როცა თავის ტვინში ახალი წარმონაქმნი ჩნდება
- რას ნიშნავს ტერმინი "თავის ტვინის მოცულობითი წარმონაქმნი"?
- უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით "მოცულობით ახალწარმონაქმნს". ეს არის წარმონაქმნი, რომელიც თავის ტვინში განსაზღვრულ სივრცეს, მოცულობას იკავებს. ნორმაში ის არ უნდა არსებობდეს. მოცულობითი ახალწარმონაქმნის არსებობა ყოველთვის პათოლოგიის მაჩვენებელია და უმთავრესად თავის ტვინში სიმსივნის არსებობაზე მიუთითებს, თუმცა ტერმინი "მოცულობითი წარმონაქმნი" შესაძლოა გამოყენებულ იქნეს თავის ტვინის აბსცესის (ჩირქგროვის) და ჰემატომის აღსანიშნავადაც.
- რომელი კლინიკური ნიშნები ავლენს თავის ტვინში მოცულობითი ახალწარმონაქმნის არსებობას?
- თავის ტვინში მოცულობითი ახალწარმონაქმნის არსებობა, ბუნებრივია, განსაზღვრული სიმპტომებით ვლინდება. მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, მომატებული ქალასშიდა წნევის ნიშნები უნდა დავასახელოთ. მოგეხსენებათ, თავის ტვინი დახურულ სივრცეში - თავის ქალაშია მოთავსებული. ტვინში იმ წარმონაქმნის აღმოცენება, რომელსაც გარკვეული მოცულობა უჭირავს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს წნევის მატებას. ქალასშიგა წნევის მომატებას ანუ ინტრაკრანიულ ჰიპერტენზიას, უპირველეს ყოვლისა, ახასიათებს თავის ტკივილი, რომელსაც ერწყმის გულისრევის შეგრძნება და პირღებინება. ამ სიმპტომების ერთობლივი არსებობა ნიშანია იმისა, რომ დავიწყოთ პაციენტის გამოკვლევა, რათა დროულად დავადგინოთ მათი აღმოცენების მიზეზი. მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის თვალის ფსკერის დათვალიერებაც, რასაც ოფთალმოლოგი აკეთებს. ინტრაკრანიული ჰიპერტენზია აუცილებლად აისახება თვალის ფსკერზე და ვლინდება მხედველობის ნერვის დვრილის შეშუპების ნიშნებით.
დაავადების საწყის ეტაპზე, ვიდრე ახალწარმონაქმნი ქალასშიგა წნევის მომატებას გამოიწვევს, თავს იჩენს თავის ტვინის დაზიანების ან კომპრესიის (ზეწოლის) სიმპტომები. საზოგადოდ, თავის ტვინის ყოველ უბანს და სტრუქტურას კონკრეტული ფუნქცია აქვს. დაზიანების ან კომპრესიის გამო შესაბამისი ფუნქცია ან გამოვარდება, ან ანომალიურ ხასიათს იღებს. სხვანაირად რომ ვთქვათ, თავის ტვინის განსაზღვრული უბნები განაგებენ მოძრაობის, მგრძნობელობის, წონასწორობის, მეხსიერების, ემოციური სფეროს, ქცევის ფუნქციებს. შესაბამისად, ტვინის განსაზღვრული უბნის დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს მოძრაობის დარღვევა (მაგალითად, სისუსტე და ძალის დაქვეითება კიდურებში), მგრძნობელობის მოშლა (პაციენტი ვეღარ გრძნობს განსაზღვრულ უბანზე შეხებას ან აქვს დაბუჟების შეგრძნება), წონასწორობის დარღვევა (ბარბაცი, სიარულის გაძნელება). რიგ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ზეწოლა თავის ტვინის ნერვებზე, რაც მათი ფუნქციის დაზიანებით გამოვლინდება. მაგალითად, შესაძლოა დაქვეითდეს ყნოსვა, მხედველობა, სმენა და ასე შემდეგ. თავის ტვინის მოცულობითმა წარმონაქმნმა შესაძლოა გამოიწვიოს გულყრების განვითარება.
