კომპიუტერული გამოკვლევა ყოველთვის პანაცეა არ არის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კომპიუტერული გამოკვლევა ყოველთვის პანაცეა არ არის

- ბატონო ოთარ, ამჯერად თქვენთან როგორც ექიმთან ისე მოვედი. მინდა, გესაუბროთ თქვენს სპეციალობაზე - კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, მის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, მის უპირატესობასა და ნაკლოვანებებზე მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიასთან შედარებით.

- ტომოგრაფია ადამიანის ორგანიზმის ამა თუ იმ სისტემის, ამა თუ იმ ნაწილის შრეობრივი გამოკვლევაა. ესა თუ ის ნაწილი იმიტომ ვახსენე, რომ ცალკე ღვიძლის კომპიუტერულ ტომოგრაფიას არავინ ატარებს - ტარდება მუცლის ღრუს ტომოგრაფია, რომელიც ღვიძლსაც მოიცავს, ნაღვლის ბუშტსაც, პანკრეასსაც და თირკმელებსაც. მე კი შემიძლია, ძირითადად თავის ტვინზე, ხერხემალზე, ქალას ძვლებზე, მალათაშუა სივრცეებსა და სახის ძვლებზე ვისაუბრო. მიმაჩნია, რომ კარგი რენტგენოლოგი და ზუსტად დასმული დიაგნოზი დაავადების სწორი მკურნალობის 50%-ზე მეტია.

- ექოსკოპიამ, კომპიუტერულმა და მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ რამდენადმე დაჩრდილა ჩვეულებრივი რენტგენული კვლევა...

- (მაწყვეტინებს) რომ იცოდეთ, მაინცდამაინც არ დაუჩრდილავ. დავიწყოთ იმით, რომ რენტგენული კვლევა საკმაოდ იაფი და საკმაოდ ინფორმაციულია. თუნდაც პნევმონია - ფილტვების ანთება ავიღოთ...

- მე უშუალოდ თავის ქალასა და ორგანიზმის სხვა იმ ნაწილებზე გეკითხებით, რომლებზეც თქვენ გიწევთ მუშაობა.

- თუ ასეა, მაშინ სხვა მაგალითს მოგიყვანთ. მაგალითად, როდესაც ხერხემლის მალების მოტეხილობას ვეჭვობთ, პირველ რიგში რენტგენოგრაფია უნდა ჩატარდეს პირდაპირ და გვერდით პროექციაში და შემდეგ რენტგენოლოგმა უნდა მიუთითოს, რომელი მალაა დაზიანებული. ასეა ყველა წამყვან კლინიკაში - გერმანიაში, იაპონიაში, ინგლისში... არსებობს ციფრული რენტგენიც. ის უკვე საქართველოშიც არსებობს - ბატონ ფრიდონ თოდუას კლინიკაში დგას. კვლევის პრინციპი აქაც იგივეა, რაც ჩვეულებრივი რენტგენული აპარატით გამოკვლევისას, მაგრამ პროცესი კომპიუტერიზებულია, შეიძლება სამგანზომილებიანი გამოსახულების მიღება, რაც გამოკვლევის ინფორმაციულობას უფრო მეტად ზრდის. ციფრული რენტგენი ინფორმაციულია ქალას წიაღების გამოსაკვლევადაც, აღარაფერს ვამბობ მოტეხილობებზე...

