პროსტატიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პროსტატიტი

მასში ინფექცია შეიძლება მოხვდეს შარდის ბუშტიდან, შარდსადენი არხიდან, სწორი ნაწლავიდან, მცირე მენჯის სისხლძარღვებიდან თუ ლიმფური გზებიდან. თუმცა პროსტატაში ინფექციის მოხვედრამ შესაძლოა სულაც არ გამოიწვიოს დაავადება. უფრო მეტიც - შეიძლება ითქვას, რომ ასეთ არახელსაყრელ ადგილზე მდებარე ჯირკვლისთვის ინფექცია ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც ხშირად ისე გაივლის, რომ მამაკაცი ვერაფერს ამჩნევს. ასეა თუ ისე, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პროსტატიტის განვითარებისთვის, გარდა ინფექციური აგენტისა, აუცილებელია ზოგიერთი სხვა ფაქტორიც. ფაქტორებს, რომლებსაც დაავადების პროვოცირება შეუძლია, მიეკუთვნება:

  • ორგანიზმის გადაცივება;
  • ხშირი შეკრულობა;
  • მჯდომარე სამუშაო;
  • ხანგრძლივი სქესობრივი თავშეკავება და გადაჭარბებული სექსუალური აქტიურობა;
  • ჰიპოდინამია, მოძრაობითი აქტივობის შეზღუდვა;
  • ქრონიკული ანთებითი პროცესები (მაგალითად, ქრონიკული ბრონქიტი) და ინფექციის ქრონიკული კერები (მაგალითად, ტონზილიტი, არანამკურნალები კარიესული კბილები);
  • გადატანილი ვენერული და უროლოგიური დაავადებები (გონორეა, ურეთრიტი);
  • ნებისმიერი სხვა მდგომარეობა, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის იმუნური სისტემის დათრგუნვას (მაგალითად, გადაძაბვა სპორტული დატვირთვის დროს, რეგულარული გამოუძინებლობა, არასრულფასოვანი და არარეგულარული კვება, ქრონიკული სტრესი და სხვა).

ყველა ეს ფაქტორი ან უადვილებს მიკრობებს წინამდებარე ჯირკვალში შეღწევას, ან ხელს უწყობს მცირე მენჯის ორგანოების სისხლით მომარაგების გაუარესებას, ან იწვევს შეგუბებით პროცესებს, რასაც საბოლოოდ მიკროორგანიზმების გამრავლებამდე და ანთებითი პროცესის განვითარებამდე მივყავართ.

როგორ ვლინდება პროსტატიტი?

მწვავე პროსტატიტი

პროსტატიტი შეიძლება მოულოდნელად განვითარდეს როგორც მწვავე ანთებითი დაავადება ყველა შესაბამისი კლინიკური ნიშნით. ასეთ დროს პაციენტს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა (38-39 გრადუსი ცელსიუსით), ციება, მწვავე ტკივილი შორისის ან სწორი ნაწლავის მიდამოში, მტკივნეული შარდვა და დეფეკაცია.

ქრონიკული პროსტატიტი

დაავადება ხშირად ქრონიკული ფორმით ვითარდება და არცთუ ისე შემაწუხებელია. ამ შემთხვევაში ზემოხსენებული სიმპტომები უფრო სუსტად იქნება გამოხატული, ზოგჯერ კი იმდენად უმნიშვნელოდ, რომ შესაძლოა, ადამიანმა ან საერთოდ არ მიაქციოს ყურადღება, ან, ვთქვათ, ტემპერატურის მცირედი მომატება ბანალურ გაციებას დააბრალოს. ტემპერატურა ასეთ დროს ოდნავ თუ ასცდება 37 გრადუსს; შორისის მიდამოში პერიოდულად შესაძლოა სუსტმა ტკივილმა ან უსიამოვნო შეგრძნებამ იჩინოს თავი; ასეთი შეგრძნება ზოგჯერ შარდვის ან დეფეკაციის დროსაც შეინიშნება. საშარდე არხიდან უმნიშვნელო რაოდენობით დის ლორწოვანი გამონაყოფი - ეს ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია. ხშირად პროსტატიტი სქესობრივი გზით გადამდები ქრონიკული ინფექციური დაავადების - ქლამიდიოზის, ტრიქომონიაზის, ურეაპლაზმოზის და სხვათა - გართულებად გვევლინება. ამ შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა უმნიშვნელოდ იცვლება, კერძოდ, მოშარდვა ოდნავ უფრო მტკივნეული ხდება, შეინიშნება უმნიშვნელო ტკივილები შორისის მიდამოში, დეფეკაციის დროს საშარდე არხიდან ცოტაოდენი გამონაყოფი დის. სამწუხაროდ, ამ ცვლილებებს პაციენტები იშვიათად აქცევენ ყურადღებას. გარკვეული ხნის შემდეგ თავს იჩენს ერექციის პრობლემები. ეს გამოწვეულია ანთებით პროცესში იმ ნერვების ჩართვით, რომლებიც ერექციულ ფუნქციას განაგებს. ქრონიკული პროსტატიტი ნეგატიურად მოქმედებს განწყობილებაზე. მამაკაცი მუდმივად გაღიზიანებულია, უკმაყოფილო და მხოლოდ საკუთარ მდგომარეობაზე ფიქრობს. ხშირად ეს ყველაფერი ისე მკვეთრად არის გამოხატული, ექიმები ამბობენ, რომ საუკეთესო შედეგის მისაღებად არა მარტო კარგი უროლოგი, არამედ კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყო.