მოცულობითი ახალწარმონაქმნის არსებობისას ხშირია თავის ტვინის გარსების გაღიზიანების ნიშნებიც. თავის ტვინის გარსებზე ზეწოლა იწვევს თავის ტკივილს, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია. სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ მოცულობითი ახალწარმონაქმნების არსებობისას თავის ტკივილის უშუალო მიზეზი სწორედ ტვინის გარსების გაღიზიანებაა. როცა მოცულობითი წარმონაქმნი საკმაოდ დიდია და ინტრაკრანიული ჰიპერტენზია ანუ ქალასშიგა წნევის მომატება ვითარდება, თავის ტკივილი შესაძლოა მცირე ინტენსივობისა იყოს, მაგრამ ტვინის გარსების გაღიზიანება ძლიერ ტკივილს იწვევს.
- რა თავისებურებები ახასიათებს თავის ტვინის ავთვისებიან სიმსივნეებს, შესაძლებელია თუ არა, სიმპტომების საფუძველზე მოცულობითი წარმონაქმნის ხასიათზე ვიმსჯელოთ?
- სამწუხაროდ, თავის ტვინის სიმსივნეთა უმეტესი ნაწილი სწორედ ავთვისებიანია. აღნიშნული ფაქტი კარგად არის ასახული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ ტვინის სიმსივნეთა კლასიფიკაციაში. ამ კლასიფიკაციის თანახმად, განასხვავებენ სიმსივნის ავთვისებიანობის ხუთ ხარისხს - 0-დან IV-მდე. "კეთილთვისებიან" სიმსივნეებს დაბალი ხარისხის ავთვისებიანობა (0, I, II) ახასიათებთ, ხოლო "ავთვისებიანებს" - მაღალი ხარისხისა (III, IV). ავთვისებიანობის ხარისხი განაპირობებს სიმსივნის ზრდის ტემპს და, შესაბამისად, ავადმყოფის სიცოცხლის ხანგრძლივობას (1 წლიდან რამდენიმე ათწლეულამდე). როდესაც სიმსივნე ნაკლებად ავთვისებიანია, მისი ზრდის ტემპიც მცირეა. მოცულობითი წარმონაქმნისთვის დამახასიათებელი სიმპტომებიც მოგვიანებით ვითარდება და ნელა პროგრესირებს. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია ნაკლებად ავთვისებიანი სიმსივნეების პროგრესირების კანონზომიერება, კლინიკური ნიშნების მიხედვით ყოველთვის შეუძლებელია, სიმსივნის ბუნებაზე ვიმსჯელოთ. მასზე მსჯელობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა შეგვიძლია მიკროსკოპიულად გამოვიკვლიოთ მისი უჯრედოვანი თუ ქსოვილოვანი შენება. ეს შესაძლებელია, თუ ოპერაციულად მივიღებთ საკვლევ ქსოვილს ან ჩავატარებთ ბიოფსიას. ამ დროს ქალასარქველში სპეციალური ინსტრუმენტით კეთდება ხვრელი და სათანადო ნემსით ხდება ჩხვლეტა სიმსივნის ქსოვილის ამოსაღებად.
- როგორია თავის ტვინის სიმსივნეების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პრინციპები?
- ბუნებრივია, გამოკვლევა პაციენტის ნევროლოგიური გასინჯვით იწყება. ზემოთ აღწერილი ჩივილების არსებობა და ნევროლოგიური გასინჯვისას აღმოჩენილი სიმპტომები ექიმს კვლევის გაგრძელების საფუძველს აძლევს. თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ სიმსივნის ვიზუალიზაცია და ზუსტად დავადგინოთ მისი ლოკალიზაცია. ეს შესაძლებელია კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის მეშვეობით. რიგ შემთხვევაში აღნიშნული კვლევების დროს შესაძლოა საჭირო გახდეს სპეციალური კონტრასტული ნივთიერების გამოყენება. კონტრასტული კვლევა საშუალებას გვაძლევს, ვიმსჯელოთ სიმსივნის ხასიათზე, დეტალურად დავაზუსტოთ მისი ზომები, გავრცელება და სისხლმომარაგების ხარისხი. ამჟამად თავის ტვინის სიმსივნეების სამკურნალოდ მოწოდებულია ქირურგიული მეთოდი, სხივური თერაპია, სხივური ქირურგია, ქიმიოთერაპია, იმუნოთერაპია. შესაძლოა აუცილებელი იყოს რამდენიმე მეთოდის კომბინირებული გამოყენება. სადღეისოდ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების მეცნიერები მუშაობენ თავის ტვინის სიმსივნეების მკურნალობისას ნანოტექნოლოგიებისა და გენური ინჟინერიის მეთოდების დასანერგავად.
