ფსიქოსომატური დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოსომატური დაავადებები

სპეციალისტები ამ მდგომარეობას ნევროზის ერთ-ერთ გამოვლინებად მიიჩნევენ. ეს ცივილიზაციის თანამდევი დაავადებაა, რომელიც ბოლო ხანს მთელ მსოფლიოს მოედო. ბოლო წლებში ამ დაავადებამ სომატიზაცია განიცადა - წინა პლანზე წამოვიდა ჩივილები შინაგანი ორგანოების მხრივ: პაციენტს აწუხებს გული, კუჭ-ნაწლავი, უჭირს სუნთქვა, თუმცა შინაგანი ორგანოების ორგანული პათოლოგია არ აღენიშნება. შესაძლოა, ნერვული სტრესის ფონზე განვითარდეს ორგანული დაზიანებებიც: კუჭის წყლული, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, წყლულოვანი კოლიტი, ბუასილი და სხვა. ასეთ შემთხვევაში საუბრობენ ფსიქოსომატურ დაავადებებზე, რომელთა დროსაც აუცილებლად ვლინდება ფსიქოემოციური წრის ესა თუ ის დარღვევა, თუმცა ნაკლები ინტენსივობით.

ამ საკითხებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცინის" ნეიროენდოკრინოლოგია-ვეგეტოლოგია-ფსიქოსომატიკის განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სამხედრო სამედიცინო აკადემიის წევრი - აკადემიკოსი, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი მათე (მამუკა) მაკარიძე.

  • ბატონო მამუკა, რა უდევს საფუძვლად ნევროზს?

- ადამიანის თავის ტვინში მდებარეობს მეტად საინტერესო უბანი - ლიმბიკორეტიკულური კომპლექსი, რომელიც უშუალოდ აგებს პაუხს ფსიქოემოციური წრის დარღვევებზე. ექსპერიმენტულად დადგენილია, რომ ამ უბნის გაღიზიანება იწვევს დეპრესიას, აგზნებადობას, შფოთვას, შიმშილს, წყურვილს, ძილის დარღვევას და სხვა. თავის ტვინის ეს უბანი იმით არის საინტერესო, რომ აქ, კერძოდ, მხედველობის ბორცვში - თალამუსში, თავს იყრის ყველა სპეციფიკური (მხედველობითი, სმენითი, ყნოსვითი, გემოვნებითი, შეგრძნებითი) ინფორმაცია.

აქვე, ჰიპოთალამუსში, მიიღება ყველა არასპეციფიკური ინფორმაცია. მაგალითისთვის: შიმშილის დროს სისხლში ეცემა შაქრის რაოდენობა, ეს ინფორმაცია მიეწოდება ჰიპოთალამუსის ე.წ. ვენტრამედიალურ ბირთვს (შიმშილის ცენტრს), იქ გარდაიქმნება ელექტრულ იმპულსად, რომელიც ვრცელდება ლიმბიკაზე და შემდგომ - მთელ ტვინზე. ამ მდგომარეობის შესამსუბუქებლად ქერქიდან მოდის ბრძანება, გამოიყოს სპეციალური ნივთიერება - ნეირომედიატორი, რომელიც გაზრდის რილიზინგ ჰორმონების რაოდენობას. შედეგად იმატებს შესაბამისი ჰიპოფიზური ჰორმონებისა და თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონის დონე და სისხლში შაქრის ოდენობაც იზრდება.

დაახლოებით იმავე მექანიზმით, ამჯერად უკვე სტრესის ფონზე, შესაძლებელია სისხლში შაქრის ოდენობის საგრძნობი მომატება. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული შიმშილის ცენტრის - ჰიპოთალამუსის ვენტრამედიალური ბირთვის გაღიზიანება იწვევს შფოთვას, აგრესიას (გავიხსენოთ, როგორ იქცევა მშიერი ადამიანი), თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების - კორტიკოსტეროიდების გამოყოფას, რასაც თან სდევს იმუნური სისტემის აქტივობის დათრგუნვა.

აი, ასეა გადაჯაჭვული ერთმანეთზე ვეგეტატიური ნერვული სისტემა, ენდოკრინული და იმუნური, მოტივაციური და ძილ-ღვიძილის სისტემები. ამ სისტემებს ტვინი ე.წ. ნეირომედიატორების: ნორადრენალინის, სეროტონინის, დოფამინის, P ნივთიერების და სხვათა საშუალებით მართავს. სწორედ ეს ნივთიერებები წარმოადგენს ჩვენს ფსიქოემოციურ გამოვლინებათა ბიოქიმიურ საფუძველს. შესაბამისად, ნეირომედიატორთა ამა თუ იმ სახის დისბალანსი იწვევს ფსიქოემოციურ დარღვევებს, ნევროზს და ფსიქოსომატურ დაავადებებს.

