გაფანტული სკლეროზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაფანტული სკლეროზი

ამ დროს ადამიანის იმუნური სისტემა იწყებს ბრძოლას საკუთარი ნერვული ბოჭკოების მფარავ გარსთან - მიელინთან, რაც არღვევს კავშირს ტვინსა და ნერვულ სისტემას შორის. საბოლოოდ, დაავადება იწვევს ნერვთა მდგომარეობის გაუარესებას, მათ შეუქცევად დაზიანებას.

დაავადების კლინიკური ნიშნები შეიძლება საკმაოდ მრავალფეროვანი იყოს, რაც დამოკიდებულია დაზიანებული ნერვების რაოდენობასა და იმ გარემოებაზე, თუ რომელი ნერვია დაზიანებული. პაციენტთა ნაწილს შეიძლება დაეკარგოს დამოუკიდებლად სიარულის უნარი ან საერთოდ გაუჭირდეს გადაადგილება, მაშინ როცა ზოგ პაციენტს შესაძლოა ხანგრძლივად ჰქონდეს სტაბილური მდგომარეობა ყოველგვარი გაუარესების გარეშე.

სამწუხაროდ, იძულებულნი ვართ ვაღიაროთ, რომ გაფანტული სკლეროზი განუკურნებელი დაავადებაა. მკურნალობის მიზანი გამწვავებათა შორის პერიოდის გახანგრძლივება, დაავადების მიმდინარეობის შეცვლა და სიმპტომების სათანადო მართვაა.

როგორ ვლინდება გაფანტული სკლეროზი

გაფანტული სკლეროზის გამოვლინება შესაძლოა სხვადასხვა პაციენტის შემთვევაში ძალზე განსხვავებული იყოს. ის იცვლება დაავადების მიმდინარეობის დროსაც. კლინიკური მრავალფეროვნება დამოკიდებულია დაზიანებული ნერვული ბოჭკოების მდებარეობაზე. დამახასიათებელ ნიშანთაგან აღსანიშნავია:

  • ერთი ან მეტი კიდურის დაბუჟება ან სისუსტე, რაც, ჩვეულებრივ, ერთდროულად სხეულის ერთ მხარეს აღმოცენდება;
  • მხედველობის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა, ჩვეულებრივ, ერთი ეპიზოდისას მხოლოდ ერთ თვალში, რასაც ხშირად თან ახლავს ტკივილი თვალის მოძრაობისას;
  • მხედველობის გაორმაგება, რაც ხანგრძლივია;
  • სხეულის გარკვეულ ნაწილში ჩხვლეტა ან ტკივილი;
  • დენის გავლის შეგრძნება კისრის მოძრაობისას, განსაკუთრებით წინ დახრისას;
  • კანკალი, კოორდინაციის დარღვევა, არამყარი სიარული;
  • დაუნაწევრებელი მეტყველება;
  • სისუსტე;
  • თავბრუ.

ამ სიმპტომების უმიზეზოდ აღმოცენებისას აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.

დაავადების მიმდინარეობა

გაფანტული სკლეროზით დაავადებულთა უდიდეს ნაწილს აქვს სიმპტომთა მკვეთრი გამოვლინებისა და მათი უკუგანვითარების (რემისიის) მონაცვლეობა. დღეების და კვირების განმავლობაში ჩნდება ახალი სიმპტომები, რასაც მოსდევს მათი ნაწილობრივი ან სრული უკუგანვითარება. დაავადების რემისია, ეგრეთ წოდებული „წყნარი“ პერიოდი, შეიძლება თვეები და წლებიც კი გაგრძელდეს.

სხეულის ტემპერატურის მცირე მატებას შეიძლება მოჰყვეს სიმპტომების დროებითი გაუარესება, თუმცა ეს არ არის დაავადების გამწვავება.

პაციენტთა 60-70 პროცენტთან დაავადების ასეთ მიმდინარეობას მოჰყვება სიმპტომთა პროგრესირება რემისიის პერიოდებით ან მის გარეშე, რასაც მეორეულად პროგრესირებად გაფანტულ სკლეროზს უწოდებენ. სიმპტომთა გაუარესებას, როგორც წესი, თან ახლავს მოძრაობის პრობლემები და სიარულის მანერის შეცვლა. დაავადების პროგრესირების ხარისხი დაავადების მეორეული პროგრესული ვარიანტისას სხვადასხვა პაციენტთან განსხვავებულია.

გაფანტული სკლეროზით პაციენტთა ნაწილს აქვს დაავადების თანდათანობითი დასაწყისი და მყარი პროგრესირება ყოველგვარი რეციდივის გარეშე. იგულისხმება პირველადად პროგრესული გაფანტული სკლეროზი.

