სტომატოლოგიური წყლულები

სტომატოლოგიური წყლულების ნაწილი ლოკალურ პათოლოგიაზე მიგვანიშნებს, ნაწილი კი ორგანიზმის ზოგადი დაბინძურების მაუწყებელია. სტომატოლოგი ეკატერინე ზარქუა მოგვითხრობს, რას უკავშირდება პირის ღრუში წყლულთა მრავალფეროვნება და როგორ ვებრძოლოთ მათ.
- ქალბატონო ეკა, რას გვეტყვით სტომატოლოგიური წყლულის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებსა და გამომწვევ ფაქტორებზე?
- პირის ღრუს ლორწოვან გარსს საკმაოდ კარგი დამცველობითი უნარი აქვს. სუსტი მექანიკური და ფიზიკური გაღიზიანება, რომელსაც იგი მუდმივად განიცდის, ამ უნარზე განსაკუთრებულ გავლენას ვერ ახდენს, უფრო ძლიერი გამღიზიანებლის ზემოქმედებისას კი პირის ღრუში განსაზღვრული ცვლილებები ვითარდება. წყლულის წარმოშობის მიზეზი შეიძლება იყოს მექანიკური დაზიანება კბილის ბასრი კიდით, ამა თუ იმ ტიპის პროთეზით, კბილის ქვით, მყარი, ცხარე, ცხელი საკვებით და სხვა. ხანდაზმულებში ლორწოვანის დაზიანების მიზეზი ხშირად არის ქრონიკული ტრავმა, რასაც კბილის მაგარი ქსოვილების ცვეთით გამოწვეული თანკბილვის სიმაღლის შემცირება და ლორწოვანის ტურგორის დაქვეითება იწვევს. ამას ემატება ისიც, რომ ასაკოვნებს შენელებული აქვთ ნივთიერებათა ცვლა და რეგენერაციული პროცესი. ტრავმული წყლული ტრავმის ადგილას, ხშირად ენაზე ან ლოყაზე მდებარეობს და ჭამისა და ლაპარაკის დროს ტკივილს გვაყენებს. ამ დროს ლორწოვანი გარსი შეშუპებული და გაწითლებულია, ჰიპერტროფირებულია ღრძილის დვრილები. მექანიკურ ტრავმას ხშირად ერთვის კატარული ანთება, რომელიც 10-14 დღე გრძელდება და გამღიზიანებლის მოცილების შემდეგ მალევე გაივლის, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მწვავე ანთება ქრონიკულდება, ჩნდება მეორეული ინფექციის თანდართვის საშიშროება. ამ შემთხვევაში წყლული 2-3 თვეს და უფრო მეტხანსაც არ ხორცდება. წყლულებს იწვევს ინფექციური დაავადებები, ზოგიერთი სისტემური დაავადება (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის დაავადებები), ნივთიერებათა ცვლის დარღვევა (ჰიპო და ავიტამინოზები, ენდოკრინული სისტემის დაავადებები). პირის ღრუში ქსოვილოვანი დეფექტების წარმოქმნის მიზეზი ხშირად იმუნურ სისტემაშია საძიებელი. სტომატიტი უფრო მეტად მათ ემართებათ, ვისაც ხშირად უწევს ემოციური და ფსიქიკური სტრესის გადატანა. მნიშვნელოვანი ფაქტორია არასწორი კვება, რაციონში B ჯგუფის ვიტამინების, ფოლიუმის მჟავას, სელენისა და რკინის დეფიციტი. ცალკე აღსანიშნავია ალერგიული რეაქციები. წყლულები ხშირია გარდატეხის ასაკში და ორსულობისას, რაც ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ძვრებს უკავშირდება. სტომატიტს გენეტიკური მიდრეკილებაც განაპირობებს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- კერძოდ, რომელი ინფექციები აჩენენ პირის ღრუში წყლულებს?
- უწინარეს ყოვლისა - ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი ინფექციები, ვენერული დაავადებები. ვირუსული ინფექციებიდან წყლულები ჩნდება მარტივი ჰერპესის ვირუსის (herpes simplex), შემომსარტყვლელი ჰერპესის (herpes zoster), კოქსაკის ვირუსით გამოწვეული ჰერპანგინის, აივ-ინფექციის დროს. ჰერპესული სტომატიტი ლორწოვანზე, ტუჩებზე ვეზიკულებს - ბუშტუკებს აჩენს. ისინი ერთიანდებიან, იხსნებიან, წყლულებს წარმოქმნიან და შემდეგ ქერქით იფარებიან. ტკივილი ძლიერდება საუბრისას, ჭამისას. ამას ერთვის უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, ცხელება, ზოგადი სისუსტე და რეგიონული ლიმფური ჯირკვლების გადიდება. შემომსარტყვლელი ჰერპესის დროს ლორწოვანზე ჩნდება წვრილი ვეზიკულები, რომლებიც სკდებიან და არცთუ ღრმა წყლულებს წარმოქმნიან. იმავდროულად ზიანდება კანიც. გამონაყარი ნერვული ტოტების საინერვაციო ზონაში ლოკალიზდება. მხოლოდ პირის ღრუს ლორწოვანის იზოლირებული დაზიანება იშვიათია. უმთავრესად გვხვდება ბავშვებსა და მოზრდილებს შორის. კოქსაკის ვირუსით გამოწვეული ჰერპანგინის დროს ზიანდება ხახა, ნუშურა ჯირკვლები, იშვიათად ენა. დაავადება იწყება მწვავედ, ტკივილით ყლაპვის დროს, 1-2 მმ დიამეტრის ვეზიკულების გაჩენით. მათ წითელი რკალი აქვთ. ჩვეულებრივ, ავადდებიან 4 წლამდე ასაკის ბავშვები, უპირატესად ზაფხულობით.
