. ექიმი ელენა რუმიანცევა დედით ქართველია, საქართველოში დაბადებული, 5 წლის ასაკიდან, მშობლების რუსეთში გადასახლების შემდეგ, რუსეთში იზრდებოდა, იქ მიიღო უმაღლესი განათლება და 30 წელზე მეტია რუსეთში იღვწის პაციენტთა ჯანმრთელობის სადარაჯოზე.
– ქალბატონო ელენა, აუტიზმი ის თემაა, რომელზეც დებატები არ წყდება. ფაქტია, პათოლოგია ბურუსით მოცული რჩება, თუმცა, სამწუხაროდ და საგანგაშოდ, აუტიზმის მქონეთა რიცხვი სულ უფრო იმატებს.
– საერთოდ, რაც უფრო იდუმალია პრობლემა, მით უფრო მწვავეა დებატები მის გარშემო. თუ ექიმებს პასუხი არ აქვთ კითხვებზე, მაშინ საზოგადოება თავად იწყებს პასუხების ძებნას – და ეს იშვიათად მთავრდება კარგად.
აუტიზმის ზუსტი მიზეზები უცნობია, მაგრამ მკვლევრები თვლიან, რომ გარკვეული ფაქტორები ზრდის აუტიზმის რისკს. აუტიზმის განვითარების რისკფაქტორებიდან აღსანიშნავია:
- აუტიზმით დატვირთული ოჯახური ანამნეზი. ოჯახებში, სადაც უკვე არის ამ პრობლემის მქონე ბავშვი, 18%-ით მეტია იმავე დარღვევის მქონე მეორე ბავშვის გაჩენის რისკი, ვიდრე სხვა ოჯახებში;
- სამეანო გართულებები: არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ნაადრევი მშობიარობა, პრეეკლამფსია, მასიური სისხლდენა საშვილოსნოდან მშობიარობამდე ან მის შემდეგ;
- 4-ჯერზე მეტი მშობიარობა;
- მშობლების ასაკი: რისკი იზრდება, თუ დედა 35 წელს, მამა კი 50 წელს გადაცილებულია.
აუტიზმის თემაზე ძირითადი დებატები ცენტრალური კითხვების გარშემო ტრიალებს: იზრდება თუ არა მისი შემთხვევები მსოფლიოში? ბოლო წლებში გაიზარდა აუტიზმის დიაგნოზის მქონე ბავშვების რიცხვი. რატომ? დღეს ასეთი ბავშვების რიცხვი ბევრად მეტია. ზოგიერთი შეფასებით, ათჯერ მეტი.
– თუ აუტიზმი მართლაც ასეთი სისწრაფით ვრცელდება, მაშინ უსაფუძვლო არ ყოფილა არც საზოგადოების განგაში და არც მასშტაბური პანიკა! სად უნდა ვეძიოთ მიზეზები?
– მიზეზი უნდა ვეძებოთ ან საკვებში, ან ჩვენს ჩვევებში, ან სხვა რამეში, რაც შეიძლება მკვეთრად შეცვლილიყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მეორე მხრივ, სპეციალისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ აუტიზმის ზრდა შეინიშნება სამეცნიერო აქტივობისა და საზოგადოების ინფორმირებულობის აფეთქების ფონზე ამ სფეროში. 1960 წელს არავინ იცოდა აუტიზმის შესახებ. დღეს ეს სიტყვა ისმის როგორც მედიცინაში, ისე მეცნიერებისგან შორს მყოფადამიანთა შორისაც. 1990-იანი წლების ბოლოდან აუტიზმზე სტატიების რაოდენობაც ათჯერ გაიზარდა. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ აუტიზმის „ეპიდემიის“ დიდი წილი მაინც გაუმჯობესებული დიაგნოსტიკისა და ამ პრობლემისადმი გაზრდილი ყურადღების შედეგია.
