დერმატოზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დერმატოზები

დღეისათვის ეს ტერმინი 2 ათასზე მეტ დერმატოლოგიურ დაავადებას აერთიანებს. შემთხვევათა უმრავლესობაში ის ალერგიული რეაქციებით ან ინფექციებით განპირობებული ანთებითი პათოლოგიაა. შესაძლოა ნერვულ და ენდოკრინულ სისტემაში არსებული პრობლემების მაჩვენებელიც იყოს. ასეთ დროს დერმატოზი კანთან ერთად ფრჩხილებისა და თმის ცვლილებასაც იწვევს.

პრაქტიკულად ყველა ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია შეხება დერმატოზის რომელიმე ფორმასთან, ალერგენის ან ქრონიკული მდგომარეობით გამოწვეული კანის საფარველის დროებით გაღიზიანებასთან.

კანის ანთებითი დაავადებები შედარებით ხშირია ქალებს შორის, თუმცა დერმატოზები თანაბარი სიხშირით გვხვდება ორივე სქესის შემთხვევაში.

გენეტიკური და თანდაყოლილი დერმატოზები

გენეტიკური ანუ თანდაყოლილი დერმატოზები მშობლიდან დედას გადაეცემა, ყველაზე ხშირად მემკვიდრული ბუნებისაა ნაწილობრივი ალბინიზმი, პიგმენტური დერმატოზი, ატოპიური დერმატიტი, ფსორიაზი.

ეს მდგომარეობანი შესაძლოა გარკვეული დროის განმავლობაში არ ვლინდებოდნენ და გარდატეხის ასაკში გამოვლინდნენ.

მოზრდილებს შორის მაპროვოცირებელი ფაქტორი ემოციური გადაღლა, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვები ან კანის საფარველის აგრესიულ გარემოსთან უშუალო კონტაქტია, რაც „აღვიძებს“ დაავადებებს, რომლებიც ადამიანმა გენებთან ერთად მემკვიდრეობით მიიღო.

ასევე თანდაყოლილია დერმატოზები, რომელთაც მემკვიდრული ფაქტორი არ განსაზღვრავს, მაგრამ ისინი მუცელშიდა განვითარების პერიოდში ინტოქსიკაციის ან დედის ინფიცირების შედეგია.

ადამიანს ყველაზე დიდი ორგანო იცავს

კანი – ადამიანის ყველაზე დიდი ორგანოა, სხეულის საფარველი და მას მრავალი გარეგანი დამაზიანებელი აგენტისგან საიმედოდ იცავს. მისი დამსახურებით შინაგანი ორგანოები დაცულია ზედმეტი სითბოს, სიცივისა და ულტრაიისფერი სხივების მოქმედებისგან, ის ერთგვარი ბარიერია, რომელიც დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების ქსოვილებში შეღწევას ეღობება.

კანი სხეულის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებული აგებულებისაა, ზოგან თმოვანი საფარველითაა დაფარული, ზოგან უხვად მომარაგებულია საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლებით, რომლებიც მის დაცვით ფუნქციას კიდევ უფრო აძლიერებენ.

ყველაზე დიდი ორგანო 3 შრისგან შედგება:

  • ზედაპირული საფარველი – ეპიდერმისი, რომელიც უჯრედების 5 ფენითაა წარმოდგენილი, მისი გარეთა შრე გარქოვანებული უჯრედებია, ისინი ქვედა შრეებს ფიზიკური, ქიმიური და მიკრობების მოქმედებისგან იცავს. გარკვეული პერიოდულობით გარქოვანებული უჯრედები იქერცლებიან და ადგილს სხვა, უფრო აქტიურად მებრძოლი უჯრედები იკავებენ;
  • შუა შრე – საკუთრივ დერმაა, შემაერთებელქსოვილოვანი აგებულების. სწორედ მასშია მრავლობითი სისხლძარღვები, რომლებიც კვებავენ კანს. ის ასევე შეიცავს გლუვ კუნთებს, ელასტიკურ ბოჭკოებს, თმის ბოლქვებს, საოფლე და ცხიმოვან ჯირკვლებს;
  • კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისი – მესამე შრეა და დიდი რაოდენობით ცხიმოვანი ქსოვილის შემცველია, რომელიც შინაგან ორგანოებს ფიზიკური ზემოქმედებისგან იცავს, აქვე მდებარეობს სისხლძარღვები, ნერვები და კანის სხვა სტრუქტურებიც.