ამრიგად, ლიმბიკორეტიკულური კომპლექსი, გარდა იმისა, რომ ორგანიზმის ადაპტაციის (ცვლად გარემო პირობებთან შეგუების) პირველად ცენტრს, ე.წ. ემოციოგენურ ტვინს, ენდოკრინულ ტვინს, იმუნურ ტვინს წარმოადგენს, უკვე საუკუნეზე მეტია ვისცერულ ტვინადაც არის აღიარებული, ვინაიდან ამ უბნის სხვადასხვა სტრუქტურის გაღიზიანება იწვევს შინაგანი ორგანოების მხრივ ცვლილებებს, პულსისა და წნევის ცვალებადობას, კუჭის მოტორიკისა და კუჭის წვენის მატებას და სხვა. ამ უბნიდან იმართება ჩვენი სქესობრივი და რეპროდუქციული ფუნქცია და მისი დარღვევებიც აქედან განისაზღვრება. ალბათ გასაგებია, რატომ არის, რომ პათოლოგიურ კლიმაქსს ყველა ის სიმპტომი ახასიათებს, რაც ნევროზს და რატომ არის აუცილებელი ამ პათოლოგიის მკურნალობა ნეირომედიატორული კონტროლით - სწორედ ისე, როგორც ნევროზისა.

  • რა კლინიკური ნიშნებით ვლინდება ნევროზი?

- ნევროზის გამოვლინება მეტად მრავალფეროვანია. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენოთ აგზნებადობის მომატება, რაც გამოიხატება ყვირილით, ჩხუბით, აგრესიით, ზოგიერთი კი, პირიქით, საკუთარ თავში იკეტება, ხმას არ იღებს და ტირის.

ნევროზის ნებისმიერი ფორმის დროს აღინიშნება დეპრესია:

  1. იკარგება ყოველგვარი საქმიანობის ხალისი,
  2. ადამიანებთან კონტაქტის ინტერესი.

დეპრესიას შესაძლოა თან სდევდეს:

  1. შფოთვა,
  2. ფორიაქი,
  3. მოუსვენრობა.

ეს აჟიტირებული დეპრესიაა.

დეპრესია ზოგჯერ შემდეგი ნიშნებით ვლინდება:

  1. უღონობა,
  2. სწრაფად დაღლა,
  3. სისუსტე,
  4. ძილიანობა.

ნევროზის დროს ადამიანს ეუფლება შიშები:

  1. მარტოობის,
  2. სიბნელის,
  3. დახურული სივრცის,
  4. ცუდად გახდომის,
  5. გაშლილი სივრცის,
  6. ხალხმრავლობის,
  7. სიკვდილის.

შიშები ზოგჯერ აკვიატებულია - ადამიანი ვერ ახერხებს მათ თავიდან ამოგდებას. აკვიატებული შეიძლება იყოს აზრებიც და ქმედებებიც: ხელების მეტისმეტად ხშირი ბანა, ყველაფრის უაზრო თვლა და ა.შ.

ნევროზის დროს თავს იჩენს ვეგეტატიური დარღვევებიც:

  1. პულსისა და წნევის თამაში,
  2. შემცივნება თუ წამოხურება,
  3. სუნთქვის გაძნელება თუ გახშირება,
  4. დიარეა,
  5. გახშირებული შარდვა და სხვა.

თუ ეს სიმპტომები შეტევითია, მათ ერთვის პანიკაც. ამიტომაც უწოდებენ ასეთ შეტევებს პანიკურ შეტევებს. ნევროზის დროს ირღვევა ძილი, იკარგება მადა, წყურვილის შეგრძნება, ზოგჯერ კი, პირიქით, პაციენტი უზომოდ ბევრს ჭამს, ჭარბად იღებს სითხეს და ა.შ. პრაქტიკულად ყოველთვის აღინიშნება სქესობრივი დარღვევები.

არ არსებობს სიმპტომი, ნევროზის დროს რომ არ ვლინდებოდეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ საგრძნობლად იკლო ისტე-რიულმა, ცრუ დამბლებმა და მუტიზმებმა (ქაჯანას სინდრომი), ვინაიდან საზოგადოება ბოლო ხანს უფრო განათლებული და მედიცინაში გარკვეულია.

  • როგორია ნევროზის მკურნალობის მთავარი პრინციპი?

- ეს გახლავთ ე.წ. ნეირომედიატორული კონტროლი ანუ ნეირომედიატორებზე ზემოქმედება, მათი ბალანსის აღდგენა. რას წარმოადგენს ნეირომედიატორი, რა შეუძლია და როგორ მოქმედებს ენდოკრინულ, იმუნურ სისტემებზე, სხვადასხვა ორგანოზე, ეს უკვე მოგახსენეთ. ამდენად, ნევროზის მკურნალობა მეტად რთული და საპასუხისმგებლოა.