- მიუხედავად კვლევის თანამედროვე მეთოდების არსებობისა, უნდა ვაღიაროთ, რომ პაციენტთა შორის ჯერ კიდევ პოპულარობით სარგებლობს თავის ქალას მიმოხილვითი რენტგენოგრაფია. შესაძლოა, ასეთი პოპულარობის მიზეზი იყოს აღნიშნული კვლევის ხელმისაწვდომობა როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური თვალსაზრისითაც. როგორია თავის ტვინის მიმოხილვითი რენტგენოგრაფიის როლი თანამედროვე ნევროლოგიასა და ნეიროქირურგიაში?
- კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დანერგვის შემდეგ რენტგენოგრაფიას ნეიროქირურგიულ პრაქტიკაში შედარებით იშვიათად იყენებენ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მიმოხილვითმა რენტგენოგრაფიამ მნიშვნელობა დაკარგა. ის მარტივი, სწრაფი და იაფი მეთოდია, რომელსაც დღესაც შეუძლია გარკვეულწილად ფასეული ინფორმაციის მოწოდება. მართალია, თავის ტვინის დაავადებების დიაგნოსტიკაში მიმოხილვით რენტგენოგრაფიას ისე ფართოდ აღარ იყენებენ, როგორც გასულ ათწლეულებში, მაგრამ ამ მეთოდის საშუალებით შესაძლებელია შეფასდეს თავის ქალას ნაკერების, ცხვირის დანამატი წიაღების, თურქული კეხის ანატომია.
- რა იწვევს თავის ტვინის აბსცესს და როგორ ვლინდება იგი?
- თავის ტვინის აბსცესი არის შემოფარგლული ჩირქგროვა, ბაქტერიული ინფექციის კერა თავის ტვინში. ის შესაძლოა აღმოცენდეს ორგანიზმში არსებული ინფექციის სისხლით გავრცელების შედეგად, რასაც მედიკოსები ინფექციის ჰემატოგენურ გავრცელებას უწოდებენ. შესაძლებელია ინფექციის გავრცელება ცხვირის დანამატი წიაღებიდან - სინუსებიდან ან შუა ყურიდან. აბსცესი შესაძლოა აღმოცენდეს თავის ტვინის ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ. კლინიკურად ვლინდება თავის ტკივილით, ცხელებით, გულყრებით, ნევროლოგიური გასინჯვისას ექიმის მიერ აღმოჩენილი სიმპტომებით. კომპიუტერული ტომოგრაფიითა და მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევითაც ვლინდება დამახასიათებელი ნიშნები. იშვიათად საჭიროა თავის ტვინის აბსცესისა და სიმსივნის მეტასტაზის დიფერენცირება, რაც კლინიკური ნიშნების საფუძველზე ხდება, ან ბიოფსიის საშუალებით.
- როგორია ტვინის აბსცესის მკურნალობის ტაქტიკა?
- ყოველგვარი აბსცესის დროს უმნიშვნელოვანესია ანტიბიოტიკების დანიშვნა. მცირე ზომის (2,5-3 სმ-ზე ნაკლები) აბსცესების დროს ანტიბიოტიკოთერაპია (2-დან 4 კვირამდე) უმეტესად შედეგიანია. მხოლოდ დიდი ზომებისა და ანტიბიოტიკოთერაპიის უეფექტობის შემთხვევებშია ნაჩვენები ოპერაციული მკურნალობა. აბსცესის ლოკალიზაციის კვალობაზე, უპირატესობა ენიჭება მის ქირურგიულ ამოკვეთას ან სტერეოტაქსიურ ევაკუაციას.
- დაგვეთანხმებით, რომ სხივური თერაპიის დანიშვნას პაციენტთა უმრავლესობა მტკივნეულად განიცდის. კიდევ უფრო უარყოფითია განწყობა, როდესაც მკურნალობის ეს სახეობა თავის ტვინის სიმსივნის დროს ინიშნება. ახასიათებს თუ არა გართულების უფრო მაღალი რისკი სხივურ თერაპიას თავის ტვინის სიმსივნის დროს?
