რას ნიშნავს ტკივილი გულის არეში

მაგრამ თუ გულის მიდამოს ტკივილი გაწუხებთ და არ იცით, რა მდგომარეობაში გაქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ტკივილის მიზეზის დადგენა ნამდვილად ღირს - პრობლემა შესაძლოა სერიოზული აღმოჩნდეს. გვესაუბრება თსსუ-ის ცენტრალური კლინიკის თერაპიული დეპარტამენტის კარდიოლოგიური სექციის ექიმი-კარდიოლოგი ჯაკო უგრეხელიძე.
- ქალბატონო ჯაკო, რამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი გულმკერდის არეში?
- გულის არეში ტკივილი სხვადასხვა ხასიათისაა - ძლიერი, სუსტი, ხანგრძლივი და ხშირად განმეორებადი ან ხანმოკლე და უეცარი... გულის არეში ხშირად განმეორებადი, გახანგრძლივებული ტკივილი შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც უშუალოდ გულის, ასევე გულმკერდის ღრუს სხვა ორგანოების (პლევრის, დიაფრაგმის, შუასაყარის) დაავადებებით, ნეკნთაშუა ნერვებისა და კუნთების, კისრის მალების დაზიანებით. ამის კვალობაზე, გულმკერდის არეში ტკივილის მიზეზებს ვყოფთ ორ კატეგორიად - გულისმიერ და არაგულისმიერ მიზეზებად.
- მოდი, გულისმიერი მიზეზებით დავიწყოთ...
- გულის ტკივილის ერთ-ერთი უხშირესი მიზეზია სტენოკარდია. გარდა ამისა, უეცრად აღმოცენებული ძლიერი ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტის დაავადებები, გულის კუნთისა და მისი პერანგის ანთება - მიოკარდიტი, კარდიომიოპათია და პერიკარდიტი. როდესაც გულის არეში ტკივილზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ შევეხოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციურ დაავადებებს. ფუნქციური ტკივილის მიზეზებიდან აღსანიშნავია ნეიროცირკულატორული დისტონია, კლიმაქტერიული კარდიოპათია. გულის არეში განსაკუთრებით მკვეთრი ტკივილი აღინიშნება აორტის განშრევების - ანევრიზმის გახეთქვის დროს. გულმკერდის არეში ტკივილის მიზეზი, განსაკუთრებით - ახალგაზრდა ასაკში, ხშირად არის მიტრალური პროლაფსი.
- არაგულისმიერი მიზეზებიდან რომელს გამოყოფდით?
- არაგულისმიერი მიზეზებიდან აღსანიშნავია: პლევრიტი, ოსტეოქონდროზი, ფილტვის არტერიის ემბოლია, პნევმოთორაქსი, კუნთების დაავადებები, ნეკნის დაზიანება, ჰერპეს-ზოსტერი, საყლაპავისა და კუჭის დაავადებები, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი და სხვა.
- რა გზით არის შესაძლებელი ჩამოთვლილი დაავადებების დროს გულის არეში აღმოცენებული ტკივილის მიზეზთა დიფერენცირება?
- გულის არეში აღმოცენებული ტკივილის მიზეზთა სადიფერენციაციოდ დიდი მნიშვნელობა აქვს თავად ტკივილის სტრუქტურას, მის თავისებურებებს.
სტენოკარდია
სტენოკარდიისთვის დამახასიათებელია ტკივილის თანდათანობით მატება და შედარებით სწრაფი გაქრობა. თუ ამ დროს ავადმყოფი არ იღებს ნიტროგლიცერინს, ტკივილი რამდენიმე წუთიდან ნახევარ საათამდე გრძელდება. საყურადღებოა, რომ ნიტროგლიცერინი ეფექტურია ტკივილის მატების პერიოდში, ტკივილის პიკზე მისი მიღება შესაძლოა უშედეგო აღმოჩნდეს.
გულის კუნთისა და პერანგის ანთება
მიოკარდიტის, კარდიომიოპათიისა და პერიკარდიტის დროს ტკივილი ტალღოვანი, მუდმივი ხასიათისაა და თანხვდება სხვა სიმპტომებს - მაღალ ტემპერატურას, ძლიერ საერთო სისუსტეს.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური დაავადებები
სტენოკარდიისგან განსხვავებით, როდესაც შეტევებს შორის ტკივილი სულ მთლად ქრება, ნეიროცირკულატორული დისტონიის დროს იგი ტალღისებურად სუსტდება და იმატებს, გრძელდება რამდენიმე საათი, ზოგჯერ დღე-ღამეც კი. გავრცელებული შეხედულება ნიტროგლიცერინის სადიაგნოზო მნიშვნელობის შესახებ გადაჭარბებულია, ვინაიდან ნიტროგლიცერინი ნეიროცირკულატორული დისტონიის დროსაც ამცირებს ტკივილს, რაც ტვინის სისხლის მიმოქცევის ცვლილებით უნდა იყოს გამოწვეული. კლიმაქტერიული კარდიოპათია უმთავრესად ემართებათ ქალებს საკვერცხის ჰორმონთა ფუნქციის გაქრობის პერიოდში. ამ დროს ტკივილი უკავშირდება არა ფიზიკურ, არამედ ემოციურ დატვირთვას, თან სდევს წნევის მატება, სიმხურვალის შეგრძნება გულმკერდის ზედა ნახევარში.
კუნთები და ჰერპესი
ნეკნთაშუა ნერვებისა და კუნთების დაზიანების დროს ტკივილი ხერხემლის სვეტიდან გულმკერდის წინა მხარისკენ არის მიმართული. ჰერპესზოსტერით გამოწვეული ტკივილის ამოცნობა ადვილდება გამონაყარის გაჩენის შემდეგ.
ოსტეოქონდროზი
ხერხემლის კისრის მალების ოსტეოქონდროზით გამოწვეული ტკივილი უმთავრესად შუა ხნისა და მოხუცებულ ასაკში გვხვდება. ძლიერდება თავის მოძრაობისას, საწოლში მდებარეობის შეცვლისას, თან სდევს მკლავსა და მტევანში დაბუჟებისა და მგრძნობელობის დაქვეითების შეგრძნება.
ინფარქტი
მიოკარდიუმის ინფარქტისთვის დამახასიათებელია ტკივილის ინტენსივობის მკვეთრი ზრდა, რასაც თან სდევს ძლიერი ოფლიანობა, მოუსვენრობა, შიშის შეგრძნება. ეს უკანასკნელი იმდენად აუტანელია, რომ ავადმყოფები უმეტესად სასწრაფო სამედიცინო დახმარებას იძახებენ. თუ სტენოკარდიის დროს ტკივილის ინტენსივობა ნაკლებია და ეკგ-ზე განსაკუთრებული ცვლილებები არ არის გამოხატული, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს სათანადო ეკგ-მონაცემები მალევე ვლინდება. ამ დროს ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების, მათ შორის ნიტროგლიცერინის მიღება პრაქტიკულად უშედეგოა.
აორტის განშრევება
აორტის განშრევების - ანევრიზმის გახეთქვის დროს გულის არეში ტკივილი განსაკუთრებით მკვეთრია. მიოკარდიუმის ინფარქტისაგან განსხვავებით, ამ დროს მას ტალღისებური მიმდინარეობა აქვს - პერიოდულად იკლებს და იმატებს. ვრცელდება ზურგის, წელის, ბარძაყის შიდა ზედაპირზე და საზარდულის მიდამოში.