რა არის შაქრიანი დიაბეტი და როგორ მოვუაროთ მას ბავშვთა ასაკში
ამ თემას წარუძღვება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თსსუ გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ენდოკრინოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინე გორდელაძე, რომელსაც ბავშვთა ასაკის დიაბეტში მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს.
სტატიის სპონსორია: კორეული წარმოების ქეარსენსის გლუკომეტრი და ჩხირები
როგორ იცვლება გლუკოზის რეგულაცია შაქრიანი დიაბეტის დროს?
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში ინსულინის უკმარისობის გამო გლუკოზა ვერ ხვდება უჯრედში, რის გამოც, ერთის მხრივ უჯრედები “შიმშილობენ~ და ვეღარ გამოიმუშავებენ ენერგიას, მეორეს მხრივ კი, სისხლში შაქრის რაოდენობა სულ უფრო და უფრო იმატებს.
ასეთ შემთხვევაში ორგანიზმი ენერგიის წყაროდ იყენებს საკუთარ ცხიმს, რომელსაც უჯრედში შესაღწევად და შემდგომი გადამუშავებისათვის ინსულინი არ სჭირდება. ამიტომ, როცა ინსულინის უკმარისობაა, სწორედ ცხიმია ენერგიის ძირითადი წყარო. ორგანიზმი იწყებს მთელი თავისი ცხიმოვანი მარაგის ხარჯვას. ეს არის დიაბეტის დროს წონაში კლების ერთ-ერთი მიზეზი.
უჯრედებში ცხიმის წვისა და ენერგიის შევსების პროცესში გამომუშავდება ე.წ. კეტონური სხეულები (კეტოსხეულები ანუ აცეტონი). როდესაც კეტოსხეულები გროვდება დიდი რაოდენობით, იწყება მისი გამოყოფა შარდით აცეტონის სახით, აცეტონის სუნი აგრეთვე შეიგრძნობა ამონასუნთქულ ჰაერში.
აცეტონი შეიძლება არადიაბეტიანი ადამიანის ორგანიზმშიც გამომუშავდეს. მისი გაჩენის მთავარი მიზეზი ორგანიზმში ნახშირწყლების უკმარისობაა (მაგალითად, წონის კლების მიზნით სხვადასხვა დიეტის დროს). ამ დროს უჯრედები ენერგიის წყაროდ ღვიძლის და კუნთების გლუკოზის მარაგს გამოიყენებენ, შემდეგ კი – საკუთარ ცხიმოვან ქსოვილს. ასეთ პირობებში გაჩენილ აცეტონს “შიმშილის აცეტონს~ უწოდებენ. დიაბეტიან პაციენტებში “შიმშილის აცეტონი~ ჩნდება ჰიპოგლიკემიის (დაბალი შაქრის) დროს.
თუ სისხლში გლუკოზა აღემატება 9-10 მმოლ/ლ, იგი გადადის შარდში, თუმცა სისხლში გლუკოზის რაოდენობა არ მცირდება. შაქრის იმ რაოდენობას სისხლში, როდესაც იგი იწყებს შარდში გადასვლას, თირკმლის ზღურბლი ეწოდება. ბუნებრივია, ჯანმრთელი ადამიანის შარდში შაქარი არ არის. ამგვარად, შარდში შაქრის რაოდენობა მიგვითითებს ჰიპერგლიკემიაზე. თუ შარდში შაქარი არ არის, ე.ი. სისხლში შაქარი ნაკლებია 9 მმოლ/ლ-ზე. თუ შარდით გამოიყოფა დიდი რაოდენობით გლუკოზა, ე.ი. სისხლში მისი რაოდენობა მაღალია. გლუკოზის ორგანიზმიდან გამოყოფას სჭირდება დიდი რაოდენობით სითხე, რომელსაც ორგანიზმი საკუთარი უჯრედებიდან იღებს. ასე ვითარდება დიაბეტის დროს შარდვის გაძლიერება (პოლიურია), რასაც ბუნებრივია მოჰყვება ორგანიზმის გამოშრობა. ადამიანი ამას პირის სიმშრალითა და წყურვილის გაძლიერებით გრძნობს (პოლიდიფსია).
თუ შევაჯამებთ ზემოაღნიშნულს, გავიგებთ, რა ხდება ორგანიზმში დიაბეტის დროს:
- ორგანიზმს აკლია ინსულინი;
- სისხლში იმატებს გლუკოზა;
- მატულობს შარდის რაოდენობა;
- ვითარდება ძლიერი წყურვილი;
- მიუხედავად გაძლიერებული მადისა, იწყება წონაში კლება;
- თუ ამ ეტაპზე არ იქნა დაწყებული მკურნალობა, სისხლსა და შარდში ჩნდება აცეტონი.
რა შეიძლება განვითარდეს, თუ არ იქნება დაწყებული ინსულინთერაპია?
