კანის გადანერგვა
ძნელი წარმოსადგენია, როგორი იქნებოდა ადამიანის მდგომარეობა, ღრმა თერმული თუ სხვა სახის ტრავმისას კანის აღდგენის საშუალება რომ არ ჰქონდეს.
კანის ტრანსპლანტაციის შესაძლებლობებსა და მასთან დაკავშირებულ დეტალებზე დამწვრობის ცენტრის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში გუგა ქაშიბაძე გვესაუბრება.
- რა შემთხვევაში ტარდება კანის გადანერგვა ანუ როგორია ამ მანიპულაციისთვის აუცილებელი ჩვენებები?
- განვასხვავებთ კანის გადანერგვას მწვავე შემთხვევაში და გეგმურ ოპერაციებს. მწვავე შემთხვევებს მიეკუთვნება დამწვრობა, ტრავმა, ერთი სიტყვით, კანის ისეთი ღრმა დაზიანებები, როდესაც აღარ არსებობს უჯრედები, საიდანაც შესაძლებელია ახალი კანის გაზრდა. კანის გადანერგვის გეგმურ ოპერაციებს კი მიეკუთვნება რეკონსტრუქციული პლასტიკის ოპერაციები, რომლებიც მიზნად ისახავს კანზე არსებული დეფექტების კორექციას.
დამწვრობის შემდგომი ნაწიბურები, გარდა იმისა, რომ ქმნის ესთეტიკურ პრობლემას, შესაძლოა კანს ფუნქციის განხორციელებაშიც უშლიდეს ხელს. ამ მხრივ აღსანიშნავია კიდურების მოხრის კონტრაქტურა, რომელსაც მალევე სჭირდება მკურნალობა, რადგან სხვაგვარად სახსრის კონტრაქტურასაც გამოიწვევს და შესაძლოა, ჯანმრთელ სახსარს პრობლემები გაუჩნდეს.
ზოგჯერ კანის გადანერგვას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ეს მაშინ, როდესაც გადასანერგია 3-5 ხელისგულისოდენა ფართობი. ასეთ დროს ღრმა და ღია ჭრილობა თავისთავად ვერ შეხორცდება, რადგან უჯრედები, საიდანაც კანი უნდა გაიზარდოს, აღარ არის, იზრდება ინფექციის რისკი და სერიოზული გართულებებია მოსალოდნელი.
განვასხვავებთ კანის გადანერგვის რამდენიმე ტიპს:
1. თავისუფალი კანის გადანერგვას, როდესაც კანის თხელი - 0,2 სმ სისქის ფენა სპეციალური ხელსაწყოს - დერმატომის საშუალებით ერთი უბნიდან მეორეში გადაგვაქვს;
2. მთელი სისქის კანის გადატანას, რომელიც ხორციელდება ფუნქციურ არეებზე: მტევანზე, ქუთუთოებზე, ტერფებზე. მთელი სისქის კანის გადატანისას მას სცილდება ცხიმოვანი ქსოვილი და ისე ინერგება;
3. საკუთრივ დეფექტიანი ადგილის მიტანას გადასანერგ კანთან, რათა მან რომელიმე სისხლძარღვიდან მიიღოს საკვები;
4. კანის გადანერგვას მკვებავ ფეხზე;
5. კანკუნთოვანი ნაფლეთის ტრანსპლანტაციას;
6. ზოგჯერ საჭირო ხდება კანის გადანერგვა თავისი მკვებავი სისხლძარღვებითურთ, რის შემდეგაც კანის სისხლძარღვები ადგილობრივ სისხლძარღვებს ეკერება და კანი მათგან იკვებება. ამ ტიპის გადანერგვა განსაკუთრებით ფუნქციურ არეებში - იდაყვის სახსარსა და მტევანზე ტარდება.
ოპერაციისას შესაძლებელია გადაინერგოს როგორც მთლიანი კანის ნაფლეთი, ისე პერფორირებული კანი. პერფორირებულია კანი, რომელიც გადიდებულია სპეციალური ხელსაწყოთი - პერფორატორით. როდესაც გვინდა, მცირე ზომის კანით გაცილებით დიდი ფართობი დავფაროთ, მას პერფორატორით ვადიდებთ. არსებობს ფირფიტები, რომლებიც მოთხოვნის შესაბამისად ადიდებს კანს 1:1,5-ზე, 1:2,0-ზე, 1:4-ზე, 1:6-ზე. 1:12-ზე. სამუშაოდ ოპტიმალურია 1:4-ზე გადიდებული კანი. ფირფიტის საშუალებით აღებული კანი 4-ჯერ მეტად გადიდებისას ბადისებრ შესახედაობას იღებს. სწორედ მას გადავნერგავთ. ამ ხერხს მივმართავთ დიდი ფართობის ღრმა დამწვრობისას. გვქონია შემთხვევა, როდესაც დაგვიფარავს მთელი სხეულის კანის 16%. თუმცა ფუნქციურად აქტიურ არეებზე არაპერფორირებული, მთლიანი კანის გადანერგვა ხდება, რათა კოსმეტიკური ეფექტი რაც შეიძლება უკეთესი იყოს.