რა მოხდება, თუ არ იმკურნალებთ?

თუ მწვავე პროსტატიტის დროს ავადმყოფი ექიმთან არ მივიდა, მოსალოდნელია, განვითარდეს წინამდებარე ჯირკვლის აბსცესი - კეროვანი ჩირქოვანი ანთება. ამ დროს სხეულის ტემპერატურა 39-40 გრადუსამდე იმატებს და ჰექტიური ხდება, ძლიერ ცხელებას პერიოდული შემცივნება ცვლის, ტკივილი შორისის მიდამოში ისე ძლიერდება, რომ შარდვა მეტისმეტად ძნელდება, ხოლო დეფეკაცია ხშირად შეუძლებელი ხდება. გარკვეული ხნის შემდეგ მწვავე პროსტატიტი წინამდებარე ჯირკვლის შეშუპებას იწვევს, შედეგად კი ვითარდება შარდვის მწვავე შეკავება. საბედნიეროდ, მამაკაცთა უმრავლესობას საქმე აქამდე არ მიჰყავს და დროულად მიმართავს უროლოგს. სხვაგვარადაა საქმე ქრონიკული პროსტატიტის დროს. ის ტალღისებურად მიმდინარეობს, პერიოდულ გამწვავებას მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი რემისიები მოსდევს, რომელთა დროსაც დაავადება თითქმის არაფრით იჩენს თავს, ამიტომ მრავალი მამაკაცი ექიმთან მისვლას ლოდინს ამჯობინებს, თუმცა ეს არცთუ გონივრული აზრია, რადგან ყოველი გამწვავების დროს ანთებითი პროცესი უფრო და უფრო შორს ვრცელდება. თუ მან საშარდე სისტემაც ჩაითრია, ეს ცისტიტის ან პიელონეფრიტის განვითარებამდე მიგვიყვანს. ასევე არ არის გამორიცხული ვეზიკულიტი - სათესლე ბუშტუკების ანთება და ეპიდიდიმოორქიტი - სათესლე ჯირკვლებისა და მათი დანამატების ანთება. საბოლოოდ დაავადებამ შესაძლოა უნაყოფობა გამოიწვიოს, რომლის მკურნალობა მეტად რთული და ხანგრძლივი იქნება, თუ საერთოდ მოხერხდა განკურნება.

რა მოხდება, თუ ექიმთან მიხვალთ?

არც მწვავე, არც ქრონიკული პროსტატიტის დიაგნოსტიკა არ არის რთული. გამოკითხვისა და დათვალიერების შემდეგ ექიმი წინამდებარე ჯირკვალს უკანა ტანიდან თითით სინჯავს და ანალიზისთვის პროსტატის სეკრეტს იღებს. ეს არასასიამოვნო, ხოლო გამოხატული ანთებითი პროცესის დროს საკმაოდ მტკივნეული პროცედურაა, მაგრამ აუცილებელიც. პროსტატიტის დროს დიაგნოსტიკის კიდევ ერთი მეთოდია ტრანსრექტალური ულტრაბგერითი კვლევა. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია შარდისა და წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტის ლაბორატორიული დათესვა, რითაც ანტიბაქტერიული პრეპარატებისადმი ფლორის მგრძნობელობას ადგენენ. უამისოდ მკურნალობა ეფექტური არ იქნება და განკურნებამდე კი არა, დაავადების უფრო მძიმე ფორმამდე მიგვიყვანს.


