News
ოსტეოპოროზი, ტრადიციისამებრ, ქალურ დაავადებად ითვლება, მაგრამ ბოლო ხანს მამაკაცებში ისე გახშირდა, რომ სპეციალისტების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს, რათა მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტების ყურადღება მამაკაცთა ოსტეოპოროზის პრობლემას მიაპყროს. მიჩნეულია, რომ მამაკაცებს ოსტეოპოროზით დაავადების ალბათობა ქალებზე სამჯერ ნაკლები აქვთ, თუმცა მამაკაცებს შორის ოსტეოპოროზის ეპიდემიოლოგია სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირია.
კერძოდ, რაც უფრო მაღალია სახელმწიფოს განვითარების დონე, მით უფრო გავრცელებულია მამაკაცებს შორის ოსტეოპოროზი. ოსტეოპოროზის საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თუ ქალებში ოსტეოპოროზი გამოწვეულია უმთავრესად ისეთი ფაქტორებით, როგორიც არის მემკვიდრეობა, კლიმაქსის შემდგომი ჰორმონული ცვლილებები და ასე შემდეგ, ანუ ისეთი ფაქტორებით, რომელთა მართვაც შეუძლებელია, მამაკაცების ოსტეოპოროზს უმთავრესად მართვადი ფაქტორები განაპირობებს. მათ შორის - თამბაქოს წევა, ალკოჰოლიზმი, მცირე ფიზიკური აქტივობა, კალციუმის ნაკლებობა.
მავნე ჩვევების დაძლევა და ცხოვრების ჯანსაღი წესი მამაკაცებში ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის საიმედო გზაა. მიუხედავად ამისა, მყიფე ეპიდემია უტევს დედამიწის მთელ მოსახლეობას, განურჩევლად სქესისა. ამიტომაც მეტად მნიშვნელოვანია, დაიხვეწოს სადიაგნოზო საშუალებები, შემცირდეს რისკფაქტორები, შემუშავდეს დაავადებასთან ბრძოლის ახალი, ეფექტური საშუალებები.
მოტეხილობა ნაადრევი ორსულობის ბრალია
ამერიკელებმა დაადგინეს, რომ ნაადრევ ორსულობას შესაძლოა დედის ორგანიზმისთვის მძიმე შედეგი მოჰყვეს - ძვლოვანი ქსოვილის სიმტკიცემ იკლოს და საქმე მოტეხილობამდეც კი მივიდეს. მეცნიერთა მონაცემებით, 13-დან 18 წლამდე დაორსულებულ ყოველ მესამე გოგონას ძვლებში პათოლოგიური პროცესების საწყისი საფეხური აღენიშნება.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ბალტიმორის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეთა ჯგუფის გამოკვლევისას აღმოაჩინეს, რომ მათ მესამედს ორსულობის შემდეგ ოსტეოპოროზის ან ოსტეოპათიის ნიშნები ჰქონდა (ოსტეოპოროზი ძვლების სიმტკიცის დაქვეითებაა, ხოლო ოსტეოპათია - პროცესი, რომელიც ოსტეოპოროზს უძღვის წინ). ორსულობის დროს კალციუმზე მოთხოვნა იმატებს - დედასა და ნაყოფს შორის ამ ელემენტის გამო ერთგვარი კონკურენცია იწყება, ამიტომ ადვილი შესაძლებელია, ორსულობამ ხელი შეუშალოს ძვლების ნორმალურ განვითარებას. ასე რომ არ მოხდეს, ორსულმა ჩვეულებრივზე მეტი კალციუმი უნდა მიიღოს.
კოქტეილი ძვლებისთვის
ყველამ კარგად იცის, რაოდენ მნიშვნელოვანია ძვლებისთვის კალციუმი. ძვლები უფრო მტკიცე რომ გახდეს, ორგანიზმში უნდა შეივსოს სწორედ კალციუმის - ამ ძნელად ასათვისებელი ელემენტის მარაგი. მაგრამ რამდენიც არ უნდა მივირთვათ ხაჭო და ვსვათ კალციუმის გლუკონატი, ქსოვილებში სამშენებლო მასალის მხოლოდ 15% მოხვდება, რაც, თავადაც მიხვდებით, საკმარისი არ არის ძვლების გასამაგრებლად. ორგანიზმმა კალციუმი უკეთ რომ აითვისოს, უნდა მივიღოთ D ვიტამინი, მაგნიუმი (Mg) და ბორი (B).
- D3 ვიტამინი ყველაზე მეტია თევზის ქონში.
- ბორი ხელს უშლის კალციუმისა და მაგნიუმის გამორეცხვას შარდთან ერთად. ამ ელემენტით მდიდარია პომიდორი, მსხალი, ვაშლი, წითელი ღვინო, ქიშმიში, სოიის ნაწარმი, შავი ქლიავი, არაქისი, ფინიკი, თაფლი და ზღვის პროდუქტები.
- მაგნიუმი კალციუმს გახსნის საშუალებას არ აძლევს. იგი ყველაზე მეტია მარცვლეულში, გარგარსა და კომბოსტოში.
ძვლებს ამაგრებს ლიმონის წვენისა და კვერცხის ნაჭუჭის კოქტეილი: თეთრი კვერცხი მაგრად მოხარშეთ, გაფცქვენით, ნაჭუჭს მოაცილეთ თეთრი აპკი და ყავის საფქვავში დაფქვით. 1 სუფრის კოვზ ფხვნილს დასხით 1 ჭიქა ახალგამოწურული ლიმონის წვენი და ერთი კვირით დააყენეთ. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში სამჯერ.
ინვალიდობის საფრთხე
ამერიკელ მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ კალციუმით ღარიბი რაციონის გამო ახალგაზრდა ქალების დიდ ნაწილს ოსტეოპოროზის განვითარების დიდი ალბათობა აქვს. აშშ-ში ქალების ორგანიზმის კალციუმით მომარაგებამ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია. რისკი განსაკუთრებით მაღალი აქვთ ანორექსიით - საკვებისადმი პათოლოგიური ზიზღით - შეპყრობილ მოზარდებს.
ოსტეოპოროზი ვერაგი დაავადებაა: მისი მსხვერპლი არც კი ეჭვობს, რომ ავად არის, ვიდრე საქმე მოტეხილობამდე არ მივა. წესისამებრ, ვითარდება ბარძაყის, ხერხემლის ან წინამხრის ძვლების მოტეხილობა. ამასთანავე, აშშ-ის ოსტეოპოროზის კვლევის ნაციონალური ფონდის მონაცემებით, თითქმის ყოველი მეოთხე, ვინც კი ბარძაყის ძვალი მოიტეხა, ერთი წლის განმავლობაში იღუპება.
მედიკოსები გვაფრთხილებენ, რომ მოზარდებმა და ასაკოვნებმა აუცილებლად უნდა მიიღონ დღეში არანაკლებ 1500 მგ კალციუმი (ეს 4-5 ულუფა რძეს ან რძის ნაწარმს უდრის), მაგრამ, სამწუხაროდ, ამ რეკომენდაციას მოსახლეობის მხოლოდ 5% თუ ასრულებს. სპეციალისტებს ძალიან აშფოთებთ ის ფაქტი, რომ მოსახლეობა პრობლემას სათანადოდ არ აფასებს.