პირველი დახმარების თავისებურებანი მოტეხილობის დროს

დაშავებულის აჩქარებით, დახმარების გარეშე გადაყვანა, უფრო მეტად კი არასწორი პირველი დახმარება შესაძლოა მძიმე გართულებათა დასაბამად იქცეს. სწორედ ამ დეტალებზე გვესაუბრება სამედიცინო ცენტრ "იუნონას" ტრავმატოლოგ-ორთოპედი კობა დიასამიძე.
- რას გულისხმობს პირველი დახმარება მწვავე მოტეხილობის დროს?
- მწვავე ტრავმა შედეგია ადამიანის ორგანიზმზე გარეგანი ფაქტორების ერთმომენტიანი უეცარი ზემოქმედებისა, რომელიც იწვევს როგორც რბილი, ასევე ძვლოვანი ქსოვილების სტრუქტურის, ანატომიური მთლიანობისა და ფიზიოლოგიური ფუნქციის მწვავე მოშლას. არსებობს სხვადასხვა ტიპის ტრავმა - იზოლირებული, კომბინირებული, შერწყმული, მრავლობითი... პირველი დახმარება დამოკიდებულია ტრავმის სახეობაზე, ხასიათსა და დაზიანების ხარისხზე.
დროულად, კვალიფიციურად და სწორად გაწეულ პირველ დახმარებას დიდი მნიშვნელობა აქვს შემდგომი მკურნალობისა და საბოლოო შედეგისთვის. ელემენტარული დახმარება გულისხმობს ურთიერთდახმარებას, თვითდახმარებას, ირგვლივ მყოფთა დახმარებას. მართალია, ეს არ არის კვალიფიციური სპეციალისტის დახმარება, მაგრამ მაინც უდიდესი მნიშვნელობა აქვს პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, შემდგომი მკურნალობისა და საბოლოო შედეგისთვის. შემდგომი დახმარება გულისხმობს უკვე კვალიფიციურ - ექიმის ან საშუალო მედპერსონალის - დახმარებას, მესამე საფეხური კი სპეციალიზებული დახმარებაა, რომელსაც ტრავმატოლოგები და ორთოპედები სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში ახორციელებენ. მოტეხილობის დროს, უწინარეს ყოვლისა, საჭიროა დაშავებულის სხეულის გათავისუფლება იმ ფაქტორისგან, რომელმაც ტრავმა გამოიწვია. მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სიმძიმის დაცემის შედეგად მიღებული ტრავმის შემთხვევაში თავდაპირველად დამაზიანებელი ფაქტორი უნდა აღმოიფხვრას. ამის შემდეგ საჭიროა, დაშავებული მოვათავსოთ იმ პოზაში, რომელიც მისთვის ყველაზე მოხერხებულია. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რაიმე სახის ზემოქმედება დაზიანებულ უბანზე. ხშირია შემთხვევა, როცა დამხმარეები, გამვლელები ცდილობენ დაზიანებული კიდურის დაჭიმვას, გასწორებას, პოზიციის შეცვლას. ეს დაუშვებელია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი ჩარევა, როცა ამას არასპეციალისტი აკეთებს, ძალიან საშიშია - შესაძლოა, რბილი ქსოვილები და მაგისტრალური სისხლძარღვები უფრო მეტად დაზიანდეს, ტრავმა უფრო მეტად გართულდეს. უნდა ვეცადოთ, ზედმეტად არ ჩავერიოთ, პაციენტს შევუნარჩუნოთ მხოლოდ მისთვის სასურველი, მისაღები პოზიცია - მდგომარეობა, რომელშიც ნაკლებად იგრძნობს ტკივილს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტრავმის მიღებიდან ჰოსპიტალიზაციამდე გასულ დროს, ამიტომაც პირველი დახმარების დაწყებისთანავე, შეძლებისდაგვარად, გამოძახებულ უნდა იქნეს კვალიფიციური დახმარება - გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, კატასტროფის ცენტრისა თუ შოკის ბრიგადა. ამის წყალობით დროულად მოხერხდება პაციენტის გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში და მისთვის სათანადო დახმარების გაწევა. მით უმეტეს, როდესაც აღინიშნება ღია მოტეხილობა, კიდურების დეფორმაცია, ძლიერი სისხლდენა ან დიდი მასშტაბის დაზიანება. სისხლდენის შესაჩერებლად აუცილებელია ჭრილობაზე დამწოლი ნახვევის დადება, ხოლო ჭრილობის ზემოთ - ლახტისა. გარდა ამისა, საჭიროა მოტეხილი კიდურის ფიქსაცია. ამისთვის ნებისმიერი დამხმარე საშუალების გამოყენება შეიძლება, ნებისმიერი მყარი საგნისა, რომელიც კი ხელში მოგვხვდება - ჩვეულებრივი ჯოხისა, მუყაოს ლონგეტისა...
