-1-დან 1,5 წლამდე კვება ხუთჯერადია, საკვების საერთო მოცულობა დღე-ღამეში 1100 მლ-ს შეადგენს. ამ ასაკში ბავშვი თანდათან უარს ამბობს მეხუთე, ღამის ულუფაზე და ოთხჯერად კვებაზე გადადის. კვების საათები ზუსტად უნდა დაიცვათ, რადგან არარეგულარული კვებისას პირობითი რეფლექსი ქრება, კუჭის წვენის გამოყოფის რიტმი ირღვევა, საჭმლის მომნელებელი წვენების ოდენობა და თვისებები იცვლება, ეს ყოველივე კი გავლენას ახდენს ბავშვის მადაზე. არ არის სასურველი, ჭამიდან ჭამამდე პატარას ტკბილეული, ტკბილი წვენები მისცეთ. ყურადღება მიაქციეთ პროდუქტების გადანაწილებას:
ცილით მდიდარი საკვები (ხორცი, თევზი) უმჯობესია დღის პირველ ნახევარში მისცეთ. ასეთი პროდუქტი, განსაკუთრებით - ცხიმთან ერთად, კუჭში დიდხანს ყოვნდება და გადასამუშავებლად მეტ საჭმლის მომნელებელ წვენს მოითხოვს. ღამის ძილის დროს მონელების პროცესები ნელდება, ამიტომ დღის მეორე ნახევარში უმჯობესია პატარას ადვილად ასათვისებელი საკვები - ფაფა, რძე, ხაჭო, მაწონი, ყველი შესთავაზოთ. ზოგიერთი პროდუქტი, მაგალითად, პური, კარაქი, რძე, ხორცი, ბოსტნეული, ბავშვმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს, ზოგი კი - არაჟანი, თევზი, ხაჭო - შეიძლება უფრო იშვიათად მისცეთ.
გაითვალისწინეთ, რომ პატარა უკვე მიჩვეულია გარკვეულ გემოს და ზოგიერთი ახალი კერძი, თუნდაც ნაცნობი სურსათისაგან მომზადებული, შესაძლოა არ მოეწონოს. შეეცადეთ, თანდათან, ძალდაუტანებლად შეაჩვიოთ. სხვაგვარად ორგანიზმი, გემოვნებითი შეგრძნებები და საღეჭი აპარატი ნორმალურად ვერ განვითარდება. მნიშვნელოვანია ერთ ჯერზე მისაღები საკვების ოდენობის განსაზღვრაც. ულუფა ბავშვის ასაკს უნდა შეესაბამებოდეს.
მაგალითად: 1-დან 3 წლამდე პატარამ ერთ ჯერზე უნდა მიირთვას:
* სუპი (წვნიანი) - 100-150 გ
* გარნირი - 80-100 გ
* კისელი, ჩაი წვენი - 100 მლ ულუფის სიჭარბე არღვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციობას და აუარესებს საკვების ათვისებას, შედეგად კი ბავშვს მადაც ეკარგება.
ჭამის წინ ტკბილეულის მიღება კუჭის წვენის სეკრეციას აქვეითებს და მადას აურესებს. გარდა ამისა, ბავშვი ასეთ წყალს სვამს არა წყურვილის მოსაკლავად, არამედ სიტკბოს გამო, რაც სითხის ჭარბ მიღებას უწყობს ხელს, ეს კი ნებისმიერ ასაკში ცუდია. ასევე მიუღებელია მაწვნის, ხაჭოს, გახეხილი ხილის (პიურეს) დატკბობა. დაიმახსოვრეთ: პატარას საკვებს შაქარი და მარილი იმდენი უნდა გაურიოთ, რომ თავად მისი დაგემოვნებისას უმარილო და უტკბო მოგეჩვენოთ.