გამარჯობა. დავასრულე მე-3 კურსი. სწავლას დიდ დროს ვუთმობ და შეიძლება ითქვას, რომ ამის გამო სამსახური არ დამიწყია. ამ ეტაპზე ოჯახი ხელს მიწყობს ფინანსურად და მეც მაქსიმალურად ეკონომიურად ვცხოვრობ (მოგეხსენებათ, დღეს ქირის გადახდა ნებისმიერი ადამიანისთვის და მით უმეტეს სტუდენტისთვის უდიდესი ტვირთია). ვცადე მუშაობის დაწყება კარფურშიც, თუმცა, ფსიქოლოგიურად ჩემთვის რთული აღმოჩნდა იმ გარემოსა და სტაფში მუშაობა. ჯერჯერობით ჩემი პროფესიით (ჟურნალისტიკით, პროდიუსინგით) ვერ ვსაქმდები. დამეწყო საშინელი თვითგვემა, კერძოდ, მგონია, რომ ვერასდროს ვერ დავიწყებ ჩემი კარიერით მუშაობას, რომც მივიდე ადგილას, მგონია, რომ თავს ვერ გავართმევ. სხვა სამსახურებზეც, ყველაფერს შიშით ვუყურებ და მგონია, რომ ვერ შევძლებ მოვალეობების შესრულებას და არავის მოვეწონები (არადა, მარტივად ვითვისებ ტექნოლოგიებს განსაკუთრებით, მაგრამ ამ პერიოდმა და 3 წლის განმავლობაში იმედგაცრუებებმა აქამდე მიმიყვანა). იმას მივხვდი, რომ ვერ ვიმუშავებ მარკეტებში და ჩემი პროფესიისგან ძალიან მოშორებით. მომწონს უფრო მყუდრო გარემო. უზომოდ პასუხისმგებლიანი ვარ, ზედმეტადაც კი და ყველაფერში მინდა მაქსიმალური შედეგი დავდო. ეს ხანდახან ხელს მიშლის და მგონია, რომ ვერასდროს ვერ ვარ საკმარისად კარგი. შემოდგომიდან, სავარაუდოდ, მექნება შესაძლობა ტელევიზიაში შევაბიჯო და ბექსთეიჯში ჩემი თავი გამოვცადო, მაგრამ ძალიან შიშით ვხვდები ამ ფაქტს. უნივერსიტეტშიც კარგი ქულებით გამოვირჩევი, რასაც ხელს ვკიდებ ხარისხიანად ვაკეთებ, მაგრამ ბაზარზე გასვლის საშინლად მეშინია და თავდაჯერება, მიუხედავად ამ ყველაფრისა, არ გამაჩნია. ტელევიზიაში, მოგეხსენებათ, დიდი კონკურენციაა, ქაოსია და ა.შ. როგორ გამოვხატო თავი და როგორ დავძლიო ეს ყველაფერი. სულ უფასო სტაჟირებები აქვს ყველას და რეალურად ჩემი საკუთარი სტაბილური ხელფასიც კი არ მაქვს ნანახი და ამ ყველაფერმა შიში გამომიმუშავა. რა შეიძლება მოვიმოქმედო, როგორ დავძლიო ეს გამოწვევები? მეც მესმის, რომ უნდა გადავლახო, მაგრამ როგორ. ის ფაქტი ცალკე მძაბავს, რომ ტელევიზიაშიც ჯერ სტაჟირებაზე მივდივარ და რთული გარემო დამხვდება...