კანი დამატებით ფუნქციებს ასრულებს სუნთქვით, თერმოსარეგულაციო, იმუნური სისტემის დაცვით, გამომყოფდა ნივთიერებათა ცვლის პროცესებში მონაწილეობით.

ბოლო ხანს დერმატოზების გავრცელების დიდ სიხშირეს განსაზღვრავს კანზე გარეგანი და შინაგანი ნეგატიური ფაქტორების აქტიური მოქმედება. თუმცა არსებობს ისეთი ფორმის დერმატოზებიც, რომელთა მაპროვოცირებელი მიზეზი დღემდე უცნობია.

გარეგანი ნეგატიური რისკფაქტორები

სპეციალისტები ყველაზე ხშირად გამოყოფენ:

  • ფიზიკური მოქმედების აგენტებს – მომატებული ულტრაიისფერი გამოსხივება, დაბალი ატმოსფერული ტემპერატურა, მაიონებელი, რადიაციული გამოსხივება;
  • ქიმიური მოქმედების აგენტებს – პირადი თუ საყოფაცხოვრებო ჰიგიენისას გამოყენებული საშუალებები, სამკურნალო პრეპარატები, განსაკუთრებით ანტიბიოტიკები, რომლებიც ზრდიან კანის მგრძნობელობას მზის სინათლისადმი, ასევე ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს კანზე, კვებითი დანამატები, საღებავები, კონსერვანტები, სტაბილიზატორები, პროფესიული საქმიანობა, რომელიც უკავშირდება პესტიციდებსა და სხვა მომწამვლელ ნაერთებთან ინტენსიურ და რეგულარულ კონტაქტს;
  • ბიოლოგიურ ფაქტორებს – კანის საფარველსა და ლორწოვან გარსებზე მიკრობების, სოკოების, მიკროსკოპული ტკიპების, მწერებისა და სხვა მიკროორგანიზმების მოქმედება იწვევს ინფექციურ დერმატოზს;
  • კანის არასათანადო ჰიგიენას.

შინაგანი ნეგატიური გამომწვევი მიზეზები

  • იმუნური სისტემის თავისებურებანი – ჩვეულებრივ, იმუნური სისტემა იცავს ორგანიზმს დაავადებების გამომწვევი აგენტებისგან, იმუნური უჯრედები მრავლადაა კანშიც, რადგან პირველად მიკრობებთან სწორედ კანი კონტაქტობს. ზოგჯერ იმუნური მგრძნობელობა ზოგიერთი ნივთიერებისადმი ძალიან მომატებულია, მაგალითად, მცენარეთა და საყოფაცხოვრებო მტვრის, ცხოველთა ბეწვის და მატყლის კანთან კონტაქტისას იმუნურ სისტემაში ჰიპერრეაქცია იწყება, ეპიდერმისში კი – ანთებითი პროცესი, ქავილი ან გამონაყარი;
  • აუტოიმუნური პათოლოგიები – ზოგჯერ იმუნური სისტემის უჯრედები საკუთარ, ჯანმრთელ უჯრედებს აღიქვამენ როგორც უცხოებს და უცხადებენ ომს, რის შედეგადაც კანზე ვითარდება ანთებითი პროცესი, რომელსაც თან სდევს შეწითლება და შეშუპება, აუტოიმუნური დერმატოზის კლასიკური მაგალითია ფსორიაზი;
  • ჰორმონული დისბალანსი – ნორმის დროს ენდოკრინული ფაქტორები აკონტროლებენ კანის საფარველის განვითარებას, რომელიმე მათგანის სიჭარბე და დეფიციტი იწვევს დერმატოზის განვითარებას, ასე მაგალითად, გარდატეხის ასაკში იცვლება ჰორმონული ფონი, სქესობრივ მომწიფებას თან სდევს გამონაყარი, ე. წ. პუბერტის აკნე, ჰორმონული დისბალანსის შედეგია მენსტრუალური დერმატოზიც ქალების კანზე;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა – კანის შრეების ნორმალურ აგებულებას განსაზღვრავს მის უჯრედებში მუდმივად საჭირო კომპონენტების მიწოდება, ზოგიერთი ვიტამინისა და მინერალური ნივთიერების დეფიციტი ასევე შესაძლოა გახდეს კანის აქერცვლის, ფრჩხილების ადვილად მტვრევის შედეგი, ამის მაგალითია ავიტამინოზური დერმატოზი და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის თანმდევი დერმატოზები შაქრიანი დიაბეტისას;
  • მწვავე რესპირატორული ინფექციები, რომლებიც პირის ღრუს ინფექციურ დერმატოზებს იწვევენ;
  • ქოლეცისტიტი, ღვიძლისა და თირკმელების დისფუნქცია;
  • სისხლისა და სისხლის წარმოქმნის დარღვევის თანმდევი დერმატოზები;
  • ნ ალერგიისადმი მიდრეკილება.

