როგორ რეაგირებენ სახსრები სხვადასხვა დაავადებაზე
რეაქტიული ართრიტი
რეაქტიული ართრიტი, რომელსაც ადრე რეიტერის სინდრომსაც უწოდებდნენ, სახსრების ანთებასთან ერთად მოიცავს თვალების ანთებას (კონიუნქტივიტი), სასქესო, საშარდე ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებას. რეაქტიული ართრიტი შესაძლოა თან ახლდეს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს და ნაწლავურ ინფექციებს (მაგალითად, დიზენტერიას). ამავე დროს, იგი მრავალი ნიშნით ჰგავს ფსორიაზულ ართრიტს, მაანკილოზებელ სპონდილიტს და ნაწლავის ანთებითი დაავადებების - კრონის დაავადებისა და არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის - თანმხლებ ართრიტს. რეაქტიული ართრიტის დროს სახსრებთან ერთად შესაძლოა დაზიანდეს ხერხემალი, თვალები, საშარდე სისტემა, პირის ღრუ, მსხვილი ნაწლავი და გული. არ არსებობს სპეციფიკური ლაბორატორიული ტესტი, რომელიც რეაქტიული ართრიტის დიაგნოზის დასმის საშუალებას მოგვცემდა. მხოლოდ ის შეიძლება აღინიშნოს, რომ სისხლში ხშირად აღმოჩნდება HLA-B27 გენეტიკური მარკერი.
რა არის
სახსრების ანთების აღწერილ ფორმას რეაქტიული ართრიტი იმ თავისებურების გამო ეწოდება, რომ მის აღმოცენებას პროცესში იმუნური სისტემის მონაწილეობა განაპირობებს. იმუნური სისტემა რეაგირებს ორგანიზმში არსებულ ზოგად, საშარდე სისტემის ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციებზე. ზოგიერთი ადამიანის იმუნური სისტემა ინფექციაზე ისე რეაგირებს, რომ სახსრებისა და თვალის ანთებას იწვევს. არ არის გამორიცხული, სახსრებისა და თვალების ანთებამ მოგვიანებით იჩინოს თავი და იმდენად მნიშვნელოვანი იყოს, რომ ძირითადი მიზეზი მხედველობის მიღმა დარჩეს. რეაქტიული ართრიტი უმეტესად 30-40 წლის ასაკში ვითარდება, თუმცა ცხოვრების ნებისმიერ პერიოდშიც მოსალოდნელია. მისი ის ფორმა, რომელიც ვენერულ დაავადებებთან არის დაკავშირებული, უფრო ხშირად გვხვდება მამაკაცებთან, ხოლო ნაწლავური ინფექციის შემდგომი ართრიტი ორივე სქესის პირებს თანაბარი სიხშირით ემართებათ. რეაქტიული ართრიტი სისტემურ რევმატულ დაავადებად განიხილება. ეს ნიშნავს, რომ ამ დროს ვითარდება არა მარტო სახსრების, არამედ თვალის, პირის ღრუს, თირკმელების, გულის, ფილტვების ანთება. ამავე დროს, როგორც აღვნიშნეთ, რეაქტიული ართრიტი მრავალი ნიშნით ჰგავს ფსორიაზულ ართრიტს, მაანკილოზებელ სპონდილიტს, კრონის დაავადებისა და არაწყლულოვანი კოლიტის თანმხლებ ართრიტებს. ამ მსგავსებისა და ხერხემლის სახსრების ანთების თანხლების გამო ამ მდგომარეობებს სპონდილოართროპათიებს უწოდებენ.
რა იწვევს
აღმოჩნდა, რომ რეაქტიული ართრიტის აღმოცენებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორები. მაგალითად, რეაქტიული ართრიტის მქონე პაციენტებს ხშირად აღმოაჩნდებათ HLA-B27 გენი. თუმცა ამ გენეტიკური საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი დაავადების გამშვები ფაქტორი აუცილებლად ინფექციაა, მაგალითად, სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, უმეტესად - ქლამიდიოზი. რეაქტიული ართრიტი ხშირია ნაწლავთა ინფექციების - სალმონელოზის, შიგელოზის, იერსინიოზის, კამპილობაქტერიოზის შემდეგ. ტიპურ შემთხვევებში ართრიტი ნაწლავური ინფექციიდან სამი კვირის შემდეგ ვითარდება.
