News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) მხარი დაუჭირა აკვიატებულ მდგომარეობათა ტვინის ელექტროსტიმულირებით მკურნალობას.აკვიატებული მდგომარეობები (obsessive-compulsive disorder) ფსიქიკური დარღვევაა, როდესაც ადამიანს უნებლიეთ უჩნდება აკვიატებული აზრები ან შიშები (აკვიატებული იდეები). ის ამაოდ ცდილობს, თავი დააღწიოს მღელვარების გამომწვევ აზრებს ასევე აკვიატებული და დამღლელი ქმედებების (რიტუალების) დახმარებით.

ფირმა Medtronic-ის მიერ წარმოებული ელექტრომასტიმულირებელი მოწყობილობა Reclaim Deep Brain Stimulator შედგება ელექტრული იმპულსების გენერატორისგან, რომელიც გულმკერდზე, კანქვეშ "მონტაჟდება" და მასთან გამტარებით მიერთებული ელექტროდებისგან, რომლებიც თავსდება განწყობასა და შფოთვაზე პასუხისმგებელ ტვინის უბნებში. განუწყვეტლივ წარმოქმნილი ელექტრული იმპულსები ამ უბნებს ასტიმულირებენ, რაც აკვიატებული მდგომარეობის დათრგუნვას იწვევს. ტვინის ელექტროსტიმულაცია ჯერჯერობით ნებადართულია მათთვის, ვისაც არ შველის მკურნალობის ტრადიციული მეთოდები (წამლები და კოგნიტური ფსიქოთერაპია). ამერიკელ მეცნიერთა აზრით, ელექტროსტიმულაცია მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად უნდა განხორციელდეს.

კვერცხის ქოლესტერინი გაამართლეს

არაერთხელ თქმულა, რომ კვერცხი უხვად შეიცავს ქოლესტერინს და ჯანმრთელობისთვის მავნებელია, მაგრამ ახლახან ჩატარებული კვლევის შემდეგ უკვე შეგვიძლია, კვერცხი სუფრას დავუბრუნოთ და უშიშრად მივირთვათ. ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ფუნდამენტური გამოკვლევა იმის დასადგენად, როგორ მოქმედებს კვერცხი ადამიანის ჯანმრთელობაზე და ზემომოყვანილი მოსაზრების საპირისპირო დასკვნა გამოიტანეს. ისინი ირწმუნებიან, რომ შეგვიძლია, მივირთვათ იმდენი კვერცხი, რამდენიც მოგვესურვება და ჯანმრთელობაზე არ ვიდარდოთ.

მკვლევართა თქმით, კვერცხში შემავალი ქოლესტერინი უშუალოდ სისხლში არ ხვდება და, აქედან გამომდინაარე, ადამიანს საფრთხეს არ უქადის. კვლევის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ბრიუს გრიფინმა კი პირდაპირ განაცხადა, რომ კვერცხი ჯანსაღი დიეტის აუცილებელი კომპონენტია, რადგან მასში უხვად არის სხვადასხვა საკვები ნივთიერება. "მცდარი მოსაზრება, თითქოს კვერცხი სისხლში ქოლესტერინის შემცველობას ზრდიდეს და ამით გულის პრობლემებს უდებდეს სათავეს, უარყოფილ უნდა იქნეს", - ბრძანა მან.

ასე რომ, კვერცხის ქოლესტერინი რეაბილიტირებულია. საზოგადოდ კი, გრიფინის თქმით, სისხლში არსებული ქოლესტერინის მხოლოდ მესამედი მოდის საკვების წილად. მისი ოდენობა უმთავრესად სიმსუქნეზე, მავნე ჩვევებსა და უმოძრაობაზეა დამოკიდებული. სწორედ ეს ფაქტორები ზრდიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. "თუ სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითება გსურთ, უნდა ერიდოთ ნაჯერ ცხიმებს, რომელთაც დიდი ოდენობით შეიცავს ცხიმიანი ხორცი, ცხიმიანი რძის პროდუქტები, ნამცხვარი და ფქვილის სხვა ნაწარმი", - განაცხადა ბრიტანეთის კარდიოლოგიური ფონდის მთავარმა დიეტოლოგმა.

კვერცხი მდიდარია ამინომჟავებით, ვიტამინებით, მინერალური სუბსტანციებით, წარმოადგენს ტვინის საკვებს და სასქესო ჰორმონების წარმოქმნისთვის აუცილებელი ნიაცინის (ნიკოტინმჟავას) წყაროს, გარდა ამისა, შეიცავს E ვიტამინს, რომელიც სისხლის შედედებას უზრუნველყოფს, ქოლინს, რომელიც აუმჯობესებს მეხსიერებას და ღვიძლს ტოქსინებისგან წმენდს და სისხლძარღვთა კედლებზე არსებული ქოლესტერინული ფოლაქების დამშლელ ლეციტინს.

ძუძუთი კვება დედებს გაფანტული სკლეროზისგან იცავს

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვილის ძუძუთი კვება გაფანტული სკლეროზით დაავადებულ ქალებში რეციდივის ალბათობას ამცირებს. ამერიკის ნევროლოგიის აკადემიაში მკვლევართა ჯგუფი გაფანტული სკლეროზით დაავადებულ 32 ორსულს დაახლოებით 2 წლის განმავლობაში აკვირდებოდა. ამ ხნის მანძილზე ექსპერიმენტის მონაწილეებს რეგულარულად სინჯავდნენ და უტარებდნენ გამოკითხვას ძუძუთი კვებასა და მენსტრუალური ციკლის რეჟიმთან დაკავშირებით. გაირკვა, რომ ქალების 52% შვილს ძუძუს არ აწოვებდა, რისი მთავარი მიზეზიც ის იყო, რომ მშობიარობის შემდეგ მათ განაგრძეს გაფანტული სკლეროზის სამკურნალო პრეპარატების მიღება. ამ ჯგუფის წევრთა 87%-ს მშობიარობის პირველსავე წელს განუვითარდა დაავადების რეციდივი, ხოლო იმ ქალებს შორის, რომლებიც შვილებს 2 თვის მანძილზე მაინც აწოვებდნენ ძუძუს, რეციდივის სიხშირემ 36% შეადგინა.

მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით მკვლევარები გაფანტული სკლეროზით დაავადებულ ქალებს ურჩევენ, მშობიარობისთანავე კი ნუ განაგრძობენ წამლის მიღებას, არამედ შვილებს ძუძუ აწოვონ - ეს დედასაც არგებს და ბავშვსაც.

უახლოეს მომავალში შეიქმნება ვაქცინა, რომელიც გრიპის ვირუსის ყველა შტამს გაანადგურებს

ექსპერტები აცხადებენ, რომ უკვე შესაძლებელია გრიპის რამდენიმე შტამის, მათ შორის - ფრინველის გრიპის გამომწვევი H5N1 ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება, რაც მილიონობით ადამიანის გადარჩენის ტოლფასია. ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს 10 ანტისხეული, რომლებსაც წარმატებით მიაქვთ იერიში გრიპის საშიში ფორმების "აქილევსის ქუსლზე". მედიკოსებს დღემდე ვერ უპოვიათ გრიპის ეპიდემიური აფეთქების შემაფერხებელი საშუალება, რადგან ვირუსი გამუდმებით განიცდის მუტაციას და სახეცვლილი შტამის საწინააღმდეგოდ ყოველ ზამთარს ახალი ვაქცინის შექმნაა საჭირო, რასაც რამდენიმე თვე სჭირდება. გარდა ამისა, ტრადიციული ვაქცინები ვირუსის ზედაპირზე არსებულ ორ ცილას უტევენ, ვირუსი კი იმუნური სისტემის "მოსატყუებლად" გამუდმებით იცვლის სახეს.

ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის დროს, რომლის შედეგები ბრიტანულ ჟურნალ Nature Structural & Molecular Biology-ში დაიბეჭდა, აღმოჩენილ იქნა ანტისხეულები, რომელთა სამიზნესაც ვირუსების სუსტი ადგილი - "თავის" ოდნავ ქვემოთ მდებარე არაქისის ფორმის "ყელი" წარმოადგენს. "ყელს" ჩაჭიდებული ანტისხეულები ვირუსებს მნიშვნელოვან ცვლილებათა განხორციელების საშუალებას არ აძლევენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსები ვერ დააინფიცირებენ ორგანიზმის უჯრედებს. ექიმები შიშობენ, რომ ფრინველის გრიპის ადვილად გადამდები ვარიანტის პანდემიის შემთხვევაში სათანადო ვაქცინის შექმნამდე ურიცხვი ადამიანი დაიღუპება. ამ ახალაღმოჩენილი ანტისხეულების წყალობით, რომელთაც ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობის პარალელურად შეიყვანენ ორგანიზმში, შესაძლებელია, ვირუსის გავრცელება 4-6 თვით შეფერხდეს, ეს დრო კი სათანადო ვაქცინის შესაქმნელად საკმარისზე მეტია.