ზოგჯერ დერმატოზს მხოლოდ ერთი მიზეზი იწვევს, ზოგჯერ კი მაპროვოცირებელ ფაქტორთა რაოდენობა 2 ან 2-ზე მეტია, ამ შემთხვევაში რამდენადმე რთულდება დაავადების კლასიფიცირება და შესაბამისად, მისი მკურნალობაც, რადგან საკმარისი არ არის მხოლოდ ერთი „პროვოკატორის“ მოცილება, დაავადების განსაკურნად საჭიროა ყველა „მოქმედი აგენტის“ სრული მოცილება.

ყველაზე გავრცელებული დერმატოზები

  • ქავილით მიმდინარე მქავანა დერმატოზი – ეგზემა, ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმიტი – სხეულის ნებისმიერ ადგილზე ვრცელდება, მთავარი სიმპტომი კანზე წვრილი წითელი გამონაყარია, რომელიც მნიშვნელოვნად დიდდება, ქავილის სურვილს ბადებს და ფერს ვარდისფერიდან წითლამდე იცვლის, შემდგომ კი ყვითელი ქერქით იფარება.

მისი გამომწვევი მიზეზი ალერგენია, მაგრამ იგი მკაცრად ინდივიდუალურია, ამიტომ მიზეზის დადგენა არც ისე მარტივია.

  • ბუშტუკოვანი – იგივე ინფექციური დერმატოზი საკმაოდ მრავლობითი გამოვლინებით, დამახასიათებელია სახესა და სხეულზე გამჭვირვალე სითხით სავსე ბუშტუკოვანი გამონაყარი, რომელიც ასევე ვრცელდება ლორწოვან გარსებზეც, ყველაზე ხშირად ლოკალიზდება სხეულის ღია ნაწილებზე: ზურგი, სახე, მკერდი; პირველი სიმპტომები ჩნდება მცირე ზომის ბუშტუკების სახით, რომლებიც იზრდებიან და ერთმანეთს უერთდებიან, წარმოქმნიან კონგლომერატებს, ამგვარი დერმატოზები ავლენენ მიდრეკილებას ეროზიების, დაჩირქებული კერების წარმოქმნისადმი, შედარებით საშიში ფორმაა. გამომწვევი მიზეზებია ვირუსები: ჰერპესვირუსი, კონტაქტური დერმატოზი, იმპეტიგო, ეპიდერმოლიზი და სხვა.
  • პარაზიტული დერმატოზები ცხოველების, მწერების, სოკოების, მიკროსკოპული ტკიპების მიერ პროვოცირებული დერმატოზია, ასეთებია მუნი, დემოდეკოზი, ლეიშმანიოზი, მრავლობითი მიკოზები. ამასთან, კანის პარაზიტებსა და სოკოვან ორგანიზმებს კანის არა მხოლოდ ზედაპირზე, მის ღრმა შრეებში შეღწევის უნარიც შესწევთ.
  • ალერგოდერმატოზები – ალერგიული რეაქციების შედეგია, ამის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინება ჭინჭრის ციებაა, ამასთან, ალერგიული რეაქცია ვითარდება როგორც ალერგენთან უშუალო კონტაქტის ადგილზე, ასევე მთელ სხეულსა და ლორწოვან გარსებზეც კი.

ალერგიული დერმატოზის სიმპტომებია გამონაყარი, სხეულის ტემპერატურის მატება, ქავილი, 10 მმ-მდე დიამეტრის მქონე მოვარდისფრო ლაქები კანზე. მიზეზი ალერგენთან ხანგრძლივი კონტაქტია. დაავადება საფრთხილოა მოსალოდნელი გართულებების გამო, ასეთებია – კვინკეს შეშუპება და მოხრჩობა, ამგვარ დერმატიტებს მიეკუთვნება ტოქსიდერმია და დერმატიტები;

  • პროფესიული დერმატოზები კანის საფარველზე აგრესიული და გამღიზიანებელი ნივთიერებების კონტაქტის შედეგია, ყველაზე ხშირად გამონაყარი ვლინდება ქიმიურ მრეწველობაში დასაქმებულ პირთა ხელებსა და სხეულის სხვა ღია არეებზე.