როგორ ვლინდება
რეაქტიული ართრიტის დროს ყურადღებას იპყრობს სახსროვანი და არასახსროვანი სიმპტომები. კლასიკურ შემთხვევაში ვითარდება მუხლის, კოჭ-წვივის, ქვედა კიდურების, მაჯის სახსრების ანთება. ანთება, ჩვეულებრივ, ასიმეტრიულია, თან ახლავს შეშუპება, ტკივილი, სიწითლე, სიმხურვალე. თუ ანთება ფალანგთაშუა (თითების) სახსრებს მოიცავს, შეშუპების გამო თითი სოსისისმაგვარ შესახედაობას იძენს. ანალოგიური ცვლილებები დამახასიათებელია ფსორიაზული ართრიტისთვისაც. თუ ანთებამ ხერხემალიც მოიცვა, მისი მოძრაობა იზღუდება, თავს იჩენს ზურგისა და კისრის ტკივილი. შესაძლოა, განვითარდეს კოსტოქონდრიტი - მკერდის ძვალთან ნეკნების შეერთების ადგილას არსებული სახსრების ანთება, ტენდინიტი - მყესების (კუნთების ძვალთან შემაერთებელი წარმონაქმნები) ანთება.
დიაგნოსტიკა
რეაქტიული ართრიტი სავარაუდოა, როდესაც სახსართა ანთებას ერთვის თვალების, სასქესო ორგანოების, საშარდე სისტემის ან ნაწლავების ანთება. სახსართა ანთებისთვის დამახასიათებელია დილის შებოჭილობა, თუმცა, რევმატოიდული ართრიტისგან განსხვავებით, ის მალე გაივლის. რენტგენოლოგიური გამოკვლევა ანთებით ცვლილებებს ავლენს, თუმცა ასეთი რამ, წესისამებრ, დაავადების შორს წასული შემთხვევებისთვის არის დამახასიათებელი. რეაქტიული ართრიტის მიზეზის დასადგენად რეკომენდებულია ნაწლავური, სასქესო და საშარდე სისტემის ინფექციის კვლევა.
მკურნალობა
რეაქტიული ართრიტის მკურნალობის ტაქტიკა დაავადების კლინიკურ სურათზეა დამოკიდებული. როდესაც მხოლოდ სახსრების ანთება დასტურდება, საკმარისია ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონული მედიკამენტების მიღება. შესაძლოა საჭირო გახდეს პრედნიზოლონის მოკლე კურსი, მისი სახსარშიდა ინექცია. ინფექციური პროცესის დროს ინიშნება ანტიბიოტიკები. თუ ართრიტის სიმპტომები არ სუსტდება, შესაძლოა ექიმმა საჭიროდ მიიჩნიოს სულფასალაზინის, იმუნური სისტემის დამთრგუნველი საშუალებების გამოყენება.
პროგნოზი
რეაქტიული ართრიტის პროგნოზი უმეტესად კეთილსაიმედოა - მით უკეთესი, რაც უფრო ადრე დაისმება დიაგნოზი და დაიწყება მკურნალობა. გამომწვევი მიზეზის დადგენისა და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში მოსალოდნელია სრული განკურნება.
როგორ ავიცილოთ თავიდან
რეაქტიული ართრიტის თავიდან აცილება შესაძლებელია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და ნაწლავური ინფექციების პროფილაქტიკის გზით.