რა იწვევს გაფანტულ სკლეროზს

გაფანტული სკლეროზის ზუსტი მიზეზი უცნობია. დღეს გაფანული სკლეროზი განიხილება აუტოიმუნურ დაავადებად. აუტოიმუნურია დაავადება, რომლის დროსაც პაციენტის იმუნური სისტემა იწყებს “ბრძოლას“ საკუთარი ქსოვილების წინააღმდეგ. გაფანტული სკლეროზის დროს იმუნური სისტემის სამიზნე მიელინის გარსი - თავისა და ზურგის ტვინის ნერვული ბოჭკოების მფარავი შრეა.

მიელინი შეიძლება შევადაროთ ელექტრული სადენების მფარავ გარსს. როცა დამცავი მიელინის გარსი ზიანდება და ნერვული ბოჭკო „შიშვლდება“ , ნერვული იმპულსის გადაცემა ფერხდება ან საერთოდ იბლოკება. ამასთან ერთად, შეიძლება ნერვი თავადაც დაზიანდეს. დღემდე ბოლომდე უცნობია, რატომ უვითარდება გაფანტული სკლეროზი ადამიანთა გარკვეულ ნაწილს. შესაძლოა აღნიშნულის მიზეზი იყოს გენეტიკური და გარემო ფაქტორების გარკვეული კომბინაცია.

გაფანტული სკლეროზის რისკფაქტორები

დადგენილია, რომ გარკვეული ფაქტორები ზრდის გაფანტული სკლეროზის განვითარების რისკს. ეს ფაქტორებია:

  • ასაკი - გაფანტული სკლეროზი ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა უხშირესად დაავადება 15-დან 60 წლამდე პირებთან გვხვდება;
  • სქესი - ქალებს გაფანტული სკლეროზის აღმოცენების ორჯერ მეტი რისკი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს;
  • ოჯახური ისტორია - თუ ერთ-ერთი მშობელი ან და-ძმა დაავადებულია გაფანტული სკლეროზით, პაციენტს დაავადების მომატებული რისკი აქვს;
  • გარკვეული ინფექცია - გაფანტულ სკლეროზთან შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვადასხვა ვირუსი. მათ შორის უნდა აღვნიშნოთ ინფექციური მონონუკლეოზის გამომწვევი ებშტეინ-ბარის ვირუსი.
  • რასა - ჩრდილოეთ ევროპის მოსახლეობას გაფანტული სკლეროზის მომატებული რისკი აქვს. დაავადების რისკი დაბალია აზიელთა, აფრიკელთა და აბორიგენ ამერიკელთა შორის;
  • კლიმატი - გაფანტული სკლეროზი უფრო ხშირია ზომიერი კლიმატის ქვეყნებში - კანადის, შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ნაწილის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრიისა და ევროპის ჩათვლით;
  • გარკვეული აუტოიმუნური დაავადება - გაფანტული სკლეროზის რისკი ოდნავ მაღალია, თუ პაციენტს აქვს ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 ან ნაწლავთა ანთებითი დაავადებები - კრონის დაავადება ან არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი;
  • მწეველობა - მწეველებს, რომელთაც გამოუვლინდებათ გაფანტული სკლეროზის პირველი სიმპტომები, დაავადების პროგრესირების მეტი რისკი აქვთ, ვიდრე არამწეველებს.

გართულებები

გაფანტული სკლეროზისას პაციენტს შეიძლება განუვითარდეს:

  • კუნთების რიგიდობა ან სპაზმი;
  • დამბლა, ჩვეულებრივ, ქვედა კიდურებში;
  • შარდის ბუშტის, სწორი ნაწლავის ან სქესობრივი ფუნქციის დარღვევა;
  • მენტალური (აზროვნების) ცვლილებები - გულმავიწყობა ან გუნება-განწყობის უეცარი ცვლილება;
  • დეპრესია;
  • ეპილეფსია.

