-
ქალბატონო ეკა, რას გვეტყვით სტომატოლოგიური წყლულის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებსა და გამომწვევ ფაქტორებზე?
- პირის ღრუს ლორწოვან გარსს საკმაოდ კარგი დამცველობითი უნარი აქვს. სუსტი მექანიკური და ფიზიკური გაღიზიანება, რომელსაც იგი მუდმივად განიცდის, ამ უნარზე განსაკუთრებულ გავლენას ვერ ახდენს, უფრო ძლიერი გამღიზიანებლის ზემოქმედებისას კი პირის ღრუში განსაზღვრული ცვლილებები ვითარდება.
წყლულის წარმოშობის მიზეზი შეიძლება იყოს მექანიკური დაზიანება კბილის ბასრი კიდით, ამა თუ იმ ტიპის პროთეზით, კბილის ქვით, მყარი, ცხარე, ცხელი საკვებით და სხვა. ხანდაზმულებში ლორწოვანის დაზიანების მიზეზი ხშირად არის ქრონიკული ტრავმა, რასაც კბილის მაგარი ქსოვილების ცვეთით გამოწვეული თანკბილვის სიმაღლის შემცირება და ლორწოვანის ტურგორის დაქვეითება იწვევს. ამას ემატება ისიც, რომ ასაკოვნებს შენელებული აქვთ ნივთიერებათა ცვლა და რეგენერაციული პროცესი.
ტრავმული წყლული ტრავმის ადგილას, ხშირად ენაზე ან ლოყაზე მდებარეობს და ჭამისა და ლაპარაკის დროს ტკივილს გვაყენებს. ამ დროს ლორწოვანი გარსი შეშუპებული და გაწითლებულია, ჰიპერტროფირებულია ღრძილის დვრილები. მექანიკურ ტრავმას ხშირად ერთვის კატარული ანთება, რომელიც 10-14 დღე გრძელდება და გამღიზიანებლის მოცილების შემდეგ მალევე გაივლის, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მწვავე ანთება ქრონიკულდება, ჩნდება მეორეული ინფექციის თანდართვის საშიშროება. ამ შემთხვევაში წყლული 2-3 თვეს და უფრო მეტხანსაც არ ხორცდება. წყლულებს იწვევს ინფექციური დაავადებები, ზოგიერთი სისტემური დაავადება (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის დაავადებები), ნივთიერებათა ცვლის დარღვევა (ჰიპო და ავიტამინოზები, ენდოკრინული სისტემის დაავადებები). პირის ღრუში ქსოვილოვანი დეფექტების წარმოქმნის მიზეზი ხშირად იმუნურ სისტემაშია საძიებელი.
სტომატიტი უფრო მეტად მათ ემართებათ, ვისაც ხშირად უწევს ემოციური და ფსიქიკური სტრესის გადატანა. მნიშვნელოვანი ფაქტორია არასწორი კვება, რაციონში B ჯგუფის ვიტამინების, ფოლიუმის მჟავას, სელენისა და რკინის დეფიციტი. ცალკე აღსანიშნავია ალერგიული რეაქციები. წყლულები ხშირია გარდატეხის ასაკში და ორსულობისას, რაც ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ძვრებს უკავშირდება. სტომატიტს გენეტიკური მიდრეკილებაც განაპირობებს.
კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე https://mkurnali.ge/stomatologia/1554-stomatologiuri-tsylulebi.html