რატომ აღარ უწოდებენ დაავადებას რეიტერის სინდრომს
ექიმი ჰანს კონრად იულიუს რეიტერი 1881 წელს დაიბადა ჰესენის ახლოს, როიდნიცში. ექიმის დიპლომი მან 1906 წელს ლაიფციგში მიიღო. რეიტერი ინფექციური დაავადებებისა და სოციალური ჰიგიენის სპეციალისტი იყო. 1935 წლიდან იგი კოხის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა. 1916 წელს მან ჰიბნერთან ერთად დაადგინა ლეპტოსპიროზის ეტიოლოგია. 1916 წელს სწორედ რეიტერმა აღწერა ინფექციურ-ალერგიული დაავადება, რომელიც თავს იჩენდა ურეთრიტით, კონიუნქტივიტით, მრავლობითი ართრიტით. მოგვიანებით სინდრომს რეიტერის სახელი ეწოდა, თუმცა თანამედროვე წიგნებიდან ეს სახელწოდება გაქრა - დაავადებას ამჟამად რეაქტიულ ართრიტად მოიხსენიებენ. ამ ცვლილებების მიზეზად იქცა რეიტერის პოლიტიკური მრწამსი - ის ნაცისტურ რეჟიმს ემხრობოდა. 1932 წელს რეიტერმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ჰიტლერის რეჟიმთან თანამშრომლობის შესახებ. ამ მოვლენამდე ერთი წლით ადრე ის ნაცისტური პარტიის წევრი გახდა, 1933 წელს - ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მოგვიანებით კი გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი. რეიტერს როგორც მინისტრს ეკისრება პასუხისმგებლობა ევთანაზიისა და იძულებითი სტერილიზაციის ნებართვის შემოღებაზე. სწორედ ამას ემსხვერპლა ასეულობით ათასი ებრაელი და ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების უამრავი სხვა ტყვე. რეიტერი მონაწილეობდა ადამიანებზე ჩატარებული 60 დანაშაულებრივი კვლევითი ექსპერიმენტიდან ერთ-ერთის შემუშავებაში, რომლის დროსაც ბუხენვალდის ტყვეებს ტიფის ვირუსი შეჰყარეს. “კვლევამ” ასეულობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ნიურნბერგის პროცესის შემდეგ რეიტერმა რამდენიმე წელი გაატარა ამერიკის სამხედრო დამნაშავეთა ციხეში, თუმცა გათავისუფლების შემდეგ მედიცინას დაუბრუნდა და რევმატოლოგიის სფეროში კვლევები განაგრძო. ჰანს კონრად იულიუს რეიტერი 1969 წელს, 88 წლისა გარდაიცვალა. 1977 წელს რეიტერის სამხედრო დანაშაულებით შეშფოთებულ ექიმთა ჯგუფმა მიმართა სამედიცინო საზოგადოებას მოწოდებით, ტერმინი “რეიტერის სინდრომი” შეეცვალათ ტერმინით “რეაქტიული ართრიტი”, ვინაიდან მორალურად მიუღებელი იყო ექიმის ნაცისტური საქმიანობა. მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა ზოგან კვლავ გვხვდება დაავადების ძველი სახელწოდება. რეიტერის მიერ აღწერილი სინდრომი ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროს იყო ცნობილი. 1918 წელს ის აღწერა ებრაული წარმოშობის ბრიტანელმა ქირურგმა ბენჯამინ ბროდიმ. რეიტერის სტატია 1916 წელს დაიბეჭდა. მას მიაჩნდა, რომ სახსრების ანთება დაკავშირებულია დიზენტერიასთან და დასნებოვნების მიზეზი მწერის ნაკბენია.
ართრიტი ნაწლავთა ანთებითი დაავადებების დროს
როგორც აღვნიშნეთ, ართრიტი ნაწლავთა ანთებითი დაავადებების დროსაც შეიძლება აღმოცენდეს. ის ოთხიდან ერთ შემთხვევაში ვითარდება და მოიცავს პერიფერიულ სახსრებსა და ხერხემალს.
პერიფერიული ართრიტი
პერიფერიული სახსრების ანთება ხშირია წყლულოვანი კოლიტისა და მსხვილი ნაწლავის დაზიანებით მიმდინარე კრონის დაავადების დროს. პერიფერიული ართრიტის სიმპტომებია სახსრების ტკივილი, შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა, ცვლილებათა მიგრაცია სახსრიდან სახსარზე. შესაძლოა, დაზიანდეს იდაყვის, მაჯის, მუხლის, კოჭ-წვივის სახსრები. თუ მკურნალობა დაგვიანდა, სიმპტომებმა შესაძლოა რამდენიმე კვირამდე გასტანოს, თუმცა შეუქცევადი ცვლილებები არ ვითარდება. მდგომარეობის შეფასებისა და სიმპტომების სხვა მიზეზთა გამოსარიცხად რეკომენდებულია რენტგენოგრაფია, სისხლის, სასახსრე სითხის ანალიზი. პერიფერიული ართრიტის მკურნალობა გულისხმობს სახსრის მოსვენებას, სითბოს. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები ანთებას ამცირებს, თუმცა შესაძლოა ნაწლავური სიმპტომების დამძიმების მიზეზად იქცეს. სახსროვანი სიმპტომების მკურნალობის საუკეთესო მეთოდია პირველადი დაავადების - ნაწლავთა ანთებითი დაავადების - ეფექტური მკურნალობა. დადგენილია, რომ ნაწლავთა ანთებითი დაავადების სათანადო კონტროლისას ართრიტის სიმპტომებიც უკუვითარდება.