- რა შეცდომა მოსდით ყველაზე ხშირად პირველი დახმარების გაწევისას?
- მოტეხილობის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ტრავმული შოკის თავიდან აცილებას. მოგეხსენებათ, ტრავმული შოკი ძირითადად ტკივილით არის გამოწვეული. ხშირია შემთხვევა, როდესაც დამხმარე პირი თავისდაუნებურად სწორედ პირველი დახმარების დროს იწვევს შოკს, როდესაც დეფორმირებული კიდურის გასწორებას, ცდომილი ძვლების გადაადგილებას ცდილობს - ჰგონია, ამით ეხმარება დაშავებულს, სინამდვილეში კი უფრო მეტად ურთულებს მდგომარეობას, უფრო მეტ ტრავმას და, რაც მთავარია, ტკივილს აყენებს მას. ამ დროს დაშავებული ხშირად შოკში ვარდება, დამხმარეს კი პანიკა იპყრობს. როგორც უკვე მოგახსენეთ, ზედმეტი ჩარევისგან თავი უნდა შევიკავოთ, კიდური რა პოზაშიც არის დეფორმირებული, იმავე მდგომარეობაში დავაფიქსიროთ. სხვა სახის ჩარევა კვალიფიციური სპეციალისტების კომპენტენციაა. შეცდომაა ისიც, როცა გამვლელები დაშავებულს სთავაზობენ სხვადასხვა პრეპარატს, რომელიც კი ხელთ აღმოაჩნდებათ - წნევის დამწევს, საგულე საშუალებას... ამისგანაც უნდა შევიკავოთ თავი - შესაძლოა, იმწუთას იმ პრეპარატის მიღება მიზანშეწონილი არ იყოს და ტრავმირებულს უფრო მეტად დაუმძიმდეს მდგომარეობა, წნევა დაუვარდეს ან მკვეთრად აუწიოს, სისხლდენა გაუძლიერდეს... ერთადერთი, რაც ასეთ დროს ნებადართულია, არის ცნობილი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღება. გახსოვდეთ, ამ მინიმალურ, მაგრამ ძალიან ეფექტურ დახმარებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. პირველი დახმარების არასწორად გაწევის შემდეგ ბევრი მძიმე გართულებით ხვდება კლინიკაში.
- შედარებით მსუბუქ, საყოფაცხოვრებო ტრავმებზე რას გვეტყვით, როგორ უნდა მოიქცნენ ამ დროს დაშავებულის ახლობლები?
- შედარებით მსუბუქია, მაგალითად, კოჭ-წვივის სახსრის ღრძობა, დაჟეჟილობა, რბილი ქსოვილების ან მხრის სახსრის დაჭიმულობა, ამოვარდნილობა, ჰემატომა, შეშუპება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსგავს ტრავმებს კვალიფიციური სამედიცინო მკურნალობა არ სჭირდება. არ შეიძლება მათი იგნორირება - არაფერია, ორ-სამ დღეში თავისით გაივლისო. შეცდომა უმთავრესად სწორედ ამის გამო მოსდით - ჩამოთვლილ ტრავმებს სერიოზულად არ აღიქვამენ, კომპენტენტური სპეციალისტების დახმარებას საჭიროდ არ მიიჩნევენ, ჰგონიათ, ადვილად გაუვლით და თვითმკურნალობას ეწევიან. მაგალითად, შეშუპების ჩასაცხრობად ხშირად სპირტიან საფენებს იდებენ, მაშინ როცა ეს უკუნაჩვენებია - სპირტიანი საფენები ერთგვარ სითბურ ეფექტს იწვევს და უფრო მეტად აღრმავებს შეშუპებას. ასეთ დროს მხოლოდ ყინულის დადებაა რეკომენდებული. პაციენტებს არ უყვართ თაბაშირის დადება - ალბათ, მისი მოუხერხებლობის, სიმძიმის გამო, არადა, მსუბუქი ტრავმის დროსაც კი, როდესაც მხოლოდ სახსარია ნაღრძობი ან დაჭიმული, ზოგჯერ რეკომენდებულია დაზიანებული კიდურის შვიდი-ათი დღით დაფიქსირება იოგოვანი და კუნთოვანი ქსოვილის მოსვენების, კიდურის დაზოგვისა და სწრაფი რეაბილიტაციის მიზნით. ერთი შეხედვით მსუბუქად ტრავმირებული სახსარი, თუ დროულად არ ვუმკურნალეთ, შესაძლოა პრობლემური გახდეს.