აივ-ინფექციის მწვავე ცხელების სტადიაზე წყლულები ღრძილებზე, სასაზე და ხახაში ჩნდება. ვითარდება მწვავე გინგივიტი, რომელსაც დაერთვის ცხელება და ლიმფური კვანძების გადიდება. ბაქტერიულ ინფექციებს იწვევენ სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები. პირის ღრუში მათი მუდმივი არსებობის მიუხედავად, ლორწოვანის ჩირქოვანი დაზიანება იშვიათია, ბაქტერიული ფლორის წონასწორობის დარღვევის შემდეგ კი ისინი სერიოზულად აზიანებენ ლორწოვანს. ინფექციების განვითარების თვალსაზრისით, მათ საპროფილაქტიკოდ, დიდი მნიშვნელობა აქვს პირის ღრუს მდგომარეობას და ჰიგიენას - პირის ღრუში, სადაც მრავლობითი კარიესი, უხარისხო ბჟენები, ღრძილზედა და ღრძილქვედა ქვებია, ინფექციის განვითარებისთვის ყოველგვარი პირობაა შექმნილი. ბაქტერიული წყლული ჩნდება ვენსანის ბორელიით და ფუზობაქტერიით ინფიცირების, იმპეტიგოს, შანკრიფორმული პიოდერმიის, პიოგენური გრანულომის, გონორეისა და ტუბერკულოზის დროს. ვენსანის ბორელიით და ფუზობაქტერიით გამოწვეულ წყლულოვან-ნეკროზულ სტომატიტს აპროვოცირებს იმუნიტეტის დაქვეითება, ლორწოვანის მთლიანობის დარღვევა, მერვე კბილის გაძნელებული ამოჭრა.
განსაკუთრებით ზიანდება ღრძილები, კბილთაშუა არეები, ლოყები. წყლული რბილი, უსწორმასწოროკიდეებიანია, დაფარულია სქელი მონაცრისფრო ნადებით. დამახასიათებელია უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან და ლიმფური კვანძების გადიდება. სიფილისი აზიანებს სასას, ყბებს, ენას და კბილებს, პირველადი სიფილისისთვის დამახასიათებელია უმტკივნეულო ეროზია ცენტრში ხრტილისმაგვარი ინფილტრატით (მას მაგარი შანკრი ეწოდება), მეორეულისთვის - ლაქები, მრგვალი და ოვალური ფორმის პაპულები, რომლებიც დაფარულია მოთეთრო-მონაცრისფრო ნადებით. პირის ღრუს კუთხეებში რადიალური ნახეთქებია. მესამეული ათაშანგისთვის დამახასიათებელია უმტკივნეულო კვანძები, რომლებიც ლორწოვანის სიღრმეში ჩნდება. თანდათან მისი ცენტრი ირღვევა და ყალიბდება კრატერისმაგვარი წყლული - გუმა. მიკოზებიდან წყლულების გაჩენის მხრივ აღსანიშნავია ყბა-სახის აქტინომიკოზი, ჰისტოპლაზმოზი და კანდიდოზი. ისინი ხშირად ჩნდება უჯრედული იმუნიტეტის დეფექტების, ენდოკრინული სისტემის დაავადებების (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპო და პარათირეოზი, თირკმელზედა ჯირკვლების ჰიპო და ჰიპერფუნქცია), ასევე კორტიკოსტეროიდებით და ანტიბიოტიკებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს. ყბა-სახის აქტინომიკოზის დროს ინფილტრატები ჩნდება სახეზე, კისერზე, პირის ღრუს ფსკერზე. დაავადების მკურნალობას დიდი ხანი სჭირდება და იკურნება არა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებით, არამედ ანტიბიოტიკებით. ჰისტოპლაზმოზი მთელ პირის ღრუს მოიცავს, უმთავრესად კი ენას, ღრძილებსა და სასას.