თუ ზემოთაღწერილი მდგომარეობის დროს სასწრაფოდ არ ვიმოქმედებთ გამომწვევ მიზეზზე ანუ არ დავიწყებთ ინსულინის შეყვანას, განვითარდება ე.წ. დიაბეტური კეტოაციდოზი. მდგომარეობა თანდათან მძიმდება. ვითარდება ძლიერი სისუსტე, ადვილად დაღლა. შეიგრძნობა აცეტონის მძაფრი სუნი პირიდან. იწყება ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება. დიდი რაოდენობის აცეტონს აქვს მომშხამავი, ტოქსიური მოქმედება. ამიტომ კეტოაციდოზის სიმპტომები ხშირად კვებითი ინტოქსიკაციის გამოვლენად აღიქმება. თუ ამ ეტაპზეც არ იქნა დაწყებული ინსულინთერაპია, განვითარდება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა – დიაბეტური კომა. უნდა ავღნიშნოთ, რომ ამ მდგომარეობის განვითარებას გარკვეული დრო სჭირდება, იგი უფრო ხშირად გვხვდება ახლადგამოვლენილი დიაბეტის შემთხვევაში, როდესაც დიაბეტის დიაგნოზი უცნობია.
საბედნიეროდ, ახლა არსებობს საშუალება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ. მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე ინსულინი არ არსებობდა და დიაბეტიანი პაციენტების დახმარება არავის შეეძლო.
კანადელმა მეცნიერებმა ფრედერიკ ბანტინგმა და ჯორჯ ბესტმა სხვა მეცნიერებთან ერთად ხბოს კუჭქვეშა ჯირკვლიდან გამოყვეს ნივთიერება, რომელიც იწვევდა გლუკოზის დაქვეითებას დიაბეტიან ძაღლებში (ის.სურათი N3). ნაპოვნი იქნა გზა ინსულინის მისაღებად, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა მსოფლიოში. პირველი პაციენტი მსოფლიოში, რომელსაც გაუკეთდა ინსულინი, იყო 13 წლის ბიჭუნა ლეონარდ ტომპსონი, რომელიც დასაღუპად იყო განწირული. 1922 წლიდან დაიწყო ინსულინის მასიური წარმოება, რამაც მსოფლიო მედიცინის ისტორია გაყო ინსულინამდელ და ინსულინის შემდგომ ერებად. ამ დიდი მიღწევის გამო ბანტინგსა და მეცნიერთა ჯგუფს მიენიჭა ნობელის პრემია, ხოლო დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება 14 ნოემბერს, ბანტინგის დაბადების დღეს. მას შემდგომ მთელ მსოფლიოში მიმდინარეობდა დიდი მუშაობა ინსულინის პრეპარატების ხარისხის, შეყვანის ტექნიკის, ინსულინთერაპიის რეჟიმებისა და დოზირების დასახვეწად. დღეისათვის თითქმის მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის ადამიანის ინსულინები, ამიტომ ჩვენ ის კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ “იძულებული ვართ გავიკეთოთ ინსულინი~, არამედ ის, რომ “საშუალება გვაქვს გავიკეთოთ ინსულინი, საშუალება გვაქვს გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე~.
სურათი N3. ინსულინთერაპიის ერის დასაწყისი (1921წ.)
ინსულინის ყოველდღიური ინექციები ბავშვებს აძლევს საშუალებას თავი იგრძნონ კარგად, იცხოვრონ ჩვეულებრივი ცხოვრებით, ისწავლონ, აირჩიონ მათთვის სასურველი პროფესია, იმუშაონ, შექმნან ოჯახი.
პასუხები შეკითხვებზე
რატომ დამემართა დიაბეტი?
ჯერ-ჯერობით მეცნიერებს საბოლოო პასუხი ამ კითხვაზე არ აქვთ. თუმცა ბევრი რამ ცნობილია. დიაბეტის განვითარების მთავარ მიზეზად ითვლება წინასწარგანწყობა ამ დაავადების მიმართ, რომელიც გადაეცემა მემკვიდრეობით. არ გაგიკვირდეთ, რადგან შეიძლება ბავშვის მშობლებს, და-ძმას, ნათესავებს არ ჰქონდეთ შაქრიანი დიაბეტი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ არა აქვთ დიაბეტის მიმართ წინასწარგანწყობა. ბავშვის ორგანიზმში კი, ამ წინასწარგანწყობის ხელშემწყობი ფაქტორების (ვირუსული ინფექციები, ძლიერი შიში, ტოქსინები და სხვა) მოქმედებით მოხდა მისი რეალიზება. შესაძლებელია, კუჭქვეშა ჯირკვალში ამ ფაქტორთა მიერ გამოწვეული დაზიანებები ბევრად ადრე (წლების წინაც კი) დაიწყო, მაგრამ დაავადება ახლა გამოვლინდა.
შეიძლება თუ არა გავმხდარიყავი ავად დიაბეტით, იმის გამო, რომ ვჭამდი ბევრ ტკბილეულს?
ტკბილეული არ იწვევს ტიპი 1 დიაბეტს. არაფერი დაგიშავებიათ. თუ ბავშვი იღებდა ბევრ ტკბილეულს, ამას შეეძლო მხოლოდ დაეჩქარებინა დიაბეტის გამოვლენა. ამიტომ არ ურჩევენ ექიმები ბევრი ტკბილეულის მიღებას ისეთ ოჯახებში, სადაც უკვე არის დიაბეტიანი პირი.
R