სპონდილოართროპათია ნაწლავთა ანთებითი დაავადებების დროს
ხერხემლის ართრიტმა შესაძლოა ნაწლავური სიმპტომების აღმოცენებამდე რამდენიმე თვით ან წლით ადრე იჩინოს თავი. სიმპტომთაგან აღსანიშნავია ხერხემლის სახსრების ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა, რომლებიც განსაკუთრებით შემაწუხებელია დილაობით, თუმცა ფიზიკური აქტივობისას მცირდება. ამგვარი ართრიტი, ჩვეულებრივ, ახალგაზრდებში გვხვდება და იშვიათია 40 წლის შემდეგ. სამწუხაროდ, ნაწლავთა ანთებითი დაავადების ტრადიციული მკურნალობა ხერხემლის ართრიტის მიმდინარეობას ვერ აუმჯობესებს. ამ კუთხით შესაძლოა ეფექტური იყოს ახალი ბიოლოგიური პრეპარატები. ხერხემლის ართრიტის ხანგრძლივი მიმდინარეობისას თანდათან ქვეითდება ნეკნებისა და გულმკერდის მოძრაობის ამპლიტუდა, რაც არღვევს სუნთქვის პროცესს. ასე რომ არ მოხდეს, რეკომენდებულია ფიზიოთერაპია, ვარჯიში. სიმპტომებს ასუსტებს ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონული პრეპარატები.
ფსორიაზული ართრიტი
ფსორიაზი კანის ქრონიკული დაავადებაა, თუმცა ის დაკავშირებულია იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევასთან და მხოლოდ კანს როდი აზიანებს. დაავადებით გამოწვეული დისკომფორტი ხშირად დაკავშირებულია არა კანის, არამედ სახსროვან სიმპტომებთან. ფსორიაზული ართრიტი იწვევს სახსრების ანთების ტიპურ სურათს, ზოგჯერ - საკმაოდ სერიოზულსაც. მკურნალობის გარეშე ფსორიაზულ ართრიტს ძვლების დაზიანებამდე და სახსრების დეფორმაციამდე მივყავართ. დადგენილია, რომ ართრიტი ფსორიაზით დაავადებულ ყოველ მეათე ადამიანს აქვს. უმთავრესად 30-დან 50 წლამდე ასაკის პაციენტებშია გავრცელებული, მაგრამ ყველა სხვა ასაკობრივ ჯგუფშიც შეიძლება იჩინოს თავი. მიუხედავად იმისა, რომ ფსორიაზული ართრიტი მხოლოდ ფსორიაზით დაავადებულებთან გვხვდება, დიაგნოსტიკა მაინც არ არის იოლი - ზოგჯერ სახსროვანი სიმპტომები მაშინ გამოიხატება, როცა პაციენტს კანზე ჯერ მხოლოდ მცირე ზომის ფსორიაზული ელემენტი აქვს, ზოგჯერ კიდეც უსწრებს დაავადების გამოვლენას. ხშირად დიაგნოსტიკას სახსროვან სიმპტომებსა და კანისმხრივ გამოვლინებებს შორის ხანგრძლივი ინტერვალი ართულებს.