თუმცა ტრავმატოლოგიაში კარგად ჩატარებული რენტგენოგრაფია ჯერჯერობით ვერაფერმა შეცვალა. ყბა-სახის ქირურგიაში მეტად ინფორმაციულ გამოკვლევად ითვლება ყბის პანორამული რენტგენო-გრაფია, რომელიც, მგონი, სულ ორ ადგილას ტარდება თბილისში. ესეც რენტგენია, ოღონდ დამიზნე-ბითი ხასიათი აქვს. არსებობს ტერმინი "რადიოლოგი". რადიოლოგია რენტგენოლოგიც, ულტრაბგე-რითი გამოკვლევის სპეციალისტიც, კომპიუტერულ ტომოგრაფიასა და მაგნიტურ-რეზონანსულ ტომო-გრაფიაზე მომუშავე პირიც, თუმცა ძველი ტრადიციისამებრ, ყველას რენტგენოლოგად მოიხსენიებენ. მოკლედ, რადიოლოგიამ გააერთიანა რამდენიმე სფერო - რადიოლოგიური დიაგნოსტიკა და რადიოლოგიური თერაპია. ეს უკანასკნელი სხივურ თერაპიას, დასხივებით მკურნალობას გულისხმობს.

ვეცდები, ჩემი პროფესიის საზღვრებს არ გავცდე და მხოლოდ რენტგენსა და კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ვისაუბრებ. ამას შეიძლება მივუმატოთ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაც - ის, რომ ამ უკანასკნელის დროს რენტგენის სხივების მაგიერ მაგნიტური ველი გამოიყენება და ვიზუალიზაციის ველითაც განსხვავდება ერთმანეთისაგან, ამ შემთხვევაში არაფერს ნიშნავს.

დავიწყოთ იმით, რომ ვინც ამ სფეროში მუშაობს, კარგად უნდა იცოდეს ადამიანის ნორმალური ანატომია. ეს ის ბურჯია, რომელსაც მთელი მედიცინა ეყრდნობა. ასევე უნდა იცოდეს რენტგენოლოგიური ანატომია ანუ ისეთი ანატომია, რომელიც რენტგენით გაშუქებულ სურათზეა გამოსახული. გარდა ცოდნისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებას.

შესაძლოა, ულტრათანამედროვე აპარატურა გქონდეს, მაგრამ თუ სურათის წაკითხვა არ იცი, ყველაფერი წყალშია ჩაყრილი. ახლახან ვნახე პაციენტი, რომლის თავის ტვინში იშემიური ინსულტის კერა რენტგენოლოგიურად ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული, მაგრამ მეორეული რენტგენოლოგიური ცვლილებებით შესაძლო გახდა სწორი დიაგნოზის დასმა. ჩემს სტუდენტებსაც ვასწავლი, დიდი ყურადღება მიაქციონ მეორეულ ნიშნებს. არ მინდა დოქტორი ჰაუსის შთაბეჭდილება დავტოვო, მაგრამ არ მომწონს, როდესაც ამტკიცებენ, რომ მედიცინაში ორჯერ ორი ყოველთვის ოთხია. სინამდვილეში ათიდან ორ შემთხვევაში მაინც ორჯერ ორი ხუთია. ეს საიმისო საფუძველია, რომ კიდევ ერთხელ ჩაიხედო წიგნში, რჩევა სთხოვო შენზე გამოცდილ ექიმს.

ეს სათაკილო არ არის, იმას არ ნიშნავს, რომ სხვაზე უარესი ექიმი ხარ. მედიცინა ხომ არ არის მარტო ბაზისური ცოდნა - მედიცინა გამოცდილებაცაა. სხვა პროფესიის ადამიანს, ვთქვათ, ინჟინერს, იურისტს, აქვს უფლება, დაჯდეს, იფიქროს და გადაწყვეტილება ასე მიიღოს, ექიმს კი ეს არ შეუძლია - როცა ადამიანი სისხლისგან იცლება და გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს, ფიქრისა და მსჯელობის კი არა, ზოგჯერ წიგნში ჩახედვის დროც არ არის. იმედია, თემიდან ამ მცირედ გადახვევას მკითხველი მაპატიებს...