როსტატიტის მკურნალობა

პროსტატიტი იმდენად რთული და ვერაგი დაავადებაა, რომ მისი მკურნალობა მსოფლიო მედიცინის ერთ-ერთ ურთულეს პრობლემად მიიჩნევა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ექიმთან არ უნდა მიხვიდეთ ან ის ვერაფრით დაგეხმარებათ. მართალია, განკურნება ყოველთვის ვერ ხერხდება, მაგრამ თანამედროვე მედიცინას დაავადების სიმპტომების მოხსნა და მყარი ხანგრძლივი რემისიის გამოწვევა მაინც ძალუძს. ამის შემდეგ თავად პაციენტზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს გასტანს ეს პერიოდი. თუ ის ზედმიწევნით შეასრულებს ექიმის რეკომენდაციებს, სავსებით შესაძლებელია, უსიამოვნო სიმპტომები მისი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრეს. პროსტატიტის მკურნალობა კომპლექსური და ინდივიდუალურია. იყენებენ ანტიბიოტიკოთერაპიას, წინამდებარე ჯირკვლის მასაჟს, ფიზიოთერაპიას, იმუნომაკორეგირებელ თერაპიას. აუცილებელია ცხოვრების წესის კორექციაც. მხოლოდ ამ ღონისძიებათა ერთობლიობა გამოიღებს სათანადო შედეგს.

ანტიბაქტერიული თერაპია

ანტიბაქტერიული თერაპია ინიშნება პროსტატიტის იმ ფორმების დროს, რომლებიც პათოგენური ბაქტერიებით არის გამოწვეული. ამასთან, ანტიბიოტიკი გამომწვევის შესაბამისად უნდა შეირჩეს. პროსტატიტის მკურნალობის დროს ანტიბაქტერიულ თერაპიას მხოლოდ ორი გამოსავალი აქვს: პრეპარატი ან დახოცავს ყველა მიკროორგანიზმს, ან მათი ნაწილი გადარჩება და ადრე თუ გვიან ისევ გამოავლენს თავს, თანაც ასეთი “ტრენირების” შემდეგ მათი დახოცვა გაცილებით ძნელი იქნება, ამიტომ პრეპარატი, მისი გამოყენების სქემა და დოზა გულდასმით უნდა შეირჩეს. გარდა ამისა, არ უნდა დავივიწყოთ ანტიბაქტერიული თერაპიის საერთო წესები. თუ ის დაწყებულია, მისი დროზე ადრე შეწყვეტა არ შეიძლება. თუ მაინც მოხდა ასე, გარკვეული ხნის შემდეგ დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხელახლა უნდა ჩატარდეს. თუ თერაპიის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ პაციენტმა უკეთესობა ვერ იგრძო, პრეპარატი უნდა შეიცვალოს. არ შეიძლება იმავე ჯგუფის ანტიბიოტიკის გამოყენება, რომელსაც ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა პრობლემის სამკურნალოდ.

ქრონიკული პროსტატიტის მკურნალობა

მამაკაცთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ყველაზე მტკივნეული და დამამცირებელია ის, რაც მათ ქრონიკული პროსტატიტის მკურნალობის დროს ელით. ეს წინამდებარე ჯირკვლის მასაჟია. სწორედ ეს შთაბეჭდილებები უხსნის ხელ-ფეხს არაკეთილსინდისიერ ადამიანებს, რომლებიც აცხადებენ, რომ უახლესი მეთოდებით, მასაჟის გარეშე მკურნალობენ პროსტატიტს. სულაც არ არის საკვირველი, რომ მამაკაცი მზად არის, ნებისმიერი თანხა გადაიხადოს ამ უსიამოვნო წუთების თავიდან ასაცილებლად. სამწუხაროდ, მკურნალობის ამგვარი მეთოდები ყოველდღიურად ჩნდება და ქრება და უკვე მერამდენედ ამტკიცებს, რომ წინამდებარე ჯირკვლის მასაჟი ამ დაავადების მკურნალობის ქვაკუთხედია. პროსტატის მასაჟის დროს, ერთი მხრივ, ხდება ჯირკვლიდან, მისი არხებიდან და, საზოგადოდ, შარდგამომყოფი არხიდან ანთებადი სეკრეტის გამოწურვა, მეორე მხრივ კი უმჯობესდება წინამდებარე ჯირკვლის სისხლით მომარაგება, რაც აუმჯობესებს ანტიბაქტერიული თერაპიის ეფექტს. უნდა ითქვას, რომ წინამდებარე ჯირკვალი ერთადერთი ორგანოა, რომლის მასაჟიც ეფექტურად კურნავს მის მწვავე ანთებას. არც ერთი სხვა ქსოვილის მწვავე ანთების დროს მასაჟის გაკეთება არ შეიძლება - ეს პროცესის გავრცელებას და დაავადების პროგრესირებას შეუწყობს ხელს. პროსტატიტის დროს ფიზიოთერაპიის სხვადასხვა ვარიანტი შეიძლება იქნეს გამოყენებული: ელექტრომაგნიტური რხევები, ულტრაბგერითი ტალღები, ლაზერული ზემოქმედება ან უბრალოდ სწორ ნაწლავში ტემპერატურის მომატება. ნებისმიერი მათგანი გააუმჯობესებს სისხლით მომარაგებას და ანტიბაქტერიული თერაპიის ეფექტს თუ ფიზიოთერაპიის ჩატარება ამა თუ იმ მიზეზით ვერ ხერხდება, შეიძლება, სამკურნალწამლო მიკროოყნებით შემოვიფარგლოთ. პროსტატიტის დროს ხშირად აუცილებელია იმუნოკორექცია, რადგან ანთებითი პროცესის ხანგრძლივმა მკურნალობამ და ანტიბიოტიკოთერაპიამ, მეტადრე - არასწორად ჩატარებულმა, არ შეიძლება გავლენა არ მოახდინოს იმუნურ სისტემაზე. ამ ტიპის მკურნალობა მარტო იმისთვის კი არ ტარდება, რომ ჯირკვალი ინფექციისგან გათავისუფლდეს, არამედ იმისთვისაც, რომ სამომავლოდ თავიდან იქნეს აცილებული მასში ინფექციის განვითარება. ხშირად ქრონიკული პროსტატიტის მკურნალობის დროს აუცილებელია იმუნოლოგის კონსულტაცია და სპეციალური ანალიზების გაკეთებაც. პროსტატიტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის აუცილებელია ცხოვრების წესის მოწესრიგებაც, რადგან, თუ მაპროვოცირებელი ფაქტორები უყურადღებოდ დავტოვეთ, დაავადება ადრე თუ გვიან ისევ იჩენს თავს. უნდა მისდიოთ სპორტს, ხშირად იაროთ ფეხით, მოიწესრიგოთ ძილის, დასვენებისა და კვების რეჟიმი.