- ნებისმიერი ლოკალიზაციის სიმსივნისას სხივური თერაპიის პრინციპია სიმსივნური უჯრედების განადგურება ისე, რომ ჯანსაღი უჯრედი ან არ დაზიანდეს, ან დაზიანება მინიმალური იყოს. რა თქმა უნდა, თავის ტვინი ფუნქციურად გაცილებით დატვირთულია, ვიდრე ორგანიზმის სხვა ორგანოები. შესაბამისად, მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენებისას დიდია რისკი ჯანსაღი ქსოვილის დაზინებისა, თუმცა თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიების წყალობით შესაძლებელია, თავის ტვინის სიმსივნეთა სხივური თერაპია წარმატებით ჩატარდეს. ზემოთ უკვე ვთქვით, რომ სადღეისოდ სხივურ თერაპიასთან ერთად გამოიყენება სხივური ქირურგიაც. მკურნალობის ეს მეთოდი გულისხმობს სიმსივნის ზუსტ დამიზნებით დასხივებას სრული დოზით ერთ სეანსზე. ამით განსხვავდება სხივური თერაპიისგან, რომლის დროსაც ხდება დასხივებისთვის რეკომენდებული სრული დოზის განაწილება დროში - დასხივება ტარდება მრავალჯერადად მცირე დოზებით.
- ჩვენმა მკითხველებმა იციან, რომ სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნის დროს იშვიათი არ არის ტვინის მეტასტაზური დაზიანება. უფრო მეტად როდის არის მოსალოდნელი თავის ტვინში სიმსივნის მეტასტაზირება და როგორია ტაქტიკა ასეთ შემთხვევაში?
- ცნობილია, რომ მეტასტაზურ სიმსივნეებს საკმაოდ დიდი წილი უკავია თავის ტვინის სიმსივნეთა შორის. ისინი უმეტესად ფილტვიდან, სარძევე ჯირკვლიდან, კანიდან, მსხვილი ნაწლავიდან, თირკმელებიდან ვრცელდება. მეტასტაზების დიაგნოსტიკა იმავე მეთოდებით ხდება, რომლითაც თავის ტვინში პირველადად ლოკალიზებული სიმსივნეებისა. მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია მეტასტაზების რაოდენობასა და იმაზე, რამდენად არის კონტროლირებული პირველადი სიმსივნე. 1-3 მეტასტაზის დროს ხდება მათი ქირურგიული ამოკვეთა და შემდგომ ტარდება სხივური თერაპია, მრავლობითი მეტასტაზების შემთხვევაში კი უმთავრესად სხივურ ქირურგიას ან სხივურ თერაპიას იყენებენ.
- არის თუ არა უკუნაჩვენები ქირურგიული ჩარევა თავის ტვინის სიმსივნის ზოგიერთი ლოკალიზაციის შემთხვევაში?
- სადღეისოდ სიმსივნის ლოკალიზაცია მისი ქირურგიული მკურნალობის უკუჩვენებად არ მიიჩნევა. ნეიროქირურგიამ მიაღწია იმ დონეს, რომ თავის ტვინის სიმსივნის ამოკვეთა თითქმის ყოველთვის არის შესაძლებელი. უბრალოდ, სიმსივნის განსაზღვრული ლოკალიზაციის დროს ქირურგიული ჩარევა უფრო რთულია, ექიმის მეტ პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას მოითხოვს.
- ყოველთვის არის თუ არა აუცილებელი თავის ტვინის სიმსივნის ოპერაციული მკურნალობა?
- ქირურგიული მკურნალობა უმეტესად საჭიროა. იშვიათად, როცა თავის ტვინის სიმსივნე ავთვისებიანობის დაბალი ხარისხით გამოირჩევა, რაც, შესაბამისად, ნელ პროგრესირებას ნიშნავს, შეიძლება ავირჩიოთ განსხვავებული - დაცდისა და დაკვირვების ტაქტიკა. ამ ხნის განმავლობაში პაციენტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის, ყურადღება ექცევა სიმსივნისთვის დამახასიათებელი სიმპტომების აღმოცენება-პროგრესირებას და ამის საფუძველზე წყდება, მკურნალობის რომელი მეთოდის გამოყენებაა მიზანშეწონილი. ზოგიერთი ლოკალიზაციისა და მაღალი ხარისხის ავთვისებიანობის მქონე სიმსივნეების შემთხვევაში ქირურგიული მკურნალობა ვერ აუმჯობესებს პროგნოზს, ამიტომ უპირატესობა ენიჭება მკურნალობის სხვა მეთოდებს - სხივურ, ქიმიო, იმუნოთერაპიას.
- რამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინში სისხლჩაქცევა და როგორ ხდება ამ მდგომარეობის დიაგნოსტიკა?