კომპიუტერული გამოკვლევაც კი ყოველთვის არ არის პანაცეა. მოსახლეობაში ამის თაობაზე მცდარი შეხედულებაა გავრცელებული, თუმცა იმედია, ოდესმე დაინერგება ისეთი სამედიცინო კულტურა, რომ ადამიანი ნაცნობ-მეგობრების კი არა, ექიმის დანიშნულებით იღებდეს წამლებს და იტარებდეს გამოკვლევას. კომპიუტერული ტომოგრაფიით დასმულ დიაგნოზსაც არცთუ იშვიათად სჭირდება დიფერენციაცია. ღმერთმა არ დააჭირვოს თქვენს არც ერთ მკითხველს ასეთი სერიოზული გამოკვლევის ჩატარება, მაგრამ ნურც ის გაუკვირდებათ, რომ განმეორებითი გამოკვლევა ან დინამიკაში დაკვირვება დასჭირდეთ.


- დინამიკაში დაკვირვება ძალიან კარგია, მაგრამ კომპიუტერული გამოკვლევა საკმაოდ დიდ თანხას მოითხოვს. ხომ იყო დრო, როდესაც არ არსებობდა "კომპიუტერი", მაგრამ დიაგნოზი მაინც ისმებოდა?

- სამწუხაროდ, ეს გამოკვლევა საქართველოში მართლაც საკმაოდ ძვირია, მაგრამ მოდი, კითხვა ასე დავსვათ: ექიმმა რა ქნას? მას ხომ ზუსტი დიაგნოზი სჭირდება?! არ მოითხოვ ამ გამოკვლევას და შემდეგ შესაძლოა აქეთ შემოგედავოს - გეთქვა, შე კაცო, იქნებ, ვიხდიდიო. რაც შეეხება იმას, რომ წინათ დიაგნოზი კომპიუტერის გარეშეც ისმებოდა, ამაზე, აი რას გიპასუხებთ: იყვნენ საკმაოდ ძლიერი ნევროპათოლოგები, რომლებმაც ზედმიწევნით იცოდნენ ბევრი რამ, მაგრამ ზოგჯერ მათაც კი მოსდიოდათ შეცდომები, მაგალითად, ჰემორაგიული ინსულტის დროს იშემიურ ინსულტს მკურნალობდნენ ან პირიქით.

ეს ორი პათოლოგია ზოგიერთი ნიშნით ერთმანეთს ჰგავს, კომპიუტერული ტომოგრაფიით კი მათი გარჩევა ადვილია. კი ბატონო, არსებობს სხვა, ხილული ნიშნებიც, მაგრამ რა ოდენობის სისხლია ჩაღვრილი თავის ტვინში, არის თუ არა ეს კერა საოპერაციო - ამ და უამრავ სხვა კითხვაზე პასუხს მხოლოდ კომპიუტერული ტომოგრაფიით თუ მიიღებ... ასე თუ მივუდგებით საკითხს, მაშინ დიდი ავიცენა პულსით სვამდა დიაგნოზს. გვყავდა ალეკო ოჩიაური - სახალხო მკურნალი, რომელიც ტრეპანაციებსაც კი აკეთებდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მედიცინა წინ არ უნდა წავიდეს. მოვა დრო და კომპიუტერულ ტომოგრაფიაზეც იტყვიან, მოძველდაო, მიადებენ ადამიანს თავზე კალმისმაგვარ საგანს და მისი ტვინი ეკრანზე გამოისახება... არც ეგ დროა შორს.

- ბატონო ოთარ, როდის უნდა მიმართოს პაციენტმა კომპიუტერული ტომოგრაფიის სპეციალისტს? ამ კითხვას იმიტომ ვსვამ, რომ ხშირად გამიგონია მავანისგან, ორიოდე თვეა, თავი მტკივა ან ოსტეოქონდროზი მაქვს და კომპიუტერული გამოკვლევა უნდა ჩავიტაროო.

