News
ამიერიდან ამ გაფრთხილებებს კიდევ ერთი დაემატება - ამერიკელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ რეგულარული მოწევა ორგანიზმს უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე აქამდე ეგონათ, რადგან ნიკოტინი ცვლის გენების ფუნქციობის უნარს. ბიოსამედიცინო კვლევის სამხრეთ-დასავლეთის ფონდის (აშშ) მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც ჟაკ ჩარლსუორთი ხელმძღვანელობდა, მწეველთა 300-ზე მეტი გენის იდენტიფიცირება მოახდინა. გაირკვა, რომ მათი ფუნქციური მაჩვენებლები არამწეველთა გენების მაჩვენებლებისგან მკვეთრად განსხვავდებოდა.
რაოდენ გამანადგურებლად მოქმედებს ნიკოტინი ორგანიზმზე, ნათლად ჩანს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკიდან: მოწევის შედეგად მსოფლიოში ყოველ 6 წამში 1 კაცი იღუპება. ჩარლსუორთის ჯგუფმა მიზნად დაისახა დაედგინა, რამდენად ზრდის დაავადებათა განვითარების რისკს ნიკოტინზე დამოკიდებულება. გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 1 200-მა ადამიანმა, რომელთა მეოთხედი მწეველი იყო. შედეგების თანახმად, მოწევა გავლენას ახდენს არა მარტო ცალკეულ გენებზე, არამედ გენების ურთიერთდამოკიდებულების მთელ სისტემაზეც, ყველაზე მეტად კი იმუნური სისტემა ზიანდება, ანუ ირღვევა იმ გენების ფუნქცია, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სხვადასხვა დაავადების მიმართ ორგანიზმის გამძლეობაში. გარდა ამისა, ნიკოტინის მოქმედების ფონზე კიბოს უჯრედების ფორმირების პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს.
სილიკონის გელი თვალის კიბოს დროს მხედველობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს
თვალის კიბოს შემთხვევაში ადამიანი დილემის წინაშე დგება: მისთვის აუცილებელია მკურნალობა - სხივური თერაპია, მაგრამ ამ დროს მხედველობის დაკარგვა თითქმის გარდაუვალია. UCLA-ს მეცნიერებმა გამოსავალს მიაგნეს: მათ აღმოაჩინეს, რომ სილიკონის ზეთი აპკივით ეფინება თვალს და რადიაციის მავნე ზემოქმედებისგან იცავს. UCLA-ს ოფთალმოლოგიური ონკოლოგიური ცენტრის დირექტორმა, დოქტორმა ტარა მაკკენელმა, განაცხადა: "აქამდე ექიმების ძალისხმევა მხოლოდ კიბოს უჯრედების განადგურებისკენ იყო მიმართული, მხედველობის დაკარგვა კი მეორეხარისხოვან პრობლემად მიიჩნეოდა. ჩვენ სილიკონის ზეთის წყალობით თვალის გადარჩენაც შევძელით".
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ახალი მეთოდიკის არსი ასეთია: თავდაპირველად თვალიდან იღებენ ჟელესმაგვარ მინისებურ სხეულს და მას სილიკონის გელით ცვლიან. სხივური თერაპიის დასრულების შემდეგ გელს მარილოვანი ხსნარით ჩამობანენ და მის ადგილს კვლავ თვალის ბუნებრივი სითხე იკავებს. გამოკვლევამ აჩვენა, რომ სილიკონის გელი ახდენს რადიაციის 50%-ის ადსორბირებას და, ამის კვალობაზე, ამცირებს მისი მავნე ზემოქმედების ხარისხს, თანაც ისე, რომ სხივური თერაპიის ეფექტს არ ასუსტებს. მიუხედავად პოზიტიური შედეგისა, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ახალ მეთოდიკას ზედმიწევნით შესწავლა სჭირდება.
გაყრა ვირუსივით ვრცელდება
ამერიკელმა მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ ცოლ-ქმრის გაყრა მათ ნაცნობ-მეგობრებს შორის გაყრათა მთელ სერიას იწვევს. მკვლევართა აზრით, გაყრა ქმნის ერთგვარ ფსიქოლოგიურ ველს, რომელიც სხვებსაც ითრევს. ასე რომ, თუ თქვენი მეგობრები გაიყარნენ, ძალისხმევა მოიკრიბეთ ოჯახის შესანარჩუნებლად.
ალუბლის წვენი ძილის ხანგრძლივობას ზრდის
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჯანსაღი ძილის გასაღები ალუბლის წვენში იმალება - გამოკვლევამ ცხადყო, რომ როცა ექსპერიმენტის მონაწილეები დილა-საღამოს სვამდნენ თითო ჭიქა ალუბლის წვენს, უფრო უკეთ ეძინათ, ვიდრე ამავე რაოდენობის სხვა წვენის დალევისას. ამ აღმოჩენის აქტუალობა იმით არის განპირობებული, რომ ჩვენს დროში ბევრს აწუხებს უძილობა, რაც ნეგატიურად აისახება ცხოვრების ხარისხსა და ჯანმრთელობაზე. ყოველი მეოთხე ჯანმრთელი ადამიანი უძილობას უჩივის, ყოველ მეხუთეს კი ღამით მხოლოდ 5 საათი სძინავს.
როჩესტერის (ნიუ-იორკი) უნივერსიტეტის ფსიქიატრმა უილფრედ პიჯნიმ, რომელიც ამ გამოკვლევის ავტორი გახლავთ, დაასკვნა, რომ ალუბლის წვენის ამგვარი ეფექტი მასში მელატონინის უხვი შემცველობით არის გამოწვეული. მელატონინი ის ჰორმონია, რომელიც ორგანიზმში ძილის რეჟიმს არეგულირებს.