- თავის ტვინში სისხლჩაქცევა ანუ ინტრაცერებრული ჰემორაგია შესაძლოა განვითარდეს ჰემორაგიული ინსულტის, თავის ტრავმის, არტერიული ანევრიზმის ან სისხლძარღვოვანი მალფორმაციის გასკდომის, სისხლის შედედების პათოლოგიებისა და რიგი სხვა მდგომარეობის დროს. დადგენილია, რომ ასაკოვან პაციენტებში თავის ტვინში სისხლჩაქცევის ყველაზე გავრცელებული მიზეზია არტერიული ჰიპერტენზია. სისხლჩაქცევით შესაძლოა გამოვლინდეს თავის ტვინის სიმსივნეც. განსაკუთრებით ხშირია სისხლჩაქცევა მეტასტაზური სიმსივნის დროს. თავის ტვინში სისხლჩაქცევისას ავადმყოფის მდგომარეობა შესაძლოა სწრაფად გაუარესდეს, რის გამოც დაავადების დროული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. ექიმი მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ დაავადების მწვავე დასაწყისი შესაძლოა წააგავდეს იშემიურ ინსულტს. გამოკვლევის ობიექტურ და ინფორმაციულ მეთოდთაგან უპირველეს ყოვლისა კომპიუტერული ტომოგრაფია უნდა დავასახელოთ. ის სწრაფი მეთოდია, რომელიც ნათლად აჩვენებს თავის ტვინში სისხლჩაქცევის არსებობა-არარსებობას. თუ სავარაუდოა, რომ სისხლჩაქცევის მიზეზი ანევრიზმა ან სისხლძარღვოვანი ანომალიაა, დამატებით ტარდება ანგიოგრაფიული კვლევა.
- რა კლინიკური ნიშნებით შეიძლება გამოვლინდეს თავის ტვინში სისხლის ჩაქცევა?
- თავის ტვინში სისხლჩაქცევას, უპირველეს ყოვლისა, ახასიათებს თავის ტვინის დაზიანების ნიშნები ანუ განსაზღვრული ფუნქციების გამოვარდნა, რომელიც უეცრად ვითარდება და შესაძლოა, თან ახლდეს გონების დაკარგვა ან თავის ტკივილი. ანევრიზმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევისთვის ყველაზე მეტად დამახასითებელი სიმპტომია უძლიერესი თავის ტკივილი, რომელიც მოულოდნელად იჩენს თავს. პაციენტი აღწერს, რომ ასეთი ძლიერი თავის ტკივილი არასოდეს განუცდია. ამავე დროს, შესაძლოა, აღინიშნებოდეს ტკივილი კისრის მიდამოში, კისრის გაშეშების შეგრძნება, ზოგჯერ - ზურგის ტკივილიც. თავს იჩენს სინათლის შიში - ფოტოფობია. დამახასიათებელია გულისრევა და ღებინება, ზოგჯერ - ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვაც. ჰემორაგიის კლინიკური გამოვლინების ამ თავისებურებათა გამო, როცა პაციენტი უჩივის ძლიერ თავის ტკივილს, რომლის მსგავსიც არასოდეს განუცდია, აუცილებელია ჩატარდეს სრულყოფილი ნევროლოგიური კვლევა, მათ შორის - ვიზუალიზაციის თანამედროვე კომპიუტერული მეთოდების გამოყენებითაც.
- აუცილებელია თუ არა ოპერაციული ჩარევა ჰემატომის დროს? აქვს თუ არა მნიშვნელობა პროცესის ხანდაზმულობას?
- ჰემატომის ანუ სისხლჩაქცევის შემთხვევაში ქირურგიული ტაქტიკა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მხედველობაში მიიღება ჰემატომის მოცულობა (ზომები), ლოკალიზაცია (მდებარეობა), პაციენტის მდგომარეობა და ასაკი. ამავე დროს უნდა აღვნიშნოთ, რომ არ არსებობს უშუალო კავშირი, მაგალითად, ჰემატომის მოცულობასა და ოპერაციული ჩარევის აუცილებლობას შორის - შესაძლოა, ოპერაცია საჭიროდ ჩაითვალოს მცირე მოცულობის ჰემატომის დროსაც. ამდენად, ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ამ შეკითხვაზე ძნელია, ვინაიდან ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ნეიროქირურგი გადაწყვეტილებას იღებს ფაქტორთა მთელი რიგის გათვალისწინებით. მათი განხილვა შორს წაგვიყვანს. რაც შეეხება ჰემატომის ხანდაზმულობას, წესისამებრ, მისი დიაგნოსტიკა ხდება ადრეულ ეტაპზე (გარდა ქრონიკული სუბდურული ჰემატომისა), ამდენად, მკურნალობის ტაქტიკაც საწყის ეტაპზევე მუშავდება.