  • მედიკამენტურ თერაპიაზე რას გვეტყვით?

- დღეს ტრანკვილიზატორებისა და ანტიდეპრესანტების არჩევანი საკმაოდ ფართოა. ეს გახლავთ ნორადრენერგული, სეროტონინერგული (სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები) და დოფამინერგული ანტიდეპრესანტები.

ისეთი ტრანკვილიზატორების დანიშვნის საჭიროება, რომლებიც ერგოტროპული და ტროფოტროპული აქტივობისას გამოიყენება, უნდა განისაზღვროს სკრუპულოზურად, სპეციალისტის მიერ, ვინაიდან არასწორად შერჩეული პრეპარატის მიღებისას მოსალოდნელია სხვადასხვა გართულება, ფატალურიც კი.

  • რამდენად ხანგრძლივი პროცესია ნევროზის მკურნალობა? საზოგადოდ, შესაძლებელია თუ არა მისგან განკურნება?

- განკურნება შესაძლებელია. პრობლემა სხვა რამ არის: ასეა თუ ისე, ნევროზი მაინც სოციალურ პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ მისი მკურნალობა რამდენადმე ხანგრძლივი პროცესია, ვინაიდან რთულია იმ მიზეზის აღმოფხვრა, რომელიც ადამიანის მუდმივ გაღიზიანებას იწვევს. მხედველობაში მაქვს მატერიალური, პირადი, სამსახურებრივი პრობლემები. ყველაფერი რიგზე რომ გვქონდეს, ნევროზიც გაცილებით ადვილად განსაკურნებელი იქნებოდა. უმეტესად წელიწადში ორი კურსის ჩატარება გვიხდება, კერძოდ, გამწვავების პერიოდში: გაზაფხულსა და შემოდგომაზე, რის შემდეგაც პაციენტები მთელი წელი კარგად გრძნობენ თავს. ხშირად ერთი კურსიც საკმარისია.

  • რას ურჩევდით ნევროზით დაავადებულებს?

- მინდა, საგანგებო რჩევა მივცე კლიმაქსის მქონე ქალბატონებს: პათოლოგიური კლიმაქსი, პრაქტიკულად, იგივე ნევროზია, ამიტომ აუცილებელია ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენება, რომლებითაც დღეს მთელ მსოფლიოში მკურნალობენ პათოლოგიურ კლიმაქსს.

დაბოლოს, რამდენიმე ზოგადი რჩევა:

  1. უნდა შევძლოთ, პრობლემებს შედარებით გულგრილად შევხედო.
  2. ყველა ჩვენგანის ნაცნობებს შორის მოიძებნება ერთი ძლიერი პიროვნება მაინც, რომელსაც არაფრის ეშინია. როდესაც იგრძნობთ, რომ შიშის შეტევა გეწყებათ ან აკვიატებულ უსიამოვნო ფიქრებს ვეღარ უმკლავდებით, გაიხსენეთ ძლიერი მეგობარი და ეცადეთ, მისი როლი ითამაშოთ - მოიქეცით ისე, როგორც ის მოიქცეოდა რთულ სიტუაციაში. დღეს ხუთი წუთით მოირგეთ მისი სახე, ხვალ - ნახევარი საათით, მერე - უფრო მეტი ხნით და ასე შემდეგ.
  3. არსებობს კიდევ ერთი მეთოდი: ბავშვობაში ყველა ადამიანი მჯდარა ღამის ქოთანზე; როდესაც ვინმე ძლიერ გაგაბრაზებთ, წარმოიდგინეთ, როგორ იჯდა იგი ბავშვობაში ღამის ქოთანზე, აუცილებლად გაგეცინებათ და უსიამოვნო ემოციაც გაგეფანტებათ.
  4. მოდუნების შესანიშნავი საშუალებაა მეეტლის პოზა: დაჯექით, წელში ოდნავ მოიხარეთ და ხელები ჩამოუშვით, ისუნთქეთ ღრმად, იფიქრეთ ლამაზ პეიზაჟზე.
  5. ისწავლეთ მოდუნება. ამაში დაგეხმარებათ გასეირნება ბუნების წიაღში, სასიამოვნო მუსიკა და სხვა.
  6. პირადად მე სერიალები არ მომწონს, თუმცა ვაღიარებ, რომ ისინი ნევროზით დაავადებულთათვის განტვირთვის შესანიშნავი საშუალებაა.
  7. ეცადეთ, დაინახოთ ყველაფერში კარგი. მაგალითად, ჭიქა ნახევრად ცარიელი კი არ არის, - ნახევრად სავსეა; როდესაც ვინმე ხელს ან ფეხს მოიტეხს, თქვით, კიდევ კარგი, კისერი არ მოსტყდაო და ასე შემდეგ.
  8. ეცადეთ, ისწავლოთ უსიამოვნო ინფორმაციისა და ემოციებისთვის თავის არიდება.