დერმატოზები, მართალია, განსხვავდებიან გამომწვევი მიზეზებით, გამოვლენით და მოსალოდნელი გართულებებით, მაგრამ მაინც შესაძლებელია მათი რამდენიმე ჯგუფად დაყოფა.

დერმატოლოგები ყველაზე ხშირად პროფესიულ პრაქტიკაში აწყდებიან:

  • კანის ანთებით დაავადებებს – დერმატიტებს. მათი გამოვლენა ზოგჯერ უკავშირდება ალერგიულ რეაქციებს, ინფექციებს, ქიმიურ გამღიზიანებლებთან კონტაქტს, ენდოკრინულ დაავადებებსა და სხვა პათოლოგიურ მდგომარეობებს;
  • ფსორიაზს – კანის არაინფექციურ ქრონიკულ ანთებით პათოლოგიას. საკმაო ხანს ექიმებისთვის უცნობი იყო მისი გამომწვევი მიზეზი, თუმცა ახალი კვლევებით მისი ეტიოლოგიის იმუნურ სისტემასთან კავშირი დადგინდა, დაავადება კანზე პაპულებისა და ფოლაქებისმაგვარი მრავლობითი გამონაყარით ვლინდება, პირველი სიმპტომები, ჩვეულებრივ, მოზრდილ ასაკში ჩნდება;
  • ეგზემას – კანის საფარველის ანთებას დამახასიათებელი პოლიმორფული გამონაყარით. ყველაზე ხშირად შინაგანი ორგანოების ქრონიკულ დაავადებათა ფონზე ვითარდება, მისი გამოწვევა შესაძლებელია ქიმიური აგენტების მიმართ გამოვლენილი ანთებითი რეაქციითაც;
  • მუნს – პარაზიტულ ინფექციას, რომელიც ვითარდება კანში მუნის ტკიპით ინფიცირების შემდგომ, დაავადებისთვის დამახასიათებელია ძლიერი, შემაწუხებელი ქავილი და შემდგომ გამონაყარის დაჩირქება.

დამახასიათებელი ნიშნები

დერმატოზები საკმაოდ პოლიმორფულად და ურთიერთსაწინააღმდეგოდ ვლინდებიან, ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია ქავილიანი გამონაყარი, პაციენტს ასევე შესაძლოა გაუჩნდეს წვრილი წითელი გამონაყარი, სითხით სავსე ბუშტუკები, პაპულები, ხალები, წვრილი სიმსივნეები და კანის სხვა პათოლოგიური სტრუქტურები, გამონაყარის ტიპი და სახე სპეციალისტებს დაავადების მიზეზის დადგენაში ეხმარება, ასევე მოსალოდნელი სიმტომებია:

  • კანის შეწითლება და შეშუპება;
  • ჩირქოვანი გამონაყარი;
  • ბუშტუკოვანი გამონაყარი;
  • კანის გაძლიერებული აქერცვლა;
  • ფრჩხილის ადვილად მსხვრევა და თმისცვენა;
  • კანის ძლიერი სიმშრალე;
  • ქერქოვანი გამონაყარი;
  • მუდმივი დაღლა;
  • შრომის უნარის დაქვეითება;
  • ძილის დარღვევა.

დერმატოზის დამახასიათებელი კანის კოსმეტიკური ხარვეზები საკმაოდ ცუდად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ზოგიერთი დაავადება ვლინდება უხვი გამონაყარით, რომლებიც რთულად ემორჩილებიან მკურნალობას, ამიტომ პაცინტებს ზოგჯერ დიდი ხნით უწევთ თავიანთ გარეგნობასთან შეგუება.

სიმპტომების აღმოჩენის შემდგომ

სიმპტომების აღმოჩენის შემდგომ საჭიროა დერმატოლოგთან ვიზიტი, სპეციალისტი მოისმენს თქვენს ჩივილებს, შეაგროვებს ანამნეზურ ინფორმაციას დერმატოზის რისკფაქტორის გამოსავლენად.