შეგახსენებთ, რომ 1943 წელს ბავშვთა ფსიქოლოგმა, ლეო კანერმა, აღწერა რვა ბიჭისა და სამი გოგონას (რომლებთანაც ის მუშაობდა) უცნაური, მაგრამ საკმაოდ ტიპური (ერთგვაროვანი, მსგავსი) ქცევა. მათ შორის იყო, მაგალითად, ხუთი წლის დონალდი, რომელსაც „ყველაზე მეტად უყვარდა მარტო ყოფნა, თითქმის არასოდეს მირბოდა დედასთან, ყურადღებას არ აქცევდა სახლში დაბრუნებულ მამას, იყო გულგრილი და ინდეფერენტული წვეულებაზე ნათესავების მიმართ. დადიოდა გაღიმებული, იმეორებდა ერთსა და იმავე მოძრაობებს... ატრიალებდა ყველაფერს, რაც კი ტრიალებდა... სიტყვებს აღიქვამდა პირდაპირი მნიშვნელობით. ოთახში შესვლისას სრულად აიგნორებდა ადამიანებს და მაშინვე მიუბრუნდებოდა ხოლმე საგნებს.
ერთი წლის განმავლობაში პედიატრმა ჰანს ასპერგერმა გამოაქვეყნა სტატია და აღწერა კიდევ რამდენიმე ბავშვის მსგავსი, მაგრამ ოდნავ განსხვავებული ქცევა. დონალდისგან განსხვავებით, ექვსი წლის ფრიცმა სწრაფად ისწავლა ლაპარაკი სრული წინადადებებით და მალევე ალაპარაკდა „ზრდასრულივით“, ის არასოდეს მონაწილეობდა ჯგუფურ თამაშებში, მას არ ესმოდა პატივისცემის მნიშვნელობა და სრულად გულგრილი იყო უფროსების ავტორიტეტის მიმართ. გარდა ამისა, არ ინარჩუნებდა დისტანციას და უყოყმანოდ საუბრობდა უცნობებთანაც კი. შეუძლებელი იყო მისთვის ზრდილობისა და თავაზიანი მოქცევის სწავლება. კიდევ ერთი უცნაური მოვლენა – ერთი და იმავე მოძრაობებისა და ჩვევების გამეორება.
ამ ორმა კლასიკურმა ნაშრომმა განსაზღვრა ის, რასაც დღეს აუტისტური სპექტრი, უფრო სწორად, აუტიზმის სპექტრი ჰქვია, კანერის მიერ აღწერილი „ძირითადი“ ფორმიდან უფრო სოციალიზებულ ფორმამდე, რომელიც გამოიყოფა უბრალოდ ცუდი ხასიათის დაავადებისაგან, რომელსაც დღეს ასპერგერის სინდრომს უწოდებენ.
– როგორც ჩანს, აუტიზმი ყოველთვის არსებობდა, უბრალოდ, ადრე მას ასე არ ერქვა და ისიც ფაქტია, რომ ამდენი აუტისტი უწინ მაინც არ იყო...
– ნადვილად ასეა. თუმცა ეს არ უარყოფს კითხვას, ბოლოს და ბოლოს, რა იწვევს აუტიზმს და არის თუ არა თუნდაც ერთიანი მიზეზი დონალდების უცნაურ ქცევასა (ადამიანების მიმართ გულგრილობის და ადამიანებზე საგნების უპირატესობით გამოხატულ ქცევას) და ფრიცების დამოკიდებულებას (სოციალური წესების მიუღებლობას) შორის. გაუგებარია კიდევ ერთი რამ: შესაძლებელია, თუ არა, ადამიანმა საკუთარ შვილში როგორმე შეამციროს აუტიზმის განვითარების შესაძლებლობა?
მაგალითად, ცნობილია, რომ ახალგაზრდა მშობლებს აუტისტი ბავშვები უფრო იშვიათად ჰყავთ, ვიდრე ასაკოვნებს. როგორ და რატომ ხდება ეს, დანამდვილებით არავინ იცის. ერთი ვერსიით, საქმე ის კი არ არის, რომ ხანდაზმული მშობლები ასეთ შვილებს აჩენენ; შესაძლოა, ადამიანები, რომლებიც თავად არიან მიდრეკილნი აუტისტური თვისებებისკენ, მოგვიანებით ქორწინდებიან. ეს ტენდენცია შეიძლება გადაეცეს შთამომავლობას, ამიტომ, აუტისტ ბავშვებს უფრო ხშირად „დაგვიანებული, ასაკოვანი“ მშობლები ჰყავთ.