რას ემყარება დაავადების დიაგნოზი

არ არსებობს გაფანტული სკლეროზის სადიაგნოზო რაიმე დამახასიათებელი ტესტი. უხშირესად, დაავადების დიაგნოზი მსგავსი სიმპტომების მქონე დაავადებათა გამორიცხვას ემყარება. ნევროლოგი პაციენტს დეტალურად სინჯავს, რის შემდეგაც შეიძლება დაიგეგმოს:

  • სისხლის გარკვეული ანალიზები - მათი დახმარებით ექიმი ცდილობს გაფანტული სკლეროზის მსგავსი სიმპტომების მქონე დაავადებათა გამორიცხვას. ამჟამად ტარდება კვლევა დაავადების სპეციფიკური ბიომარკერების დასადგენად.
  • თავ-ზურგტვინის სითხის კვლევა - პუნქციით (ნემსით ჩვლეტა) იღებენ აღნიშნული სითხის მცირე ნაწილს და იკვლევენ ლაბორატორიულად. შესაძლოა გამოვლინდეს გაფანტულ სკლეროზთან ასოცირებული ანტისხეულები. თავ-ზურგტვინის სითხის კვლევით შესაძლებელია გამოირიცხოს ასევე გაფანტული სკლეროზის მსგავსი სიმპტომების გამომწვევი ინფექციური დაავადებები და სხვა მდგომარეობანი.
  • მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა - მისი საშუალებით შესაძლებელია გაფანტული სკლეროზის უბნების გამოვლენა თავისა და ზურგის ტვინში. კვლევისას შეიძლება საჭირო გახდეს სპეციალური ინტრავენური კონტრასტის გამოყენება.
  • ელექტროფიზიოლოგიური კვლევა - სხვადასხვა სტიმულზე საპასუხოდ ნერვულ სისტემაში აღმოცენებული პოტენციალების ჩაწერა.

პაციენტთა დიაგნოსტიკა, რომელთა დაავადება გამწვავება-რემისიებით მიმდინარეობს, ემყარება დამახასიათებელ სიმპტომებს და დასტურდება მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით.

გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი უფრო რთულია მისი უჩვეულო გამოვლინებისას ან პროგრესირების დროს. ამ შემთხვევებში საჭირო ხდება ზემოთ აღწერილი დამატებითი კვლევები.

როგორ მკურნალობენ გაფანტულ სკლეროზს

კიდევ ერთხელ უნდა ვაღიაროთ, რომ დაავადება ამ ეტაპზე განუკურნებელია. მკურნალობის მიზანია გამწვავებებისას მდგომარეობის დაჩქარებული გაუმჯობესება, პროგრესირების შეფერხება და მისი სიმპტომების მართვა. პაციენტთა ნაწილს იმდენად უმნიშვნელო სიმპტომატიკა აქვს, რომ მკურნალობა არც არის აუცილებელი.

შეტევების მკურნალობა

დაავადების სიმპტომთა გამწვავებას მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებით, ტარდება პლაზმაფერეზი. კორტიკოსტეროიდები ამცირებენ ნერვების ანთებას. პლაზმაფერეზისას ორგანიზმს სცილდება პლაზმა, უჯრედები კი შეერევა ალბუმინს და ორგანიზმს უბრუნდება. პლაზმაფერეზი მაშინ ტარდება, როცა ახალი მძიმე სიმპტომები არ უკუგანვითარდება სტეროიდებით მკურნალობისას.

მკურნალობა დაავადების მოდიფიცირებისათვის

გარკვეული პრეპარატებით მკურნალობა ამცირებს დაავადებით გამოწვეულ უუნარობას. ამ პრეპარატებს დაავადების მოდიფიცირებისათვის გამოყენებულ საშუალებებს უწოდებენ. უნდა აღვნიშნოთ, რომ მათ საკმაოდ სერიოზული გვერდითი ეფექტები აქვს. ამის გამო სწორი არჩევანი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.

დაავადების სიმპტომთა მართვა

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სამკურნალოდ ტარდება:

  • ფიზიკური თერაპია - პაციენტს ასწავლიან სპეციალურ ვარჯიშებს, ყოველდღიური აქტივობისათვის დამხმარე მოწყობილობების გამოყენებას;
  • მკურნალობა კუნთების რელაქსანტებით - კუნთების უნებლიე მტკივნეული შეკუმშვის, რიგიდულობის წინააღმდეგ გამოიყენება სპეციალური მედიკამენტები;
  • ინიშნება სხვა სიმპტომების (დეპრესია, ტკივილი, სექსუალური დისფუნქცია, შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის ფუნქციის მოშლა) სამკურნალო საშუალებები.

აუცილებელია თანადგომა

ქრონიკული დაავადებით პაციენტთა ცხოვრება ნამდვილად არ არის ადვილი. მით უფრო, თუ ეს დაავადება გაფანტული სკლეროზია. დაავადებით გამოწვეული სტრესის დაძლევაში პაციენტს დავეხმარებით ნორმალური ოჯახური გარემოს შენარჩუნებით, ფუნქციის გამოძებნით, ყოველდღიური აქტივობის შენარჩუნებით.