- რა განაპირობებს თავის ტვინის სიმსივნის აღმოცენებას? ასრულებს თუ არა ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ როლს თავის ტრავმა?
- თავის ტვინის სიმსივნეთა ზუსტი მიზეზი, ისევე, როგორც სხვა სიმსივნეებისა, დაუდგენელია. ცნობილია რისკფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყონ მათ აღმოცენებას. მათ შორის აღსანიშნავია რადიაციის ზემოქმედება, გენეტიკური დატვირთვა, უჯრედის გენომის დონეზე განვითარებული ცვლილებები. რაც შეეხება თავის ტვინის ტრავმის როლს, სიმსივნის განვითარებასთან მისი უშუალო კავშირი დამტკიცებული არ არის.
- თავის ტკივილი საკმაოდ გავრცელებული ჩივილია. არსებობს თუ არა რაიმე სიმპტომი, რომელიც საფუძველს მოგვცემს ვივარაუდოთ, რომ ის სწორედ თავის ტვინის სიმსივნის წარმონაქმნის გამოვლინებაა?
- მხოლოდ იზოლირებული თავის ტკივილი, რომელსაც არ ახლავს სხვა, დამატებითი სიმპტომები: ქალასშიგა წნევის მომატება, თავის ტვინისა და მისი ნერვების კომპრესია ან ტვინის გარსების გაღიზიანება, - არ განიხილება სიმსივნის სიმპტომად. როგორც თავად ბრძანეთ, თავის ტკივილი ხშირია. თუ თვალს გადავავლებთ მისი გამომწვევი დაავადებებისა და მდგომარეობების ვრცელ ჩამონათვალს, დავინახავთ, რომ მათ შორის ტვინის სიმსივნეებს საკმაოდ მოკრძალებული ადგილი უჭირავს. შეიძლება ითქვას, რომ იზოლირებული თავის ტკივილის გამომწვევ მიზეზებს შორის ტვინის სიმსივნეები ზღვაში წვეთია.
- რა ნიშნები ახასიათებს ჰიპოფიზის სიმსივნეებს და რომელი მათგანია განსაკუთრებით გავრცელებული?
- ჰიპოფიზის სიმსივნეთაგან უპირველეს ყოვლისა ჰიპოფიზის ადენომები უნდა დავასახელოთ. მათ, ჩვეულებრივ, ნელი ზრდა და პროგრესირება ახასიათებთ. მოგეხსენებათ, ჰიპოფიზი თავის ტვინში მდებარე ენდოკრინული ორგანოა. მისი სიმსივნე შეიძლება იყოს როგორც ჰორმონულად აქტიური ანუ ჰორმონმაპროდუცირებელი, ასევე არასეკრეტორული - ჰორმონის გამომუშავების უნარს მოკლებული. იმისდა მიხედვით, რომელ ჰორმონს გამოიმუშავებენ სიმსივნური უჯრედები, განსხვავებულია სიმსივნის კლინიკური გამოვლინებაც. მაგალითად, პროლაქტინომა, რომელიც ჰორმონ პროლაქტინს გამოიმუშავებს, ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევას იწვევს, ხოლო მამაკაცებში - სქესობრივი ლტოლვის დაქვეითებას. თუ ადენომა გამოიმუშავებს ზრდის ჰორმონს, მოზარდ ავადმყოფს განუვითარდება გიგანტიზმი, ზრდასრულს კი აკრომეგალია (სხეულის წარზიდული ნაწილების ზრდა). ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის მაპროდუცირებელი ადენომა იწვევს ჰიპერკორტიციზმს (კუშინგის დაავადებას), რომელსაც ახასიათებს თავისებური სიმსუქნე. ამ დროს ცხიმი უპირატესად ტორსზე გროვდება, ვითარდება თმიანობა, იცვლება გარეგნობა, ირღვევა ნახშირწყლოვანი ცვლა და ყალიბდება დიაბეტი. ჰიპოფიზის სიმსივნის დროს ნევროლოგიურ სიმპტომთაგან ყურადღებას იპყრობს თავის ტკივილი, რომელსაც ხშირად ერთვის მხედველობის ველის შევიწროება და მხედველობის სიმახვილის დაქვეითება. ჰიპოფიზის ადენომაში შესაძლოა სპონტანურად განვითარდეს სისხლჩაქცევა, რასაც ჰიპოფიზის აპოპლექსიას უწოდებენ. აღნიშნულმა მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის უეცარი დაკარგვა. ჰიპოფიზის აპოპლექსიისას ზოგჯერ აუცილებელია გადაუდებელი ოპერაციული ჩარევა.