ორიოდე სიტყვა პროფილაქტიკაზე

ერიდეთ გადაცივებას, ცივ ქვაზე, ბორდიურზე ჩამოჯდომას და სხვა; თუ მჯდომარე სამუშაო გაქვთ, საათში ერთხელ წამოდექით და გაივარჯიშეთ; შეკრულობის დროს მიმართეთ ექიმს და მისი კონსულტაციით მიიღეთ საფაღარათო საშუალებები; ეცადეთ, გქონდეთ რეგულარული სქესობრივი ცხოვრება ერთ პარტნიორთან (რაც, სხვათა შორის, სხვა უსიამოვნებებისგანაც დაგიცავთ). თუ მაინც შეგხვდათ რომელიმე უსიამოვნო დაავადება, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს, ნუ ეცდებით თვითგანკურნებას და ნუ მიუშვებთ დაავადებას თვითდინებაზე. ეცადეთ, რეგულარულად და ნორმალურად იკვებოთ, მისდიოთ აქტიურ ცხოვრების წესს, არ იავადმყოფოთ და მეტი იფიქროთ ჯანმრთელობაზე. დაბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მთავარს:

ნ ხშირად პროსტატიტი უმნიშვნელო სიმპტომებით იჩენს თავს. თუ დროდადრო გაწუხებთ სუსტი ტკივილი შორისის მიდამოში, უსიამოვნო შეგრძნებები დეფეკაციის ან შარდვის დროს, უმნიშვნელო გამონადენი შარდგამომყოფი არხიდან, კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ უროლოგს.

ნ მკურნალობა კომპლექსურად უნდა ჩატარდეს. კომპლექსის შემადგენელი არც ერთი მეთოდის უარყოფა არ შეიძლება.

ნ ანტიბაქტერიული პრეპარატის, მისი დოზისა და გამოყენების სქემის შერჩევა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს და მხოლოდ უროგენიტალური მიკროფლორის აუცილებელი ანალიზის შემდეგ. არ შეიძლება პრეპარატის მიღების შეწყვეტა ექიმის კონსულტაციის გარეშე.

ნ წინამდებარე ჯირკვლის მასაჟი მკურნალობის უნიკალური და შეუცვლელი მეთოდია. ნუ ენდობით მეთოდებს, რომლებიც მის გარეშე განკურნებას გთავაზობენ.

წინამდებარე ჯირკვლის ანთება ის დაავადებაა, რომლის თავიდან აცილება უფრო ადვილია, ვიდრე განკურნება. დაფიქრდით ამაზე და შეიტანეთ საკუთარ ცხოვრებაში უმნიშვნელო ცვლილებები, რაც ნამდვილად დაგეხმარებათ ამ მეტად უსიამოვნო და ძნელად განსაკურნებელი დაავადების თავიდან აცილებაში.