ღებინების საწინააღმდეგო საშუალება ოპიატების აღკვეთის სინდრომს ამსუბუქებს

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გულისრევისა და ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები ამსუბუქებს აბსტინენციის სინდრომს ოპიოიდურ ნარკოტიკებზე დამოკიდებულების დროს და არც ისეთი მძიმე თანამოვლენები ახასიათებს, რომლებითაც ამჟამად მიღებული პრეპარატები გამოირჩევა.

კალიფორნიის შტატში მდებარე სტენფორდის უნივერსიტეტში შეისწავლეს სეროტონინის 5-HT3-რეცეპტორთა სელექტიური ბლოკატორების ჯგუფში შემავალი ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატის ონდანსეტრონის გავლენა ოპიოიდური ნარკოტიკების - ჰეროინისა და მორფინის - აღკვეთის სინდრომზე. არჩევანს საფუძვლად დაედო მცირე ხნის წინ ჩატარებული გამოკვლევა, რომლის შედეგადაც დადგენილ იქნა აბსტინენციის სინდრომის დამოკიდებულება 5-HT3 რეცეპტორების მაკოდირებელი გენების აქტიურობაზე. თაგვებსა და 8 ჯანმრთელ მოხალისეზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ონდანსეტრონის მიღებისას აბსტინენცია (აგზნება, უძილობა, გულისრევა და სხვა) საგრძნობლად მცირდება. ამასთანავე, პრეპარატს არ გააჩნია სერიოზული გვერდითი ეფექტი. უახლოეს მომავალში დაგეგმილია მასშტაბური კვლევების სერიის ჩატარება ადამიანებზე, რომლებსაც ოპიოიდური დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა სურთ.

ცივი აბაზანა სითბური დაკვრის სამკურნალო უებარი საშუალებაა

სითბური დაკვრის დროს სხეულის ტემპერატურის დასაქვეითებლად ყველაზე ეფექტური საშუალება ადამიანის ყინულიან წყალში ჩაწვენაა - ასეთი დასკვნა გამოიტანეს ბრენდონ მაკდერმოტმა და მისმა კოლეგებმა კონეკტიკუტის უნივერსიტეტიდან გამოკვლევის შედეგების გაანალიზების შემდეგ.

ცივი აბაზანის ალტერნატივაა სარწყავი შლანგით წყლის გადავლება, სველ პირსახოცში გახვევა და ვენტილატორით დანიავება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მსხვილი სისხლძარღვების გავლის წერტილებში ყინულის დადება, რასაც ექიმების უმრავლესობა ანიჭებს უპირატესობას, სხეულის ტემპერატურის დასაქვეითებლად არცთუ ისე ეფექტური გზაა. ორგანიზმი შესაძლოა გადახურდეს მაღალ ტემპერატურაზე კუნთების აქტიური მუშაობის შედეგად. საწყის სტადიაში გადახურება ვლინდება მოთენთილობით, გულისრევით, თავბრუხვევით. შემდგომ შესაძლოა განვითარდეს სითბური დაკვრა: ამ დროს ორგანიზმში ტემპერატურის რეგულაცია მკვეთრად ირღვევა და ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

სითბური დაკვრის სიმპტომებია სხეულის მაღალი (40 გრადუსამდე) ტემპერატურა, კანის სიმშრალე და სიმხურვალე, გულისცემისა და სუნთქვის გახშირება, არტერიული წნევის აწევა ან დაცემა.

იმის გასარკვევად, რა სახის მკურნალობა უფრო ეფექტურია კუნთების მუშაობით გამოწვეული გადახურების დროს, ამერიკელმა მეცნიერებმა სხეულის გაგრილების მეთოდებისადმი მიძღვნილი შვიდი გამოკვლევის მასალები გააანალიზეს. განხილულ მეთოდებს შორის ყველაზე სწრაფი და ეფექტური გამოდგა გადახურებული ადამიანის ყინულიან წყალში ჩაწვენა. სწორედ ეს მეთოდია მითითებული აშშ-ის მწვრთნელთა ნაციონალური ატლანტიკური ასოციაციისა და სპორტული მედიცინის ამერიკული კოლეჯის ოფიციალურ რეკომენდაციებში, რომლებიც ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ჰიპერტენზიის მკურნალობას ეხება.