- რა მასალას იყენებთ ტრანსპლანტაციისთვის?
- კანის გადანერგვისას ძალზე მნიშვნელოვანია, რომ გადასანერგი კანის აღება მოხდეს ადგილობრივი ქსოვილის გამოყენებით, რადგან იგი თავისი ფერით, შემადგენლობით ყველაზე ახლოს არის ჭრილობასთან. რაც უფრო დაშორებულია ჭრილობისგან გადასანერგი კანის არე, მით უფრო განსხვავებულია კანის ფერი, შემადგენლობა, სისქე და სხვა მახასიათებლები, ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ, ადგილობრივი ქსოვილები გამოვიყენოთ. ძალიან კარგი შედეგი აქვს სახის დაზიანებისას თავის ქალას კანის გადანერგვას, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მეტისმეტად დიდი ფართობია დაზიანებული, საკუთარი სადონორო უბნები კი მცირეა, დროის მოსაგებად ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც ვიყენებთ ცხოველის კანს. ეს ქსენოტრანსპლანტაციის ერთ-ერთი სახეა. ამ დროს გადაინერგება ღორის საგანგებოდ დამუშავებული კანი, რომელიც შემადგენლობით ყველაზე მეტად უახლოვდება ადამიანისას. ეს დროებითი საფარია, იგი დროებით ეხორცება სხეულს და 1,5 თვის შემდეგ სცილდება. უცხოეთში საკმაოდ ხშირად იყენებენ გვამურ კანს. საქართველოში ამის გამოცდილება არ არსებობს, მაგრამ მსოფლიოში როგორც ცხოველის, ისე გვამურ კანს აქტიურად იყენებენ. სამაგიეროდ, ჩვენთან ხშირად უნერგავენ დონორის, ახლო ნათესავის: დედის, მამის, და-ძმის - კანს. გვქონდა შემთხვევა, როდესაც ბაბუამ მისცა შვილიშვილს საკუთარი კანი.
არსებობს სინთეზურ-პოლიმერული საშუალებებიც, ხელოვნური საფენები, მაგრამ საკუთარი კანის უჯრედები შეუცვლელია.
- რა ემართება სხეულის იმ უბანს, საიდანაც ტრანსპლანტაციისთვის საჭირო კანს იღებენ?
- დერმატომის საშუალებით აღებული კანის თხელი ფენის სადონორე ადგილი 12 დღეში თავისივე ეპითელიუმით იფარება, თავისთავად ხორცდება. როდესაც მთელი სისქის კანს ვიღებთ, ამ ადგილას რჩება ერთგვარი ქირურგიული ნაკერის მსგავსი კოსმეტიკური დეფექტი, მაგრამ ამ შემთხვევაში სადონორედ იმ უბნებს ვირჩევთ, რომლებიც ფუნქციურადაც და ესთეტიკურადაც ნაკლებაქტიურია. ასეთია ბარძაყის არე, მუცელი. ვცდილობთ, კანი ისეთი უბნებიდან ავიღოთ, რომლებიც ადვილად იმალება და ნაკლებად ჩანს.
- დაზიანების შემდეგ რა ხნის ვადაშია რეკომენდებული კანის გადანერგვა?
- ბოლო ორი წლის განმავლობაში დამწვრობითი დაავადების მკურნალობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ადრე ველოდით დაზიანებულ არეში ნეკროზის ჩამოყალიბებას, შემდგომ ხდებოდა ნეკრექტომია (მკვდარი ქსოვილების მოცილება), გასუფთავება და გრანულაციური ქსოვილის გაზრდა, რომელზეც ინერგებოდა ახალი კანი. ეს დაზიანებიდან 21-28-ე დღეს კეთდებოდა. დღეს კანის გადანერგვა შესაძლებელია დამწვრობიდან მე-3-4 დღეს, განსაკუთრებით - მტევნებზე, სადაც უამრავი მნიშვნელოვანი სახსარია. თავდაპირველად ჭრილობას ვაცილებთ მკვდარ ქსოვილს საღ ქსოვილამდე და უკვე მასზე ვახდენთ გადანერგვას. ჩვენდა საბედნიეროდ, ასეთი არის ფუნქცია 100%-მდე აღდგება.
- რა გართულებებია მოსალოდნელი კანის გადანერგვის შემდგომ?
- კანის გადანერგვამდე აუცილებელია, სწორად შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა და ზუსტად განისაზღვროს, შეიძლება თუ არა მისთვის კანის გადანერგვა. თუ მდგომარეობა სწორად შეფასდა, ოპერაციის შემდგომი გართულებების ალბათობა მინიმალურია, თუმცა პრობლემები მაინც არის მოსალოდნელი: ერთი - ოპერაციის თანდართული ინფექცია, მეორე, ტრანსპლანტაციისთვის დამახასიათებელი გართულება - შესაძლოა, ორგანიზმმა საკუთარ კანი "ვერ იცნოს" და მის მიმართ იმუნოაგრესია გამოამჟღავნოს მოცილების რეაქციის სახით. საბედნიეროდ, ასეთი რამ არც ისე ხშირია. საკმაოდ იშვიათად არ ხდება გადანერგილი კანის მიხორცება, რადგან ის ახალ არეში ვერ იღებს საკვებს.