- როგორ ხდება ჰიპოფიზის სიმსივნეთა დიაგნოსტიკა და როგორია მკურნალობის პრინციპები?
- ვინაიდან ჰიპოფიზის სიმსივნეები ჰორმონულად აქტიურნი არიან ანუ განსაზღვრული ჰორმონების სინთეზს ახდენენ, დიაგნოსტიკა იწყება სისხლში ამ ჰორმონების შემცველობის კვლევით. მომდევნო ეტაპია ვიზუალიზაციის მეთოდების - კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის - გამოყენება. სიმსივნის ენდოკრინული ბუნების გათვალისწინებით, მისი მკურნალობა კომბინირებულია - ტარდება ჰორმონული თერაპია, ქირურგიული ჩარევა, სხივური თერაპია. პროლაქტინომის პირველადი მკურნალობა მედიკამენტურია, მაგრამ დანიშნული პრეპარატი პაციენტმა დიდხანს უნდა მიიღოს, რადგან არის შემთხვევები, როდესაც, მიუხედავად სიმსივნის ზომის შემცირებისა, პრეპარატი არ ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს, უამისოდ კი მკურნალობის შეწყვეტისას რეციდივი განვითარდება.
- დაგვეთანხმებით, ტვინის სიმსივნის დიაგნოზი ავადმყოფს თრგუნავს. ახასიათებს თუ არა უფრო მეტად ავთვისებიანი მიმდინარეობა ტვინის სიმსივნეებს?
- სამწუხაროდ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავის ტვინის სიმსივნეთა დიდი ნაწილი ავთვისებიანია, თუმცა მათ შორის ბევრია ისეთი, რომელსაც ავთვისებიანობის დაბალი ხარისხი ახასიათებს. შესაბამისად, პროგნოზული მაჩვენებელიც კარგია. შესაძლოა, თავის ტვინის სიმსივნის გამო ჩატარებული ოპერაციული მკურნალობის შემდეგ პაციენტი თავს პრაქტიკულად ჯანმრთელად გრძნობდეს, სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ აღარაფერმა შეაწუხოს. ამრიგად, თავის ტვინის სიმსივნე არ ნიშნავს განსაკუთრებით ცუდ პროგნოზს. ვერ ვიტყვით, რომ პაციენტის მდგომარეობა ამ დროს უფრო მძიმეა, ვიდრე სხვა ლოკალიზაციის სიმსივნეების შემთხვევაში.
- სავსებით აღდგება თუ არა პაციენტის ცხოვრების ხარისხი თავის ტვინის ოპერაციის შემდეგ?
- ამოცანა, რომელსაც ნეიროქირურგები XXI საუკუნეში უყენებენ საკუთარ თავს, არის პაციენტისთვის არა მარტო სიცოცხლის გახანგრძლივება, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების ნორმალური ხარისხის შენარჩუნება. დღეს ნებისმიერი ნეიროქირურგიული ჩარევისას უწინარესად აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებენ. ექიმის მიზანია, სიმსივნეს ისე უმკურნალოს, რომ ორგანიზმის ფუნქციები არ დააზიანოს.
- დაბოლოს შეკითხვა, რომელსაც ხშირად სვამენ ჩვენი მკითხველები: ნიშნავს თუ არა ხშირი თავის ტკივილი თავის ტვინის სიმსივნის მომატებულ რისკს?
- ხშირ თავის ტკივილსა და თავის ტვინის სიმსივნეს შორის არავითარი კავშირი არ არსებობს. სიმსივნემ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, რომელსაც სხვა სიმპტომებიც ახლავს თან, მაგრამ თავის ტკივილი ნამდვილად არ იწვევს სიმსივნეს და არც მისი რისკის ფაქტორს წარმოადგენს.