როგორ ვლინდება
ფსორიაზის მსგავსად, ფსორიაზული ართრიტის განვითარებაშიც იმუნური სისტემა მონაწილეობს. ჩვეულებრივ, სიმპტომები დროდადრო ქრება და მერე ხელახლა აღმოცენდება. განასხვავებენ ფსორიაზული ართრიტის შემდეგ ფორმებს:
- ასიმეტრიული ართრიტი - გვხვდება ფსორიაზული ართრიტის შემთხვევათა 70%-ში, მოიცავს ერთ ან რამდენიმე სახსარს: მუხლს, ბარძაყს, ფალანგებს. სიმპტომები ზოგჯერ სუსტად არის გამოხატული, ზოგჯერ კი შემაწუხებელია. სახსარი წითლდება, შუპდება;
- სიმეტრიული ართრიტი - სიხშირით მას მეორე ადგილი უკავია, გამოიხატება ზემოთ აღწერილის მსგავსი სიმპტომებით, ოღონდ ორმხრივად. კლინიკური მიმდინარეობა რევმატოიდული ართრიტისას ჰგავს, შესაძლოა შეუქცევადი ცვლილებების აღმოცენება;
- ფალანგთაშუა ართრიტი - შედარებით იშვიათი ფორმაა. ამ დროს ფრჩხილებიც ზიანდება;
- სპონდილიტი - მისთვის დამახასიათებელია ხერხემლის ანთება, ზურგისა და კისრის ტკივილი;
- მადეფორმირებელი ართრიტი - ფსორიაზული ართრიტის იშვიათი და დესტრუქციული ფორმაა, ხშირად აზიანებს მტევნებს, ტერფის თითებს, იწვევს მათ შეუქცევად დეფორმაციას.
მკურნალობა
ზოგჯერ ფსორიაზის წარმატებული მკურნალობისას სახსროვანი გამოვლინებებიც მცირდება, უმეტესად კი საჭიროა ართრიტის დამოუკიდებელი მკურნალობა. მის სამკურნალოდ ინიშნება:
- ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონული საშუალებები;
- დაავადების მოდიფიცირების ეფექტის მქონე ანტირევმატული მედიკამენტები - მეტოტრექსატი, სულფასალაზინი;
- სტეროიდების მოკლე კურსი;
- ბიოლოგიური თერაპია, რაც შედარებით ახალი სიტყვაა რევმატული დაავადებების მკურნალობაში.
მკურნალობის დამხმარე მეთოდებია ვარჯიში, ფიზიოთერაპია, რელაქსაციური ტექნიკა სტრესის შესამცირებლად, აუცილებელია წონის რეგულირება, ჯანსაღი კვება.
ართრიტი სისტემური დაავადებების დროს
ზოგჯერ ართრიტი ორგანიზმის ზოგადი დაავადების მხოლოდ ერთი გამოვლინებაა. სწორედ ასეთია სისტემური დაავადებების დროს განვითარებული ართრიტი. იმ სისტემურ დაავადებათაგან, რომლებსაც თან ახლავს ართრიტი, უწინარესად, უნდა დავასახელოთ:
- რევმატოიდული ართრიტი;
- სისტემური წითელი მგლურა;
- იუვენილური ართრიტი;
- ვასკულიტი;
- სკლეროდერმია;
- შაგრენის სინდრომი.
სახსრები სიმსივნის დროს
ფილტვის სიმსივნის დროს შესაძლოა აღმოცენდეს ჰიპერტროფიული ოსტეოართროპათია. მისი სიხშირე 5%-ს აღწევს ბრონქის სიმსივნის შემთხვევაში და 50%-ს აღემატება პლევრის მეზოთელიომის დროს. დღემდე უცნობია, რატომ უვითარდება ჰიპერტროფიული ოსტეოართროპათია მხოლოდ ზოგიერთ პაციენტს. ჰიპერტროფიული ოსტეოართროპათია უმეტესად მაჯისა და კოჭ-წვივის ძვლებისა და სახსრების ანთებას იწვევს. ეს სახსრები შეშუპებულია, ანთებითი; შეინიშნება ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა. ტიპობრივი გამოვლინებაა კომბლისებრი თითები და საათის მინის მსგავსი ფრჩხილები - თითების ბოლო ფალანგებისა და ფრჩხილების გამსხვილება. ანალოგიური ცვლილებები შესაძლოა გულის დაავადებების დროსაც შეგვხვდეს. მათი მიზეზი უცნობია. არ გამორიცხავენ ჰიპოქსიის როლს. ჰიპერტროფიული ოსტეოართროპათია შესაძლოა სიმსივნური უჯრედების მიერ განსაზღვრული ნივთიერებების პროდუქციას უკავშირდებოდეს, ანდა ორგანიზმი გამოიმუშავებდეს სიმსივნის საწინააღმდეგო ფაქტორებს და აღწერილი ცვლილებების მიზეზიც სწორედ ეს იყოს. ჰიპერტროფიული ოსტეოართროპათიის იმ შემთხვევებში, როცა ტკივილი შემაწუხებელია, ინიშნება ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონული პრეპარატები.
სეპტიკური ართრიტი
სეპტიკური ანუ ინფექციური, ბაქტერიული ართრიტი ინფექციასთან არის დაკავშირებული. ტიპურ შემთხვევებში ის ერთ მსხვილ (ბარძაყის, მუხლის) სახსარს აზიანებს, თუმცა ინფექციის სწრაფი გავრცელებისას არც გენერალიზებული დაზიანებაა გამორიცხული.
რა იწვევს
სეპტიკურ ართრიტს ორგანიზმის სხვა უბნიდან ან ჭრილობიდან სახსარში მოხვედრილი ბაქტერია ან ვირუსი იწვევს, ბაქტერიებიდან - უმეტესად სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი ან Hაემოპჰილუს ინფლუენზა, ვირუსებიდან - ა, ბ, ც ჰეპატიტის ვირუსები, პარვოვირუსი ბ 19, ჰერპესის ვირუსები, შიდსის ვირუსი, ადამიანის ტ ლიმფოციტოტროპული ვირუსი, ადენოვირუსი, კოქსაკის ვირუსი, ყბაყურას ვირუსი, ებოლის ვირუსი. ცნობილია ართრიტის გამომწვევი სოკოვანი დაავადებებიც - ჰისტოპლაზმოზი, კოკციდიომიკოზი, ბლასტომიკოზი.
ვის ემუქრება
სეპტიკური ართრიტი გვხვდება უმეტესად ბავშვებსა და მოხუცებთან, დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებთან, ჭრილობის, სიმსივნის, დიაბეტის, ინტრავენური ნარკომანიის, რევმატული და იმუნოდეფიციტური დაავადებების დროს.
როგორ ვლინდება
ართრიტის სიმპტომები სწრაფად ვითარდება. დამახასიათებელია ინტენსიური ტკივილი, სახსრის შეშუპება, ცხელება. მოსალოდნელია შემცივნება, ტემპერატურის მომატება, მაღალი ცხელება, სისუსტე, ანთებითი სახსრით კიდურის მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვა, სიწითლე.
დიაგნოსტიკა
სეპტიკური ართრიტის დიაგნოსტიკის მიზნით ტარდება პროცედურა, რომელსაც ართროცენეზი ეწოდება. ამ დროს ჩხვლეტით სახსრიდან გამოდევნიან დაგროვილ სითხეს. ეს სითხე, ჩვეულებრივ, სტერილურია და სახსარში ხახუნის შემცირება ეკისრება, მაგრამ სეპტიკური ართრიტის დროს სითხის ლაბორატორიული გამოკვლევა ლეიკოციტების არსებობას და ბაქტერიების გამრავლებას ავლენს. მიღებული მონაცემები გამომწვევი მიკროორგანიზმის დადგენაში გვეხმარება. ანთებითი პროცესის მიმდინარეობის მეთვალყურეობაში დახმარებას გვიწევს რენტგენოლოგიური გამოკვლევა, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, სისხლის ანალიზი.
მკურნალობა
სეპტიკური ართრიტის მკურნალობა, უწინარეს ყოვლისა, ითვალისწინებს ანტიბიოტიკების დანიშვნას და სახსარში დაგროვილი ანთებითი სითხის ევაკუაციას. ანტიბიოტიკები დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოყენებული, რათა თავიდან ავიცილოთ ინფექციის გავრცელება. უპირატესობა ენიჭება მათ ინტრავენურ ფორმებს. თავდაპირველად ინიშნება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, რომელიც აქტიურია ყველა შესაძლო გამომწვევის წინააღმდეგ, შემდეგ მკურნალობა ლაბორატორიული კვლევის შედეგების გათვალისწინებით გრძელდება. კურსი, ჩვეულებრივ, 4-6 კვირას გასტანს. მკურნალობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია დაინფიცირებული სახსრიდან ანთებითი სითხის ევაკუაცია, რაც სადიაგნოზო ართროცენტეზის დროს არის შესაძლებელი. თუ სახსარი ამ პროცედურისთვის მიუდგომელია, შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული დრენირება. კიდურის ამაღლება და მოსვენება აუცილებელია.