News

ეს პროდუქტი ანტიოქსიდანტების უხვი შემცველობის გამო უკვე დიდი ხანია იპყრობს მეცნიერთა ყურადღებას. დასავლეთ გალილეის ჰოსპიტლის (ისრაელი) მეცნიერთა ჯგუფმა დოქტორ ბატია კრისტალის ხელმძღვანელობით დაამტკიცა, რომ ბროწეულის წვენს უნარი შესწევს, დიალიზზე მყოფი პაციენტები გართულებებისგან, მათ შორის - ინფექციებისა და გულთან დაკავშირებული პრობლემებისგან, დაიცვას. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას გამოკვლევის მონაწილეებს სთავაზობდნენ, დიალიზის წინ დაელიათ ბროწეულის წვენი ან პლაცებო.
აღმოჩნდა, რომ მან, ვინც ბროწეულის წვენს იღებდა, დიალიზი უკეთესად გადაიტანა, რაც მეცნიერებმა ბროწეულის წვენში შემავალი ანტიოქსიდანტების მიერ დაავადებულის ორგანიზმში არსებული მავნე ნივთიერებების ნეიტრალიზებას დაუკავშირეს.
დოქტორმა კრისტალმა მეცნიერებს მოუწოდა, უახლოეს მომავალში ჩაატარონ საფუძვლიანი გამოკვლევა ბროწეულის წვენის საკვირველი თვისებების შესასწავლად.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ მეცნიერებმა შეამჩნიეს ბროწეულის წვენის დადებითი ეფექტი სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონისა და არტერიული ჰიპერტენზიის დროს. ასევე დადგენილია, რომ ბროწეულის წვენი ხელს უწყობს ფერტილობას და იცავს კანს მზის სხივების მავნე გავლენისგან.
ჰიპერტენზიის მკურნალობა აბების გარეშე
თირკმელებისკენ მიმართული ელექტრომაგნიტური გამოსხივების მოკლე იმპულსებმა შესაძლოა დახმარება გაუწიონ ჰიპერტენზიით დაავადებულ იმ ადამიანებს, რომელთა ორგანიზმიც მედიკამენტურ მკურნალობაზე არ რეაგირებს. მედიცინის ამ საკმაოდ ეგზოტიკურ სფეროში ჩატარებული გამოკვლევის შედეგები, რომლებიც გამოქვეყნებულ იქნა ჟურნალ ლანცეტ-ში, მეტყველებს იმაზე, რომ მიზანმიმართული ელექტრული იმპულსი სიგნალის გადაცემას არჩევითად არღვევს თირკმელებისკენ მიმავალ ნერვებში, რომელთაც სისხლის წნევის რეგულაციის პროცესში წამყვანი როლი აკისრიათ.
მიუხედავად იმისა, რომ ჰიპერტენზიის მკურნალობის ეს ახალი მეთოდი კლინიკური კვლევის სტადიაშია, მედიკოსებს სჯერათ, რომ იგი მომავალში ათასობით დაავადებულს დაეხმარება. სადღეისოდ ჰიპერტენზიით დაავადებულთა ნახევარი მედიკამენტურ მკურნალობაზე არ რეაგირებს, რის მიზეზიც ნაწილობრივ პაციენტების დაუდევრობაც არის, კერძოდ, ის, რომ მათ ხშირად ავიწყდებათ მედიკამენტის მიღება, თუმცა პაციენტთა დაახლოებით მეხუთედს წნევის დამწევი პრეპარატებისადმი მგრძნობელობა დაქვეითებული აქვს.
ჰიპერტენზია მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. მაგალითად, ინგლისში ის ყოველ მესამე ზრდასრულ ადამიანს აღენიშნება. მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ მკურნალობის ახალი მეთოდი ასეთ პაციენტებს თავიანთი მდგომარეობის უკეთესი კონტროლის და, შესაბამისად, ინსულტისა და ინფარქტის განვითარების რისკის შემცირების საშუალებას მისცემს.
გულისა და დიაბეტის ინსტიტუტის (ავსტრალია, მელბურნი) მედიკოსთა ჯგუფი პროფესორ მიურეი ესლერის ხელმძღვანელობით უკვე რამდენიმე წელია ცდის ამ მეთოდს. თირკმელებთან მისასვლელად ექიმები იყენებენ კათეტერს - გრძელ წვრილ მილს, რომელიც საზარდულის მიდამოდან არტერიაში შეჰყავთ და თირკმლისკენ გადააადგილებენ. ამის შემდეგ კათეტერს უერთებენ რადიოდიაპაზონის მქონე გამოსხივების გენერატორს. ასეთი გამოსხივების მოკლე იმპულსი თირკმლის არტერიების კედლებში გამავალი ზოგიერთი ნერვის მუშაობას არღვევს. შედეგად იბლოკება ამ ნერვების დაბოლოებებით გადასაცემი სიგნალები, რაც სისხლის წნევის დაქვეითებას იწვევს.
ავსტრალიელმა მკვლევრებმა მეთოდი გამოსცადეს 100 პაციენტზე, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის 24 სამედიცინო ცენტრში მკურნალობდნენ და აღმოაჩინეს, რომ ახალი მეთოდი წნევას დაახლოებით 10 მმ ვწყ. სვ-ით აქვეითებს. რასაკვირველია, ეს წნევის ნორმალიზებისთვის საკმარისი არ არის, მაგრამ საგრძნობლად ამცირებს მეტისმეტად მაღალი წნევის განვითარების რისკ-ფაქტორებს, ანუ ხელს უშლის წნევის მეტისმეტად მაღლა აწევას. გარდა ამისა, ამ მეთოდის უკუჩვენება პრაქტიკულად არ გამოვლენილა.
ახალი მეთოდით მკურნალობის დაწყებიდან ნახევარი წლის შემდეგ 49-იდან 41 პაციენტს (84%) არტერიული წნევის 10 მმ ვწყ. სვ-ით დაქვეითება კვლავ შეენიშნებოდა, საკონტროლო ჯგუფში ასეთი შედეგი 51-დან მხოლოდ 18 პაციენტის შემთხვევაში (35%) იქნა მიღწეული. ნოვატორული თერაპია პირველმა პაციენტებმა ერთი წლის წინ ლონდონში, ბარტსის საავადმყოფოში ჩაიტარეს.
სტატინები იმუნიტეტის მუშაობას ააქტიურებენ
მეცნიერებმა აღმოაჩინეს სტატინების აქამდე უცნობი სასარგებლო გვერდითი ეფექტები. აღმოჩნდა, რომ ამ პრეპარატებს, რომელთაც ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად იყენებენ, ადამიანის სერიოზული ინფექციებისგან (პნევმონიისგან) დაცვა შესძლებიათ.
აშშ-ში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ სტატინები ააქტიურებენ სისხლის თეთრი ბურთულების ბაქტერიების გამანადგურებელ უნარს. ლაბორატორიული ექსპერიმენტის დროს იმუნური სისტემის უჯრედებმა (ფაგოციტები) სტატინების შეყვანის შემდეგ ბაქტერიების წინააღმდეგ უფრო ეფექტური ბრძოლა დაიწყეს.