ვის და რატომ ემართება შარდსასქესო სისტემის დაავადებები

დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას, წყლისა და, საზოგადოდ, სითხის ბალანსს (მოგეხსენებათ, ბევრი დღის განმავლობაში ჭიქა წყალსაც კი არ სვამს), ცხოვრების წესს, სქესობრივი ცხოვრების ინტენსივობასა და კულტურას, შრომით საქმიანობას. კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ შარდსასქესო სისტემის პათოლოგიით დაავადებული ადამიანები თავს არ უფრთხილდებიან, სათანადოდ არ მკურნალობენ, მკაცრად არ იცავენ კვებისა და, საზოგადოდ, ცხოვრების რეკომენდებულ რეჟიმს, დაავადების გამწვავების ან ცალკეულ გართულებათა თავიდან ასაცილებლად არ იტარებენ სავალდებულო პროფილაქტიკურ გამოკვლევებსა და სხვა ღონისძიებებს, უგულებელყოფენ მრავალ წესსა თუ აკრძალვას.
ყოველივე ეს უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შარდსასქესო სისტემის, არამედ მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე.
ვის ემუქრება შარდსასქესო სისტემის დაავადებები, ვინ შედის რისკ-ჯგუფში, როგორ მოვიქცეთ აღნიშნული პრობლემების თავიდან ასაცილებლად?
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმი უროლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი სორთმან ჯაფარიძე.
- უპირატესად ვის ემუქრება შარდკენჭოვანი დაავადება?
- შარდკენჭოვანი დაავადება მთელ მსოფლიოში ძალზე გავრცელებული დაავადებაა. ეს არის კენჭების წარმოქმნა და შეყოვნება საშარდე სისტემის ორგანოებში: თირკმელებში, შარდსაწვეთებში, შარდის ბუშტში, შარსადინარში. არსებობს ამ პათოლოგიის განსაკუთრებული გავრცელების რეგიონები, რომელთა შორის არის საქართველოც.
შარდკენჭოვანი დაავადება პოლიეტიოლოგიური დაავადებაა, ესე იგი წარმოშობის მრავალი მიზეზი აქვს. რომელიმე ერთი მიზეზის შესწავლა ამ დაავადების წარმოშობის შესახებ ამომწურავ პასუხს ჯერჯერობით ვერ გვაძლევს.
შარდკენჭოვანი დაავადების წარმოშობის ხელშემწყობი ფაქტორებია:
- მშრალი ჰავა - ასეთ რეგიონებში შარდი კონცენტრირებულია და მასში ადვილად წარმოიშობა კრისტალები;
- კალციუმის მარილებით მდიდარი სასმელების მუდმივი მოხმარება;
- ისეთი საკვების ხშირი მიღება, რომელშიც უხვად არის შარდმჟავა კალციუმის (პომიდორი, ხორცი, ღვინო და სხვა), მჟაუნმჟავა კალციუმის (ყავა, შოკოლადი, ლობიო, მჟაუნა, ბადრიჯანი და სხვა) და ფოსფორმჟავა კალციუმის მარილები (რძის პროდუქტები). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ საკვების მიღება უნდა ავკრძალოთ, ანდა მათი მიღება აუცილებლად გამოიწვევს შარდკენჭოვან დაავადებას. ჩამოთვლილი პროდუქტები მხოლოდ ხელს უწყობს დაავადების განვითარებას იმ ადამიანებში, რომლებსაც ისედაც აქვთ მიდრეკილება მისკენ;
- შეგუბებითი პროცესები ზედა და ქვედა საშარდე გზებში, მოშარდვის სურვილის შემთხვევაში ხანგრძლივი და სისტემატური თავშეკავება.
ყველა ამ მიზეზთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება შარდკენჭოვანი დაავადებისადმი გენეტიკურ მიდრეკილებას. ასეთ ადამიანებს უფრო ხშირი გამოკვლევა და დაავადების პროფილაქტიკური მკურნალობა სჭირდებათ.
- როგორ უნდა მოიქცეს დაავადების გამწვავების თავიდან ასაცილებლად ადამიანი, რომელსაც უკვე აქვს ეს პრობლემა?
- შარდკენჭოვანი დაავადების დროს, სახელდობრ, მაშინ, როცა კენჭები თირკმელსა და შარდსაწვეთებშია ლოკალიზებული, ასიდან 95 პაციენტს აწუხებს წელის ტკივილი, რომელიც იმავე მხარეს ფერდქვეშ გადაეცემა. ათიდან 7 შემთხვევაში ტკივილი თირკმლის ჭვალს ჰგავს. თირკმლის ჭვალი არის ძლიერი, აუტანელი შეტევითი ტკივილი, რომელსაც იწვევს შარდის შეგუბება ზედა საშარდე გზებში. ამგვარი მოვლენების დროს, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია საშარდე სისტემის ორგანოთა ულტრაბგერითი (ექოსკოპიური) გამოკვლევა, რათა ზუსტად დავადგინოთ ტკივილის მიზეზი და არ გამოგვეპაროს სხვა მწვავე ქირურგიული დაავადება. მას შემდეგ, რაც ექიმი დაადგენს, რომ ტკივილი თირკმლის ან შარდსაწვეთის კენჭებით არის გამოწვეული, უნდა მოხდეს შეტევის კუპირება სპაზმოლიზური (სპაზმის მომხსნელი) და ანალგეზიური (ტკივილგამაყუჩებელი) საშუალებებით უროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, შემდგომ კი შესაბამისი მკურნალობა ჩატარდეს.
პაციენტებმა, რომლებმაც უკვე გადაიტანეს შარდკენჭოვანი დაავადება (დაბადეს კენჭი, ჩაიტარეს კენჭის დისტანციური ლითოტრიფსია, მედიკამენტური ლითოლიზი ან ოპერაციული მკურნალობა), წელიწადში 2-ჯერ მაინც უნდა ჩაიტარონ საშარდე სისტემის ულტრაბგერითი გამოკვლევა და შარდის საერთო ანალიზი, რადგან ამ დაავადების რეციდივის შემთხვევაში, სანამ კენჭი დიდი ზომისა გახდება, გაცილებით მარტივია მედიკამენტური მკურნალობა.
პროფილაქტიკის ყველაზე იოლი და შედეგიანი საშუალებაა სითხის ჭარბად მიღება, თუ ამის საშუალებას იძლევა ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა.