ტერფი, ხერხემალი, თანკბილვა, და მხედველობა - რა კავშირია მათ შორის? - ტერფის პათოლოგიები და მათი მკურნალობის მეთოდები
- რამდენად არის ტერფის პათოლოგიები გავრცელებული და ყველაზე ხშირად რა სახის პრობლემებით მოგმართავენ პაციენტები?
- ბოლო წლების განმავლობაში, ტერფის პათოლოგიებმა მკვეთრად იმატა და შესაბამისად, პაციენტთა მომართვიანობაც გაიზარდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შესაბამისი სტატისტიკა არ არსებობს,რომელზე დაყრდნობითაც ვიტყვით, რომ ტერფის პრობლემები ადრე ბევრ ადამიანს არ აწუხებდა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ადრე არ იყო შესაბამისი სადიაგნოსტიკო საშუალებები და ადამიანებიც ნაკლებად იყვნენ გათვიცნობიერებულები, მათ შორის მშობლები. ახლა,ამ საკითხს მეტი ყურადღება ეთმობა.
ტერფის პრობლემა შეიძლება იყოს თანმხვედრი ხერხემლის გამრუდების, ლიმფო-ვენური უკმარისობის და სხვ. ცალკე პათოლოგიაარის დიაბეტური ტერფი. აღსანიშნავია, სპორტული დატვირთვაც.
ასე რომ, მარტო ტერფი კი არ აწუხებს ადამიანს, ამას მოჰყვება მთელი სტრუქტურული ცვლილებები. საკმაოდ დიდი მომართვიანობაა ბავშვებში, ახლა ტერფის პრობლემებს უკვე უფრო დროულად აქცევენ ყურადღებას, როგორც პედიატრები და ორთოპედები, ასევე მშობლებიც.
-რა იწვევს ტერფის ტკივილს და რა სიმპტომებით იჩენს თავს პათოლოგია?
-უპირველესად, სანამ მკვეთრი ჩივილი იჩენს თავს, ყურადღებას იქცევს ტერფის ვიზუალური მხარე, სიარულის მანერა. ბრტყელტერფიანებს, როგორც წესი, ჩაპლინის სიარული ახასიათებთ. ჰიპერსუპინაციის, ანუ ვარუსის დროს (რაც არ არის მკვეთრი ტერფმრუდობა, არ არის საოპერაციო) კი, ადამიანის სიარულის მანერა დათვის ბაჯბაჯს მოგვაგონებს
თუ პირველ შემთხვევაში ფეხსაცმელი შიდა მხარეს ცვდება(კოჭშიგნითმიდის ქუსლიდან), მეორე შემთხვევაში,პირიქით, ფეხსაცმელი გარეთამხრიდან არის გაცვეთილი.
რაც შეეხება ტერფის ტკივილს, ის სხვადასხვა ხასიათის შეიძლება იყოსდა სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული, მაგალითად ქუსლის დეზი, პლანტარული ფასციიტი და სხვ.
ტკივილი ახასიათებს მძიმე ფეხის სინდრომსაც- ბრტყელი ტერფის, ან სხვა პათოლოგიის შემთხვევაში წნევა, სასიარულო ღერძზე ზეწოლა არასრულფასოვნად ნაწილდება, შესაბამისად ყველა კუნთი და სახსარი სწორად არ მუშაობს, რაც მძიმე ფეხის სინდრომს იწვევს.
დაავადება ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: დიდხანს დგომისა და სიარულის დროს მძიმდება ქვემო კიდურები. დამახასიათებელია ტერფის თაღის მიდამოს ტკივილი, კოჭის, თითების (დროთა განმავლობაში თითი დეფორმირდება), წვივის კუნთების, მუხლების, მენჯ-ბარძაყის და წელის ტკივილი.
- გაგიკვირდებათ და ჩვენ გვქონია შემთხვევები, როდესაც მოუმართავთ თავის ტკივილით, პაციენტს გამოკვლეული აქვს ყველაფერი, გაუგებარი ეტიოლოგიის თავის ტკივილი აწუხებს და აღმოჩნდება, რომ მიზეზი ბრტყელტერფიანობა, ჰიპერსუპინირებული ტერფი, ნორმაზე მაღალი, ან განსახვავებული თაღი არის. ტერფის დეფორმაცია მოქმედებს მთელ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე. შესაძლოა, განვითარდეს სქოლიოზი, რასაც ცირკულაციის დარღვევა და თავის ტკივილები მოჰყვება. სათანადო მკურნალობის ჩატარდების მეშვეობით, თავისტკივილის ალაგება რამდენიმე დღეში არის შესაძლებელი.
- ჯანმრთელი ტერფი მოიაზრებს ჯანმრთელ ხერხემალსაც, მკითხველს რომ განვუმარტოთ, ხერხემლის რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ბრტყელტერფიანობამ?
-ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ბრტყელტერფიანობა იწვევს ხერხემლის გამრუდებას. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს არაჩვეულებრივი ტერფი აქვს, თუმცა აღენიშნება ხერხემლის გამრუდება, რასაც იდიოპათიური სკოლიოზი ეწოდება.
- თუმცა, შემთხვევათა 90%-ში, თუ არის ტერფის პრობლემა, არის ხერხემლის პრობლემაც.
ყურადღება უნდა გავამახვილოთ გარდატეხის ასაკზე, ტანის აყრის პერიოდში ხშირად ზიანდება ხერხემალი. ამ ასაკში ტერფის და ხერხემლის პრობლემები ხშირად ერთდროულად ვითარდება. დიაგნოსტიკის ჩატარება 4-4,5 წლიდან არის შესაძლებელია, სჯობს მშობელმა ბავშვი ექიმთან ადრეულად მიიყვანოს, რათა დროულად გამოვლინდეს დარღვევა. კომპლექსური მკურნალობით ტერფის დაქვემდებარების ძირითადი პერიოდი არის 4-დან 12 წლამდე, შემდეგ ვმუშაობთ შენარჩუნებაზე.
მშობლები ხშირად მკურნალობას წყვეტენ გარკვეული შედეგის შემდეგ,რაც დაუშვებელია, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 17 წლამდე. ასე შესაძლებელია შრომა წყალში ჩაყაროთ 3-6 თვემდე ვადაში.
ზრდასრულების შემთხვევაში ტერფის ფორმა არ შეიცვლება, თუმცა 3D სუპინატორი ახდენს კორექციას, ჩივილების მოხსნას და მისი დახმარებით მდგომარეობის გართულებას თავიდან ავიცილებთ.
ღაბაში ეხმარება ადმაიანს, იყოს კომფორტულად, არ დაიღალოს, არაფერი ეტკინოს, აიტანოს შესაბამისი დატვირთვა (განსაკუთებით მათ, ვისაც მთელი დღის განმავლობაში ფეხზე დგომა უწევთ).
-ტერფის სხვადასხვა ნაწილში ტკივილი სხვადასხვა დაავადებაზე მიგვანიშნებს- ტერფის წინა ნაწილის ტკივილი რომელმა პათოლოგიებმა შეიძლება გამოიწვიოს?
- ტერფის წინა ნაწილში ტკივილის მიზეზი (ასევე განისაზღვრება რამდენად დიდი წნევა მიდის ტერფის ამ მიდამოზე) დიაგნოსტიკის საფუძველზე დგინდება. წინა მიდამოში ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს წინა თითის ჰალუქს-ვალგუსურმა დეფორმაციამ, პოდაგრამ და სხვ.
მაგალითად, წინა თითის ჰალუქს-ვალგუსური დეფორმაცია და ტერფის წინა ნაწილში ტკივილი, მაღალქუსლიანი ვიწროცხვირიანი ფეხსაცმელის ხშირი ტარებით არის გამოწვეული.
ასე რომ, მიზეზი ბევრია, რომლის დადგენაშიც დიაგნოსტიკა გვეხმარება. სწორი დიაგნოზის დასმის შემთხვევაში კი, ჩივილების მოხსნა არ არის რთული.
- რა არის წინა თითის ჰალუქს-ვალგუსური დეფორმაცია და რით განსხვავდება ის პოდაგრასგან?
-პოდაგრას არაფერი საერთო არ აქვს უშუალოდ ტერფის პრობლემასთან. ის რევმატული ხასიათისაა და სისხლში შარდმჟავას დაგროვება იწვევს.
წინა თითის ჰალუქს-ვალგუსური დეფორმაციისას პირველი თითის დახრის კუთხე მკვეთრად იცვლება, ხოლო ჩაქუჩისებურ ფორმას იღებს მეორე და მესამე თითი. ძვალი არის პათოლოგიურად გამობერილი, რაც მტკივნეულია (პოდაგრა უფრო მეტად მტკივნეულია).
სიმპტომების შემსუბუქებაში პაციენტს ინდივიდუალური სუპინატორი და პირველ-მეორე თითს შორის ჩასადები სილიკონის სეპარატორი (ის თითს ცოტათი გამოწევს და მეორე - მესამე თითი არის თავისუფალად და არ ზიანდება) ეხმარება. ასეთ დროს მაღალქუსლიანი და ვიწროცხვირიანი ფეხსაცმელი დაუშვებელია. დროული მკურნალობა დაგეხმარება ოპერაციის თავიდან აცილებაში.
-საკმაოდ უსიამოვნოა ქუსლის ტკივილი, რამ შეიძლება ის გამოიწვიოს?
- ქუსლის დეზი არის მარილოვანი წანაზარდი, რომელიც რენტგენზე ჩანს. მის სამკურნალოდ ქუსლის დამცავი სილიკონი შეგვიძლია გამოვიყენოთ და 3D ღაბაში, რომლის დახმარებითაც ზეწოლა თაღზე გადადის და ქუსლი ოდნავ ჰაერში რჩება.
ზოგჯერ, შესაძლოა მედიკამენტური ჩარევაც გახდეს საჭირო. არსებობს მაგნიტურ-ტალღოვანი დაშლის საშუალებაც, რომელიც წანაზარდს არ აქრობს, თუმცა მას უფრო გლუვს ხდის. ქუსლის ტკივილი შეიძლება უბრალოდ დატვირთვის გამოც განვითარდეს.
მაგალითად, ბიჭებში (10-12წელი) გვხვდება სევერის დაავადება, ანუ ქუსლის ძვლის ანთება. ქუსლის ტკივილის მიზეზი შეიძლება სიარულის მანერაც იყოს, როდესაც მოძრაობისას მაქსიმალური წნევა ქუსლზე მოდის.
მაგალითად, ბრტყელი ტერფის დროს თაღი საერთოდ არ მუშაობს, ხოლო ღრუ ტერფის დროს თაღი იმდენად მაღალია, რომ მაქსიმალური წნევა ქუსლზე და წინა ტერფზე მოდის, რამაც შეიძლება ქუსლის მიდამოში ტკივილი გამოიწვიოს.
-როგორ ხდება დღესდღეობით ტერფის პრობლემების დიაგნოსტირება?
- სამი სადიაგნოსტიკო სისტემა არსებობს: პედოგრაფია, სკანერი და პლანტოგრამა. პლანტოგრამა- მისი დახმარებით, შეგიძლიათ შეარჩიოთ საშუალო, მიახლოებითი სტანდარტი, რომელიც ცოტა კომფორტისთვის არის გათვლილი.
პედოგრაფიის და სკანერის მეშვეობით მონაცმები სამ განზომილებაში მუშავდება და მზადდება ინდივიდუალური ღაბაშები.
თუ ადამიანს მკვეთრად გამოხატული ჩივილები არ აქვს, ცოტა კომფორტისთვის მას შეუძლია საშუალო სტანდარტის ღაბაში ატაროს. სერიოზული ჩივილების დროს კი, აუცილებელია ის ინდივიდუალურად შეირჩეს.
-მას შემდეგ, რაც ტერფის პრობლემა გამოვლინდება, როგორ უნდა აღმოიფხვრას პრობლემა?
-დიაგნოსტიკის შემდეგ თუ გამოვლინდა რაიმე სახის პათოლოგია, მზადდება ინდივიდუალური ღაბაში 3D მეთოდით, რომლის ტარებაც პაციენტს უწევს. ის ვარგისია 2 წლამდე, ბავშვებში ზომის ცვლილების მიხედვით.
აუცილებლად უნდა შევიმოწმოთ ხერხემალი, არ უნდა გამოგვეპაროს რაიმე და თუ საჭიროა, კომპლექსურად ვმკურნალობთ ვარჯიშებით, მასაჟით, სპორტით (ცურვა, ჯირითი) და სხვ.
- ექიმს არანაირი დეტალი არ უნდა გამოეპაროს და ყველაფერი უნდა გამოჰკითხოს პაციენტს. ბრტყელტერფიანი თუ ხარ და სუპინატორს ატარებ, კი გაუმჯობესდება 50%-ით მდგომარეობა, მაგრამ თუ ეს გლანდების (მაგალითად, ჩირქიანი გლანდები), ან სახსრების პრობლემით არის გამოწვეული, გარკვეული ჩივილები მაინც დარჩება.
• ტერფის, ხერხემლის, თანკბილვის, მხედველობის პრობლემები ძალიან ხშირად არის თანმხვედრი.
ადამიანი ერთიანი ორგანიზმია. როდესაც მეოთხე ხარისხის სქოლიოზია, გულმკერდის ყაფაზი ცოტა ტრიალდება, რაც გულის შუილს და გულის პრობლემებს იწვევს. ამიტომ, აუცილებელია დროული მკურნალობა.
- და ბოლოს, რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს, როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ტერფი?
- ჯანმრთელი ტერფის შენარჩუნება ზოგადად არ არის რთული.
- უნდა ვატაროთ ფეხსაცმელი, რომელიც კომფორტულია, აქვს დრეკადი ძირი და მყარი გარე კიდე;
- იშვიათად ჩაიცვით მაღალქუსლიანი ვიწროცხვირიანი ფეხსაცმელი;
- ჩივილებამდე, როგორც კი ფეხსაცმელს რაიმე დეფორმაციას შენიშნავთ, მიმართეთ ექიმს;
- თუ გაწუხებთ ლიმფო-ვენური უკმარისობა, მიმართეთ ანგიოლოგს;
- და რაც მთავარია, ცოტა მეტი ყურადრება უნდა დაუთმოთ და ცოტა მეტად გვიყვარდეთ საკუთარი თავი.
რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას, მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო ძლიერია ფიზიკურად ადამიანი, მიკროცირკულაცია და ნივთიერებათა ცვლაც უკეთესი აქვს. ტერფისთვის და ხერხემლისთვის სასარგებლო სპორტის სახეობებია: ცურვა და ჯირითი.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ტერფის პათოლოგიების დროს ინდივიდუალური ღაბაშით შესაძლებელია ნებისმიერი სპორტით დაკავდეთ, შეზღუდვა არ არის. თუმცა, გამრუდების დროს კალათბურთი და ჩოგბურთი არ შეიძლება (რომელიმე მხარე უფრო მეტად რომ არ დაიტვირთოს).
რაც შეეხება კვებას, სასარგებლო არ არის ზედმეტი ტკბილი, კარგია ხილი და ბოსტნეული. საფრთხის შემცველია ტყვია - ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ტყვია უპირველესად ძვლოვან სისტემას და კბილებს აზიანებს, შემდგომ უკვე მოქმედებს ნერვულ სისტემასა და შინაგან ორგანოებზე.
საყურადღებოა, რომ იმუნიტეტს ყველაზე მეტად სხვა ფაქტორებთან ერთად სტრესი და შიში აქვეითებს, ხოლო ოპტიზმი და კეთილგანწყობა,პირიქით. როდესაც ადამიანს აქვს იმედი და ოპტიმისტურად არის განწყობილი, ის აბსოლიტურად ყველაფერს მოერევა.
"20 წლის განმავლობაში არ მქონია შემთხვევა, მიუხედავად იმისა, როგორი რთული მდგომარეობაც არ უნდა ჰქონოდა პაციენტს, რომ მე ის შემეშინებინა. რისთვის ვარ ექიმი?! მე ის უნდა ვანუგეშო,უნდა მივცე იმედი და უნდა ვუთხრა, რომ ყველაფერს ეშველება. ოპტიმისტური დამოკიდებულება და განწყობა კარგად მუშაობს და შედეგიც უკეთესია“.
ასე რომ, ჯანსაღი პროდუქტები, ჯანსაღი ცხოვრების წესი, მზე, სუფთა ჰაერი და წყალი - ჯანმრთელობის საწინდარია!