სტატისტიკის თანახმად, თუ ორგანიზმმა ტრანსპლანტანტის 80% მიიღო, 20%-ის მოცილება ნორმად მიიჩნევა.
- როგორ წარიმართება გადანერგვის შემდგომი პერიოდი?
- ოპერაციიდან მე-2-3 დღეს უკვე ჩანს, როგორ მიიღო ახალმა უბანმა გადანერგილი კანი. ამას ვადგენთ კანის ფერით - ის ვარდისფერი უნდა იყოს - და ტემპერატურით - კანი, რომელიც ნორმალურად მიხორცდა, თბილი და ცოცხალი შესახედაობისაა. გადატანილი კანის საბოლოო შეხორცება და ჩამოყალიბება 6-8 თვის შემდეგ ხდება. ამდენი ხანი სჭირდება კანს საიმისოდ, რომ ახალ ადგილს ბოლომდე მოერგოს. არსებობს მიდამოები, სადაც კანი უკეთესად მიეხორცება; არსებობს ისეთებიც, სადაც შეხორცება რთულია. ადვილად შეხორცებადი ადგილებია სახე და თავი, სადაც საკმაოდ კარგი კვებაა. ჩემი პრაქტიკის საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ ძნელად შეხორცებადია ხელისგულები და ფეხისგულები.
- განსხვავდება თუ არა გადანერგილი კანი ჩვეულებრივისგან? ნაწიბურის თაობაზე რას გვეტყვით?
- კანის გადანერგვის შემდეგ ყოველთვის ჩნდება ერთგვარი დეფექტი - ლაქა, ნაწიბური, კელოიდი. ყოველივე იმაზეა დამოკიდებული, რამდენად არის ორგანიზმი მიდრეკილი დანაწიბურებისკენ. რა ხარისხის დეფექტი ჩამოყალიბდება, წინასწარ ვერავინ გეტყვით, ეს ინდივიდუალურია. ამგვარი დეფექტების საწინააღმდეგოდ ვიყენებთ სპეციალურ დამწოლ ნახვევს, რომელიც მექანიკურ გავლენას ახდენს ჭრილობაზე. არსებობს ჩასაცმელი, ელასტიკური ბინტები, სილიკონის საფენები, კრემები. პაციენტმა უნდა იცოდეს წესები, რომელთა დაცვითაც უნდა წაისვას მალამოები და კრემები. აუცილებელია მიმართულების დაცვა და ძალის გაკონტროლება. წასმა ისეა საჭირო, რომ ნაწიბურში სისხლის მიმოქცევა არ გაძლიერდეს.
ნაწიბურებთან ბრძოლა აუცილებელია 6-8 თვის განმავლობაში, ვიდრე არ მოხდება კანის საბოლოო ჩამოყალიბება, რადგან მოგვიანებით უკვე გამაგრებული დეფექტების მოცილება ძალიან ძნელია.
- ესე იგი, გადანერგილ კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება?
- დიახ, შეხორცების შემდეგ მას სჭირდება სპეციალური მალამოები, ნაწიბურის საწინააღმდეგო საფენები. გარდა ამისა, გადანერგილი კანი ჩვეულებრივზე მეტად არის გამომშრალი, მისი ცხიმოვანი უჯრედები ბოლომდე არ გახლავთ ჩამოყალიბებული და ამუშავებული, ამიტომ საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა და პერიოდული კონსულტაცია. ასეთი კანი უნდა დავიბანოთ ბავშვის საპნით, რომელიც ყველაზე ნაკლებად შეიცავს აქტიურ საშუალებებს.
არსებობს შეზღუდვები გარუჯვასთან მიმართებითაც: გადანერგილი კანი განსხვავებულად ირუჯება და კანი რომ არ აჭრელდეს, ოპერაციიდან 6-8 თვის განმავლობაში მზის აბაზანებისგან თავის შეკავება ჯობს, ამ ხნის შემდეგ კი გარუჯვა ჩვეულებრივ შეიძლება.
- თუ არსებობს კანის გადანერგვისთვის ასაკობრივი შეზღუდვა და სხეულის ზრდის პარალელურად რა ემართება ტრანსპლანტირებულ კანს?
-ყველაზე პატარა პაციენტი, რომლისთვისაც კანი გადაგვინერგავს, 3 თვისა იყო, ყველაზე ხანდაზმული კი 101 წლისა, ასე რომ ასაკობრივი შეზღუდვა ამ მხრივ არ არსებობს, თუმცა ასაკის გათვალისწინება კანის გადანერგვისას აუცილებელია.