- მოდი, ჯერ კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიები შევადაროთ ერთმანეთს. ორივე მათგანს აქვს სისხლძარღვოვანი რეჟიმი ანუ ორივეთი შეიძლება სისხლძარღვთა ანგიოგრაფიის ჩატარება. კომპიუტერული ტომოგრაფია უმთავრესად მწვავე პათოლოგიის, მაგალითად, ტრავმის, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის, მუცლის ღრუს ორგანოების, ფილტვებისა და სხვა ორგანოების მწვავე დაავადებების შემთხვევაში ტარდება. შეიძლება ითქვას, რომ კომპიუტერული ტომოგრაფი უფრო კლინიკის მიმღების აპარატია. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია უფრო "ნაფიქრი" კვლევაა (თუმცა ზოგ შემთხვევაში იგივე შეიძლება ითქვას კომპიუტერულ ტომოგრაფიაზეც).

ასეა ცივილიზებულ ქვეყნებში და ძალიან მინდა, საქართველოშიც ასე იყოს. მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე პაციენტს ან მაშინ გზავნიან, როდესაც კონკრეტულ პათოლოგიას,  ვთქვათ,  ჰიპოფიზის ადენომას, ზურგის ტვინის პათოლოგიას, გაფანტულ სკლეროზს ეჭვობენ, ან მაშინ, როცა კომპიუტე-რული ტომოგრაფიის მეშვეობით დიაგნოზს ვერ სვამენ, პათოლოგიურ კერას ვერ ნახულობენ. უხეშად რომ ვთქვათ, კტ ბაკალავრიატია, მრტ - მაგისტრატურა. ცხადია, აპარატის დონესაც გააჩნია. არსებობს ისეთი კომპიუტერული ტომოგრაფები, რომლებიც ერთი გასროლით გამოსაკვლევი არის 64 შრეს ჭრის. მისგან აწყობილი სამგანზომილებიანი გამოსახულება ძალიან ინფორმაციულია.

ასეთი აპარატი რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც დგას. არსებობს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ისეთი აპარატები, რომლებითაც მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის თავის ტვინს იკვლევენ. ასეთი აპარატი ჩვენში ჯერჯერობით არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აუცილებლად იქნება. ისე რომ, ძნელი სათქმელია, საბოლოო ჯამში რომელი სახის გამოკვლევა სჯობს. ორივეს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. ზემოთ სამედიცინო კულტურა ვახსენე. თუკი ადამიანს რაღაც აწუხებს, სჯობს, პირველ რიგში კლინიცისტს გაესინჯოს, რათა სპეციალისტმა დაუნიშნოს ესა თუ ის გამოკვლევა. შესაძლოა, მას სულაც არ სჭირდებოდეს კომპიუტერული ტომოგრაფია და უფრო იაფი კვლევით - ექოსკოპიით გავიდეს ფონს ან მხოლოდ რენტგენით შემოიფარგლოს. ასეთი პაციენტი ჩვენთანაც ბევრი მოდის.

ზოგს ვუტარებთ გამოკვლევას, იმიტომ, რომ, არ დამიჯერებთ და სწყინთ, უმრავლესობას კი გასინჯვის შემდეგ უკანვე ვუშვებთ. ჩემი აზრით, ყველა დიაგნოსტმა უნდა იცოდეს დაავადებების კლინიკაც. ნეიროქირურგიაში მიმუშავია, თავის ტვინს ხელით შევხებივარ, ბევრი ახალწარმონაქმნი თუ უცხო სხეული ამომიღია ჩემი "ოქროს ხელებით" (იცინის). როცა რადიოლოგიაში გადმოსვლა დავაპირე, ბატონ ფრიდონ თოდუასთან მომიწია გასაუბრება. მან თქვა ერთხელ ჩემზე, ამას ტვინი ახლოდან აქვს ნანახი და მისგან კარგი სპეციალისტი დადგებაო. ეს დღემდე მახსოვს. მთელ მსოფლიოში ასეა - ძირითადად კლინიკური დისციპლინებიდან მიდიან დიაგნოსტიკაში და უფრო მეტი წარმატებით უძღვებიან დაკისრებულ მოვალეობას.