– ასაკობრივ ფაქტორზე ძნელია შედავება სტატისტიკური მონაცემების გარეშე, თუმცა მე პირადად ძალიან ბევრ ახალგაზრდა წყვილს ვიცნობ საქართველოში, რომლებსაც აუტისტი შვილები ჰყავთ.
– ასაკის გარდა, სხვა ფაქტორებიც ზემოქმედებენ აუტიზმზე. დღეს ხშირად საუბრობენ ჰაერის დაბინძურებაზე ან მედიკამენტების მიღებაზე ორსულობის დროს. ასობით შრომა აჩვენებს გარკვეული გარეგანი გავლენების კავშირს აუტიზმის შესაბამის ფორმებთან, მაგრამ არც ერთი არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად. მტკიცებულებითი ფორმით ვერც ერთ კონკრეტულ ფაქტორს ვერ მივანიჭებთ აუტიზმის გამომწვევი მიზეზის სტატუსს.
სავარაუდოდ, უბრალოდ არ არსებობს აუტიზმის გამომწვევი ერთი კონკრეტული გარეგანი მიზეზი. მაგრამ თანამედროვე სამედიცინო მეცნიერებამ, რომელიც სწრაფად მიიწევს სხეულის ყველა მოლეკულის დოკუმენტაციისა და კატალოგიზაციისკენ, შესაძლოა მალე მაინც უპასუხოს კითხვას, რა არის აუტიზმი. და ეს უკვე სერიოზული ნაბიჯი იქნება მკურნალობის გზაზე.
– მაინც რა ვერსიები თუ თეორიები არსებობს სადღეისოდ?
– დღეისათვის არსებობს ორი განსხვავებული თვალსაზრისი აუტიზმის ბუნებაზე. ერთ-ერთის მიხედვით, ამ მდგომარეობას აქვს მკვეთრად განსაზღვრული საზღვრები: პაციენტები გამოირჩევიან ნორმიდან არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ თვისობრივი მახასიათებლების გადახრით. მეორე აზრით, „აუტიზმის სპექტრი“ ისეა გავრცელებული, რომ ჯანმრთელ და აუტისტურ ადამიანებს შორის, უბრალოდ, მკვეთრი ზღვრის გავლება არ ხდება. ამ ვერსიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომხრე, ბრიტანელი ფსიქოლოგი, საიმონ ბარონ-კოენი, ცნობილია აუტისტი ბავშვების მათემატიკური და ლოგიკური შესაძლებლობების კვლევით. 1990-იან წლებში ბარონ-კოენმა პირველად მიაპყრო ყურადღება რეალობის აღქმა-გაგების მათეულ „მათემატიკურ“ მიდრეკილებას: მაგალითად, აუტისტ ბავშვებს ხშირად აინტერესებთ მანქანები, კალენდრები, ნომრები, მბრუნავი ობიექტები, მაგალითად საათები მოძრავი ისრებით და ა. შ. ფსიქოლოგის აზრით, აუტიზმი არის წესრიგისადმი სიყვარულის უკიდურესი, მტკივნეული ფორმა, რომელშიც ადამიანს შეუძლია ნავიგაცია მხოლოდ მკაცრად დადგენილი, ლოგიკურად გამართლებული წესებით და არ შეუძლია ჩაუღრმავდეს ისეთ უაზრო დახვეწილობებს, როგორებიცაა სოციალური ნორმები და ეტიკეტის წესები. ფსიქოლოგ ბარონ-კოენის აზრით, ეს ხსნის აუტისტი ბავშვის დაბადების შესაძლებლობას მაღალი IQ-ს მქონე მშობლების მიერ.
– დასასრულ, გვითხარით, რომელ სპეციალისტს უნდა მიმართოს მშობელმა აუტიზმზე ეჭვისას?
– აუტიზმზე ეჭვის მიტანისას საჭიროა ბავშვი ერთდროულად შეაფასონ პედიატრმა, ფსიქიატრმა და ნევროლოგმა. კონსულტაციაზე სპეციალისტები ბავშვს შეამოწმებენ და შეისწავლიან მის ქცევას.