კანის ზოგადი დათვალიერებისას შესაძლებელია პათოლოგიის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნის პოვნაც.

დიაგნოზის დასაზუსტებლად კი ჩაგიტარდებათ ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები.

  • დამატებითი დიაგნოსტიკა ითვალისწინებს სისხლის კვლევას, ფერმენტული კომპონენტების რაოდენობრივ-თვისობრივი თანაფარდობის დადგენას და სისხლის ბიოქიმიურ მაჩვენებელთა განსაზღვრას, ასევე შესაძლებელია ინფექციის, აუტოიმუნური ანთებისა და სხვა რაიმე ტიპის პათოლოგიის აღმოჩენაც.

რაც შეეხება დერმატოსკოპიას, სპეციალური აპარატით ექიმი იღებს კანის დაზიანებული უბნის გადიდებულ გამოსახულებას გამონაყარის თავისებურებათა შესასწავლად. კვლევა ასევე საჭიროა დიფერენციული დიაგნოსტიკისთვის.

  • გამონაყარის თხიერი შიგთავსის – ექსუდატის – კვლევით დგინდება ბიოლოგიურ მასალაში პათოგენური მიკრობებისა და ანთების ნიშნების არსებობა;
  • კანის ჰისტოლოგიური კვლევა ონკოლოგიურ დაავადებათა გამოსარიცხად ტარდება;
  • ალერგიული ტესტების ჩატარება ალერგიის წყაროს ანუ ალერგენის აღმოჩენისთვისაა საჭირო.

დიაგნოსტიკის შემდეგ

კანზე პოლიმორფული წარმონაქმნები 2 ათასზე მეტ დერმატოზს ახასიათებს, განსხვავებული გამომწვევი მიზეზებით, ამიტომ მკურნალობა მხოლოდ და მხოლოდ დიაგნოსტიკის შემდგომ იწყება, არამც და არამც მეგობრების, ახლობლებისა და მეზობლების რჩევებით.

დერმატოზების სამკურნალო კომპლექსური თერაპია ითვალისწინებს:

  • პირადი ჰიგიენის წესების გადახედვას;
  • ანტიჰისტამინური პრეპარატებით თერაპიას, რომლებიც წინ ეღობება კანის სიწითლესა და ალერგიული რეაქციების განვითარებას;
  • ანტიბიოტიკოთერაპიას – პათოგენური მიკროორგანიზმების განადგურებას;
  • გარეგანი გამოყენების ანტისეპტიკურ საშუალებებს;
  • სხვადასხვა იმუნოსუპრესორებს, რომლებიც თრგუნავენ აუტოიმუნურ რეაქციებს;
  • სპეციალურ სამკურნალო კვებას, ჰიპოალერგიულ დიეტას ვიტამინებითა და კვებითი დანამატებით;
  • ალერგენის მოცილებას მქავანა ან ალერგიული დერმატოზისას;
  • რთულ და შორს წასული ფორმებისას ინიშნება ადგილობრივი ან პერორალური გამოყენების კორტიკოსტეროიდები;
  • მასობრივი დერმატოზული კერების არსებობისას ინიშნება ლაზერული თერაპია, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, ამცირებს ქავილს, ბუშტუკების რაოდენობასა და სიწითლეს, ხელს უწყობს კანის სწრაფრეგენერაციას, ანადგურებს ინფექციურ აგენტებს;
  • ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებები გამოიყენება როგორც მალამოების, კრემების, გელის, აბების ან ხსნარების სახით.

დროული და სრულფასოვანი დერმატოლოგიური მკურნალობა განსაზღვრავს წარმატებულ შედეგს და რეციდივის – განმეორების რისკს მაქსიმალურად ამცირებს.

მკურნალობის შემდგომ კი:

მკურნალობის დროულად დაწყებიდან გამოჯანმრთელება და ქსოვილების რეგენერაცია მოსალოდნელია 10-14 დღეში, იმისათვის, რომ დერმატოზმა აღარ შემოგვიტიოს, რეკომენდებულია:

  • სწორი კვება;
  • კანის დაცვა ტრავმებისგან;
  • პირადი ჰიგიენის დაცვა;
  • კანზე ქიმიური აგენტების უშუალო მოქმედებისგან თავის არიდება, იქნება ეს პროფესიული თუ საყოფაცხოვრებო ქიმია.
  • საჭიროა სრულფასოვანი ძილი და დასვენება.